ფოტო-ტური პორტუგალიაში ირმა შარიქაძესთან ერთად
ირმა შარიქაძის ფოტო-ტური პორტუგალიაში, ყველასთვისაა, ვისაც აინტერესებს გააერთიანოს ხელოვნება და მოგზაურობა, ვისაც უნდა მიიღოს შემოქმედებითი და უნიკალური მოგზაურობის გამოცდილება, ვისაც უყვარს ფოტოგრაფია, ეძებს შთაგონებას, უნდა ისწავლოს და განავითაროს სილამაზის აღქმა და შემოქმედებითი საწყისი საკუთარ თავში.
AT: როგორ და როდის აღმოაჩინეთ პორტუგალია?
ირმა შარიქაძე: პორტუგალია აღმოვაჩინე მაშინ, როდესაც ჩემმა მეგობარმა სილვიამ ერთხელ ზაფხულის არდადეგებზე დამპატიჟა, ეს იყო საუკეთესო ზაფხულის არდადეგები – დაუვიწყარი თვე-ნახევარი გავატარე ლისაბონში და ვიმოგზაურე პორტოში და სინტრაში, ბევრი ვიარე ფეხით ეგზოტიკური ყვავილებით და პალმებით სავსე ბაღებში, სადაც ფარშავანგები სეირნობენ, აღმოვაჩინე ფადოს მუსიკა, რომელიც უმღერის სიყვარულს, ვიპოვე ადგილები, რომლებიც ზღვა ენერგიის და შთაგონების წყაროა და სადაც ყოველთვის დავბრუნდები.
როდესაც მეკითხებიან, სად პოულობ შთაგონებას, ვუპასუხებ, რომ მაქვს ჩემი საიდუმლო ადგილები, სადაც ყოველთვის ვბრუნდები, ვიღებ ფოტოებს, ვსეირნობ, ვმედიტირებ, ვეძებ და ვპოულობ.
გააერთიანეთ ხელოვნება და მოგზაურობა და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც გაპოვნინებთ შემოქმედებით საწყისს საკუთარ თავში, რომელიც შეიძლება იყოს საიმედო ბედნიერების წყარო ამ ქაოსურ და აგრესიულ და არაპროგნოზირებად სამყაროში.
რატომ არის ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ეს ქვეყანა?
ჩემი აზრით, ფოტოგრაფია ყველაზე კარგად ისწავლება მოგზაურობის დროს, უცხო, თვალისმომჭრელი ლისაბონი კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი, ფერადი და ფოტოგენური ქალაქია ოთხივე სეზონზე, ოქროსფერი განათება საოცარ შუქჩრდილებს ქმნის კერამიკის მოხატულ ფასადებზე. არსად მინახია ასეთი ჯადოსნური შუქი, ფაქტობრივად სამოთხეა ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანისთვის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გადაღება. ამის მიზეზი კერამიკის მოხატული ფილებით დაფარულ ფასადებზე და თეთრი ქვით მოკირწყლული ქუჩებში არეკლილი შუქია, რომელიც საოცარ კინემატოგრაფიულ ნახატს და ჯადოსნური შუქის მოზაიკას ქმნის. გეუფლება შეგრძნება თითქოს გენიალური რეჟისორის კინოში ხართ.
აქამდეც გიმოგზაურიათ და თუ შეგიძლიათ შეადაროთ სხვა ქვეყნებს, ქალაქებს, რა გამოარჩევს და რატომ არის უნიკალური სწორედ პორტუგალია ფოტოტურისთვის?
თუ რომი ან პარიზი ღია ცის ქვეშ მუზეუმია, მაშინ ლისაბონი უძველესი ბიბლიოთეკაა უსასრულო ბორცვებით – “თაროები”, რომლებზეც საგულდაგულოდ არის განლაგებული სახლები, როგორც წიგნები ფერად-ფერადი ყდებით. ზოგი ძალიან ძველი, ზოგი კარგად მოვლილი, ზოგი პრიალა ფილებით და ზოგიც ორნამენტებით მოხატული, ყველა თავისი ინდივიდუალური ფერითა და ხასიათით.
რომანტიზაციას არ ვახდენ, წარმოუდგენლად მშვიდი და ბედნიერი ხალხია პორტუგალიელები, ეს ბედნიერების ხარისხი ძალიან გადამდებია. ყველა ქალაქი სავსეა სიმწვანით და ეგზოტიკური მცენარეებით, გემრიელი პატარა რესტორნებით და ბარებით. ლისაბონში, ისტორიულ ბაიშას კვარტალში, სადაც ქალაქის სიმბოლური კარიბჭე მდინარე ტეჟუს სანაპიროს გადაჰყურებს, სადაც ხშირად მოისმენთ ბოსა ნოვას ცოცხალ შესრულებას და ნახავთ მოცეკვავე წყვილებს. ეს მცირე ჩამონათვალია, რა გამოარჩევს პორტუგალიის ქალაქებს.
რატომ შეიძლება იყოს ფოტოგრაფიის შესწავლა ტურის დროს უფრო ეფექტური?
იმიტომ, რომ თუ ხელოვნებას და მოგზაურობას გავაერთიანებთ, ეს იქნება თავგადასავალი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება, სწავლა და ახალი ადგილების და ადამიანების აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო პროცესად იქცეს.
რომელ ქალაქებს მოიცავს თქვენი ტური, რას ნახავს და რა გამოცდილებას მიიღებს ფოტოტურის მონაწილე?
ფოტოტური პორტუგალიაში მოიცავს 4 ქალაქს: პორტოს, ნაზარეს, ლისაბონს და სინტრას. ტური არის პორტუგალიაში ჩემ მიერ პირადი გამოცდილებით დაგეგმილი. მოვინახულებთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილებს, მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს და ინდივიდუალურ უკუკავშირს. ვისწავლით ფოტოგრაფიის საფუძვლებს, ვისწავლით, როგორ ვიპოვოთ საუკეთესო განათება, როგორ გადავიღოთ პორტრეტი თუ ლანდშაფტი კამერით ან ტელეფონით და შემდეგ როგორ ავარჩიოთ ფოტო და დავამუშაოთ მარტივად. გარდა ფოტოგრაფიისა, ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა, რა როლი აქვს ხელოვნებას და როგორ გვეხმარება პიროვნულ ზრდაში.
მოგზაურობა დაიწყება პორტოდან, სადაც მოვინახულებთ ბოლსას შთამბეჭდავ სასახლეს და ჰარი პოტერის ბიბლიოთეკას, გავისეირნებთ რიბეირაზე და ვნახავთ მზის ჩასვლას კრისტალ პალასის საოცარი ხედიდან.
მოვინახულებთ ქალაქ ნაზარეს ცნობილ შუქურას, რომელიც ცნობილია, როგორც სერფინგის მექა 30 მეტრამდე ტალღებით.
ახლოს გავეცნობით პორტუგალიის კულტურას, მოვინახულებთ კერამიკის, ანუ აზულეჯუს მუზეუმს (პორტუგალია კერამიკის მექაა), რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი კოლექციით, გაგაოცებთ მუზეუმის შიგნით არსებული ულამაზესი ეკლესია მოხატული სიუჟეტური კერამიკული ფასადებით.
მოვინახულებთ ლისაბონის კოლორიტულ ყვითელ ტრამვაის და ბელემის 16 საუკუნის კოშკს, რომელიც იუნესკოს სიაშია შეტანილი და დავაგემოვნებთ პაშტელ დე სანტას ცნობილ დესერტს.
ქალაქ სინტრაში გადავიღებთ მასონების ცნობილ სარიტუალო სასახლეს – კინტრა დე რეგალეირას და მის საოცარ ბაღს.
მოვუსმენთ ემოციურ პორტუგალიურ ფადოს მუსიკას, რომელიც სრულდება სოლისტის და ორი გიტარის თანხლებით, პატარა ფადოს სახლებში მცირე პუბლიკისთვის. სიტყვა ფადო ლათინურად ბედისწერას ნიშნავს და როგორც მუსიკალური ჟანრი მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და ძალიან მალე გახდა პორტუგალიის სიმბოლო, ისევე როგორც ტანგო არგენტინაში. ყველა ქალაქი სავსეა კაფე-ბარებით და რესტორნებით. ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეული თევზის რესტორნებია. მოკლედ, მივიღებთ ძალიან საინტერესო კულინარიულ გამოცდილებასაც.
ყველა, ვისაც პორტუგალიაში უმოგზაურია, აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ფერადია, თქვენთვის რა ფერია პორტუგალია?
პორტუგალიას ძალიან მდიდარი ფერთა პალიტრა აქვს – ყველაზე მწვანე და ეგზოტიკური მცენარეები ყვავის ყველგან, თუმცა ჩემთვის ალბათ პორტუგალია მზისფერი ყვითელია და ყვითლის ყველა ტონალობით ასოცირდება ბედნიერებასთან და მზესთან. ოქროსფერია ქვიშა ოკეანის სანაპიროზე, ხშირად შეხვდებით ყვითელს და ოხრას ინტერიერსა თუ სახლის ფასადებში, კერამიკის ქოთნებსა თუ ორნამენტულ მოტივში, ლისაბონში კი, როცა მზე ჩადის, ოქროსფერი შუქი იღვრება მთელ ქალაქში და დრო ჩერდება.
თუ შეიძლება ითქვას, ყველა ქალაქს თავისი სურნელი აქვს, როგორი სუნი აქვს პორტუგალიას?
ქალაქში ნამყოფი ვარ როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, ლისაბონში ძალიან საინტერესო სუნია აყვავებული ხეების სურნელისა და ფანჯრებიდან გამოპარული გემრიელი არომატების…
რა საერთო აქვს ლისაბონს თბილისთან? საუბარში არქიტექტურული სტილის მიქსი ახსენეთ, მრავალი კულტურის ერთობლიობას გულისხმობთ?
ეს კარგი კითხვაა. ლისაბონი ძალიან მაგონებს თბილისს მდიდარი კულტურითა და არქიტექტურული სტილის ნაზავით, სადაც აღმოსავლურ-დასავლური, ევროპულ-აზიური არქიტექტურული და კულტურული მიქსი ჰარმონიულად არის შერწყმული და მსოფლიოსთვის განსაცვიფრებელ კულტურულ გზაჯვარედინს ქმნის.
თბილისისგან განსხვავებით, ლისაბონში და პორტოში ძველ შენობებს უვლიან, ისტორიულ კონტექსტს, ვიზუალურ მხარეს და ფუნქციას უნარჩუნებენ.
არ შეიძლება ლისაბონში არ გადაიღო მზის ჩასვლა რომელიმე გადმოსახედიდან, როცა ოქროსფერი შუქი იღვრება ალფამას სახლის სახურავებზე, არამარტო სტუმრები, ყველა გარინდული უყურებს ამ საოცრებას, დრო ჩერდება და ისეთი შეგრძნებაა. თითქოს ჰაერში დიდებული ორკესტრის ჰანგები ისმის.
ალფამა ლისაბონის უძველესი უბანია, რომელიც პრაქტიკულად დაუზიანებელი გადარჩა მე-18 საუკუნის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ შუასაუკუნეების პორტუგალია, მისცეთ თავს უფლება დაიკარგოთ ალფამას ვიწრო ქუჩების და კიბეების ლაბირინთებში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე აღფრთოვანება გელოდებათ, ყოველი მეორე სახლის ფასადი თუ ფანჯარა, ქოთნის ყვავილებში ჩაძირული აივნები თუ კარების სახელურები – ყველგან გადასაღები კადრია.
ტური არაორდინალური გამოვა, რა არის თქვენი მიზანი? ფოტოების გარდა რა დარჩებათ ადამიანებს, როდესაც ტური დასრულდება?
ჩემი მიზანია გავუზიარო ადამიანებს ჩემი ბედნიერების ფორმულა, ვანახო ადგილები, სადაც ვპოულობ შთაგონებას, სილამაზეს, ბედნიერებას, რწმენას საკუთარ თავში, მინდა მოვუყვე, როგორ შეიძლება ფოტოგრაფიამ გვასწავლოს დაკვირვება და აწმყოში ყოფნა, სილამაზის დანახვა, მედიტაციურობა და სამყაროს მოსმენა.
პორტუგალიის ფოტოტური არის შენთვის, თუ ეძებ შთაგონებას და სილამაზეს, თუ გინდა საკუთარი თავის აღმოჩენა და შემოქმედებითი საწყისის განვითარება საკუთარ თავში. თუ ეძებს ბედნიერებას, გიყვარს მზე, ოკეანე, ფოტოგრაფია, ეგზოტიკური მცენარეები, არქიტექტურა, კულინარია… თუ გინდა, მოუსმინო ფადოს მუსიკას მზის ჩასვლის ფონზე და ისწავლო, როგორ გადაიღო ძვირფასი წამები, რომლებიც ცვლიან ცხოვრებას.
8-14 აპრილი, რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00
დამატებითი ინფორმაციისთვის, ირმა შარიქაძეს, 599 260 103, irmasharikadzephotography@gmail.com