fbpx

გიორგი ქებურიას წარმატებული დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე


გააზიარე სტატია

 

 

2025 წელი KEBURIA-ს მოდის სახლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – 20-24 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა მოდის სახლმა 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინა და მათ შორის KEBURIA-ს ჩვენებაც გაიმართა.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა გიორგი ქებურიამ კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა.

კვირეულის ოფიციალურ განრიგში KEBURIA ისეთ ბრენდებთან ერთად ვიხილეთ, როგორებიცაა Harris Reed, Burberry, Erdem, Simone Rocha და სხვა წამყვანი მოდის სახლები.  

ლონდონის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის კვირეულების წამყვან ოთხეულში შედის, შესაბამისად, ჩვენებების ოფიციალურ განრიგში მოხვედრა ნებისმიერი დიზაინერისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. გარდა პრესტიჟისა, ეს ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს – გაიცნო და ითანამშრომლო ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან, ბაიერებთან, მარკეტოლოგებთან და ზოგადად, იმ პროფესიონალებთან, რომლებიც გლობალური მოდის ინდუსტრიის კურსს განსაზღვრავენ.  

აღსანიშნავია, რომ ლონდონის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა, ბრიტანეთის მოდის საბჭომ (BFC) გიორგი ქებურია კვირეულის მონაწილედ მხოლოდ მისი კოლექციის უნიკალურობის გამო როდი  შეარჩია – ბრენდმა მდგრადობისა და ხარისხის მაღალი სტანდარტებიც დააკმაყოფილა, რაც თანამედროვე მოდის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად ითვლება.  

ლონდონში KEBURIA-ს ჩვენება ევროკავშირის პროექტის, QUIS-ის მხარდაჭერით შედგა. პროექტი მუშაობს მოდისა და ტანსაცმლის სექტორთან, ხარისხის და სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით და ქართველ დიზაინერებს საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობასა და ათვისებაში ეხმარება.

KEBURIA-ს დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე ზოგადად ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების კონტექსტშიც მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოდა ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მრავალფეროვანი სფეროა. ის ერთდროულად შემოქმედებითი და სამომხმარებლოა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ინტერაქციულ ხელოვნების ფორმად აქცევს – ის მუდმივად ირეკლავს სოციალურ გარემოს.

ბოლო წლებში მოდის სფერო საქართველოში აქტიურად განვითარდა და საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო. ამის მიზეზი სწორედ ის ქართველი დიზაინერები არიან, რომლებმაც საკუთარი უნიკალური ხედვა კოლექციებში გადმოიტანეს.  

თუ ვისაუბრებთ ქართველ დიზაინერებზე, რომლებმაც  გლობალურ მოდის სივრცეში წარმატებას მიაღწიეს, ერთ-ერთი პირველი, ვინც გაგვახსენდება, გიორგი ქებურიაა. KEBURIA-ს მოდის სახლი წლების განმავლობაში ცნობილ ვარსკვლავებს იზიდავს – ბრენდის სამოსი სხვადასხვა დროს მოირგეს ისეთმა პერსონებმა, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, პერის ჰილტონი, კაია გერბერი, მაილი საირუსი, კამილა კაბეიო და სხვები.  

დროთა განმავლობაში გიორგი ქებურია მსოფლიო მოდის პრესის ფოკუსშიც მოექცა – მასზე სტატიები არაერთ გავლენიან გამოცემაში იბეჭდება. მათ შორის არის Dazed, WWD, Hypebae და, რა თქმა უნდა, მოდის ბიბლიად წოდებული Vogue. დიზაინერის ჩვენებები ადგილობრივ მოდის კვირეულებზე ყოველთვის საერთაშორისო პრესისა და ბლოგერების ყურადღების ცენტრში ხვდებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ KEBURIA-ს მოდის სახლი ქმნის ღირებულ კოლექციებს, რომლებიც გლობალური ინდუსტრიის კრიტიკას უძლებს და მაღალი შეფასებების ღირსიც ხდება.  

2025 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც გამორჩეული აღმოჩნდა. გიორგი ქებურიასთვის სიმბოლური პარალელები უცხო არ არის. მისი კოლექციების გაცნობისას ცხადი ხდება, რომ ის კარგად იცნობს ხელოვნების ისტორიას, მოდას, როგორც ისტორიულ ფენომენს და მის გავლენას სხვადასხვა დეკადაში.  

ამჯერადაც  KEBURIA-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში დიზაინერი ვიქტორიანული ეპოქის მოდას ახლებურად გარდაქმნის – მის მიერ შექმნილ სამოსში  ისტორიული და ფუტურისტული ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სილუეტები რეკონსტრუირებულია და სრულიად განსხვავებულ ფორმაშია წარმოდგენილი. ქებურია ქალურ სილუეტებს განსხვავებული პრიზმით გადმოსცემს, სადაც პროვოკაციულობა და თავისუფლება დიდ დოზით იგრძნობა. სწორედ ეს ელემენტები აქცევს მის კოლექციას გამორჩეულად.  

KEBURIA-ს ჩვენებამ მოდის კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. დიზაინერმა განსაკუთრებული მომენტი კი მაშინ შექმნა, როცა  პოდიუმზე თავად გამოჩნდა – საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვა. ეს ნაბიჯი გიორგი ქებურიას და მისი მოდის სახლისთვის ავთენტური განაცხადი იყო, რადგან მის ჩვენებებში ყოველთვის ისმოდა პროტესტის ხმა.

KEBURIA-ს ჩვენებას სტატიები არაერთმა გავლენიანმა მოდის გამოცემამ მიუძღვნა. WWD-ს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ქართველმა დიზაინერმა გიორგი ქებურიამ ფაიფურის ფიგურებს ახალი სიცოცხლე შესძინა. ამავე სტატიაში ავტორმა პარალელი ჯონ გალიანოსთან და მარკ ჯეიკობსთან გაავლო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლონდონის მოდის კვირეულზე KEBURIA-ს დებიუტს მხარი ევროკავშირის პროექტმა – QUIS-მა დაუჭირა.  

პროექტის წარმომადგენლების თქმით, ქართველი დიზაინერების მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო მოდის ორგანიზაციების ყურადღების მისაპყრობად, კრეატიულობის გარდა, საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაც აუცილებელია.  

ევროკავშირი განაგრძობს ქართველი მეწარმეების გაძლიერებას, მათ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და ნდობის ზრდას ქართული ნაწარმის მიმართ, რაც, თავის მხრივ, საექსპორტო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.