Tbilisi Open Air 2025 24 და 25 მაისს გაიმართება
2025 წელს, Tbilisi Open Air განსაკუთრებული ფორმატით ბრუნდება – ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, სადაც ყოველთვის ყველას ხმა ისმის და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
2025 წლის ლაინაფი სრულად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და თავს უყრის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც, სწორედ, ქვეყნის სწორი ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.
View this post on Instagram
ფესტივალის სტუმრებს 24 და 25 მაისს, Lisi Wonderland-ში, ქართველ მუსიკოსებთან ერთად უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
Tbilisi Open Air-ის წლევანდელი, სპეციალური გამოშვება თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ – ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში. ბილეთების შეძენის დროს კი, სურვილისამებრ, მომხმარებელი თავადაც შეძლებს გაიღოს დონაცია ზემოხსენებული ორგანიზაციებისათვის.