fbpx

მსახიობობა როგორც ბრძოლა, როგორც თავისუფლება, როგორც სიცოცხლე


გააზიარე სტატია

მსახიობობა მხოლოდ როლების შესრულება არ არის. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს დაუღალავ შრომას, შინაგან კვლევას და საკუთარი საზღვრების მუდმივ გაფართოებას. ეს არის პროფესია, სადაც ძალას მხოლოდ საკუთარი გრძნობები და რწმენა გაძლევს, ხოლო თითოეული ნაბიჯი შეიძლება იყოს გადამწყვეტი.

ვერიკო კალანდია, ან უფრო მეტად როგორც მას საზოგადოება იცნობს – ვიკა კალანდია სწორედ ამ გზას ადგას – თავდაჯერებულად, თამამად და უაღრესად გულწრფელად. ის არ ეძებს მარტივ გადაწყვეტილებებს, არ უშინდება სირთულეებს და არ ეძებს მოკლე გზებს წარმატებისკენ. ის საკუთარ თავს მუდამ უფრო რთულ და საინტერესო გამოწვევებს უყენებს, რადგან იცის – დიდი ხელოვნება იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა არ თამაშობ, არამედ სრულად ცხოვრობ იმ ისტორიაში, რომელსაც ეკრანსა თუ სცენაზე ყვები.

თუმცა, ვიკასთვის მსახიობობა მხოლოდ პერსონაჟების გაცოცხლება არ არის. ეს არის მისი ბრძოლა – როგორც ხელოვანის, როგორც ქალის და როგორც იმ პროფესიის წარმომადგენლის, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ის ამ ბრძოლას თავისი ნიჭით, შრომითა და შეუპოვრობით იგებს.

ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ეს იყო მისი გზა და არასდროს შეპარვია ეჭვი – არც მაშინ, როცა ყველა სირთულე ერთად დაატყდა თავს. საქართველოში მსახიობის გზა ხშირად უკიდურესად რთულია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ერთია გამოწვევა და მეორე – საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა.“ყველა სხვა საქმე, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ავირჩიე. მაგრამ მსახიობობა… ეს სულ სხვა რამაა. ეს არის ის, რის გამოც ყოველ დილით ვიღვიძებ.” – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ვიკა კალანდია.


“შენ შენი ფერები უნდა შემატო პერსონაჟს – ხან მკვეთრი, ხან ნაკლებად მკვეთრი…“

ვიკა კალანდიას როლები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანი ერთი საერთო თვისებით გამოირჩევა – ისინი ნამდვილი ადამიანები არიან. პერსონაჟის შექმნისას ის პირველ რიგში საკუთარ თავს უსვამს კითხვებს: “რას მალავ? რა გიჩუყებს გულს? რაზე ბრაზდები?“ – და სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ იპოვის, გმირის ხორცშესხმაზე არც ფიქრობს.

მისთვის მთავარი გულწრფელობაა. ეს არ არის თამაში. ეს არ არის ტექსტის უბრალოდ დაზეპირება და შესრულება. მსახიობობა არის მუდმივი ძიება, გადატეხვა, აღმაფრენა და დაცემა – პროცესები, რომლებიც მისთვის არასოდეს ჩერდება.

“ქალი მსახიობები ჯერ კიდევ იბრძვიან იმისთვის, რომ სერიოზულად აღიქვან.“
მსახიობი გულწრფელად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც ქალებს ქართულ კინოინდუსტრიაში ხვდებათ.მიუხედავად იმისა, რომ კინოინდუსტრიაში ქალთა როლები თითქოს ვითარდება, რეალობა მაინც უფრო რთულია. ვიკა აღნიშნავს, რომ ქალებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა, რათა მათ არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ინდუსტრიის შიგნითაც შესაბამისი ადგილი ჰქონდეთ.

“ქართველი ქალები ნამდვილი გმირები არიან. ისინი დღესაც და მომავალშიც რეჟისორებისა და სცენარისტების შთაგონების წყარო იქნებიან,“ – ამბობს ის.ვიკას აზრით, ქალების მრავალფეროვანი და ძლიერი როლებისთვის საჭიროა ინდუსტრიის გაძლიერება.

“საჭიროა ძლიერი სკოლა, მეტი პროფესიონალი, თამამი და ინდივიდუალური სცენარისტები და რეჟისორები. რაც მეტ საინტერესო ადამიანს შევიყვარებთ კინოში, მით უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ინდუსტრია.“

თუმცა, პრობლემები არამხოლოდ ინდუსტრიის შიგნით არსებობს. დღეს ქართული კინო კრიზისშია. მსახიობები გაფიცულები არიან, მათ შორის თავად ვიკაც. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ისიც, რომ მისი მეგობარი, ნიჭიერი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, დღეს სხვა ადამიანებთან ერთად უკანონოდ არის დაპატიმრებული. ვიკა ამას არ უგულებელყოფს და ხაზგასმით ამბობს: “დღეს ჩვენი მთავარი ბრძოლა უბრალოდ გადარჩენაა.”


“თეატრი ჩემი დიდი სიყვარულია.”

მიუხედავად იმისა, რომ კინოც და თეატრიც მის ცხოვრებაში თანაბრად მნიშვნელოვანია, ვიკასთვის თეატრი განსაკუთრებულ ემოციას უკავშირდება. “აქ ყველაფერი ‘აქ და ახლა’ ხდება. ყოველი სპექტაკლი უნიკალურია – ახალი ფერებით, ექსპერიმენტებით, სხვადასხვა ემოციური მდგომარეობით… ეს მართლაც ჯადოსნურია და დიდ ბედნიერებას მანიჭებს,“ – ამბობს მსახიობი.

“შეუძლებელი არაფერია.“

ვიკა კალანდიამ საერთაშორისო გამოცდილება Terry Knickerbocker Studio-ში მიიღო, ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში. მისთვის ეს გზა ახალი ეტაპი იყო – ქალაქი, სადაც არავის ადარდებს, ვინ იყავი იქამდე. მთავარი მხოლოდ ის არის, ვინ ხარ ახლა და რას აკეთებ.

“სეზონის საუკეთესო სტუდენტად დასახელება ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. მე სხვები უფრო მომწონდნენ, მაგრამ გამიხარდა, რომ შემამჩნიეს და გამომარჩიეს,“ – ამბობს ის.

თუმცა, ვიკა წარმატებას მხოლოდ პრესტიჟული წოდებებით არ განსაზღვრავს. მისთვის მთავარი ის არის, შეძლებს თუ არა საკუთარი თავის განვითარებას, ახალ შესაძლებლობებს და ახალი გზების აღმოჩენას.

“არავინ და არაფერი შემაჩერებს.“

ბევრს მსახიობობა მარტივ, ზედაპირულ პროფესიად მიაჩნია. ვიკასთვის ეს ასე არასდროს ყოფილა. ეს არის ბრძოლა, რომელიც მას უყვარს. ეს არის გზა, რომელიც მას აძლიერებს და სანამ მასში ძალა იქნება, ის ამ გზას არ მიატოვებს.

“როდესაც საკუთარ თავს ვეკითხები: ღირს კი გაგრძელება? აქ და ახლა, აქვს ამ ყველაფერს აზრი?“ – პასუხი ყოველთვის ერთია.
“დიახ, აქვს და სანამ ფიზიკურად შევძლებ, ვერაფერი და ვერავინ შემაჩერებს.”

როგორც ვიკა კალანდია ამბობს, ჩვენს გარშემო არიან ქალები, რომლებიც არ შეუშინდებიან სისტემის გამოწვევებს, არ დაელოდებიან ნებართვას და ხმამაღლა იტყვიან: “ჩვენ არ ვართ მხოლოდ მუზები – ჩვენ თავად ვქმნით ისტორიებს.”

და თავად ისიც ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალების რიცხვს, რომლებიც კამერის წინაც და მის მიღმაც იბრძვიან იმ ცვლილებისთვის, რომელსაც კინო და თეატრი ჯერ კიდევ საჭიროებს. მისი ყოველი როლი, ყოველი ნაბიჯი სცენაზე თუ ეკრანზე, გვახსენებს, რომ ხელოვნება მხოლოდ მაშინ არის ცოცხალი, როცა ყველა ხმა თანაბრად ისმის.