fbpx

ერიკ რომერის – „ჩემი ღამე მოდთან“ ამბავი, რომელიც არ ვიცი


გააზიარე სტატია

ავტორი: თამთა ღონღაძე

 

21 მარტი ერიკ რომერის დაბადების დღეა. რეჟისორი 105 წლის წინ დაიბადა.  ერიკ რომერი დიდი მხატვარია და მისი ფილმები ფერების, საგანთა განლაგების, გარემოსა და სახლებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ჰარმონიის, ესთეტიკისა და სიმეტრიის ბრწყინვალე სურათებით, კომპოზიციებით გამოირჩევა. მისი ფილმების დიდ ნაწილს ლიტერატურულობაც ახასიათებს. მათში გადამწყვეტია არა ამბების დინამიკა, კადრების მკვეთრი ცვლა, არამედ – მონოლოგები, დიალოგები, გმირების დაკვირვებების, განცდებისა და ფიქრების თხრობა, რაც ლიტერატურული ინსტრუმენტია. 

რომერის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია – „ჩემი ღამე მოდთან“. იდეა მთხრობლის „არცოდნით“ ნაამბობშია შეფარული და ამ ურთულესი პერსპექტივით ამბის ბრწყინვალე რაკურსი იქმნება. ამ რაკურსში ასახულია ადამიანის, როგორც განსჯით,  თვითქმნადობაში ყოფნის, ასევე, დაჯერებული რწმენისადმი თავის შეფარების ლეგიტიმურობა.  

თოვლის ფიქცია 

„ – თოვლი წამოვიდა. საშინელი სანახავია, არ მიყვარს! ამაში არის რაღაც სიყალბე. ბავშვობას მახსენებს, მე კი ვერ ვიტან ჩემს ბავშვობას!“, – ეს მცირე, თითქოს არავისთვის ნათქვამი რეპლიკა/მონოლოგი, ვიდალისთვის ჩვეული რეფლექსიური დამოკიდებულებაა საკუთარი არსებობისადმი.

ვიდალი, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური სევდით, ფილოსოფიური ბუნებით, სწრაფვით – დაინახოს მოვლენის, ქმედების წმინდა მიზეზი, მოუსვენრობით, ექსპერიმენტული გადაწყვეტილებებითა და, ამავდროულად, სურვილით – იყოს პურიტანი, რომერის მაყურებლისათვის საინტერესოდ აღსაქმელი უნდა იყოს, ის არამთავარი პერსონაჟია. 

მთავარი გმირი, ვინც მოდთან გატარებული ღამის შესახებ გვიყვება, არის ჟან-ლუი, მორწმუნე კათოლიკე, რომელიც  ახალგაზრდული ვნებათაღელვებისა და საზღვარგარეთ მარტოხელა ცხოვრების შემდეგ, სოციალური ინერციითა თუ სუბიექტური ინტენციით, განწყობილია  სტაბილურობისა და ცოლის შერთვისათვის. ეს უკანასკნელი უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკე და სასურველია – ქერა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული, დილის მესაზე ხედავს ახალგაზრდა ლამაზ ქალს, რომელიც ორი გამოხედვით ეპასუხება მამაკაცის წარმოსახვაში წინასწარ ჩასახული ქალის ფორმას და ცნებას და იქცევა მნიშვნელობად, მისთვის განხორციელებულ მითად. შეტყობინება, რომელიც ამ მითით საკუთარ თავს გაუგზავნა გმირმა, ნაივურობითა და რომანტიკულობითვე გამოითქვა: „ამ დღეს, ორშაბათს, ოცდაერთ დეკემბერს, თავში აზრად მომივიდა მოულოდნელი და საბოლოო იდეა, რომ ფრანსუაზა ჩემი ცოლი გახდება“. 

წარმოსახული ცხადად იქცა, თუმცა, მასში დამკვიდრებამდე ერთმანეთთან განდობა/აღსარების, ძველი ცოდვების მონანიებისა და დავიწყების ჟანრის კანონით აუცილებელი, სპირიტულობამდე ამაღლებული აქტი  უნდა შედგეს, რომლის დროსაც ლამაზად ცრუობენ, ისევ არაგულწრფელები არიან ჟან-ლუი და ფრანსუაზა და ამ სცენას აფორმებს ვიდალისთვის საძაგელი თოვლი. 

კლერმონის დრამატურგიული ორმაგობა

კლერმონი – ბლეზ პასკალის დაბადების ადგილი – ფილმში წარმოადგენს მოქმედებათა და აზრთა განვითარების მატერიალურ და მეტაფიზიკურ ტოპოსს. ეს არის დრამატურგიული სივრცე, სადაც დრო, ერთი მხრივ, ორდინარულობას ინარჩუნებს, ამბის დინამიკურობას ექვემდებარება, მეორე მხრივ კი,  ჩერდება, კრავს წრეს, რომელშიც ვითარდება არა ამბავი, არამედ იდეა. ამ წრეში ექცევა რეალური და უხილავი პერსონა – ბლეზ პასკალი – ფიქციურ და ხილულ გმირებთან ერთად. 

პასკალის აზრებს – აკეთო ყველაფერი წინასწარი რწმენით, უარი თქვა ვნებებსა და მიდრეკილებებზე, ეჭვებზე, გონივრულ, კრიტიკულ განსჯაზე, რაც ხელს გიშლის ცხოვრების მშვიდად გაგრძელებაში – კათოლიციზმის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ჟან-ლუი და არ ეთანხმება, მაშინ როდესაც ქმედებებით სწორედ ამ აზრების თანმიმდევრულია. სამასი წლის წინ ფილოსოფოსის გონებიდან წიგნში ჩაწერილი აზრი ახალ აღთქმაში აღსრულებული ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებასავით მართლდება, მატერიალიზდება მთავარ გმირში, მთხრობელში.  ფილოსოფოსი უჩინრად ამხელს და ააშკარავებს ჟან-ლუის ლატენტურ მიდრეკილებებს, რის გამოც ვიდალი მას მატყუარა კათოლიკეს უწოდებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მეორე რთულ ფსიქოლოგიურ ქცევას ავლენს –  იგი მოხიბლულია პასკალის იდეებით, ამბობს, რომ მზად არის ირწმუნოს ნაკლებად სარწმუნო, იმისათვის, რომ მშვიდად იცხოვროს, მაგრამ სინამდვილეში მას ეს არ შეუძლია. დაოჯახების სურვილის მიუხედავად, არ მოჰყავს ცოლად მოდი – მისთვის საინტერესო და მიმზიდველი ქალი. მასთან წოლაც კი აუტანლად ექცა, რადგან უკვე გარკვეული აქვთ საერთო მომავლის უპერსპექტივობა და ქალიც ტოვებს კლერმონს.   

ბედნიერების შეუძლებლობა 

ბედნიერი ოჯახური სცენა, რითაც ფილმი სრულდება, სხვა ყველა ბედნიერ ოჯახურ სცენას ჰგავს, და მაინც ბედნიერია თავისებურად, რადგან მისმა წევრებმა – ჟან-ლუიმ და ფრანსუაზამ – თავისებურად შექმნეს და განაპირობეს ეს რეალობა.  მაყურებელიც ხედავს, რომ ეს ბედნიერება არაა წმინდა,  დგას თავის მოტყუებასა და ფარსზე, მაგრამ ლეგიტიმურია თავისუფალი ნებით.

ამგვარი ბედნიერების მიმართ ქედმაღლობას ავლენს ვიდალიც, მოდიც, თუმცა ეს ქედმაღლობა ლამაზიც კია, იმდენად, რამდენადაც მთელი ფილმის განმავლობაში  ბუნებრივად ვითარდება გმირების ხასიათებიდან. ქედმაღლობაა მიზეზი, რომ მათ არ შეუძლიათ თავის მოტყუება და რეალობის იმიტირება, ან პირიქით – ის, რომ მათ არ შეუძლიათ სიმულაცია, ორივე გმირს ქედმაღალსა და ირონიულს ხდის. საკითხი დიალექტიკურია, რომელიც ეზიზღება მოდს. ამ დიალექტიკიდან ვითარდება შეუძლებლობა – შედგეს ვიდალისა და მოდის ბედნიერი ოჯახური სცენა. 

***

ერიკ რომერის განხილულ ფილმს ამაღლებულ ესთეტიკურობას ანიჭებს შინაარსის თხრობის რთულ რაკურსში ორგანიზება – მე, მთხრობელი, ჩემს ამბავს გიყვები ისე, რომ ამის შესახებ შენ, მაყურებელმა, უფრო მეტი იცი, ვიდრე მე; გიყვები, სხვები როგორ აცხადებენ ჩემს ტყუილს და მე მაინც ვერ/არ ვხედავ მას. ეს ხდება იმ ფორმით, რომ ფილმში არ არის სცენა მთხრობლის გარეშე. ამგვარი მხატვრული გზით გახსნილია გმირის ფსიქოტიპი, ნაჩვენებია მისი პიროვნული სისუსტე, სიმხდალე სინამდვილის წინაშე და იგი მაინც, როგორც პერსონაჟი, არ მცირდება, მხატვრულად მშვენიერი და ამაღლებულია, რადგან იგი თავად გვიამბობს თავისსავე ამბავს, რომელიც არ იცის.