fbpx

ტრანსტექსტუალური მიმართებების სახეობები მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედებაში


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი ლათინოამერიკელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედება მხატვრული და პოლიტიკური დისკურსის ერთმანეთთან დაკავშირებასა და ადამიანური სევდის სოციალური ასპექტებით გამოკვეთას ემსახურება. პერუელი მწერალი ლიტერატურული ტრადიციის დაცვითა და, პარალელურად, მისი სხვა სიბრტყეში გადაყვანით  წარმოაჩენს სამხრეთამერიკული საზოგადოების ტკივილებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიოსას არცერთ რომანს სიცხადე არ აკლია, მწერალი არასდროს წყვეტს სხვა ტექსტებთან ურთიერთობას და, თითქოს, იზიარებს ჟერარ ჟენეტის მოსაზრებას, რომ ტექსტები ურთიერთკავშირით წარმოაჩენენ მთავარ სათქმელს, მაგრამ ლიოსას რომანებზე საუბრისას ვერც მიხეილ ბახტინს დავივიწყებთ, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნაწარმოები აუცილებლად თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების კვალდაკვალ იქმნება და ყველა მწერალი თანმდევ მოვლენებთან მუდმივად საუბრობს. 

ლიტერატურის ამ მახასიათებლებზე მსჯელობისას რილკესა და ბლუმის კონტრასტული მოსაზრებებიც საინტერესოა. რილკე ფიქრობდა, რომ ლექსი თანამედროვეობის მოთხოვნილებებით იწერება, მაგრამ ბლუმი მალარმეს აზრს იმოწმებს, რომლის მიხედვითაც, ლექსი სხვა ლექსების საპასუხოდ იქმნება. ჩვენ მის დიქტატორულ პასაჟებზე უკვე ძალიან ბევრი ვიცით, ვიცით, „ხუთ კუთხეში“ არსებული გაზეთი როგორ ჰგავს ერთ ჩვენებურ გაზეთს, თითქოს იმ წიგნებში განცდილი ჩვენი რეალობის რეფრენად გადევნებული ამბავია. ამიტომ ლიოსას რომანთა სიუჟეტური მოკლე მიმოხილვა გადავწყვიტეთ წმინდად ლიტერატურული თეორიის პრიზმიდან მიმოგვეხილა. 

ეჭვგარეშეა,  მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედება კი დიდი ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებაა იმდენად, რამდენადაც სიღრმისეული ანალიზის შემთხვევაში, აღმოვაჩენთ, რომ ის თითოეულ მათგანს მოიაზრებს,  მაგრამ მოცემულ ნაშრომში პერუელი ავტორის რომანთა გაანალიზება ჟერარ ჟენეტის ტრანსტექსტუალურ მიმართებათა ჭრილში მინდა, შემოგთავაზოთ. 

 

ტრანსტექსტუალური მიმართებების სახეობები

1997 წელს გამოდის ჟერარ ჟენეტის წიგნი „პალიმფსესტი“, რომელიც ერთ კონკრეტულ ტექსტსა და სხვა ტექსტებს შორის ურთიერთკავშირს აანალიზებს, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა. ჟენეტმა გადაწყვიტა, რამდენიმე კატეგორია შემოეთავაზებინა ტრანსტექსტუალობისა, რათა უფრო ცხადად გამოეკვეთა ის გზები, რომლებზე დაყრდნობითაც ტექსტის სხვა ნაწარმოებებთან დაკავშირებასა და სტრუქტურათა ნიუანსების გაანალიზებას შეძლებდა. 

მკვლევრისთვის ტრანსტექსტუალობა ერთგვარი გასაღებია ლიტერატურული ნაწარმოების გააზრების გზაზე, განსაკუთრებით ისეთ ჩახლართულ ცნებაზე მსჯელობისას, როგორიც პოსტმოდერნიზმია. ჩვენთვის ცნობილია, რომ უმბერტო ეკო „ვარდის სახელის“ ბოლოთქმაში რიზომს, სპეციფიკური ფორმის ფესვს, რომელსაც ღერო არ გააჩნია, პოსტმოდერნიზმის, როგორც ლაბირინთის ხატს, ისე წარმოგვიჩენს. 

იმისათვის კი, რომ ამ ლაბირინთიდან მკითხველს თავი დაეღწია, ჟენეტმა კატეგორიზაცია გადაწყვიტა და შემდეგი ტერმინები გამოყო: ინტერტექსტუალობა, ჰიპერტექსტუალობა, არქიტექსტუალობა, მეტატექსტუალობა და პარატექსტუალობა. 

ინტერტექსტუალობა ტექსტებს შორის მკვეთრ, იმპლიციტურ კავშირებს ეხება. ძირითადად თითოეული მათგანი ციტატებისა და ალუზიების პირდაპირი გადატანის გზებით წარმოჩნდება, რაც გვარწმუნებს, რომ ამა თუ იმ ტექსტს მიკუთვნებულობა და მიმართება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარ „ლიტერატურულ სესხთან“ აქვს. 

ინტერტექსტუალობის ალუზიურ ნიადაგზე მსჯელობისას შეგვიძლია გავიხსენოთ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ ან ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“. ეს ორი სრულიად განსხვავებულ კულტურაში დაწერილი, სხვადასხვა პათოსისა და არსის შემცველი ტექსტი უძღები შვილის იგავთან ერთიანდება, თუმცა როგორც იაპონელი, ისე ქართველი ავტორი, ბიბლიურ პასაჟს აცლის ნაწარმოებს, რათა ჰაროლდ ბლუმისეულ „გავლენის შიშს“ გაექცეს და ამ გზით ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს.

ტრანსტექსტუალური მიმართების კიდევ ერთი სახეა პარატექსტუალობა, რომელიც ტექსტის სათაურთან, ეპიგრაფთან, ბოლოთქმასთან ან სულაც ჩართულ ნოველასთან მიკუთვნებულობაა. მსგავსი მიმართება, ეპიგრაფის შემთხვევაში, მკითხველს უჩენს განცდას, რომ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დაბრუნდეს ტექსტის პირველ გვერდზე და კიდევ ერთხელ გააანალიზოს, თუ რა მტკიცედაა გადაჯაჭვული ეპიგრაფი მთავარ სათქმელთან. 

მაგალითად, ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „ძმები კარამაზოვები“ ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს იოანეს სახარებიდან ციტატა: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება: ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს“ (იოანე 12, 24). ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ ჩართულ ნოველასთან კავშირზე. მარიო ვარგას ლიოსას რომანის სიუჟეტს რეფრენად გასდევს პერსონაჟის ნოველები, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს „დეიდა ხულიას“ მთავარ სათქმელს.

არქიტექსტუალობა ჟანრთან და საერთოდ შემოქმედების იმ ტიპთან მიკუთვნებულობაა, რომელსაც ის თავად მიეკუთვნება. სწორედ ამ პრინციპის გამოც ვამბობთ, რომ, მაგალითად, ორჰან ფამუქის რომანი „მე წითელი მქვია“ პოსტმოდერნიზმის ნიმუშია, – წიგნში ამბავს ჰყვებიან გვამი, ძაღლი, ოქროს მონეტა… მწერალი საკუთარ ბიძაშვილს – შევქეთსაც კი გვაცნობს პერსონაჟად. 

კიდევ ერთი ერთგვარი ჯგუფი ტრანსტექსტუალური მიმართებებისა არის მეტატექსტულობა, რომელიც მკითხველთან და კრიტიკოსთა შეხედულებების ინტერპრეტაციებთან მიკუთვნებულობაა. ყოველივე ამას კი ცალსახად ჰიპერტექსტუალობამდე მივყავართ, რადგან ის, რომ ჰიპერტექსტუალობა პაროდიული მიმართებაა წინამორბედ ტექსტებთან ან მის ფრაგმენტებთან, უკვე აღვივებს მკითხველში მეტატექსტუალურ გააზრებას. ამდენად, სწორედ ეს ფორმები აქვს ტექსტთა შორის დიალოგებს, რომლებსაც ჩვენ იულია კრისტესევასეულ ინტერტექსტუალობას ვუწოდებთ. თითოეული ეს მიმართება, ვფიქრობ, ბრწყინვალედაა არეკლილი მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედებაში, რის დასტურადაც კონკრეტული მაგალითების მოშველიება შეგვიძლია.

ინტერტექსტუალობა ლიოსასთან

ინტერტექსტუალობა მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების უმთავრესი მახასიათებელია. ავტორი ძალიან ხშირად აკავშირებს ლათინური ამერიკის ლიტერატურულ ტრადიციას გლობალურ ლიტერატურულ კანონთან. სწორედ ინტერტექსტუალობის საფუძველზე ახერხებს ავტორი, რომ რომანებს უფრო ფართო ლიტერატურულ კონტექსტში ამოაყოფინოს თავი. ამას ემატება ისიც, რომ პერუელი მწერლის შემოქმედება პოლიტიკურ იდეოლოგიათა დიდი პალიტრაა, ეს კი ამა თუ იმ მოვლენის მრავალმხრივი გააზრების საშუალებას გვაძლევს. 

რომანში „ქალაქი და ძაღლები“ ვარგას ლიოსა ეგზისტენციალურ საწყისებსა და ლიტერატურას ეყრდნობა. განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს ჟან-პოლ სარტრისა და ალბერ კამიუს გავლენა. 1963 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებში მოქმედება ლიმას სამხედრო აკადემიის კადეტების გარშემო ვითარდება. სახელმწიფოში არსებულმა კორუფციულმა და დიქტატორულმა რეჟიმმა ძალადობა და დიდი ეგზისტენციალური სისასტიკე გაამეფა. 

სოციალურ ნორმებთან ერთად განადგურებული მორალი პერსონაჟებისა კიდევ ერთხელ გვაახლოებს ეგზისტენციალურ აბსურდთან, რამაც სარტრის კონცეფცია „ცუდი რწმენის“ შესახებ უნდა გაგვახსენოს. როგორც ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ამბობს, ეს არის სამყარო, სადაც ინდივიდები უარს ამბობენ თავისუფლებაზე და საკუთარ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებებს ზემდგომს „აჩუქებენ“. ზუსტად ასეა „ქალაქი და ძაღლების“ თითოეული ახალგაზრდა სამხედრო, – ისინი ბრმად ასრულებენ ბრძანებებს, ემორჩილებიან აკადემიის მჩაგვრელ, სასტიკ და ტოტალიტარულ სისტემას. 

ლიოსამ სარტრისა და კამიუს ეგზისტენციალურ-აბსურდული კონცეფციების ნაწარმოებში ჩასმით რომანი კიდევ უფრო მრავალშრიანი გახადა და მასში ფილოსოფიური ტრადიცია დანერგა, ამ ნიადაგზე კი უფრო მარტივად და ცხადად შეძლო ავტორიტარული სტრუქტურების გაკრიტიკება, რომლებიც როგორც სამხედრო, ისე საზოგადო ცხოვრებაში ისტორიის განმავლობაში ხშირად წარმოჩნდება. 

ინტერტექსტუალური ასპექტები გვხვდება მის 1969 წელს დაწერილ შედევრში „საუბარი კათედრალში“. რომანი მანუელ ოდრიას კორუფციით გარემოცულ დიქტატურას შეეხება და სტილური მახასიათებლებით მარკესისა და ფოლკნერის შემოქმედებასაც კი მოგვაგონებს. ნაწარმოები აგებულია დიქტატორის მარჯვენა ხელის შვილისა და მძღოლის დიალოგზე, რამაც მწერალს საშუალება მისცა დრო და საუბრის ტექნიკა ლიტერატურულ კანონს გარეთ გაეყვანა. ეს კი მოდერნისტი ფოლკნერისთვის უცხო სულაც არაა და მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ტრანსტექსტუალური მიმართებები ერთგვარი ხიდია მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის, ხოლო რაც შეეხება დიქტატურისთვის დამახასიათებელი შტრიხების აღწერას რომანში, ეს უკვე მსოფლიო მკითხველმა მარკესისგანაც შესანიშნავად იცის. მისი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“ ზოგადი სიმბოლოა დიქტატორისა. სწორედ ეს ფოლკნერისეული სტილის გამოყენება იგულისხმება ტექსტებისა და მწერლების ურთიერთკავშირში. 

 

არქიტექსტუალობა ლიოსასთან

არქიტექსტუალობა, როგორც ტექსტის ჟანრთან მიკუთვნებულობა, ვარგას ლიოსასთან მთავარი საკითხია. მისი რომანები შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც ლათინური ამერიკის რეალიზმის ტრადიციის გაგრძელებად, ისე სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებზე აქცენტირებულ ნაწარმოებებად. ზემოთ თქმული „ქალაქი და ძაღლები“ სწორედ სოციალური რომანის ჟანრს მიეკუთვნება და სამხედრო აკადემიის მოდელზე კორუფციული ქვეყნის მიკროსამყაროს მოდელს გვთავაზობს. 

ანალოგიური ჟანრობრივი ბმაა რომანშიც „ბოლო ჟამის ომი“. ისტორიული ფანტასტიკის ეს ნიმუში XIX საუკუნის კონფლიქტს ასახავს ბრაზილიის მთავრობასა და ქალაქ კანუდოსის მოქალაქეებს შორის. რომანი ეპიკური ნარატივის, ტრაგედიისა და პოლიტიკური ელემენტების გაერთიანების ძალიან ცხადი გამოვლინებაა. არქიტექსტუალური თვალსაზრისით საინტერესოა „ცუდი გოგოს ოინებიც“. მწერალმა რომანტიკული ჟანრის ტექსტი შექმნა, სადაც სასიყვარულო ვნებები სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასთან გადააჯაჭვა. 

ავტორი მთხრობლისა და „ცუდი გოგოს“ მღელვარე ურთიერთობის შესახებ გვიამბობს. საზოგადოებაში არსებულ ნორმებს დაპირისპირებული ვნებათაღელვა და ლათინური ამერიკის არასტაბილური პოლიტიკური ცხოვრების მიღმა აღმოცენებული, იდენტობის ძიებისგან განპირობებული კრიზისი რომანს ჟანრობრივად მრავალმხრივს ხდის. 

 

მეტატექსტუალობა ლიოსასთან

მეტატექსტუალობა გულისხმობს ტექსტის მიკუთვნებულობას მკითხველთან ან კრიტიკოსთან. მარიო ვარგას ლიოსა რომანში „ვაცის ნადიმი“ მეტატექსტუალურ მიმართებას არა მხოლოდ ტრუხილიოს რეჟიმის გასაკრიტიკებლად იყენებს, არამედ ის მწერლის როლსაც წარმოაჩენს რომანის ისტორიულ კონტექსტში. ისტორიული რეალობის წარმოჩენის სირთულე პოლიტიკური თავსატეხებით დახუნძლულ სამყაროში ძალიან რთული აღსაწერია. მეტატექსტუალობის ნიმუშად ლიოსას შემოქმედებაში ფრანგი სოციალისტისა და მისი შვილიშვილის, ცნობილი მხატვრის, პოლ გოგენის ისტორიაც გვევლინება. ავტორი მეტატექსტუალურ კომენტარს აკეთებს, როცა ხელოვნების ბუნებისა და მის პოლიტიკურ ასპექტებთან კვეთაზე გვესაუბრება. ეს  ყოველივე კი მკითხველსა და მკვლევარს უყალიბებს ისტორიისა და კულტურის შესახებ მკაფიო მოსაზრებათა მთელ რიგს. 

 

ჰიპერტექსტუალობა ლიოსასთან

ჰიპერტექსტუალობა, როგორც ვიცით, ტექსტსა და პრეტექტს შორის ურთიერთობაა. კვლავ „ვაცის ნადიმზე“ დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინიკის რესპუბლიკაში არსებული რაფაელ ტრუხილიოს დიქტატურა მკითხველის თვალწინ გადაიშლება რეჟიმის უკანასკნელი დღეების პერსპექტივიდან. ურსულა კაბრალის სულის შემძვრელი ისტორია ერთგვარი პრეტექსტია, რომელიც ჰიპერტექსტუალობის მეთოდით დაეყრდნო რომანს. ჰიპერტექსტუალობა ტრანსტექსტუალური მიმართებების სახეობებს შორის ყველაზე მეტად გვაახლოებს ჟენეტის იდეასთან, რომ ტექსტები მუდმივად თანაკვეთაში არიან ერთმანეთთან. ვარგას ლიოსამ შეძლო, ჰიპერტექსტუალური გაეხადა რომანში განვითარებული მოვლენები, რადგან მან პრეტექსტს მიაკუთვნა რომანის სიუჟეტი და, ამდენად, ცხადი გახადა ტოტალიტარიზმის ბუნება და ძალაუფლებით მანიპულირების ფენომენის სისასტიკე. ჰიპერტექსტუალობის ეს ნიმუში კი მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო კარგად გაიაზროს სოციალურ-პოლიტიკური რეალობა. 

 

მსგავსი მიდგომა და მიმართება გამოიყენა პერუელმა მწერალმა რომანში „საუბარი კათედრალში“, აქაც წარსული სიუჟეტის, როგორც პრეტექსტის, აღდგენაა სახეზე და შემდგომ ამისა, წინარე მოვლენის შეთავსება რომანის აწმყოს ჩარჩოში მოქცეულ სიუჟეტთან. ჰიპერტექსტუალობის კიდევ ერთ ნიმუშად ვარგას ლიოსას ირლანდიელ ნაციონალისტზე შეთხზული ისტორია გვევლინება. მწერალი პერსონაჟის არსებობის ფენომენს უფლებადამცველი როჯერ კეისმენტის ცხოვრების პარალელურად იკვლევს. აქ უკვე ლიოსასთვის პრეტექსტი არ არის პერსონაჟის პირით გადმოცემული ისტორია, მწერალი წინარე ტექსტად ირჩევს ისტორიულ ფიგურებს, რაც მკითხველს კოლონიალიზმის, იდენტობისა და პოლიტიკური აქტივიზმის კომპლექსურ თემებს მთელი სიცხადით წარმოუჩენს. პერსონაჟის დღიურებში გაცოცხლებული რეალობა ნიმუშია იმისა, თუ როგორ მოჩანს ისტორია მხატვრული ლიტერატურის პრიზმიდან და როგორ ბადებს კრიტიკულ პერსპექტივას წარსულის შესახებ. 

 

პარატექსტუალობა ლიოსასთან

ტრანსტექსტუალური მიმართებების სახეობათაგან ბოლო, რომელზეც ლიოსას შემოქმედების პერსსექტივიდან აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, პარატექსტუალობაა. როგორც ვიცით, ეს აღნიშნავს ტექსტის მიკუთვნებულობას სათაურთან, ჩართულ ნოველასთან, ეპიგრაფთან და ბოლოთქმასთან. ეპიგრაფის როლი ქართული და მსოფლიო ლიტერატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან ხშირად ნაწარმოების მთავარი სათქმელის გადმომცემ ხერხად გვევლინება. სათაური კი ხშირად მკითხველში გაჩენილ ასოციაციას უმთხვევს ნაწარმოების სიუჟეტს და აღძრულ მოლოდინს უდასტურებს ადამიანს. მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედებაში სათაური მრავალშრიანი ფენომენია. 

მაგალითად, როდესაც საუბარია „ვაცის ნადიმზე“, ჩვენ ვხვდებით, რომ მწერალი სასტიკ რიტუალზე მიგვითითებს, ეს რიტუალი კი დომინიკის რესპუბლიკაში დამყარებული ტრუხილიოს დიქტატურაა. ავტორმა სათაურით შექმნა ნარატივი, რომელიც მჩაგვრელ პოლიტიკურ რეჟიმსა და ეშმაკის მოლხენას ერთმანეთთან აკავშირებს. ამის პარალელურად, ლიოსა გვიბიძგებს, რომ აღგვეძრას რაიმე ავისმომასწავებელი მოლოდინი და, თუ ნაწარმოების ფინალს გავიხსენებთ, ეს განცდა ნამდვილად მართლდება. პარატექსტუალობის, როგორც მოლოდინის, კიდევ ერთ ნიმუშად „საუბარი კათედრალში“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

მკითხველს, ცხადია, უჩნდება განცდა, რომ ნაწარმოები ტაძარში შემდგარ დიალოგზეა, მაგრამ, რეალურად, ეს არის დაბალი კლასის, ბინძური კაფე, რომელიც სიმბოლოა ოდრიას დიქტატურის ქვეშ მოქცეული ქვეყნისა. გარდა სათაურებისა, ლიოსამ პარატექსტუალურ ნიმუშად „დეიდა ხულია“ და მასში ჩართული ნოველებიც შემოგვთავაზა. ეს ყოველივე კი ეხმარება მკითხველს, ჩამოიყალიბოს პირვანდელი მიდგომა ტექსტისადმი, მწერალს კი უმდიდრებს თხრობას და ისტორიის მრავალი პერსპექტივიდან ჩვენების საშუალებას აძლევს. 

 

***

ამდენად, ზემოთ მოცემული მსჯელობისა და არგუმენტების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიოსას შემოქმედება კარგი ნიმუშია ტრანსტექსტუალობის დახვეწილი გამოყენებისა. სწორედ თითოეული მოყვანილი მიმართებების დახმარებით ააგო მწერალმა კომპლექსური ნარატივები, რომლებმაც ლათინური ამერიკის სოციალურ-პოლიტიკური რეალობა ასახა. ვარგას ლიოსას შემოქმედება არის მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ მტკიცედაა იდეურად გადაჯაჭვული მისი ერთი ნაწარმოები მეორესთან, რომ მისი ტექსტები თანაარსებობენ და დამოუკიდებლად არ ასახავენ იმის ნახევარსაც კი, რასაც თანაკვეთისას. სწორედ ეს გაერთიანება გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, თუ როგორ შექმნა პერუელმა გენიოსმა მხატვრული ლიტერატურისა და პოლიტიკურ-კულტურული გზაჯვარედინის გაჩენით უმძაფრესი სურათი. 

ამ დიდი მიზნის მიღწევასა და მკითხველისთვის საქმის გამარტივებას, აღმოაჩინოს ავტორის ჩანაფიქრი, ტრანსტექსტუალურ მიმართებათა სახეობები ეხმარება, ეს ყოველივე კი ლიოსასეულ ტკივილებს ჩვენთვის უფრო ცხადს ხდის და თავისუფლების მოპოვების, გამარჯვების სურვილს ერთი-ორად აორმაგებს.