„47“ – ღია ცეცხლის სამზარეულო, გამორჩეული რესტორანი კოტე აფხაზის 47-ში
რესტორანი, რომლის სახელი მისი მისამართიდან გამომდინარეობს, სრულიად ახალი და გამორჩეულია თბილისის რეალობაში.
გარდა განსხვავებული გასტრონომიული კონცეფციისა, „47“ იმითაც გამორჩევა, რომ აქ ცოცხალი, გემოვნებიანი მუსიკა უკრავს, რასაც თბილისში ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდებით.
იდეის ავტორი და დამფუძნებელი ფრანგი რესტორატორი ჟან მიშელ შარლია.
„მე და ჩემს ქართველ პარტნიორს გვქონდა იდეა, თბილისში შეგვექმნა სივრცე, სადაც უძველესი მეთოდით – ღია ცეცხლზე – მოვამზადებდით კერძებს და ამას პირდაპირ სტუმრის თვალწინ, ძალიან დახვეწილ ინტერიერში გავაკეთებდით სეზონური, ორგანული ინგრედიენტებით. რესტორან „47“-ის მენიუც შესაბამისად ღია ცეცხლზე მომზადების პრინციპითაა შერჩეული და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის კულინარიის გავლენით. სწორედ ამით გამოიხატება ამ რესტორნის უნიკალურობა. ხშირად მეკითხებიან, რომელი ქვეყნის სამზარეულოს სთავაზობს სტუმარს რესტორანი „47“? რადგან მე ფრანგი ვარ, ყველას მიაჩნია, რომ სამზარეულოც ფრანგული უნდა იყოს, მე კი ვუხსნი, რომ „47“-ში სეზონურობის მიხედვით დაგხვდებათ კერძები, რომლებიც მთავარ ამოცანას – ცეცხლზე მომზადების პრინციპს აკმაყოფილებს ყოველგვარი რაფინირებული ცხიმების გარეშე, უძველესი და ყველაზე ჯანსაღი მეთოდით“. – ამბობს ჟან მიშელი.
„ინგრედიენტების შერჩევისას დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ სწორედ მათ წარმომავლობას. ძალიან მიყვარს ამის მოყოლა, ამიტომ თქვენც გაგიზიარებთ – მაგალითად, ჩვენს მენიუში შეხვდებით ბატკანს ახალი ზელანდიიდან, შავი ანგუსის სტეიკს კალიფორნიიდან, რვაფეხას და სიბასს ხმელთაშუაზღვიდან, არტიშოკს სიცილიიდან, რომელთა ჩამოტანასაც ჩვენ თავად ვხელმძღვანელობთ, და, ამავდროულად, საოცარ ყველს თუშეთის სოფელ კვავლოდან, რომლესაც გაწირიძეების ოჯახი გვიმზადებს. გოჭი კახეთიდან მოგვაქვს და სულ რამდენიმე ოჯახთან ვთანამშრომლობთ. შაბათ დღეს კი, ლანჩზე, მთის წესით მოხვეულ ხინკალს ასევე ღია ცეცხლზე ვხარშავთ. სეზონურ ხილს და ბოსტნეულს ადგილობრივი მცირე ფერმერებისაგან ვყიდულობთ და ცეცხლსა და ნაკვერჩხალზე ჯანსაღი წესით, როგორც უკვე გითხარით, პირდაპირ მომხმარებლის თვალწინ ვამზადებთ, ნამდვილი ეკლექტიკაა, არა?“ – ჟან მიშელი.
„47“- ში გარდა მუსიკალურ საღამოებზე დასწრებისა, ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერებასა და შეძენასაც შეძლებთ.
თუ სახელი გახსოვთ, რესტორნის მიგნებაც არ გაგიჭირდებათ – კოტე აფხაზის 47-ში.