fbpx

“მოზარდობა” – Netflix და ეკრანების საფრთხე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

Netflix-ის ახალი მინისერიალი – „მოზარდობა“ (Adolescence) ზუსტად იმ დროს გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, როდესაც კაილ კლიფორდმა მიზოგენი და სექსისტი ენდრიუ ტეიტის პოდკასტების გავლენით სამი ქალი მოკლა. 

დრამის იდეა სტივენ გრემს მზარდი ძალადობრივი დანაშაულების საფუძველზე გაუჩნდა. შედეგად, შემაძრწუნებელი, მაგრამ გულწრფელი ოთხი ეპიზოდი მივიღეთ, რომელიც მილერების ოჯახის, კერძოდ, კლასელის მკვლელობაში ბრალდებული 13 წლის ბიჭის, ჯეიმის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი ისეთ რელევანტურ საკითხებს ეხება, როგორიც არის: კიბერბულინგი, სოციალური მედიის გავლენა, მოზარდებზე ზეწოლა, ტოქსიკური მასკულინობა და მიზოგინია. 

მოზარდის მამა პირველი ეპიზოდის უმეტეს ნაწილს შოკის მდგომარეობაში ატარებს. მას შვილის უდანაშაულობის გულწრფელად სჯერა, სანამ ჯეიმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შემზარავ კადრებს აჩვენებენ. გრემის სამსახიობო შესრულება ნამდვილი მასტერკლასია, თუმცა ის სივრცეს ტოვებს 13 წლის ახალბედა მსახიობისთვის, ოუენ კუპერისთვის, რომლის საეკრანო დებიუტიც ფენომენალურია, განსაკუთრებით – მესამე ეპიზოდში, რომელიც მთლიანად ფსიქოლოგთან დიალოგს ეთმობა. კუპერი ემპათიიდან შიშს სულ რაღაც რამდენიმე წუთის ინტერვალში იწვევს. 

„მოზარდობის“  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მისი გადაღების სტილია; კამერა არასოდეს ტოვებს სცენას და თითო სერია ერთ კადრშია გადაღებული, მონტაჟის გარეშე, რაც სერიალს ავთენტურობას სძენს. ეს ყველაზე შესამჩნევი მეორე ეპიზოდშია, რომელშიც მოქმედება სახელმწიფო სკოლაში ვითარდება. 

საინტერესოა, რომ სერიალი Netflix-ს ეკუთვნის, რადგან, როგორც წესი, სტრიმინგ პლატფორმისთვის პრესტიჟული ბრიტანული დრამა ჯერ კიდევ უცხოა. „მოზარდობა“ ოსტატურად უვლის გვერდს კრიმინალური დრამის კლიშეებს, რომელიც სიუჟეტს, როგორც წესი, მკვლელის ვინაობის დადგენასა და მოულოდნელობის ეფექტზე აგებს. ამ შემთხვევაში დრამის მთავარი შეკითხვაა –  რატომ და არა –  ვინ.  ის ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ზიზღით სავსე მგრძნობიარე მოზარდი, რომელიც კომპიუტერთან საათებს ატარებს, მშობლების შეუმჩნევლად რადიკალური გახდეს. 

შვილებს  გზის სწორად გადაკვეთას ვასწავლით და უცნობებთან საუბარს ვუშლით, თუმცა იშვიათად ვუთმობთ დროს მათ ინტერნეტში ნავიგაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თამაშობენ, მაგრამ, სინამდვილეში, ინტერნეტ ფორუმებს სტუმრობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი საშინაო დავალებას ასრულებენ ან უდანაშაულო შეტყობინებებს აგზავნიან, მაგრამ რეალურად პორნოგრაფიას ან ენდრიუ ტეიტის კონტენტს უყურებენ. 

ჯეიმის მდგომარეობა ე.წ. მანოსფეროს კოშმარული გავლენის შედეგია – „წითელი აბები“, „სიმართლის ჯგუფები“ და 80-20 წესი, რომლის მიხედვითაც, ქალების 80 პროცენტს მამაკაცების 20 პროცენტი იზიდავს. ეს არის ონლაინ სამყარო, რომელშიც „ინსელები“ და MRAs-ები (მამაკაცების უფლებების აქტივისტები) ბინადრობენ, რომელთა მყიფე ეგო უფლებამოსილ რისხვაში იზრდება. Instagram-ზე დამცინავი emoji-ებისა და deepfake-ების სფერო უცხოა 40 წელს გადაშორებული დემოგრაფიისთვის

სერიალის დასკვნითი ეპიზოდის კულმინაციური სცენა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ამაღელვებელია, რომელშიც აცრემლებული გრემი ჯეიმის სათამაშოს ეხვევა და შვილს ბოდიშს უხდის. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი სულ რაღაც 3 თვეა დადგა,  თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მოზარდობა“ მიმდინარე წლის საუკეთესო დრამაა, რომელიც გამაფრთხილებელი ამბავია თინეიჯერების ეკრანებიდან მოშორებისა და რეალურ ცხოვრებაში ხელახლა დაბრუნების შესახებ, რაც შესაძლოა მათ საკუთარი თავის და სხვების გადარჩენაშიც კი დაეხმაროს.