აპრილის ლიტერატურული თავგადასავალი – თბილისის წიგნის ბაზრობა
ავტორი: მათე წიკლაური
თბილისის წიგნის ბაზრობას 10-13 აპრილს ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. წიგნის ეს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება ძალიან ბევრ დიდ თუ პატარა გამომცემლობას წარმოადგენს და მკითხველს გრანდიოზულ ფასდაკლებებს შესთავაზებს.
2025 წლის „თბილისის წიგნის ბაზრობის“ მთავარი სლოგანია „წიგნებით თავისუფლებისთვის“. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს წიგნის ასოციაციაა. ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები კი ველი სთორი და თბილისში არსებული პოლონური ინსტიტუტია.
დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ, გირჩიოთ ის რამდენიმე წიგნი, რომლებიც დაგეხმარებათ ბაზრობის ლიტერატურული ლაბირინთების გაკვლევაში.
- მიეკო კავაკამი – „სამოთხე“
14 წლის უსახელო ბიჭის პერსპექტივიდან მოყოლილი მძიმე ამბავი მოზარდების ცხოვრებასა და პრობლემებზე. თანამედროვე იაპონელმა ავტორმა რომანის მთავარ თემად ბულინგი აირჩია. ისტორია ბიჭისა და თანაკლასელი გოგოს წერილით დაწყებულ „მეგობრობაზე“ და მის მიღმა ბრწყინვალედ გაშლილ ადამიანურ სირთულეებზე მოგვითხრობს.
მიეკო კავაკამის ეს რომანი 2022 წელს საერთაშორისო ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა. თემები, რომლებსაც კავაკამი შეეხო, მარად აქტუალურია სამყაროში. ნიჰილიზმი, მჩაგვრელი და ჩაგრული, შეგუება, შეურაცხყოფა, მდუმარება და მას რეფრენად გადევნებული მოზარდის პორტრეტი, – ეს ყველაფერი ქართველ მკითხველს ახლა უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე აქვს. ნაწარმოები „სულაკაურის“ გამომცემლობამ თარგმნა და ბრწყინვალე საჩუქარი გაგვიკეთა.
- როჯერ სკრუტონი – „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია – დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე“
გამომცემლობა „დიოგენე“ აგრძელებს შესანიშნავი სერიის ტრადიციას. „არამხატვრული წიგნები“ უკვე ქართველი მკითხველის წიგნების თაროს განუყოფელ ნაწილად იქცა. ბრიტანელი ფილოსოფოსის ეს წიგნი ვრცელ პერიოდს მოიცავს და დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნის მსჯელობებს აერთიანებს. სკრუტონის წიგნი ერთგვარი ენციკლოპედიაა იმ მოსაზრებებისა, რომლებიც ფილოსოფიაში საუკუნეების განმავლობაში იბადებოდა. ამდენად, ფილოსოფიის მოყვარულებმა, და არა მარტო, ვფიქრობ, ეს ტექსტი არ უნდა გამოტოვონ, რათა კიდევ უფრო კარგად შეიცნონ სამყარო, რომელიც ფილოსოფიური პერსპექტივიდან საერთოდ სხვანაირია.
- გამომცემლობა „ინტელექტი“ და მისი ოთხეული
სპეციალურად თბილისის წიგნის ბაზრობისათვის გამოცემული შედევრები ქართველ მკითხველს მე-11 პავილიონში დახვდება. ელზა მორანტეს „არტუროს სიკვდილი“, ლეგენდარული ჯონ სტაინბეკის შედევრი „მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად“, ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ და არტურ მილერის „საწრთობი“, – ეს ის წიგნებია, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს. ჩვენ ჩამოთვლილი მწერლებიდან მეტ-ნაკლებად ყველას კარგად ვიცნობთ, მაგრამ ეს ნაწარმოებები მათ სულ სხვა თვალით დაგვანახებს.
არ გამოგრჩAt თბილისის წიგნის ბაზრობა და მოიწყვეთ გაზაფხულის ბრწყინვალე ლიტერატურული დღეები საყვარელ ავტორებთან ერთად.