დანიელ ადიკაშვილი – JAZZ CLUB 1984
რთული წარმოსადგენია ადამიანს 19 წლამდე ჯაზი სერიოზულად მოსმენილიც კი არ ჰქონდეს და მერე ეს მუსიკა ისე შეუყვარდეს, დედაქალაქის შუაგულში პირველი ჯაზ კლუბი გახსნას, მაგრამ დანიელ ადიკაშვილი, დრამერი, კომპოზიტორი და Jazz Club 1984-ის დამფუძნებელი, სწორედ ასეთი ადამიანია.
მსოფლიო დონის ქართველი მუსიკოსები უკვე ოთხი წელია, ყოველდღე, 9 სააათზე, Jazz Club 1984-ში მასპინძლობენ ყველას, ვისაც ცოცხლად შესრულებული ჯაზ მუსიკის ენერგია იზიდავს.
დანიელი და ჯაზი
“14 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა შემიყვანა დრამის მასწავლებელთან. ამ პერიოდში საერთოდ არ ვიყავი მუსიკით გატაცებული და არც მიფიქრია რომ დრამზე დაკვრა შეიძლებოდა მომწონებოდა. პირველივე გაკვეთილზე ავუღე ალღო და მალევე დავიწყე როკ ბენდებში დაკვრა.
დაახლოებით 19-20 წლამდე ჯაზი საერთოდ არ მქონდა მოსმენილი, არათუ მომწონდა. გავიზარდე ჰარდ როკის და ჰევი მეტალის მოსმენით. ჯაზისკენ და ფიუჟენისკენ პირველი ნაბიჯები დრამზე დაკვრით გადავდგი. ვგულისხმობ შინაგან ბიძგს, რომ უფრო საინტერესო და რთული მუსიკა დამეკრა (მაშინ ასე ვუყურებდი).
საბოლოოდ დაიწყო მრავალწლიანი მეცადინეობა და ახალი ეტაპი ჩემს მუსიკალურ მოგზაურობაში”, – ამბობს დანიელი, თუმცა ამატებს იმასაც, რომ როკის, ფანკის, ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის სინთეზი მისთვის დღემდე მიმზიდველია. ეს jazz club 1984-საც ეტყობა, თუმცა ამაზე ოდნავ ქვევით ვიასუბრებთ.
“ბავშვობიდან მიზიდავდა მუსიკის წერა – ჯერ კიდევ მაშინ, როცა დრამზე დაკვრის ძალიან პატარა გამოცდილება მქონდა. დროთა განმავლობაში, ჩემი კომპზოცია გაყვა ჩემს გემოვნებას და იმას, თუ რას ვუსმენდი. საბოლოოდ, საკუთარი კომპოზიციების (ჯაზ-ფიუჟენი) რეალიზება და ჩაწერა დავიწყე ჩემს მეგობარ მუსიკოსებთან. მეგობრებთან, რომლებიც დღესაც აქტიურად უკრავენ 1984-ში და შეიტანეს დიდი წვლილი ჩემს მუსიკალურ ჩამოყალიბებაში”, – ამბობს დანიელი და ასე ვიწყებთ საუბარს, როგორც თვითონ ამბობს, მის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებაზე.
JAZZ CLUB 1984
“ჯაზ კლუბის გახსნის იდეა 2021 წლის შემოდგომაზე გამიჩნდა. ამ დროისთვის მოპოვებული მქონდა დაფინანსება ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობრისგან, რომ წავსულიყავი სასწავლებლად, კიდევ ერთხელ, – ამჯერად ბერლინში. ამ სამზადისში საკმაოდ მაბრკოლებდა ჩემი პირადი ურთიერთობა და თბილისიდან შორს ცხოვრების პერსპექტივა. დაიბადა იდეა, რომ დავრჩენილიყავი და არსებული დაფინანსებით გამეხსნა ჯაზ კლუბი”, – გვიყვება დანიელი. როგორც ამბობს, ჯაზ კლუბის სახელიც იმ დღეს გაჩნდა, იდეასთან
ერთად, ჯორჯ ორუელის წიგნის შთაგონებით (რომელიც, სხვათაშორის, მამამისის თარგმნილია ქართულ ენაზე), და სივრცეც იმ დღესვე მოძებნა ლესელიძის ქუჩაზე.
2021 წლის ოქტომბრის ბოლოს კი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ პანდემია საზღვრავდა დღის წესრგს, Jazz Club 1984-მა საკმაოდ წამატებული სტარტი აიღო.
“ახლაც ვთვლი, რომ ჩემი მთავარი პროფესია – მუსიკოსობაა.”
“სიმართლე რომ ვთქვა, გახსნამდე არასდროს მიფიქრია ფინანსურ რისკებზე, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ბიზნესს ჯაზის არამეინსტრიმული ხასიათის გამო. ზოგადად, არასდროს მქონია ბიზნესის კეთების ინტერესი ან მენეჯმეტის ცოდნა. ახლაც ვთვლი, რომ ჩემი მთავარი პროფესია – მუსიკოსობაა.
1984 ის ჩანაფიქრი, პირადად ჩემთვის, დროთა განმავლობაში გაჩნდა და არა გახსნამდე. ნელ-ნელა მივიღეთ შედეგი – უნიჭიერესი მუსიკოსების და მათი შემოქმედების რეალიზება, ასევე ბიზნესი, როგორც შემოსავლის წყარო.
აქ ბევრად მთავარია მუსიკალური და სოციალური სფერო. 1984 მუსიკალური ვენიუს გარდა, ნელ-ნელა გახდა სოციალური თავშეყრის ადგილი, რომელმაც განაპირობა მუსიკოსების ერთმანეთთან დაახლოვება და ზრდა როგორც შემოქმედებითი, ისე პიროვნული კუთხით. თავიდან რომ ვიწყებდეთ ამ საქმეს, ალბათ, უფრო მეტი გამოცდილება გვექნებოდა ტექნიკურ საკითხებში, მაგრამ იდეა ნამდვილად არ შეიცვლებოდა.”
“კონცეპტუალური ელექტრონიკა და ჯაზი, ვფიქრობ, კარგი მეგობრები არიან.”
როგორც უკვე ვთქვით, Jazz Club 1984-ის კარი მსმენელისთვის ყოველდღე ღიაა. კლუბი კი მათ, ქართული ჯაზ სცენის სიმცირის მიუხედავად, შესაშური მრავალფეროვნებით უმასპინძლდება.
“იმისთვის, რომ მუსიკალური ასპარეზი უფრო საინტერესო იყოს მსმენელისთვის , ხშირად მივმართავთ ალტერნატიულ ჟანრებს, ექსპერიმენტებს და სხვადასხვა კოლაბორაციებს.
ელექტრონული მუსიკის არტისტებთან კოლაბორაცია, პირადად ჩემთვის, ძალიან მიმზიდველია. მე, როგორც მუსიკოსი, ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ ამ ორი ჟანრის შერწყმით მიღებულ პროექტებში. ნიკაკოის და ანუშკა ჩხეიძის ლაივებიც, რომელიც გამიართა 1984-ში, არის ამის დასტური. აუდიტორია ძალიან მოიხიბლა ამ კონცეფციით და ვისურვებდი, რომ სამომავლოდ კიდევ მეტი ასეთი პროექტი გაკეთდეს.
ჯერ-ჯერობით, უცხოელი ვარსკვალების ჩატარებული ლაივების დიდი სია არ გვაქვს. მათი უმრავლესობა ძირითადად ბექა გოჩიაშვილის მეგობრები არიან და სწორედ ამ გზით აღმოჩნდნენ 1984-ის სცენაზე. სამომვალოდ გვაქვს დიდი სურვილი, რომ მოხდეს მეტი ინტერაქცია უცხოელ არტისტებთან. მათი მოწვევა და პირიქით – რეზიდენტების წარდგენა უცხოურ სცენებზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებას მუსიკის მიმართულებით.”
მსმენელი
“1984 ის არსებობამ, ჩემი აზრით, უკვე ძალიან გაზარდა ჩვენს ქვეყანაში ჯაზით დაინტერესება. ქართველი მსმენელები იცნობენ ადგილობრივ მუსიკოსებს და მათ ბრწყინვალე ტალანტს. ანუ, 1984 იღებს მონაწილეობას ჩვენი რეზიდენტების ჩრდილიდან გამოსვლაში და უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების ფართოდ წარმოჩენას.
ბოლო დროს, ახალ ლოკაციაზე, ბევრად იმატა ქართველმა მსმენელმა. ჩვენს ქვეყანაში ჯაზ კლუბების კულტურა სრულიად ახალია და არ გვაქვს გამოცდილება და შეჩვეული ყური”, – ამბობს დანიელი, მაგრამ აქ მეორე ფაქტორზეც საუბრობს – მიუჩვეველი ყური მაღალი ხარისხის მუსიკას და შესრულებას მიეჩვევა, რაც ქართველ მსემენელს, პერსპექტივაში, ბევრი სხვა ქვეყნის მსმენელზე მაღალა აყენებს.
“1984, პირადად მე, მაძლევს თავისუფლებას”
“კლუბის გახსნა იყო, ალბათ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემი ”შემდგარი მუსკოსობისთვის”, რაც კი ოდესმე მიმიღია. მუსიკოსები, რომლებიც აქ უკრავენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემზე ბევრად გამოცდილები არიან რიგ მიმართულებებში. ეს იქნება ტექნიკური თუ ინფორმაციული კუთხით. ამიტომ, მე ვთვლი, რომ უკანასკნელ წლებში ძალიან გავიზარდე. სწორედ 1984 ის დამსახურებაა, რომ ვუკრავ ისე, როგორც ვუკრავ” – ამბობს დანიელი.
მომავალში ფესტივალის მოწყობას გეგმავს. ფიქრობს ქართველი რეზიდენტების მონაწილეობით გამართული ფესტივალი საშუალებას მისცემს ქართულ ჯაზს ჩაერთოს მსოფლიო ინტერკულტურულ გაზიარებაში.
აკადემიის გაკეთებაც უნდა – “სადაც მსურველებს შეეძლებათ პირადად გაიარონ საიმპროვიზაციო და თეორიული გაკვეთილები 1984-ის ლოკალურ მუსიკოსებთან, რომელთაც უზადო გამოცდილება აქვთ, როგორც მასწავლებლებს.
SOLO-სთან და Mastercard- თან პარტნიორობა არის, ალბათ, ყველაზე დიდი წინაპირობა იმისა, რომ კლუბის და მუსიკოსების პოტენციალი სრულად გაიშალოს.
მათი ძალიან მადლიერი ვარ, იმ შრომისა და მოღვაწეობის დაფასებისთვის, რითაც ჩვენ აქამდე მოვედით. SOLO-სთან და Mastercard-თან თანამშრომლობა დიდი მიღწევა და ნაბიჯია წინ. იმ ინფორმაციული მასშტაბის გათვალისწინებით, რომელსაც ეს კომპანიები უზრუნველყოფენ, ფაქტობრივად გარანტირებული ხდება Jazz Club 1984-ის წარმატება. მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ჩვენ ვარსებობთ და ჩვენთან ყოფნა საინტერესოა”.
Jazz Club 1984 — ადგილი, სადაც ჯაზ მოგზაურობა იწყება


