fbpx

ლიოსა – წერა ბედნიერებისთვის ბრძოლაა


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

მე რომ პირველად ლიოსას რომანი „დეიდა ხულია“ ჩამივარდა ხელში, რაღაც დეპრესიის მსგავსი მქონდა, – ალბათ, არაფერი ისეთი, უბრალოდ, რაღაც ეგზისტენციალური, ფინიშის მიუღწევლობის სევდა მახრჩობდა – არადა ამ დროს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. იმ წიგნშიც ეს მიუღწევლობა იყო, სიყვარულის მარცხი, შეუმდგარობა და თითქოს სხვა რამეზე დაწერილი მოთხრობები ლუწ თავებში. პერუელი მწერლის სახელი და გვარი, ალბათ, პირველად გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან გაგვიპოპულარულდა – „ლიოსა, მარიო ვარგასი“… მაშინ იმდენად ჩვენი არ იყო, მხოლოდ „ქალაქი და ძაღლები“ ვიცოდით, აი მერე… მერე კარგა ხანს არაფერი… ლანა კალანდიას შედევრად ქცეულ თარგმანებამდე არაფერი…

ეს მიჯაჭვულობა ლიოსასთან ძალიან განმიმტკიცდა. ერთხელ მისი დაბადების დღე მეგობარმა მომილოცასავით…  და მაშინ გამახსენდა, რომ როცა ვკითხულობდი ”დეიდა ხულიას”, ძალიან ვქომაგობდი იმ წყვილს, რომელსაც ჯვრისწერაზე ყველა უარს ეუბნებოდა, როცა ვკითხულობდი ”ვაცის ნადიმს”, გულს მწყვეტდა ურანია კაბრალის ისტორია, როცა ვკითხულობდი ”საუბარი კათედრალში”,  ვფიქრობდი, რომ ასე კარგად ვერავინ გვეტყვის, თუ როგორ ეტირა ყოფა ქვეყანას, პერუს, – დიდი ლიტერატურაც სწორედ ეგაა, რომ მწერალი თავისი პერსონაჟის ამბავს შენ ამბად უნდა აქცევდეს… საქართველოში ჩამოვაო, რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, მერე გავიგე, რომ თურმე მისი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა – ამით კი ისეთ მწერალს ვუთხარით უარი, რომელიც ნაწარმოებს შემდეგნაირად დაიწყებს: ”კაცი ისეთი მაღალი და გამხდარი იყო, გეგონებოდა, სულ პროფილში დგასო.”

ის ბევრი რომანის ავტორია და ეს ტიტული თუ შეფასება ბევრ გრანდიოზულ ავტორს არ აქვს… ფამუქი ამბობდა, ტოლსტოის და ფლობერს თითო-თითო რომანების ხალხად მივიჩნევო. მე არ ვიცი, რომელია ლიოსას საუკეთესო წიგნი, მაგრამ ცოტა ხნით მის რომანებზე კი არა, მასზე ვილაპარაკოთ… 

რამდენიმე გზაზე დავყავდით ერთად ავტორს, ხან ტრუხილიოს ვუწყობდით ტერაქტებს პერსონაჟებთან ერთად, ხან კი ურანია კაბრალის ტკივილები გვჭამდა. როგორც თავად ამბობს, ლიტერატურა საზოგადოების კრიტიკული აზრის მანიფესტაციაა და ამ ბრწყინვალე განმარტებას დაემატა მხოლოდ და მხოლოდ მისით გამოწვეული ახალი ფრაზა: დიდი ლიტერატურა რამდენიმე გზაზე ერთდროულად სიარულიც გახლავთ. იმ, ჩვენ მიერ ნახსენები წიგნის სათაურში სიტყვა „კათედრალი“ გვხვდება და ყველას ტაძარი გვგონია. სინამდვილეში ერთი კაფეა, პერუს მინიმოდელი, გაუბედურებული, ბინძური, უსინდისობით გაჟღენთილი, პერუსავით დედანატირები. იქ დიქტატორის მარჯვენა ხელის ვაჟი და მძღოლი ერთმანეთს შეხვდებიან, იჭორავებენ, საშინელებებს მოჰყვებიან ოდრიაზე, ამ ურჩხულად ქცეულ კორუფციონერ დიქტატორზე და მიმოიხილავენ ყველანაირ ადამიანს.

სულ ვფიქრობდი, რატომ მგონია, რომ ყველაზე დიდი ავტორი ლიოსაა – იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის ადამიანი, იმიტომ, რომ მას შეუძლია ისე აგხლართოს თავის ისტორიებში და მიგიჯაჭვოს, ოჯახის წევრს მოერიდოს შენთვის მისი სიკვდილის გამხელა, – თითქოს კარგი ახლობელი იყოს. 

დავრბოდით გვერდებიდან გვერდებზე, ვგულშემატკივრობდით პერსონაჟებს, გვიხაროდა კარგების კარგი და ცუდების ცუდი… ზოგჯერ დიალოგებშიც ვიკარგებოდით, მაგრამ არ გვწყინდა და არ ვბრაზდებოდით, ვუბრუნდებოდით, ვარჩევდით და სიამოვნებას ასე ვიღებდით. ფაქტია, როცა წერ, რაღაც გაწუხებს, რაღაც რიგზე არ არის – ბედნიერებას დაეძებ. ლიოსა არ დაეძებს, იბრძვის მის მისაღწევად და წერა ბედნიერებისთვის ბრძოლა ხდება. 

ბესიკ ხარანაულს შესანიშნავ კრებულში „ეჰ, ბესარიონ“ აქვს სტრიქონი: „ყველა იმ სახით კვდება, რითაც იცოცხლა.“ ლიოსაზეა, როგორც უკანასკნელი სამხრეთამერიკელი რაინდის სიკვდილზე ლიტერატურულ სამყაროში. 

პერუელმა ავტორმა 2010 წელს სტოკჰოლმში წაიკითხა სანობელე ლექცია, რომელიც ავტობიოგრაფიული ცნობებით დაიწყო, – თქვა, რომ კითხვა ხუთი წლისამ ისწავლა და თუკი რაიმე შემთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, – სწორედ ეს. მას სწამს, რომ ლიტერატურას და, კერძოდ, რომანებს ადამიანებში თავისუფლების ხარისხის გაზრდა შეუძლიათ, რასაც მისი თითოეული ნამუშევარი ადასტურებს, განსაკუთრებით კი „საუბარი კათედრალში“, რომელიც გასაოცარ, მსოფლიო ლიტერატურაში, ვფიქრობ, ყველაზე მრავლისმთქმელ დიალოგს ეფუძნება და პერუს სოციალურ-პოლიტიკურ ყოფაზე გვიამბობს.

მისი გარდაცვალების შეტყობიდან გადის დრო, მაგრამ იზრდება სიცარიელეც. მტკიცდება აზრი, რომ აღარ დავუცდით მის ახალ რომანს და ეს სევდაა, მხოლოდ წიგნის მოყვარულთათვის გასაგები და ნაცნობი. ახლა ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მიზეზი მისი რომანების გაცნობისა. მარკესი რომ გარდაიცვალა, საქართველოს მეორედ გადაურბინა მისმა ბუმმა. ლიოსაზეც ასე უნდა იყოს, ვისაც რა დარჩა წაუკითხავი, იმას მიადგეს… საქართველოს მიამსგავსოს, გამოიცნოს, რომ შორს არაა იმ სისასტიკისგან, რომელიც ლიოსას წიგნებში გაცოცხლდა, შორს კი არა, უკვე იქ არის… ტრუხილიო სხვა არაფერს აკეთებდა, არც ოდრია, არც ის მარკესის ლეგენდარული პატრიარქი. 

ამან მკითხველს გაუღვივა ყველაზე ძვირფასი განცდა და ღირებულება სამყაროში – სწრაფვა თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ. იმ გოგოებივით ცეკვა რომ აუკრძალეს და აქაოდა, სხვა ქვეყნის შვილები ვართ, ეს კანონი არ გვეხებაო, და ცეკვა გადაწყვიტეს. ეს პასაჟი ცეკვაზე ხომ არაა, ეს ამბავი თავისუფლების განცდასა და გათავისებაზეა, რომელიც ლიოსამ მიუძღვნა ყველას, ვისაც გამარჯვების სწამდა. 

შეიძლება გამოსამშვიდობებელი წერილივით პათეტიკური გამოვიდა, მაგრამ ახლა გულწრფელი ემოცია ასეთია…

და კიდევ…

რომან “საუბარი კათედრალში”, მახსოვს, წერია: “აღარასოდეს დაბრუნდება, – გაიფიქრა ამალიამ.” 

ან შეიძლება დაბრუნდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც მის წიგნებს გადაშლიან…

356 total views, 16 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.