ბოსა-ნოვა – რევოლუცია ნაზი ბგერებით
ავტორი: ანი თენიეშვილი
1950-იან წლებში, ბრაზილიის კულტურული და ეკონომიკური გარდაქმნის კვალდაკვალ, რიო-დე-ჟანეიროს სანაპირო რიტმულმა ჟღერადობამ მოიცვა – გაჩნდა ბოსა-ნოვა – მუსიკის ახალი ტალღა, როგორც მშვიდი და ლირიკული ალტერნატივა ტრადიციული სამბის ენერგიული რიტმებისა. მოძრაობას სათავეში მოექცა ანტონიო კარლოს ჟობიმი, ვინისიუს დე მორაესი და ჟოაო ჟილბერტო. მათი მუსიკის მელოდიები ქალაქის განწყობას განასახიერებდნენ – ისინი არ უყვიროდნენ სამყაროს, მიუხედავად რთული გარემოსი, არამედ ჩურჩულებდნენ მისი მისამართით.
ბოსა-ნოვა არ იყო მხოლოდ მუსიკა, ეს იყო ცხოვრების სტილი. იგი მალევე გახდა მოდერნისტული ბრაზილიის ხატი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მალევე გაარღვია საზღვრები – 1959 წელს ფილმმა „შავი ორფეოსი“ მისი ჰანგები მთელ მსოფლიოს გააცნო, ხოლო 1962 წელს გამართულმა კონცერტმა კარნეგი ჰოლში ჟანრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ბოსა-ნოვა ერთგვარი შერწყმა და დეკონსტრუქციაა, ერთი მხრივ, სამბას მოტივების, მეორე მხრივ კი – ამერიკული ჯაზის. შესაბამისად, მისი ჰანგები მარტივად მიიღო ამერიკულმა საზოგადოებამ და კულტურამ. განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ ისეთი ლეგენდარული მუსიკოსები, როგორებიც არიან სტენ გეთსი და ელა ფიცჯერალდი, ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ბოსა-ნოვას პიონერებთან.
ამ ჟანრს თავისი მაგიურობა და გამოსარჩევი ნიშნები ახასიათებს, რაც პროტესტის გამოხატვის თავისებურებას გულისხმობს. მოდი, გავითვალისწინოთ კონტექსტი – ეს ის დროა, როცა ბრაზილიაში ლიდერი ლიდერზე იცვლება, როცა მემარჯვენეს მემარცხენე ცვლის და, პირიქით, ეს ის დროა, როცა იმედს იმედგაცრუება მოსდევს. ბოსა-ნოვას ფესვებიც სწორედ აქ იწყება, როცა ბრაზილია მოდერნიზმის წიაღშია და აღორძინებას ელოდება.
მეოცე საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ბრაზილია იდგა სწრაფი ურბანიზაციისა და საშუალო კლასის ზრდის ეპოქაში, როცა სოფლის მოსახლეობამ მასობრივი მიგრაცია დაიწყო ქალაქში. ამ დროს იქმნება დედაქალაქი – ბრაზილია. ხოლო მთავარ ქალაქში – რიო დე ჟანეიროში, სადაც წარმოიშვა ბოსა-ნოვა, ახალი მემარცხენე და ლიბერალი ინტელიგენცია იყრის თავს და იწყებს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას. ამ თაობას თავისი სახელიც მოეძებნება ისტორიაში – „მოუსვენარი თაობა“. ეს თაობა ელოდებოდა და ცდილობდა შეექმნა უფრო თანამედროვე, დემოკრატიული და კულტურული ქვეყანა.
ამავე პერიოდში პრეზიდენტი ჟუსელინო კუბიჩეკი ცდილობს ბრაზილიის ეკონომიკურ განვითარებას, ასეთი სლოგანის ქვეშ – 50 წლის პროგრესის მიღწევა 5 წელიწადში. თუმცა მისი პროექტების კვალდაკვალ გაიზარდა სოციალური უთანასწორობა, განსაკუთრებით გარეუბანში მცხოვრებ მოსახლეობაში. ბოსა-ნოვა საშუალო და მაღალი ფენის მუსიკად ჩამოყალიბდა, აივნიდან ჭიქა ღვინით ხელში ზღვის ცქერისას მოსასმენ ჟღერადობად, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მომდევნო ათწლეულში.
1964 წელს ბრაზილიაში მემარჯვენე გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო ხუნტა, რომელიც თითქმის 21 წლის განმავლობაში დარჩა ძალაუფლებაში. ეს პერიოდი მძიმე იყო, სავსე რეპრესიებითა და მკაცრი ცენზურით, რეჟიმი მკაცრად აკონტროლებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას, ცენზურა გავრცელდა მედიასა და ხელოვნებაზე. ხუნტის მოსვლასთან ერთად საინტერესოდ ფორმირდა ბოსა-ნოვა, ჩუმი ვოკალი, რბილი გიტარის აკორდები და ნაზი ინტიმურობა, უნებლიედ იქცა იმ დროინდელი სოციალური რეაქციის სიმბოლოდ. სიმღერა სიყვარულზე, ბუნებაზე, ზღვის ნიავზე, ბევრისთვის ასოცირდება პოლიტიკიდან გაქცევად, ერთგვარ „ესკაპისტურ“ ნაბიჯად, თუმცა, პირიქით, ეს იყო ჩუმი პროტესტი, ცენზურის გარღვევის საშუალება. თუ მუსიკა ბგერების პოეზიაა, მაშინ ბოსა-ნოვა სამყაროს ყველაზე ჩუმი, მაგრამ ყველაზე მძლავრი პროტესტია. ის არ იბრძვის ხმაურით, არ ღრიალებს – ტალღასავით მსუბუქად მიედინება, ხოლო ამ მშვიდ დინებაში იმალება ჩუმი დაუმორჩილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსა-ნოვა თავიდანვე პოლიტიკურ მოძრაობად არ ჩამოყალიბებულა, მუსიკოსებმა მალევე დაიწყეს ალეგორიებით, სიმბოლოებითა და ფარული მესიჯებით რეჟიმის კრიტიკა.
მათი ტექსტები თითქოს მხოლოდ სიყვარულზე, ბუნებაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრობს, მაგრამ ზოგიერთი კომპოზიცია სიღრმეში მალავს მკვეთრ სოციალურ კრიტიკას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ჩიკო ბუარკის Apesar de Você. ცენზორებმა ვერ შეამჩნიეს მისი პოლიტიკური სარჩული, მაგრამ ხალხმა მალევე გააცნობიერა, რომ ეს სიმღერა დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული სიმბოლური პროტესტი იყო. შედეგად, სიმღერა მალევე აიკრძალა.
ბოსა-ნოვას განვითარებასთან ერთად გაჩნდება მისი განშტოებები, ერთ-ერთია „Musica Popular Brasileira”-ს (MPB) სახელით ცნობილი მოძრაობა – მათ შემოქმედება არის უფრო უშუალო პოლიტიკური და საპროტესტო ენა. მოძრაობაში ირიცხებოდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც იყვნენ კაეტანუ ველოზუ, ჩიკო ბუარაკი, ჟილბერტო ჟილი. ისინი ღიად უპირისპირდებოდნენ ხუნტას მუსიკის საშუალებით.
ტროპიკალია – ახალი ტალღის ახალი ხმა
ბოსა-ნოვას მშვიდი პროტესტის პარალელურად, ტროპიკალია არ იყო მხოლოდ მუსიკალური ჟანრი – ეს იყო კულტურული მოძრაობა, რომელმაც 1960-იანი წლების ბრაზილიის კონსერვატორული გარემო შეარყია. მისი მუსიკა სავსე გახლდათ ექსპერიმენტებით, ფსიქოდელიით, სოციო-პოლიტიკური კომენტარებით. ტროპიკალიას მუსიკალური სხეული აგებული იყო ბოსა-ნოვას, სამბას, როკის, ავანგარდისა და აფრიკული რიტმების შერწყმით. ეს იყო ამბოხი სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ, სარკე, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგობებით აღსავსე იდენტობას ასახავდა.
როგორც უკვე ვისაუბრეთ, 1964 წელს, როდესაც ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ხელოვანების ნაწილი აიძულეს გაჩუმებულიყო, ან ემიგრაციაში წასულიყვნენ. ქვეყანაში მკაცრი ცენზურა დაწესდა, მუსიკა კი კონტროლქვეშ მოექცა. თუმცა, ახალგაზრდა ხელოვანებმა – კაეტანო ველოზუმ, ჟილბერტუ ჟილმა, ტომ ზემ, გალ კოსტამ და სხვებმა გადაწყვიტეს, მუსიკა გამოეყენებინათ, არა როგორც გაქცევის საშუალება, არამედ, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი.
მოძრაობის სახელწოდება მომდინარეობს ბრაზილიელი ვიზუალური არტისტის, ჰელიო ოიტისიკას ნამუშევრიდან Tropicália, რომელიც 1967 წელს გამოფინა. ეს ნამუშევარი ტროპიკული ესთეტიკით გაჯერებული ინსტალაცია იყო, რომელიც ირონიულად ასახავდა ბრაზილიის კლიშეებით სავსე იმიჯს.
https://www.youtube.com/watch?v=33-bMTOlvx0
1968 წელს გამოვიდა „Tropicália: ou Panis et Circencis“ კოლექტიური ალბომი, რომელიც ტროპიკალიას მანიფესტად იქცა. ალბომი ერთდროულად არის პატრიოტული, ირონიული და ექსპერიმენტული. ტექსტებში გადმოცემულია სამხედრო რეჟიმის სისასტიკე, სოციალური უთანასწორობა და ბრაზილიის კულტურული კოლონიზაცია.
კაეტანო ველოზუს სიმღერა „Alegria, Alegria“ კლასიკური მაგალითია, რომელიც აკრიტიკებს საზოგადოების აპათიას რეჟიმის მიმართ. ჟილბერტუ ჟილის „Domingo no Parque“ კი ბრაზილიის ურბანული ცხოვრების სირთულეებს შეეხო, სამბისა და როკის ნაზავით.
სამხედრო რეჟიმმა მალევე შენიშნა, რომ ტროპიკალია უბრალო მუსიკალური ტენდენცია არ იყო – ის საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებას. 1968 წელს, როდესაც რეპრესიები გამკაცრდა, კაეტანო ველოზუ და ჟილბერტუ ჟილი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. რამდენიმე თვე პატიმრობაში გაატარეს, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს – ისინი დიდ ბრიტანეთში გადაასახლეს.
ამ ფაქტმა პრაქტიკულად დაასრულა ტროპიკალიას პირველი ფაზა, თუმცა მისი იდეები ცოცხალი დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო რეჟიმმა ტროპიკალია ჩაახშო, მისი გავლენა გაძლიერდა. ეს მოძრაობა მუსიკის გარდა სხვა სფეროებშიც გადავიდა: თეატრში – ავანგარდისტმა რეჟისორებმა დაიწყეს ექსპერიმენტული სპექტაკლების დადგმა. ლიტერატურაში – გაჩნდა პოეზიის ახალი მიმართულებები, რომელიც ენასთან და სტრუქტურასთან უფრო იყო დაახლოებული. კინოში – გაჩნდა ლეგენდარული Cinema Novo (ახალი კინო), რომელიც სოციალური რეალიზმით იყო გაჯერებული.
ტროპიკალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრაზილიის შემდგომი თაობის მუსიკოსებისთვის. ის დაეხმარა ბრაზილიურ მუსიკას, გამხდარიყო უფრო ღია, ექსპერიმენტული და კრიტიკული.
მუსიკოსები ცდილობდნენ, ცენზურის თვალთახედვიდან დაემალათ თავიანთი მესიჯები. ისინი იყენებდნენ პოეტურ ენას, ორმაგ მნიშვნელობებსა და ირონიას, რათა მათი ტექსტები ზედაპირულად უწყინარი მოსჩვენებოდათ. ამავდროულად, მსმენელები თანდათან ხვდებოდნენ სიმღერების ნამდვილი შინაარსის ამოცნობას.
ბოსა-ნოვასა და ტროპიკალიას წევრები განიცდიდნენ რეპრესიებს, ისინი, როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყნიდანაც მრავალჯერ გაუძევებიათ, თუმცა ბრაზილიელი მუსიკოსები ევროპასა და ამერიკაში გამოდიოდნენ, სადაც უკვე ღიად აკრიტიკებდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩიკო ბუარკი, ჟილბერუ ჟილი და სხვები გადასახლებაში მოხვდნენ, მაგრამ მათი სიმღერები მაინც აღწევდა სამშობლოში.
ბოსა-ნოვა და ტროპიკალია არა მხოლოდ ხმოვანება, არამედ ბრძოლის ფორმაც იყო — ტკბილი ხმები, რომლებიც დიქტატურის გულში ისრებივით დაეშვნენ. ეს არ იყო მხოლოდ მუსიკა ფარვანებისთვის, ეს იყო სარკაზმი აყვავებულ ბაღებში, ჟანგბადი დახშულ ქვეყანაში. იმ დროიდან დღემდე ეს ჟღერადობა გვახსენებს, რომ წინააღმდეგობა ყოველთვის პოეტურია — და პოეზია ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ტყვია.
302 total views, 1 views today