თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი
თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერითა და კომპანია “ისთერნ პრომოუშენსის” ორგანიზებით 1-3 მაისს თბილისი 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.
ლაკეშა ბენჯამენი: ცეცხლისა და სულის ძახილი
წლევანდელ ფესტივალს პირველ მაისს გახსნის ლაკეშა ბენჯამენი, რომელიც სიახლეებისადმი სიყვარულითა და მათი დანერგვის გაუტეხელი ჟინით გამოირჩევა. ლაკეშა დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკის ჰარლემის უბანში, რომელიც აფრიკულ-ამერიკული კულტურის, ხელოვნებისა და სოციალური ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპიცენტრია. სწორედ ჰარლემის სულითა და ენერგიითაა გაჟღენთილი მისი მუსიკა. ლაკეშას შემოქმედება აფროამერიკულ მემკვიდრეობას, სამოქალაქო მოძრაობების ისტორიასა და ქალების გაძლიერებას უსვამს ხაზს.
ბენჯამენი ხშირად უბრუნდება ისეთ დიდ ფიგურებს, როგორებიც არიან ჯონ და ელის კოლტრეინები. მისი ალბომი Pursuance: The Coltranes კოლტრეინების მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელებაა, რომლის ჟღერადობით იგი აფროამერიკულ იდენტობას, კოლექტიურ ტკივილსა და წინააღმდეგობის ენას აცოცხლებს.
ლაკეშა აქტიურად საუბრობს სქესისა და რასის თანასწორობაზე. როგორც საქსოფონისტი ქალი, ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ ჯაზის სამყაროში, ის შეგნებულად არღვევს ბარიერებს და ცდილობს გზა გაუკვალოს შემდეგ თაობებს. მისი ენერგია და ბლუზის სიღრმე, რომელიც დროის ხაზებს კვეთს, აერთიანებს ბლუზს, ფანკს, სოულსა და ჯაზს, როგორც წარსულის მეხსიერებას და მომავლისკენ მიმართულ იმედს.
იგი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემზე, მათ შორის – 2025 წელს. ლაკეშა თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა ქისი.
თილ ბრონერი და ბენდი: ხავერდოვანი საყვირი და კინემატოგრაფიული ბლუზი
თილი გერმანული ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, რომელსაც საყვირზე შესრულების დახვეწილი მანერა და განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება გააჩნია. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერიც. მისი მუსიკა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით გამოირჩევა, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის მისი მუსიკის უნიკალურ მაგნეტიზმს.
ბრონერი მუსიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და პროფესიულად დაკვრა კლასიკური განათლებიდან დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ჯაზი იყო ის სივრცე, სადაც მისი ხმის ბუნებრიობა და ინტუიციური მუსიკალურობა ყველაზე ორგანულად გამოიხატებოდა. მისი მუსიკა თბილ ნოტებთან ერთად გვაძლევს სირბილის, სინთეზურობისა და სენსუალურობის განცდას.
გარდა თავისი სოლო კარიერისა, ბრონერი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო პროექტში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიცაა დაიანა კროლი, ჰერბი ჰენკოკი და დეივ ბრაბეკი. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის – Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს.
თბილისის ჯაზფესტივალზე ბრონერის გამოჩენა სიმშვიდისა და კლასიკური ევროპული ელეგანტურობის ატმოსფეროს განცდას შემოიტანს მუსიკალურ სამყაროში, სადაც ჟღერადობა არათუ ყვირის, არამედ ჩურჩულით გვიამბობს ისტორიებს.
სტივ კოლმანი და ხუთი ელემენტი: ჯაზის არქიტექტორი და სუნთქვა რიტმს მიღმა
ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური, ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით. კოლმენის პროექტი Five Elements 1980-იან წლებში დაარსდა და მას შემდეგ მუსიკალური ევოლუციის ნამდვილი ლაბორატორია გახდა – აქ ჯაზი მხოლოდ ჟღერადობა კი არა, აზროვნების ფორმაა, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის” (Music for the Mind) ეწოდება.
M-Base წარმოადგენს იდეას, რომ მუსიკა უნდა იყოს ინდივიდუალური თვითგამოხატვის, სოციალური კავშირისა და შემეცნებითი განვითარების იარაღი. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფია, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ ელემენტებს, ისევე როგორც აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს.
სტივ კოლმენის მუსიკალური სამყარო გადაჯაჭვულია უამრავ კულტურულ და ფილოსოფიურ წყაროსთან. მის ხელწერაში იგრძნობა როგორც ჯაზის ლეგენდების, ჩარლი პარკერის, ჯონ კოლტრეინისა და ორნეტ კოლმანის გავლენა, ისე დასავლეთ აფრიკული მუსიკის, ინდური რაგებისა და ეგვიპტური რიტუალების აკუსტიკური მეხსიერება.
კოლმენი წლებია სწავლობს სხვადასხვა კულტურის მუსიკალურ სისტემებს, მათ რიტმულ სიმეტრიებს და მათემატიკურ კანონზომიერებებს, ისევე როგორც ეგვიპტურ სიმბოლოებს, დასავლეთ აფრიკულ ენებსა და მათ რიტუალებს. მუსიკა მისთვის დროის და სივრცის შესწავლის მეთოდია. ეს ყველაფერი მისი კომპოზიციების მრავალშრიან სტრუქტურებში აისახება, სადაც მელოდია მოძრაობს გეომეტრიული პულსის გარშემო.
მისთვის ჯაზი მხოლოდ მუსიკალური ჟანრი არ არის, ის სულიერი და ინტელექტუალური პრაქტიკაა, გზა სამყაროს შეცნობისკენ. კოლმანის სტილი მუდმივ მოძრაობაშია, Five Elements კი წარმოადგენს ამ ცვალებადობის ცოცხალ მაგალითს – კოლმანი მასთან ერთად ყოველ გამოსვლაში ახალ ხმოვან რეალობას ქმნის.
სტივ კოლმანი იკვლევს, როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის ცნობიერებაზე და ცდილობს თავისი მუსიკით არა მხოლოდ გაართოს მსმენელი, არამედ სიღრმისეული, ცვლილებაზე ორიენტირებული გამოცდილება შემოიტანოს. ჯაზის, როგორც კათარსისის ძიების პროცესში, მისთვის მუსიკა სულიერ და ფილოსოფიურ პრაქტიკასთან არის დაკავშირებული.
კოლმანის კონცერტები არამარტო ყურადსაღები, არამედ ინტელექტუალური გამოცდილებაა, რომელიც შთააგონებს მსმენელს იფიქროს საკუთარ როლზე სამყაროში.
მის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, სტივის ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. იგი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის – გრემის.
სამი განსხვავებული ძალა: ლაკეშას ფემინური ცეცხლი, თილის ელეგანტურობა და სტივ კოლმანის ძლიერი ინტელექტუალური დაძაბულობა მსმენელებს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სამი დღის განმავლობაში დიდ სიურპრიზებს ჰპირდება.