fbpx

რას ჰყვება საცხოვრისი მთიან დასახლებაზე – ზემო სვანეთის მაგალითი


გააზიარე სტატია

 

ავტორები: მაქი კვიციანი, მარიანა ჩარქსელიანი

 

საცხოვრისი, როგორც საერო არქიტექტურის  განუყოფელი  ნაწილი მნიშვნელოვან წარმოდგენას იძლევა საზოგადოების განვითარების, სოციო-ეკონომიკურ თუ კულტურულ პერიპეტიებზე. საცხოვრისის  მრავალფეროვანი ტიპოლოგიის განვითარება ზემო სვანეთის მაგალითზე შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მკაფიოდ დავინახოთ მთიანი რეგიონის ლანდშაფტური თავისებურება თუ კლიმატური სირთულე. ტრადიციული საცხოვრისის ნიმუშები სამშენებლო ხელოვნების განვითარების  გამოხატულებაა.  

ზემო სვანეთის არქიტექტურული ლანდშაფტი არ იძლევა  დათარიღების ზუსტ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით – საერო ძეგლებთან მიმართებაში.  სამეცნიერო მსჯელობაში ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც ისტორიული საცხოვრისი ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო მეცნიერთა სხვა ნაწილი უფრო გვიან პერიოდს მოიაზრებს. მნიშვნელოვანია,  გავითვალისწინოთ განსხვავებული ისტორიული  მოცემულობა  უბატონო და ბატონიან სვანეთს შორის. უბატონო სვანეთში, იგივე ბალსზემო სვანეთში, ტრადიციული არქიტექტურული ფორმები უფრო მეტად განვითარდა, განსაკუთრებით  ეს იგრძნობა საერო  არქიტექტურაში – კოშკებსა და საცხოვრისებში. ბალსზემო სვანეთის  მაგალითზე   შეგვიძლია დავინახოთ  მსუყე ხუროთმოძღვრული ფორმები  და არქიტექტურული დეტალები. ამ თვალსაზრისით, ცალკე განხილვას იმსახურებს უშგულის თემი, რომელიც დღემდე გამოხატავს  არქაულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს. შედარებით მწირია ასეთი დონის მასშტაბურობა სხვა თემებში.

ტრადიციული სვანური საცხოვრისის ორგანიზება ეფუძნება ადგილობრივი სამშენებლო სკოლის გამოცდილებას, რომელიც  ემპირიულად, გარემოზე დაკვირვებით ქმნის ფორმას და, ამავდროულად, უწყვეტ  დიალოგშია მომიჯნავე რეგიონებთან. სამშენებლო ფენების მისია სწორედ ესაა, მისი საშუალებით  წავიკითხოთ დასახლების ისტორია,  შეგვექმნას წარმოდგენა  საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, რაც  არქიტექტურული გეგმარების წინაპირობაა.

საცხოვრისის ერთ-ერთ უძველეს  სახეს წარმოადგენს დარბაზ-მაჩუბი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს  ნაწილობრივ ფუნქციურობას.  სვანურ სოფელს თუ დავუკვირდებით, დარბაზ-მაჩუბი ყოველთვის იკავებს მნიშვნელოვან ადგილს დასახლების ქსოვილში. ის წარმოგვიდგება დამოუკიდებლად ან კომპლექსის ნაწილად, კოშკთან ბმაში. ისტორიული საცხოვრისის ამ  ტიპში ადამიანი  საქონელთან ერთად ცხოვრობდა. შიდა  სივრცეს ერთმანეთისგან მიჯნავდა ხის მოხარატებული ტიხრები, იგივე „ლეჭუნდრიები”, რომლის მხატვრული დამუშავება სხვადასხვა სახის ორნამენტული ვარიაციებით ხასიათდება.  ერთი მხრივ, ფუნქციური, მეორე მხრივ კი,  სამშვენი მნიშვნელობაც გათვალისწინებულია საცხოვრისის ინტერიერის გადაწყვეტაში. დარბაზ-მაჩუბი, როგორც საცხოვრისი,  ფუნქციურ მნიშვნელობას XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით ინარჩუნებს 

ტრადიციული საცხოვრისის ეს  ნიმუშები  გვაროვნული არქიტექტურის განვითარების ისტორიაზე გვიყვება.  ქვემოთ  გამოვყოფთ საცხოვრისის ნიმუშებს, რომლებიც, სავარაუდოდ,  ადრეული შუა საუკუნეებიდან  გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით ჩამოყალიბდა.

მურყვამიანი (კოშკიანი) –  სახლი წარმოადგენს ერთგვარ კომპლექსს, სადაც საცხოვრებელი და კოშკი  ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ ტიპის კომპლექსს თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. საცხოვრისი ორი- ან სამსართულიანი ნაგებობა იყო, რომლის პირველ სართულს  საქონლის სადგომად იყენებდნენ,  ხოლო მეორე სართულს  სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა.

ანცხვირიანი სახლი – საცხოვრისის ტიპმა ინტერიერშივე შეითავსა თავდაცვის ფუნქცია. სხვა სახლებისგან განსხვავებით, მეორე სართულის ერთ-ერთ კუთხეზე  ქვის ბუდე ჰქონდა მიშენებული, ხოლო კედლებზე საისრე-სათოფური ხვრელები იყო დატანილი. 

საცხვირიანი სახლი დამოუკიდებლად, კოშკის გარეშე გვხვდება. კოშკის მშენებლობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამ მიზნით მოსახლემ გადაწყვიტა თავდაცვითი და  საცხოვრებელი  ფუნქცია გაეერთიანებინა.  ეს ფორმა გავრცელებას პოვებს ბატონიან სვანეთში. 

სვანირიანი სახლი – მისი მშენებლობის საჭიროება უნდა ვეძებოთ სამშენებლო რეგლამენტის პირობებში, რომელიც დადეშქელიანთა გვარმა დაუწესა ბალსქვემო სვანეთს. დადგენილი ახალი წესის მიხედვით კოშკების მშენებლობა აიკრძალა. ამით დადეშქელიანთა გვარმა პოტენციური მოწინააღმდეგეები აირიდა. ამიტომ, ადგილობრივი მოსახლე გამოსავალს ახალ არქიტექტურულ ფორმებში ეძებს. ამ ტიპის საცხოვრისის ჩამოყალიბების მიზანი, ერთი მხრივ, ფეოდალთა ინტერესების დაცვა იყო, მეორე მხრივ კი, ცალკეული მოსახლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 ამ  საცხოვრისის ფორმა სადადეშქელიანო სვანეთში  განსხვავებულ სახეს იღებს,   წარმოადგენს რთული საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ბალსზემო სვანეთში, იგივე უბატონო სვანეთში, ის დამოუკიდებელი ერთეულის  სახეს ატარებდა. სვანირიანი სახლი აერთიანებდა  ორსართულიან საცხოვრებელ სახლსა  და და სამ-ოთხსართულიანი საცხოვრებელი კოშკის სახეცვლილ ნაგებობას.

გალავნიანი საცხოვრებელი კომპლექსი – კარგად გამოხატავს დაწინაურებული ფენის ინტერესებს, ის ადგილობრივი ფეოდალის ძალაუფლების უტყვი ნიშანია. გალავნიანი საცხოვრებელი კომპლექსი გართულებული კოშკიანი საცხოვრისის ფორმაა, განვითარებული არქიტექტურული გეგმარებით.

 თავდაპირველად კოშკზე მიდგმული სახლი შენდებოდა, შემდეგ დამატებითი  დამხმარე ნაგებობები. ბოლოს კი გალავანი შემოსაზღვრავდა მთელ კომპლექსს. ამ ტიპის საცხოვრისის კარგი ნიმუშია დადეშქელიანების სახლი სოფელ ეცერში. კომპლექსი დომინანტია სივრცეზე და სტრატეგიულად ისე იყო დაგეგმარებული, რომ მის მფლობელს  შეეძლო ყველა მოსახლის  კარ-მიდამო გაეკონტროლებინა.  

ისტორიული საცხოვრისის განვითარება საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა. აქტიურად გაჩნდა აივნის ელემენტი. 

ზემო სვანეთში  აივნიანი სახლების ტიპის წარმოქმნასთან  დაკავშირებით   წარმოდგენას გვიქმნის სამეცნიერო ნაშრომები, მოგზაურთა მიერ შემონახული ისტორიულ-ეთნოგრაფიული შინაარსის ჩანაწერები, ჩანახატები და ფოტომასალები.

1920-იან წლებამდე სვანეთში მყარად შენარჩუნდა ე.წ. გვაროვნული წყობილება, ხოლო საბჭოთა რეჟიმის დამყარებასთან ერთად გვაროვნული არქიტექტურის ნიშნები ნელ-ნელა გაქრა.  შესაბამისად, გარდაიქმნა საოჯახო ურთიერთობის ფორმა და შინაარსი, რაც უპირველესად გულისხმობდა დიდი ოჯახების  გაყრას.  ამ პროცესებმა საყოფაცხოვრებო-საბინაო პირობების გაუმჯობესების საკითხი  დააყენა და მოსახლეობამ ძველისგან განსხვავებული, ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო. 

 

 

მშენებლობის პროცესი სამ ძირითად ეტაპად წარიმართა: 1. ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების ჩასახვის პერიოდი; 2. ტრადიციული ნაგებობების ნაწილობრივად გადაკეთების პერიოდი; 3. ახალი ტიპის სახლების სრულიად დამოუკიდებლად მშენებლობის პერიოდი.

ერთ-ერთი უადრესი, ახალი სტანდარტების სახლი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში  ბეჩოში თენგიზ დადეშქელიანმა  აიშენა და იქ თავისი ოჯახით დასახლდა.   ეს სახლი ვიზუალით რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულ ოდა ტიპის სახლებს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტებით ეს სახლი  დამოუკიდებელი აივნებითა და კიბეებით იზოლირებულ ორ შენობას აერთიანებს, რაც შემდგომ სვანეთში აივნიანი სახლის განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე იჩენს თავს. 

 

 საცხოვრებელი სახლის განვითარების პირველ ეტაპზე, 1924-50-იან წლებში, მოსახლეობამ ტრადიციული სვანური საცხოვრებელი ნაგებობების ნაწილობრივ გადაკეთება და მათში ოთახების ჩაშენება დაიწყო. კედლებში იჭრებოდა დიდი ფანჯრები, აივნის მოტივი დაემატა საცხოვრისის წინხედს.   ინტერიერში გაჩნდა  ბუხარი  და ხის იატაკი გაიმართა.   ასევე,  შეიცვალა სახლის ორფერდა გადახურვა სამფერდა  და შემდგომ უკვე  ოთხფერდა სახურავით.

ძველი ნაგებობების გადაკეთების პროცესში მოსახლეობა ხშირად მიმართავდა რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული სახლების ტიპებს, ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით საინტერესოა პალატიანი სახლები როგორც ქვემო, ასევე ზემო სვანეთში.

ამ ტიპის სახლი თავდაპირველად რაჭა-ლეჩხუმიდან შემოდის და ქვემო სვანეთის გავლით, ზემო სვანეთში სახეცვლილი ფორმით მკვიდრდება, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, „პალატ-სახლისგან“  პალატიანი ოდა სახლი ვითარდება. განსაკუთრებით ეს თვალსაჩინოა ბალსქვემო სვანეთში, რადგან გეოგრაფიულად ის დაახლოებული იყო ქვემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმს. ასევე, მნიშვნელოვანია რაჭველი  „მოგზაური ოსტატების“ როლი, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში    ხის აივნების მოხარატებაზე მუშაობდნენ. ოსტატებს საგანგებოდ იწვევდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. სწორედ მათი ხელწერით არაერთი მნიშვნელოვანი საცხოვრისის ნიმუში შემორჩა რეგიონს. 

აივნების მიშენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მშენებლობის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა იყო. ტრადიციული სვანური საცხოვრებელი სახლისთვის აივნის მოტივი  ადრეული პერიოდიდანვე სახასიათოა.

აივანს  უშენებდნენ  აგრეთვე რამდენიმესართულიან საცხოვრებელ კოშკსაც.

 

აივნის ფენომენის დამკვიდრება  სწორედ რაჭა-ლეჩხუმთან სიახლოვის გამოხატულებაა.   სვანები,  გარკვეულწილად, კლიმატის შესაბამისად მიბაძვის ხერხსაც იყენებდნენ.  ოდა ტიპის სახლებიდან ზოგიერთი  მოტივები გადმოჰქონდათ, მათ შორის – აივანი.   არსებული აივნიანი სახლები შესაძლოა საცხოვრებელი სახლის შემოტანილ ტიპად მოვიხსენიოთ, ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმიდან იგი  ქვემო სვანეთის გავლით, ზემო სვანეთშიც დამკვიდრდა. 

მას შემდეგ, რაც 1924-30-იან წლებში სვანეთში საავტომობილო გზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, 1930-იანი წლებიდან ახალი სახლები, ძველი ტრადიციული საცხოვრებელი სახლებისგან სრულიად დამოუკიდებლად აშენდა, ვინაიდან გზის პრობლემის გადაჭრამ ხელი შეუწყო ისეთი სამშენებლო მასალების შემოტანას, როგორიცაა მინა, ლურსმანი და სხვა. ამ პროცესის პარალელურად საფუძვლიანად გაიმიჯნა  ახალი საცხოვრებელი სახლი სამეურნეო დანიშნულების სახლისგან, მოსახლეობა ძველ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებს სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდა, შესაბამისად, 1930-იან წლებში, მცირე ხნით, ახალი სახლების მშენებლობა ძველი კარ-მიდამოს ფარგლებში მიმდინარეობდა. 

ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების დამკვიდრებამ ასევე შეცვალა დასახლების ფორმა. ოჯახების გაყრის შემდეგ, კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის ახალი ტერიტორიების ათვისება აქტიურად მიმდინარეობდა. შემოვიდა გაშლილი დასახლების ფორმები, სადაც მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები აღარ ცხოვრობდნენ, ანუ „მონოგენური“ დასახლების ტრადიცია დიდწილად მოიშალა. 

საცხოვრისის ტიპის ძიების პროცესში რეგიონმა მრავალი ფორმა გამოსცადა, მათ შორის: მაჩუბი, სვანირიანი სახლი, პალატიანი ოდა-სახლი, ორფასადიანი სახლი ორი ქუსლით და აივნით , ქვითკირის ქუსლიანი აივნიანი საცხოვრისი.

ეს პროცესი  XX საუკუნის დასაწყისიდან  ძირითადად ქალაქური და ოდა  სახლების მიბაძვით მიმდინარეობდა, თუმცა დიდი როლი ითამაშა მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციულმა სამშენებლო გამოცდილებამ. ახალი საცხოვრებელი სახლების დამკვიდრებამ სრულად გარდაქმნა საოჯახო ურთიერთობის ფორმა და შინაარსი. 

საცხოვრისს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დასახლების ფორმირების პროცესში. დასახლება კი თავის მხრივ გამოხატავს  ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ახასიათებს  გარკვეული ერთობლიობა როგორც საზოგადოებრივ  ურთიერთობებში, ასევე ეკონომიკაში.

 ისტორიული საცხოვრისის მრავალფეროვანი ტიპოლოგია გვაძლევს წარმოდგენას წარსულზე და, ამავდროულად, სამშენებლო თვალსაზრისით მომავლის მკვლევარია იმ სირთულეების კვალდაკვალ, რომელიც ნებისმიერი ისტორიული ფორმაციისთვის არის სახასიათო

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჩართოლანი, . (რედ). სვანეთის ეთნოგრაფიული  შესწავლისათვის (36-75), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება“ 
  2. ჩართოლანი, . (1970). ძველი საცხოვრებელი კომპლექსი სვანეთში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე  XXVI-B (212-240), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება“ 
  3. ქალდანი, ა. (1978),  კოშკების სამყაროში, თბილისი, “საბჭოთა საქართველო” 
  4. ხარაძე, რ. რობაქიძე, ა. (1964), თბილისი, საბჭოთა საქართველო
  5. Telfer, J. (1876). The Crimea and Transcaucasia volume II, London, Henry S. King and  Co

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.