fbpx

ნანი ბერეგვაძის ბიოგრაფიული წიგნი და ქართული სცენის ლეგენდის პირველი ვინილი


გააზიარე სტატია

ნანი საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 9612 ადამიანს ჰქვია, თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც ამ სახელს წარმოვთქვამთ, თვალწინ, უპირველესად, ქართული სცენის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ნანი ბრეგვაძე  წარმოგვიდგება. ნანი ნახევარ საუკუნეზე მეტია, ქართული ესტრადის მთავარი გმირი და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. პირველად სცენაზე 20 წლისა დადგა. ახლა 88 წლისაა და ისევ  ელიან სცენაზე და ისიც კვლავ მორიგი სიახლისთვის ემზადება და ამზადებს მსმენელს, რომელთა შორისაც იმ ხალხის გარდა, ვინც მომღერლის შემოქმედებას ათწლეულები  უერთგულა, ახალი თაობის ადამიანებიც მრავლად არიან. 

ახალგაზრდები ნანის არა მხოლოდ უსმენენ, სიხარულით ეპატიჟებიან კლუბურ შეკრებებზე თუ ავანგარდული მოდის ჩვენებებზე, სთავაზობენ კოლაბორაციებს. ნანი ყველგან სასურველი სტუმარია. ასაკი მასთან დამარცხდა. ეს იმდენად ნათელია, იმდენად თვალსაჩინო ფაქტია, რომ აქტუალობას არასდროს კარგავს მასთან დაკავშირებული შეკითხვა – მაინც რა არის ნანი ბრეგვაძის ფენომენი? როგორ მოხდა, რომ არასდროს გაუფერულებულა მომღერლის აქტუალობა? პირიქით, დრო გადის და ნანი ბრეგვაძეს კიდევ უფრო ხშირად იწვევენ სცენაზე, ეპატიჟებიან სატელევიზიო ეთერებში, სთხოვენ მონაწილეობას სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში… 

ამ ყველაფერზე პასუხს ბიოგრაფიული წიგნი „ნანი“ და ქართული სცენის ლეგენდის პირველი ვინილი გვთავაზობს, რომელიც TBC კონცეპტის მხარდაჭერით გამოვიდა. პროექტი მომღერლის შემოქმედებას, მისი მუსიკალური მემკვიდრეობის აღნიშვნასა და დაფასებას ემსახურება. საინტერესოა, რომ პირველი სიმღერა ვინილზე 1957 წლით თარიღდება და ამ დროიდან მოყოლებული ის მუსიკალურად ქართული ესტრადის განვითარების ყველა ეტაპს აცოცხლებს. ბოლო ნამუშევარი, რომელსაც ახალ ვინილზე მოვისმენთ, 2024 წელსაა ჩაწერილი. 

ამბებს წიგნში, პირველ პირში, თავად ნანი ბრეგვაძე ჰყვება. წერს ჩვეული იუმორით. მომღერლის ისტორიებს თან ერთვის უნიკალური ფოტოები პირადი არქივიდან. ფოტოებზე აღბეჭდილ წამებს შორის შეხვდებით სამ კადრს, რომელზეც გია ყანჩელი, პეტრე გრუზინსკი და ნანი ბრეგვაძე არიან ასახულნი. ერთ-ერთ ფოტოზე ნანი სცენაზე ზის, ხელში მიკროფონი უჭირავს და ბლოკნოტს დაჰყურებს, რომელსაც ასევე ყანჩელიც დასჩერებია. საკუთარ დაწერილ სტრიქონებს პოეტიც აყოლებს თითს. ამ ფოტოებზე მუსიკალური შედევრის – „ყვითელი ფოთლების“ დაბადებაა ასახული. გრუზინსკის ამ ლექსში ალბათ ყველას გახსოვთ ეს სტროფები: „რაც დაგვრჩა უთქმელი, ნუ ეტყვი სხვას, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს…“  

ჰოდა, რაც უთქმელი დარჩა ნანი ბრეგვაძეს, ამას თავის ახალ წიგნში გვიამბობს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, მხატვარი ანდრო ვეკუა, ავტორი კი მომღერლის შვილიშვილი გოგიკო საყვარელიძე გახლავთ.  წიგნი მომღერლის შემოქმედებითი ცხოვრების თანამგზავრის, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის საგულისხმო წერილით იწყება. 

ნანი ბრეგვაძე წიგნში ჰყვება, თუ რა გახდა მისთვის შთაგონების წყარო, რომ მოგონებებისთვის თვალი გადაევლო და ისინი ერთად შეეგროვებინა, თუმცა ეს მხოლოდ გარდასულ დღეთა ისტორიები არ არის. მუსიკოსი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და რჩევებს აძლევს ყველას, ვისაც მისი მაგალითი შესაძლოა წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. წიგნს კითხულობ და გიმტკიცდება მანამდე ნაფიქრი, რომ ნანი ბრეგვაძის წარმატება, შრომისმოყვარეობასთან ერთად, გულწრფელობამ მოუტანა. და როცა ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა მღერის, პირდაპირი გაგებით „მთელ ცხოვრებას“ გულისხმობს. ორი წლის იყო, როცა ზედმიწევნით იმეორებდა იავნანას, რომლითაც დედა აძინებდა. ოთხი წლისას საბავშვო ბაღში უკვე ჰყავდა ერთგული მსმენელი. მაგიდაზე შემომჯდარი, თავზე ტაფტის დიდი ბაფთით და ხელში გიტარით ძველ რომანსებს ასრულებდა. 

ბრეგვაძეების ოჯახში, კოტე მესხისა და შემდეგ უკვე გრიბოედოვის ქუჩაზე, მუდმივად ისმოდა სიმღერა.  მიქელაძეების ოჯახში პირველი პროფესიონალი მომღერალი ნანი არ ყოფილა. მღეროდნენ დედა და დეიდები – მიქელაძეები. დეიდა – ქეთევან მიქელაძე თავისი დროის პერსპექტიულ შემსრულებლად ითვლებოდა. თუმცა დაოჯახების შემდეგ, მისმა მეუღლემ სცენისკენ მიმავალი ყველა გზა გადაუღობა. ეს ის დრო იყო, როცა ქალი სცენაზე სათაკილოდ მიიჩნეოდა. გავა დრო და სწორედ ნანი ბრეგვაძე იქნება ერთ-ერთი ქალი, ვინც ამ სტერეოტიპს დაანგრევს, ალბათ დეიდის სახელითაც, და მასთან ერთად ყველა იმ ქალის, რომელსაც უთხრეს, რომ „იქ მისი ადგილი არ არის“, პროფესიონალად არ მიიჩნიეს და დამალეს. „მე თავიდანვე ჩემთვის, მშვიდად მივყვებოდი ჩემს გზას, არასდროს მიზრუნია რაიმე ადგილის მოპოვებაზე, შენ მთავარია შენს საქმეს გულით და პირნათლად ემსახურო, შედეგი კი აუცილებლად მოვა…“

პატარა ნანი, რომელმაც სიმღერა სახლში ოჯახის წევრებისგან და სტუმრებისგან ისწავლა, მორიგი წვეულებისას თავზე მაქმანებიან ბალიშისპირს თავშალივით მოიგდებდა და განაცხადებდა: „მე თქვენ ახლა გიმღერებთ „ძგნობით“. ამ სიტყვას სწორადაც ვერ გამოთქვამდა, მაგრამ ხვდებოდა მის მნიშვნელობას და მსმენელებზეც მისი ემოციური შესრულება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. გრძნობით სიმღერა დღემდე ნანი ბრეგვაძის შესრულების მთავარი მახასიათებელია. როცა კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და იყო შანსი, რომ სცენაზე ტექნიკური უნივერსიტეტის, მაშინდელი „გეპეის“ ორკესტრის თანხლებით ემღერა, საკითხი პირველ რიგში „ოჯახურ საბჭოზე“ განიხილეს. 

ნანის გასაკვირად, მას მხარი დედამ – ცაბუ მიქელაძემ დაუჭირა. დედა მიხვდა, რომ შვილი სწორი გზით მიდიოდა. ასე მოხვდა 1957 წელს მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ფესტივალზე მოწყობილ კონკურსზე და გაიმარჯვა. იმავე წელს გაჩნდა ნანის რეპერტუარში პირველი სიმღერა – „ჩავაქრე სანთელი“, რომელიც მას კომპოზიტორმა გურამ ბზვანელმა იოსებ გრიშაშვილის ლექსზე დაუწერა. 

პირველი ტრიუმფიც მოსკოვში ამ სიმღერასთან ერთად მოვიდა, თუმცა თბილისში დაბრუნებული, მომღერლობაზე მაინც არ ფიქრობდა, აგრძელებდა სამზადისს კონსერვატორიის გამოცდებისთვის და მომავალში კვლავ პიანისტის ამპლუაში ხედავდა თავს. აგრძელებდა სიმღერას ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრში, თუმცა ამას ჰობისავით უყურებდა. მალე ორკესტრში ნამდვილი ნოვატორი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი კონსტანტინე პევზნერი მივიდა. 

ცოტა ხანში პევზნერს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“ ჩააბარეს, სადაც კომპოზიტორმა სოლისტად ბრეგვაძე მიიწვია. ნანის პირველი სერიოზული აღიარებაც სწორედ საესტრადო ორკესტრთან ერთად ხვდა წილად. ვითარდებოდა „რერო“, ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა ჯაზური ჟღერადობა და პევზნერის წყალობით ის ნამდვილი ბიგ-ბენდი ხდებოდა. სწორედ „რეროს“ პერიოდს ეკუთვნის ნანი ბრეგვაძის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა – გამოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სცენაზე – პარიზის „ოლიმპიაში“, რომელიც დღესაც საოცნებოა მრავალი მომღერლისთვის. 

1964 წელს ლეგენდარულ დარბაზში „ბიტლზებმაც“ ჩაატარეს კონცერტი. მოსკოვის მიუზიკ-ჰოლის პარიზული გასტროლები „ოლიმპიას“ დირექტორმა, ცნობილმა ფრანგმა იმპრესარიომ ბრუნო კაკატრიქსმა დაგეგმა, რომელიც თავის დროზე ედიტ პიაფთან მუშაობდა. კასტინგში მომღერლები მთელი საბჭოთა კავშირიდან მონაწილეობდნენ. გოსკონცერტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრეგვაძის კანდიდატურა სწორედ კაკატრიქსმა დაამტკიცა და გასტროლიც შედგა. მანვე მიიწვია კონცერტზე ფრანგული კინოს ვარსკვლავები, ცნობილი პოეტები, რეჟისორები და კომპოზიტორები.  

„ჩავაქრე სანთელსაც“ ვმღეროდი, ისე ვღელავდი, რომ გამოვედი სცენაზე, წინ, მუსიკოსებისკენ კი არ წავედი, სიღრმეში გავჩერდი, ჩემი დირიჟორი ხელით მანიშნებდა, წამოდი ცოტა წინო…“  კონცერტის შემდეგ ბრეგვაძემ საგრიმიოროსთან ნაცნობი სილუეტი შენიშნა – მის წინ შარლ აზნავური იდგა. შანსონების უბადლო შემსრულებელი ემოციებს ვერ მალავდა, ამბობდა, რომ ნანი ბრეგვაძის სიმღერა ჩვენი დროის ნამდვილი საოცრება იყო!  ნანი ბრეგვაძე „ოლიმპიაში“ ორი თვის განმავლობაში გამოდიოდა, რაც 47 კონცერტს მოიცავდა, და მას 100,000-მდე ადამიანი დაესწრო. 

სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა“ მოჰყვა – ძნელია სიტყვებით აღწერო წარმატება, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ანსამბლს ახლდა თან. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნანი ბრეგვაძის და პიანისტ მედეა გონგლიაშვილის ტანდემი, რომელიც სოლო პროგრამით წლების განმავლობაში გამოდიოდა მაყურებლის წინაშე. ბრეგვაძის რეპერტუარი კი იხვეწებოდა, მდიდრდებოდა და მის საშემსრულებლო მანერასაც ემატებოდა სიღრმე – ქართული საესტრადო სიმღერის ოქროს ხანის ავტორები სწორედ ნანის გარშემო შეიკრიბნენ და კომპოზიტორები მისთვის და მისი თანდასწრებით ქმნიდნენ სიმღერებს, მათ შორის იყვნენ: რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, გურამ ბზვანელი, ჯანსუღ კახიძე, არჩილ კერესელიძე, შოთა მილორავა, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, ნუგზარ ვაწაძე, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, სოსო კეჭაყმაძე და მრავალი სხვა. 

„საოცარი მიდგომა აქვს ყველა იმ სიმღერისადმი, რომელსაც ასრულებს. მას აქვს უნარი ზუსტად ჩასწვდეს და საუკეთესოდ გადმოსცეს სიმღერის სათქმელი, რაც მთავარია, ამას ყველაფერს დიდი გემოვნებით აკეთებს. ის დაუღალავი მშრომელია – ასე არ არის, რომ გამოვიდა და იმღერა… სულ ემზადება, მუშაობს საკუთარ თავზე და დღემდე სულ რეპეტიციებზეა. მის ზრდას, ტრანსფორმაციას თუ დააკვირდებით დროთა განმავლობაში, მე მას 10-12 წლის ასაკიდან ვიცნობ, ამის მაგალითია რამხელა ცვალებადობა განიცადა… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არასდროს თავის თავს წინ არ აყენებს, რაც დღევანდელ მომღერლებს უფრო ხშირად ახასიათებთ. მისი ნიჭი და გემოვნება გენეტიკურია, თუმცა ამ ნიჭის დახვეწა და ასე საოცრად გამოვლენა უდიდესი შრომის შედეგად მოვიდა“, – ამბობს მასზე მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომელთანაც ბრეგვაძე მრავალი ათწლეულია, რაც მეგობრობს.  ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რომანსების მთელი ეპოქა, რომელიც ბრეგვაძემ შექმნა. ხშირად არ ამბობენ, რომ როდესაც ნანი სცენაზე გამოჩნდა, რომანსი ბურჟუაზიულ გადმონაშთად ითვლებოდა და  ლამის აკრძალულიც კი იყო. მისი შესრულების ტრადიცია ბრეგვაძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ნანიმ ან ჟანრის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. მის რეპერტუარს ნელ-ნელა ემატებოდა ძველებური რომანსები. გაბედა და ერთ-ერთი მათგანი გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებულ კონცერტზეც კი იმღერა. ყველას ეგონა, რომ ქართველი მომღერალი შენიშვნას ვერ გადაურჩებოდა, თუმცა მაშინ გადარჩა. საკუთარი კარიერის განმავლობაში მოახერხა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა. 

“ის ობიექტურად ნამდვილი ვარსკვლავია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მაგრამ თვითონ არასდროს იქცევა, როგორც ვარსკვლავი. პირიქით ძალიან მოკრძალებული, თავმდაბალი ადამიანია, რომელსაც ახარებს სხვისი წარმატება და სიხარული, მე ხშირად მაკვირვებს სხვების მიმართ გამოხატული მისი აღფრთოვანება, ამის საოცარი უნარი აქვს. ეს განსაკუთრებულ პიროვნებად აქცევს მას და შემთხვევითი არ არის რომ ის ქართველ ხალხს ასე უყვარს“. – აღნიშნავს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ნანი ბრეგვაძეზე საუბრისას. 

88-ე გაზაფხულია, ყოველ დილას მომღერალი როიალთან სიმღერით იწყებს, დღესაც ეძებს ახალ ფორმებს, უღრმავდება საკუთარ ნამღერს და მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებს. დედის დარად, ახლა უკვე ხშირად ის მღერის ბანს – პირველს და მეორეს უკვე მისი შთამომავლები – ეკა და ნატალიკო ეუბნებიან. როცა მის შესრულებას უსმენ, ფიქრობ, თუ როგორ გაგვიმართლა ყველას, რომ ნანი ბრეგვაძის დროში ვცხოვრობთ და რომ… ის აქ არის!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.