fbpx

ფესტივალი – „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ მიზიდულობის ადგილი


გააზიარე სტატია

9-13 04 2025 – ქართული კულტურის დღეები შვეიცარიაში

ფესტივალი „ხიდი: ციურიხი – თბილისი“,  წელს მესამედ ჩატარდა. საქართველოდან ციურიხში ჩასულ ხელოვანებს ფესტივალის დამფუძნებელმა, ელენე ჩეჩელაშვილმა და შვეიცარიულმა ინსტიტუტებმა, უკვე მეორედ უმასპინძლეს. 2023 წელს კი, შვეიცარიელებისთვის საქართველო გახლდათ მასპინძელი ქვეყანა.

„ხიდი: ციურიხი – თბილისის“ მესამე გამოშვება, გამორჩეული გამოდგა,  საინტერესო პროგრამის გარდა, დამხვედრმა მხარემ, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო გარემო და საფესტივალო განწყობა შეუქმნა.  სტუმრებს ორივე ქალაქში – ციურიხსა და თბილისში საშუალება ჰქონდათ, ქალაქების უხილავი მხარეები აღმოეჩინათ, გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურაში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს.  2023 წელს ქართველმა მაყურებელმა შვეიცარელი არტისტები, მუსიკოსები, დრამატურგები და კინემატოგრაფისტები გაიცნო . ორი ძალიან განსხვავებული ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანა, ერთმანეთისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა: სტაბილური შვეიცარია და ტურბულენტური საქართველო, რომელმაც, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში, სტაბილურობა, მხოლოდ სტაგნაციის ფორმით საბჭოთა პერიოდში გამოსცადა.

ელენე ჩეჩელაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება მნიშვნელოვან გარდამავალ პროცესში — დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, წარსულსა და მის მიერ შეგნებულად არჩეულ ევროპულ მომავალს შორის. ამიტომ, დღეს, ევროპის ცენტრში, აქტუალური ქართული შემოქმედების წარმოდგენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამედროვე ქართული კულტურით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არამარტო წარსულში ვიყავით შემოქმედი ერი, არამედ დღესაც ცოცხალი და საინტერესო პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. წელს ფესტივალმა, კვლავ მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა შვეიცარიელ პუბლიკას – ფოტოგრაფია, კინო, ლიტერატურა, მეცნიერება და მუსიკა. 

სრული ინტერვიუ ელენე ჩეჩელაშვილთან 


ფესტივალი  9 აპრილს, არქიტექტურის ცენტრი ციურიხი / ZAZ BELLERIVE Zentrum Architektur Zürich– ში  გურამ წიბახაშვილის ფოტო-ლექციით: “შთამბეჭდავი მოგზაურობა დროში, 1989 წლის აპრილიდან –  2025 წლის  9 აპრილამდე” – გაიხსნა, ნათია მიქელაძის თარგმანის და კომენტარების თანხლებით. 

პრეზენტაციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. 

გურამ წიბახაშვილი: ციურიხში ვაჩვენე საქართველოში 89 წლის აპრილის და დღევანდელი მოვლენების  ფოტოები. ჩვენების შემდეგ, მაყურებელთან ვისაუბრეთ წარსული და მიმდენარე პოლიტიკური პროცესების მსგავსებასა და განსხვავებებზე. ვფიქრობ, ამ  მოვლენებს, ხალხის გულწრფელი თავისუფლების სურვილი აერთიანებს. განსხვავება კი, ის არის რომ, მაშინ ყველაფერი შავ-თეთრად გამოიყურებოდა და გვეგონა რომ ცვლილებები შეუძლებელი იყო, ამავდროულად, ყველა იმასაც ხვდებოდა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დღეს, თითქოს, ყველაფერი უფრო ნათელ ფერებშია, მაგრამ, დღესაც იგივეა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და ამ მიმდინარე პროცესებს, ყველაზე მეტად, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდა თაობა ვერ ეგუება.

ლიტერატურა –  / ლიტერატურის სახლი ციურიხი / Literaturhaus Zürich 

10 აპრილს, ციურიხი ლიტერატურის სახლში, მწერალთან, ივა ფეზუაშვილთან და მთარგმნელთან, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანთან ერთად  კითხვა და დისკუსია გაიმართა. ივა ფეზუაშვილის რომანი  – “ბუნკერი“ 2024 წლის სექტემბერში ითარგმნა და გერმანულ ენაზე გამოიცა. რომანის  წარდგენა შვეიცარიაში პირველად მოხდა.

ივა ფეზუაშვილი:  …ბევრი წელი მქონდა შეგრძნება, რომ დასავლთში ქართულ ლიტერატურას ან ზოგადად ხელოვნებას ერთი პრიზმით აფასებდნენ. ჩვენგან ელოდნენ საბჭოთა წარსულის გადააზრებას, ან დავუშვათ, სტალინურ რეპრესიებზე წერას, თვით გამსხვერპლებას ან იმ ჯოჯოხეთური აწმყოს აღწერას რაც დალაგებული ქვეყნებისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ეგზოტიკაცაა. ერთის მხრივ, ეს მიდგომა მესმის – სანამ უშუალოდ აწმყოთი გაგიცნობს ვიღაც, აინტერესებს საიდან მოდიხარ და რა გაიარე, თან მითუმეტეს საბჭოთა კავშირმა ქართველის აღქმა დაამახინჯა, საერთო სახე-ხატი გამოგვიგონა და ჩვენი პატარა როლი მოგვცა დიდ იმპერიაში – ულვაშიანი, მოქეიფე, კარგად მომღერალი და კიდევ უფრო კარგად მოცეკვავე კაცის… დასავლეთ ევროპას კი ამ ტყუილს უკან და წინ რა დგას, ეგ აინტერესებს – ჩვენი კულტურა, ტკივილები და ტრავმები. ხელოვნება ხომ ეგაა – ტკივილზე და ტრავმებზე რეფლექსია…ოლგა ტოკარჩუკის ნობელმა, გიორგი გოსპოდინოვის ბუკერმა, მირჩე კარტარეშკუს ლიტერატურამ მთლიანად შეცვალა აღმოსავლეთევროპის ლიტერატურაზე წარმოდგენა, ჩვენც ზუსტად იგივე გზას გავდივართ. ვცდილობთ რომ საბჭოთა სახე-ხატი ისე დავანგრიოთ, რომ იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ. საფრანგეთში “ბუნკერის” შემდეგ  “მასკარაფონეს”  თარგმნის უფლებაც გავყიდეთ, რაც მაფიქრებს, რომ ფრანგ მკითხველს, არა როგორც პოსტ საბჭოთა პროდუქტი, არამედ როგორც ევროპელი მწერალი ისე ვაინტერესებ. 

არჩილ ქიქოძე და ივა ფეზუაშვილი – სრული ინტერვიუ 

 

11–13 04 2025 / კინოპოდიუმი / Kino Filmpodium ახალი ქართული კინო 

11  აპრილს კინოპროგრამა მუნიციპალურ კინოთეატრ „კინოპოდიუმში“ გაიხსნა.  “კინოპოდიუმის” სივრცე საინტერესოა როგორც თავისი ისტორიით, ასევე არქიტექტურითაც. კინოთეატრი1949 წელს Studio 4 -ის სხელწოდებით გაიხსნა.

შენობის ომისშემდგომი მოდერნისტული სტილის არქიტექტურა, ვერნერ ფრეის ეკუთვნის, ინტრიერი კი – ბაუჰაუსის მიმდინარეობის დიზაინერს – რომან კლემენს. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრში დანერგილი იყო უნიკალური პრიზმული ეკრანი. დღეს “კინოპოდიუმი”, რომელმაც სახელწოდება 1983 წელს შეიცვალა, მუნიციპალური კინოთეატრის ფუნქციას ასრულებს და წელიწადში 350-ზე მეტ ფილმს აჩვენებს.

დასანანია, რომ თბილისის ასეთივე მნიშვნელოვანი კინოთეატრი, კორუფციული გარიგებების და უპასუხისმგებლო მთავრობების გამო, დანგრევის პირას არის და 30 წელიწადზე მეტია, მას ფუნქცია დაკარგული აქვს. თბილისში, პირველი კინოთეატრი – “აპოლო” გაცილებით უფრო ადრე, 1909 წელს აშენდა და ის ერთ-ერთი პირველი ელექტროთეატრი იყო მთელს მსოფლიოში.  Art nouveau, Jugendstil – ს სტილში აშენებული შენობა, დღესაც ამშვენებს დედაქალაქს. ყველა წესითა და კანონით ის დღეს, მუნიციპალური კინოთეატრი უნდა იყოს. 

KINO FILMPODIUM – ში ქართული პროგრამა მხატვრული და დოკუმენტური თანამედროვე ფილმებისგან შედგებოდა, რომელიც “საქართველოს კინოინსტიტუტთან” თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენებების შემდეგ, მოწვეულ რეჟისორებთან, მოდერატორებთან და მაყურებელთან ერთად საინტერესო პანელ-დისკუსიები გაიმართა. “ფილმპოდიუმი” არის ადგილი, სადაც კინო ესმით და უყვართ.

ფილმების სრული პროგრამა

ალექსანდრე კობერიძე – “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (2021) მხატვრული
დეა კულუმბეგაშვილი – “აპრილი” (2024) მხატვრული
ლანა ღოღობერიძე – “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” (2023) დოკ.
ლუკა ბერაძე – “ღიმილიანი საქართველო” (2023) დოკ.
ირინე ჟორდანია – “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (2024) მხატვრული
ტატო კოტეტიშვილი – “წმინდა ელექტროენერგია” (2024) მხატვრული
სოსო ბლიაძე – “ჩემი ოთახი” (2022) მხატვრული

მეცნიერება 13 04 2025 / ლავატერჰაუს /Lavaterhaus 

13 აპრილს, ლავატერჰაუსში, სამეცნიერო-პოპულარულ ლექცია – “ნამდვილად “ქართველი“ იყო პირველი ევროპელი?” დმანისელი ჰომინიდების აღმოჩენა და მათი გავლენა ადამიანის ევოლუციის ისტორიასა და აღქმაზე. დოქტორმა, ანი მარგველაშვილმა წაიკითხა:

ანი მარგველაშვილი:  დღევანდელი მონაცემებით პირველი ევროპელი, ნამდვილად „ქართველი“ იყო – იღიმის.

“დმანისში ადამიანის პირველი ნაშთი 1991 წელს აღმოაჩინეს. ამ სიახლემ, ადამიანის ევოლუციის კვლევაში “რევოლლუცია” მოახდინა. კვლევამ  გვაჩვენა, რომ ადრეული ადამიანები აფრიკიდან გაცილებით ადრე და გაცილებით უფრო მარტივი იარაღებით გამოვიდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამ აღმოჩენამ, მთლიანად შეცვალა აღქმა ადრეული ადამიანის მიგრაციის შესახებ.

ჩემს ლექციებზე ყოველთვის ბევრი კითხვა ისმის, ყველას აინტერესებს დმანისში აღმოჩენილი 5 ინდივიდიდან  (დროთა განმავლობაში ზეზვასა და მზიას, კიდევ სამი ინდივიდი შეემატა) რამდენი იყო ქალი და რამდენი მამაკაცი? ინდივიდუალურად რა ასაკის იყვნენ ისინი? შეეძლოთ თუ არა მათ ლაპარაკი? რა  რაციონი ჰქონდათ? და ა.შ. აგრეთვე, როგორია ჩვენი კვლევის მეთოდები? ამ კუთხით, არც შვეიცარიის პუბლიკა ყოფილა გამონაკლისი.  ყველას აინტერესებს, თუ რა ტიპის ადამიანები დააბიჯებდნენ, დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ  “საქართველოს” ტერიტორიაზე.  ერთ-ერთი უჩვეულო და მხიარული კითხვაც დამამახსოვრდა-  შეეძლოთ თუ არა დმანისელებს ცეკვა? პირადად მე, ღია ცის ქვეშ მხიარულად მოცეკვავე ზეზვა და მზიას წარმოდგენაც კი, ძალიან მახალისებს. 

მიუხედავად იმისა, რომ დმანისელების ცეკვის ამბავი არ ვიცით, ერთი რამ ცხადია: დმანისელები ჩვენ, Homo sapiens-ს, ანუ ჩვენ სახეობას (მოაზროვნე ადამიანს) გავდნენ. შეეძლოთ სიძულვილიც და სიყვარულიც (ეს მხატვრულად) — ამის დასტური, მათ თავის ქალებზე აღმოჩენილი ტრავმული დაზიანებებია, რომლებიც მძიმე “საგნის” თავში ჩარტყმით იყო გამოწვეული. ასევე, საინტერესოა ხანდაზმული, სრულიად უკბილო ინდივიდი, რომელიც, მინიმუმ, ორი წელი გადაურჩა ზამთარს, ეს კი, აუცილებლად მოითხოვდა მისდამი მზრუნველობას თანამოძმეებისაგან, იმის გათვალისწინებით რომ, ზამთრები იმ დროს საკმაოდ ცივი იყო დმანისში და საკვების მოპოვება რთული იქნებოდა. 

დმანისი უნიკალური ადგილია, ადგილი, რომელიც გიპყრობს — თუ ერთხელ მოხვდებით იქ, აუცილებლად გექნებათ სურვილი კვლავ დაბრუნდეთ. დმანისის კვლევები გრძელდება და კიდევ უამრავ საინტერესო აღმოჩენას გვიმზადებს”.

მუსიკა 

კლუბი მუდსი / Club Moods  

ანსამბლი: „კიოსკი“, ანუშკა ჩხეიძე და ალექსანდრე კორძაია/KORDZ

13 აპრილს ფესტივალი – “ხიდი: ციურიხი-თბილისი” კლუბ Moods-ში კონცერტით „Ending Pad“ დაიხურა, მუსიკოსებმა ახალი ნაწარმოებები შეასრულეს. 

კონცერტის პირველი ნაწილი – Ensemble Kiosk-მა გახსნა, ფორტეპიანო – თამარ კორძაია, პერკუსია –Christian Wolfarth,  კლავიში, ვოკალი- Russudan Meiparian. მეორე ნაწილი – ანუშკა ჩხეიძემ. დასკვნით ნაწილი კი, ალექსანდრე კორძაიამ.

 KORDZ -მა  წარსულსა და მომავალში გვამოგზაურა, შვეიცარიელი და ქართველი მსმენელი საკუთარი, “ელექტრო- მაგნიტური” ძალით დამუხტა, კორძისეულმა  “ჰარალალი ჰარალალომ”  ჭექა-ქუხილივით დაიგრიალა და ტრადიციული, ქართული მრავალხმიანება, თანამედროვე ჟღერადობით მოგვაწოდა. Ending Pad – თავად ტერმინიც, გარდამავალი მომენტის ან სივრცის აღმნიშვნელია, რომელიც შესაძლებელია, ერთის დასასრული და – ახლის საწყისი წერტილი იყოს, ისევე, როგორც ტაქტის დასასრული და ახალი ფრაზის დასაწყისი. ეს ტერმინი, შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასაც შევადაროთ – საქართველოს ოცდაათწლიან, დაუსრულებელ გარდამავალ პერიოდს, რომელშიც ძველმა ტიპის, ავტორიტარულმა მმართველობებმა, საკუთარი თავი ამოწურეს, ხოლო ახალი მხოლოდ ჩანასახშია.  

 ჩემი ღრმა რწმენით, ღირებული სახელოვნებო პროცესები, ყოველთვის წინ უსწრებენ – პოლიტიკურს. „Ending Pad“- ის თითოეულ ახალ მუსიკალურ ნაწარმოებს მომავლში მივყავართ.  ეს მომავლის ჟღერადობაა-  კლასიკურის, ეთნიკურის და ტრადიციულის სინთეზი.  

Kordz: “თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი “ხიდი: ციურიხი-თბილისი” 13 აპრილს დაიხურა ჩვენი კონცერტით –  „Ending Pad“ კლუბში Moods Tamriko Kordzaia Russudan Meipariani Anushka Chkheidze / Halfie KioskEnsemble

ფესტივალზე, აგრეთვე გაიმართა Luka ბერაძის ფილმის – “ღიმილიანი საქართველო” ჩვენება, რომლის მუსიკაც ჩემი დაწერილია .

დიდი მადლობა ორგანიზატორებს კიდევ ერთი წარმატებული ფესტივალისთვის – წერს ალექსანდრე კორძაია/Kordz  სოციალურ ქსელში – და კონცერტის პატარა მონაკვეთს აქვეყნებს იმ დროს, როდესაც მსოფლიო პრესის ჰედლაინები, შეიარაღებაზე, ომზე, ახალ საზღვრებსა და განხეთქილებებზე გვიყვებიან, ფესტივალი: “ხიდი: ციურიხი- თბილისი” გვახსენებს რომ კულტურული კავშირები არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ –  მიმზიდველი, მყარი და აუცილებელია!

ფესტივალის ვებგვერდი:  www.zuerich-tbilissi.ch

ინტერვიუ ირინე ჟორდანიასთან
#ZuerichTbilissi
#GeorgischeKulturplattform

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100071776163980
Instagram: https://www.instagram.com/zuerich_tbilissi/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.