ერთი წელი „საჭაშნიკეს“ გახსნიდან – თბილისის ისტორიული ადგილი ახალი სიცოცხლით
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში ისტორიული პაბი ახალი სიცოცხლით დაიბადა. „საჭაშნიკე“ – ასე ჰქვია კოსტავას 60 ნომერში მდებარე სივრცეს, რომელიც რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციას, ადგილის ისტორიულ მემკვიდრეობას და თანამედროვე გასტრონომიულ გამოცდილებას აერთიანებს.
“საჭაშნიკე” კომპანია “ბადაგონის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც სტუამრთმასპნიძლობის ბიზნეს განვითარების სააგეტოს, “გასტრონავტის” ერთ-ერთი გამორჩეულო პროექტია. „გასტრონავტის“ ხელწერა ძველი და საინტერესო პროექტების გაცოცხლება და მათთვის თანამედროვე კონცეფციის მორგებაა. სწორედ ამ ხედვით სააგენტოს პორტფოლიოში უკვე არაერთ ისეთ სივრცეს აღმოაჩენთ, რომელიც თბილისის თანამედროვე გასტრონომიულ რუკაზე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.
„საჭაშნიკე“ 70-იანი წლების თბილისის ისტორიული ღვინის მაღაზიაა, რომელიც „გასტრონავტმა“ იმავე მისამართზე, იმავე სახელით და თანამედროვე ხედვით გააცოცხლა. „საჭაშნიკეს“ გახსნიდან ერთი წლის თავზე „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ლალი პაპაშვილი სივრცის შექმნის ისტორიას იხსენებს.
როდესაც „გასტრონავტი“ ახალ პროექტებზე მუშაობას იწყებს, პირველ რიგში ცდილობს, ქალაქის გასტრონომიულ ველზე ცარიელი ნიშა აღმოაჩინოს. ამასთან ერთად იკვლევს, რა არის ტრენდული – საუბარია როგორც კულინარიულ ტენდენციებზე, ასევე ეკონომიკურ ფაქტორებზე, ცხოვრების სტილზე და ასე შემდეგ. „გასტრონავტის“ გუნდმა აღმოაჩინა, რომ ჩვენს რეალობაში არ იყო ადგილი, რომელიც რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციას გააერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ პაბის კულტურა ქართულ საზოგადოებაში კარგადაა განვითარებული. აღმოჩნდა, რომ არსებობდა მოთხოვნა, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი სივრცე.
ლალი პაპაშვილი:
„როცა „საჭაშნიკეს” ისტორიულ სივრცეს პირველად ვესტუმრეთ, დავინახეთ ის საფუძველი და მემკვიდრეობა, რაც ამ ადგილს აქვს. როცა ინსპირაციას თავად სივრცე გაძლევს, მისი ავთენტურობა მაქსიმალურად უნდა გამოჰკვეთო და ახალი, ზედმეტი არაფერი მოიგონო, რადგან ეს ხელოვნური იქნება. ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი ადგილი ყოფილიყო რესტორნის, პაბის და გრილის სინთეზი და რქმეოდა უწინდელი სახელი – „საჭაშნიკე”. რა თქმა უნდა, აქ დაისვა საკითხი, რომ ეს სივრცე შეინარჩუნებდა ისტორიულ იდენტობას, თუმცა მოერგებოდა თანამედროვე კონტექსტს. სწორედ ამიტომ ძველი „საჭაშნიკეს” კონცეფციას დავურთეთ თანამედროვე სერვისები. ინტერიერი და სივრცეების განლაგებაც 70-იან წლებში არსებული „საჭაშნიკეს” მიხედვით შეიქმნა, თუმცა ამ ნაწილშიც ის ადაპტირდა თანამედროვე გემოვნებასთან და ქცევის კულტურასთან. სივრცეში იგრძნობა წარსულის სენტიმენტები, თუმცა სტუმარი შემოსვლისთანავე გრძნობს თავს თანამედროვე გასტრონომიულ სივრცეში. ძველი იერსახის შესანარჩუნებლად ინტერიერის რამდენიმე დეტალი უცვლელი დარჩა. ასევე ძველი ესთეტიკა ავსახეთ ბრენდინგშიც. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი „საჭაშნიკისათვის” ახალი სიცოცხლის მიცემა გულისხმობდა ავთენტური იდენტობის თანამედროვე დეტალებით სრულყოფას, რაც ჩვენმა გუნდმა ნამდვილად შეძლო.“
„გასტრონავტის“ გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო იმის გააზრება, თუ ვინ იყო სამიზნე აუდიტორია და როგორ იგრძნობდა ის თავს „საჭაშნიკეში” შემოსვლისას. დღეს „საჭაშნიკე“ არის ის ადგილი, სადაც სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროში უმასპინძლდებიან გემრიელი კერძებით. აქ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გრილის მენიუ, რაც ადგილობრივ გასტრონომიულ სივრცეში არც ისე ხშირია. ასევე ორიგინალური აღმოჩნდა პაბის მენიუში ქართული სამზარეულოს ინტეგრირება – საუბარია კერძებზე, რომლებიც მორგებულია ამ ადგილის კონცეფციას.
„პროექტზე მუშაობისას ჩვენი მანტრა იყო ისტორიული „საჭაშნიკეს” ახალი სიცოცხლე, და ეს ასახულია ყველა დეტალში, მათ შორის – მენიუშიც. დავტოვეთ კლასიკური ქართული პაბური კერძები და, ამავდროულად, გავითავისეთ „საჭაშნიკეს”, როგორც კულინარიული მემკვიდრეობის კონცეფცია. სრულყოფილი შედეგისათვის ამ კონცეფციისათვის დამახასიათებელი კერძებიც დავამატეთ – მაგალითად, ლობიო ქოთანში, ჩებურეკი და ასე შემდეგ.
ასევე გავაკეთეთ აქცენტი გრილისა და სტეიკის მიმართულებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გრილის ხასიათი მივეცით ბევრ ტრადიციულ ქართულ კერძსაც. ჩვენთან ყველა კერძს აქვს პაბისთვის დამახასიათებელი სიმარტივე, თუმცა ამავე დროს გამორჩეული შტრიხებიც. მაგალითად, „საჭაშნიკეში” ქაბაბი წარმოდგენილია არასტანდარტული ზომით, არასტანდარტული ხორცის ნაზავით და იწვება მსოფლიოში ცნობილ Mibrasa-ს ბრენდის ესპანურ გრილზე. ამ გრილს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი აღიარებული რესტორნები იყენებენ, რადგან მასზე მომზადება კერძს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. იგივე ხდება მწვადზეც – სტუმრებს ვთავაზობთ მხოლოდ კახურ მწვადს, რომელიც ჩვენი გრილით მზადდება და სწორედ ამის გამოა, რომ „საჭაშნიკეს” მწვადის მსგავსს ქალაქში ვერსად შეხვდებით,” – გვიყვება ლალი პაპაშვილი.
თავისი უნიკალური რეცეპტებით „საჭაშნიკის“ არაერთი კერძი იმსახურებს აღნიშვნას. მაგალითად, „საჭაშნიკე“ თბილისში ერთადერთი ადგილია, სადაც სტუმარი დააგემოვნებს უნიკალური რეცეპტით დამზადებულ შნიცელს, რომელიც „გასტრონავტმა“ კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაბიდან, გასტრონომიული მოგზაურობიდან ჩამოიტანა.
რაც შეეხება სასმელებს, „გასტრონავტის“ გუნდის ჩანაფიქრიც იყო აქცენტის გაკეთება ჩამოსასხმელ ღვინოსა და ჭაჭაზე. ამ ნაწილში „საჭაშნიკეს” პარტნიორია კომპანია „ბადაგონი“, შესაბამისად, დღეს სტუმარს ღვინის უმაღლესი არჩევანი ხვდება.
ცხადია, სასმელების მენიუ წარმოუდგენელი იქნებოდა ლუდის გარეშე. გასტრონავტმა შექმნა მრავალფეროვანი მენიუ – „საჭაშნიკეში” 8 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდია წარმოდგენილი.
“აღსანიშნავია, რომ გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი. ეს არ არის სტანდარტული აპარატი, რასაც სხვა პაბებში შეხვდებით. ჩვენი აპარატი ლუდს აძლევს შესაბამის ტემპერატურას და იდეალურ ტექსტურას. სწორედ ამიტომ არის, რომ ის გემრიელად ისმება და ხარისხი იგრძნობა,” – ამბობს „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
გემრიელი კერძების გარდა, „საჭაშნიკეში“ სხვადასხვა აქტივობაც დაგხვდებათ. პარასკევს და შაბათს აქ ბენდი უკრავს, რომლის რეპერტუარიც სრულად შეესაბამება სივრცის კონცეფციას.
ლალი პაპაშვილი:
„ზოგადად, „საჭაშნიკის” სივრცეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მუსიკალურ გაფორმებას. ეს ეხება როგორც ცოცხალი მუსიკის საღამოებს, ასევე ყოველდღიურ ფლეილისტს. სპეციალურად ამ სივრცის კონცეფციისთვის შევადგინე 15-საათიანი ფლეილისტი. ის აერთიანებს იმ როკისა და ბლუზის მიმართულების სიმღერებს, რომლებსაც ბავშვობაში მამაჩემის მანქანაში ხშირად ვუსმენდი. სწორედ მამაჩემის თაობას ახსოვს პირველი საჭაშნიკე და თავადაც ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. ამან მომცა ფლეილისტის შექმნის ინსპირაციაც. არასტანდარტული მიდგომა გვქონდა ბენდის შერჩევისასაც – ორიენტირი ავიღეთ ნოსტალგიურ, რეტრო როკისა და ბლუზის განწყობაზე. არ გვინდოდა უბრალოდ ქავერ ბენდი, როგორსაც დღეს ბევრ პაბში შეხვდებით. დიდხანს ვეძებდით და ბოლოს მივაგენით ორ ბენდს – The Natural Born Lovers-ს და T. Blues Mob-ს. დღეს ისინი „საჭაშნიკეს” მუდმივი რეზიდენტები არიან.”
როცა ვსაუბრობთ თბილისის გასტრონომიული და ჰორეკა ინდუსტრიის ცარიელ ნიშაზე, ერთ-ერთ ასე ნიშა იყო ადგილი, სადაც ქომაგები შეიკრიბებოდნენ და სპორტულ მოვლენებს გემრიელი კერძების თანხლებით, მეგობრულ გარემოში უყურებდნენ. 9 მაღალი ხარისხის ეკრანითა და JBL-ის უნიკალური აუდიოსისტემით აღჭურვილ „საჭაშნიკეში” სტუმრებს შეუძლიათ საყვარელი გუნდის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას ადევნონ თვალი.
თავისი ისტორიით და ამ ისტორიის თანამედროვე რეალობაში გადმოტანით, „გასტრონავტის“ მიზანია, რომ სტუმრების მეხსიერებაში „საჭაშნიკე” დარჩეს როგორც ადგილი, სადაც გხვდება უშუალო გარემო, გემრიელი კერძები და მაღალი ხარისხი, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა.
View this post on Instagram
„საჭაშნიკეს” ისტორია ამით არ სრულდება – „გასტრონავტის” გუნდს ბრენდის განვითარების სამომავლო ხედვა აქვს.
„ვფიქრობთ, „საჭაშნიკეს” აქვს დიდი პოტენციალი, რომ გახდეს ერთგვარი ქსელური ბრენდი, რაც გულისხმობს მის გახსნას ქალაქის სხვადასხვა ადგილას. სამომავლოდ „საჭაშნიკეს” კარი შესაძლოა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიღოს. ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს”. – ლალი პაპაშვილი.










