fbpx

გალერეა “ნოვო” ახალ ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს.


გააზიარე სტატია

 

გალერეა “ნოვო” ახალ ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციის სახელწოდებაა “რეაქცია”.  როგორც გამოფენისა და კონცეფციის ავტორმა, ძალიან დროულად და აქტუალურად მივიჩნიე ამ ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენა როგორც ლოკალური, ასევე ფართო კონტექსტის მხრივაც. გამოფენაში მონაწილეობს  ექვსი არტისტი: თეო ბურკი, ქეთევან ვარშანიძე, ეკატერინე თოთლაძე, არჩილ კორძაია, გიორგი ოტიაშვილი და ნინა წოწორია. 

ტერმინი რეაქცია იშიფრება შემდეგნაირად – ესაა რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება. ასეა ყველაფერში – დაწყებული ქიმიიდან და ფიზიოლოგიიდან, დამთავრებული პოლიტიკითა  და ხელოვნებით. რეაქციის არსი არის მკვეთრი, აქტიური საპასუხო მოქმედება, რაც ძალიან რელევანტურად მივიჩნიე კონკრეტულ დროსა და მომენტში. თუ არა ხელოვნებაში ასახული რეაქცია,  რა იქნებოდა ყველაზე რაფინირებული და ზუსტი?! ალეგორიულ-მეტაფორულ ენაში დაშიფრული ინფორმაცია, ემოცია, პოზიცია და დამოკიდებულება ხომ ყველაზე  შთამბეჭდავი არის ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანისთვის. 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, დამთვალიერებლებს, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სათქმელი ასე გვითხრან – ძალიან ნატიფი ენით, რომელმაც ჩვენზე  იმდენად შეიძლება იმოქმედოს, რამდენადაც  მისი გაგებისთვის  ვართ მზად. ეს პროცესი ძალიან ინტიმურია, სუბიექტური და ძალიან მრავალშრიანი. 

გალერეის სამი სივრცე მონაცვლეობით გვთავაზობს მხატვართა ნამუშევრებს, რომლებსაც განსხვავებების მიუხედავად რაღაც აერთიანებთ. ესაა პოზიცია, გულწრფელობა, ინტუიციისა და ინტელექტის თანხვედრა, ფართო ემოციური დიაპაზონი და სითამამე, რაც ძალიან დროულია ეპოქალურ ჭრილში. 

არჩილ კორძაიას თითქოსდა კიტჩურ ფორმებად შეფუთული ღრმა და ძალიან შთამბეჭდავი ნააზრევი, ქეთევან ვარშანიძის სკეჩებში გამოსახული ძლიერი პროტესტი, თეო ბურკის ინტელექტუალური და ღრმა მიმართებები, ნინა წოწორიას ტრანსცენდენტურ სახეში თავის შეფარების თუ მასში მეტყველების მაგალითი, ეკატერინე თორთლაძის, როგორც წესი, აქტიური, ექსპრესიული დამოკიდებულებები  და ბოლოს, გიორგი ოტიაშვილის სიურრეალისტური და მისტიკური გამოსავალი ამ ყველაფრიდან, რაც ყველასთვის თავისებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. 

ყოველივე ეს გალერეაში შექმნილი მიკროსამყაროს ძალიან დინამიკურ, აქტიურ და შთამბეჭდავ სახეს განსაზღვრავს. გალერეაში მოსული დამთვალიერებელი ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვერაფრით დარჩება.

  • გამოფენის ნახვა მაისის ბოლომდეა შესაძლებელი.
  • გალერეა “ნოვოს” დამფუძნებელი – რუსო დოლიძე
  • მისამართი: სიმონ ჯანაშიას 13 

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.