ძალადობის არქეოლოგია, ანუ ბარბაროსების მოლოდინში
ავტორი: ტატო ჩანგელია
ჯონ მაქსველ კუტზეეს ლიტერატურა დაკავშირებულია სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პოლიტიკურ ეპოქასთან – აპართეიდის პერიოდთან – სისტემური რასიზმის, ჩაგვრისა და გეოგრაფიულად თუ კლასობრივად დაყოფილი საზოგადოების აღზევებასთან. კუტზეე, როგორც აფრიკული წარმომავლობის მწერალი, წერს ინგლისურ ენაზე, და ენათესავება კიდეც დასავლური რომანის ტრადიციას – თუმცა მუდამ იმყოფება თავისი დროის, ისტორიული მორალისა და კულტურული პოზიციის პირისპირ. ასეთ დროს მწერალი გარკვეულ გზას ირჩევს, კუტზეემ უარი თქვა მარტივ გზაზე – არ აირჩია უშუალო პუბლიცისტური მეთოდი, არც პოლიტიკური ლოზუნგების პოეტიკაში გადაეშვა, არამედ ჩამოაყალიბა მწერლური სტრატეგია – მხატვრული არტიკულაციის ინსტრუმენტი, რომლის მთავარი მამოძრავებელიც დისტანცირებაა – გონებრივი სიცივე, ეთიკური და ფილოსოფიური დაკვირვება, რომელიც საბოლოოდ, იძლევა პოლიტიკური პროზის უნიკალურ მაგალითს.
1980 წელს გამოცემული რომანი „ბარბაროსების მოლოდინში“ ამ მწერლური სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ რომანში პირდაპირ არ არის ნახსენები სამხრეთი აფრიკა, აფრიკული ნაკვალევი ტექსტის ქსოვილში თვალსაჩინოა. აპართეიდის იდეოლოგიური სტრუქტურისთვის რამდენიმე ნიშანია დამახასიათებელი, ერთი ანთროპოლოგი ასეც გამოყოფს: შიში სხვაობის წინაშე, ძალაუფლების კონსტრუირებული ლეგიტიმაცია, რასობრივი დემონიზება, კლასობრივი დაყოფა, დანაშაულებრივი სიმშვიდე – ყველა ეს ელემენტი ერთიანდება ფოლკნერის ალუზიით შექმნილ იმ უცნაურ და უსახელო საზღვრისპირა პატარა ქალაქში, სადაც მიმდინარეობს რომანის მოქმედება. ამ გეოგრაფიული აბსტრაქციით კუტზეე, ერთი მხრივ, აუცხოებს ტერიტორიას – მოქმედების ამგვარი გადატანა, მოჩვენებითი ეგზოტიკური ფონის შექმნა – მკითხველს უფრო უკეთ ეხმარება საკითხის აღქმაში. მეორე მხრივ კი, მწერალი აღწევს უნივერსალურობის კატეგორიას და საკითხს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში არ შემოფარგლავს: ის, რაც შეიძლება შთაგონებული იყოს სამხრეთ აფრიკით, უკვე ეხმიანება მთელ მსოფლიოს, ყველა ჩაგრულსა და მჩაგვრელს, იმპერიასა თუ, უბრალოდ, პერიფერიულ ავტორიტარიზმს.
რამდენადაც გაურკვეველია რომანის ტერიტორია, იმდენად გაურკვეველია იმპერია, სადაც ეს ტერიტორია მდებარეობს და რომელი კანონებითაც იგი იმართება. არსებული ტერიტორია მცირე სასაზღვრო ქალაქია, რომელსაც ადგილობრივი მაგისტრატი მართავს. აქ ხშირად ჩამოდიან გადამთიელები, ეგრეთწოდებული – ბარბაროსები. ამ მშვიდ, თითქოს უმნიშვნელო ადგილას ვითარება იცვლება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება გზავნის პოლკოვნიკ ჯოლს, რათა აღკვეთოს მოსალოდნელი „ბარბაროსული ამბოხი“, რომლის შესახებაც არავითარი საფუძველი და ინფორმაცია არ არსებობს. პარადოქსია, რომ ბარბაროსები, როგორც კონკრეტული მტერი, ტექსტში არსად ჩანს – ბარბაროსები არსებობენ, როგორც სიმბოლო შიშის, სხვაობისა და იდეოლოგიური აგრესიისა.
წინააღმდეგობა, რომელიც რომანს ატრიალებს, სწორედ აქ ჩნდება – მაგისტრატი, როგორც მოჩვენებითი ძალაუფლების მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ დარჩება საკმაოდ დაუცველი სამოქალაქო სინდისის მქონე სუბიექტად – თანდათანობით დაუმორჩილებელი ხდება, აღუდგება პოლკოვნიკის მიერ „ბარბაროსთათვის“ გაჩაღებულ რეპრესიულ მეთოდებს.
ჯონ მაქსველ კუტზეე აპართეიდული რეჟიმის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ლიტერატურაში. ლიტერატურის მკვლევარი კუტზეეს გატაცების ან, უფრო სწორად, კვლევის ობიექტს ორი მეტად მნიშვნელოვანი მწერალი წარმოადგენს – დოსტოევსკი და ბეკეტი. თავის მხრივ, გარემოს აბსტრაჰირება, პარადოქსულობა, აბსურდული მოტივები, არქეოლოგიური მეთოდით გასახსნელი დაშიფრული პოეტიკა, რითაც ზოგადად, მისი შემოქმედება ხასიათდება, დისკურსის არქიტექტურა, სტრუქტურული სიცარიელე, ეკონომიური თხრობა, მოქმედების მინიმალიზმი, ინტენსიური თვითრეფლექსია, ლოდინის განცდა და სხვა, მას ანათესავებს სწორედ მოდერნისტული მწერლობის გამორჩეულ სახელთან. საინტერესოა მისი ურთიერთკავშირი დოსტოევსკისთან.
ბერნანდე ლევინი ბრიტანული გამოცემის წინასიტყვაობაში დაწერს: „კუტზეე ხედავს გულის ბნელ ადგილებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში, და თანდათან ნათელი ხდება, რომ ის საერთოდ არ საქმიანობს პოლიტიკაში, არამედ იკვლევს მხეცის ბუნებას, რომელიც ლურსმნად აზის თითოეულ ჩვენგანს…“. მართლაც, კუტზეე იკვლევს ადამიანში ჩაბუდებულ მხეცს, თუმცა ლევინის წარმოთქმული ეს აზრი ტრივიალურობის საზღვრებსაც კი სცდება. მაგისტრატის სიმბოლურობა, პოლკოვნიკის სიმბოლურობა, ზოგადად სისტემა, რომელიც მოჩვენებით მტერს ქმნის – ეს, რასაკვირველია, პოლიტიკური კვლევის საგანია, მეტიც, ის უნივერსალური მოტივებია, რაც განსაზღვრავს კიდეც ნებისმიერ ძალაუფლებას, ისევე, როგორც „მხეცის ბუნება“, რომელსაც ასე ცივსისხლიანად ქმნის და თვალს უსწორებს მწერალი.
კუტზეე „მხეცის ბუნებას“ მოულოდნელად გამოიხმობს, ემპათიის ფონზე, მაშინ როცა მთავარი პერსონაჟი, მაგისტრატი, ცდილობს, შეეწინააღმდეგოს იმპერიის ბრმად რეპრესიულ პოლიტიკას, რომელიც უდანაშაულო ადგილობრივებს აწამებს, ჩეხს. მისი პოზიცია ეთიკური ხდება, მეტიც, თავად გადაიქცევა სისტემის მსხვერპლად, თუმცა სწორედ აქ კუტზეე საოცარი ეკონომიურობითა და სიმშვიდით ხსნის ძალადობის, მორჩილების, ეროტიკისა და სინდისის ბნელ კარიბჭეებს.
მაგისტრატი პოლკოვნიკის დროებითი გამგზავრებით ისარგებლებს და რეპრესირებულ გოგოსთან ჩამოაყალიბებს ურთიერთობას – მას დახმარების ხელს გაუწვდის. საქმე გვაქვს ერთი შეხედვით ჰუმანურ და გონივრულ ადამიანთან, რომელიც იმპერიის სასტიკ პოლიტიკას უპირისპირდება, თითქოს მორალური პოზიციიდან მოქმედებს, არ იზიარებს დღის წესრიგის პოზიციას „ბარბაროსების“ წინააღმდეგ, წყვეტს წამებაში მონაწილეობას, ეწინააღმდეგება ჯარის შემოჭრას, ზრუნავს გოგონაზე, რომელიც სხეულებრივად და ფსიქოლოგიურად დაზიანებულია. აქ ჩნდება კითხვის ნიშანი – მზრუნველობით ის თითქოს ცდილობს გოგოს ღირსება და სიმშვიდე დაუბრუნოს; მას „აშუშებს“ – ბანს, უყურებს, ეფერება, თუმცა არცერთ ეტაპზე არ მიიჩნევს პიროვნებად. ის უყურებს მას, როგორც სიმბოლოს, როგორც ტრავმის მატარებელს, როგორც მისივე სინდისის ქენჯნის გამოვლინების შედეგს, ამ პროცესშიც გოგონა იქცევა არა ინდივიდად, არამედ მაგისტრატის მორალური მოგზაურობის ინსტრუმენტად – მას აბრუნებს თავის სამშობლოში, რაც მისი დასჯის მიზეზი გახდება. ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს სუბიექტთან, რომელიც იმპერიის სასტიკ პოლიტიკას უპირისპირდება, საბოლოოდ კი თვითონ აღმოჩნდება ძალაუფლების მექანიზმში ჩაფლული.
კუტზეე ზედაპირს სცილდება, სადაც მხოლოდ ტანჯვის სისასტიკე ტივტივებს, ჩადის ღრმად, სადაც შესაძლოა სწორედ მზრუნველობა და მკურნალობა ნიშნავდეს ძალადობას. აქ, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს მომენტთან, როცა სხვისი ტკივილი ხდება საშუალება საკუთარი სინდისის გამოსყიდვისა და პიროვნული ემანსიპაციისა, რაც საბოლოოდ ძალადობის ფორმაა – დახვეწილი, დახურული, ლინგვისტურად მოქნილი, მაგრამ – დამთრგუნველი. მეორე მხრივ კი – საქმე გვაქვს ძველი და ახალი იმპერიალისტური მეთოდების დაპირისპირებასთან – ძველი – უხეში და ხილვადია, ახალი – ემანსიპაციაზე დაფუძნებული, დემოკრატიული, თუმცა შინაგანად სასტიკი.
პოლკოვნიკი ჯოლი წარმოადგენს იმპერიალისტური კოლონიური ძალის კლასიკურ სახეს, რომელიც ყოველგვარ ლეგიტიმაციას ძალადობით ამკვიდრებს. იგი არ ეძებს არგუმენტს, კანონიერებას ან ეთიკურობას – მოქმედებს ანთროპოლოგიური წესით, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ბარბაროსების „დამარცხება“ – ბარბაროსი კონკრეტული რასობრივი, კლასობრივი თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ალუზიად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პოლკოვნიკის ფუნქციაა სახელმწიფო აპარატის მიერ მითურ მტერთან ძალადობრივი ბრძოლა. მაგისტრატი კი წარმოადგენს ჰუმანური მმართველის სახეს, ის ემპათიას გამოხატავს მომთაბარეების მიმართ, ცდილობს, დაიცვას ისინი, შეინარჩუნოს დისტანცია ძალადობისგან, როდესაც ის გოგონას სახლში წაიყვანს – რაც, თითქოს ქველმოქმედებაა – აღმოჩნდება, რომ ეს ქმედება ასევე ჩაგვრაზე დაფუძნებული ძალადობის ინტიმური ვერსიაა. გოგონას „დახმარება“ მოჩვენებითი თავისუფლების პირობებში მიმდინარეობს, რომელიც მაინც მაგისტრატის სურვილებს ექვემდებარება. როგორც, ფრანც ფანონისგან ვიცით, იმპერიულობის ერთ-ერთი ნიშანია „ცივილიზატორის“, მშველელის ნიღბის მორგება.
კუტზეე, ერთი მხრივ, გვაჩვენებს ძველსა და არსებულს და, მეორე მხრივ, გვთავაზობს ახალი და საშიში ემანსიპაციის ძალადობრივ ენას, რომელიც ერთდროულად ცდილობს ტკივილის გაზიარებასა და დომინაციის უხილავი მექანიზმების ამუშავებას. ესე იგი, ძალაუფლება ჩასახლებულია არა მხოლოდ გარეთ, არამედ შიგნით, სუბიექტის წიაღში. შესაბამისად, კუტზეე ამ დოსტოევსკისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიას ებღაუჭება, რასაც ბრიტანელი მიმომხილველი – „მხეცის ბუნებას“ უწოდებს, თუმცა მას გამოიხმობს ფსიქოლოგიის პარადიგმიდან და დიდ იდეოლოგიურ წურბელად წარმოგვიჩენს.
ჯონ მაქსველ კუტზეეს პროზა არა მხოლოდ აპართეიდის, არამედ ზოგადად, კაცობრიობის პოლიტიკური და მორალური ქცევის ანალიზია – მისი უხილავი ძალების, ეგზისტენციალური თვალსაზრისით დატვირთული სიბნელის, სადაც „ბარბაროსები“ შესაძლოა არც არსებობდნენ, მაგრამ… ყოველთვის არსებობენ.