ჯაზის სიყვარული და სწრაფვა განვითარებისთვის – გაიცანით გიგი ცინცაძე
შუაგულ თბილისში, რუსთაველის 37 ნომერში, jazz club 1984-ის სცენაზე, მსოფლიო დონის ქართველი შემსრულებლები ყოველდღე უკრავენ ჯაზ მუსიკას. SOLO-სთან და Mastercard-თან თანამშრომლობით, ჯაზ კლუბი საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ გამორჩეული ტალანტის მუსიკოსები, რომლებზეც აქამდე, შეიძლება არც გსმენიათ.
გიტარისტი გიგი ცინცაძე ერთ-ერთი მათგანია და 1984-ის სტუმრები მას კლუბის გახნის პირველივე დღიდან იცნობენ. როგორც თვითონ ამბობს, კლუბში მიღებული გამოცდილება როგორც მსმენელისთვის, ისე ჯაზმენისთვისაც განსაკუთრებულია.
“უბრალოდ, ვაკეთებდი იმას რაც მიყვარდა.”
“14 წლის ვიყავი, როდესაც მოვისმინე ჩემი მეგობრის დაკრული გიტარაზე და იმ საღამოსვე ავიღე ინსტრუმენტი ხელში. ვცდილობდი მესწავლა სიმღერები სმენით და ვიდეო გაკვეთილების დახმარებით. ისე შემიყვარდა გიტარა, რომ სულ ვუკრავდი, სკოლამდე, სკოლის შემდეგ და ძილის წინ. მიუხედავად ამისა, პირველი ორი წელიწადი არც მიფიქრია, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესია და შემოსავლის წყარო. უბრალოდ, ვაკეთებდი იმას რაც მიყვარდა”, – ამბობს გიგი.
როგორც, ალბათ, ყველა დამწყები გიტარისტი, თავიდან გიგიც მხოლოდ ბლუზს, ამერიკულ ფოლკს და ჰარდ როკს უკრავდა და უსმენდა. ჯაზის სწავლა მაშინ გადაწყვიტა, როცა უმაღლესი განათლების დრო მოვიდა. როგორც ამბობს, ხვდებოდა, რომ ეს მუსიკალურ განვითარებაში დაეხმარებოდა.
“16 წლის ასაკში მყავდა ბლუზ ბენდი ჩემს მეგობრებთან ერთად. რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთეთ ჩვენს პატარა სარდაფში, სადაც ვრეპეტიციობდით ხოლმე და სოციალურ ქსელში განვათავსეთ. ისე მოხდა, რომ ეს ჩანაწერი მოისმინა გიტარისტმა უჩა მეტრეველმა, რომელსაც ჩემი შესრულება მოეწონა და დამიკავშირდა. ამის მერე, უჩამ გამაცნო სხვა ჯაზმენები: ლევან დეისაძე, ზაზა მარჯანიშვილი, ზაზა ცერცვაძე, კახა ჩიქვინიძე და ა. შ..
დავმეგობრდი ამ მუსიკოსებთან. ხან ჩაწერებზე დავყვებოდი მათ, ხან კონცერტებზე და ეს პროცესი მეხმარებოდა გამეგო, როგორი იყო მუსიკოსის ცხოვრება. ეს მუსიკოსები მიზიარებდნენ ცოდნას, მაცნობდნენ კიდევ სხვა ქართველ მუსიკოსებს და მათი დამსახურებაა, რომ მუსიკა ჩემი პროფესია გახდა. დამარწმუნეს, რომ უნდა მესწავლა და ჩამებარებინა კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტზე და ამისთვის მათი მადლიერი ვარ”, – გვიყვება გიგი.
“მადლიერი ვარ ჯაზის.”
როგორც გიგი ამბობს, ჯაზი თავიდანვე არ შეჰყვარებია. ეს დროთა განმავლობაში, სწავლის პროცესში ხდებოდა და საკმაოდ დიდი დროც დასჭირდა.
“ჯაზი ნამდვილად რთული მუსიკალური მიმდინარეობაა და სწორედ ეს განაპირობებდა ამას. ალბათ, 17 წლის ასაკში არ ვიყავი მზად გამეგო ამ ჟანრის სიდიადე.
მადლიერი ვარ ჯაზის – დაკვრა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ხოლო თავად მუშაობის პროცესით – საათობით მეცადინეობით, რომლის გარეშეც შეუძლებელია სათქმელის სრულყოფულად გადმოცემა, უამრავი ისეთი თვისება ჩამოვიყალიბე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეხმარება”, – ამბობს ის.
“საჭიროა ყოველდღიური სწრაფვა განვითარებისთვის”
“ჯაზი ყოველთვის ანდერგრაუნდი იყო. არასდროს ჰყავდა ბევრი მსმენელი და არც ახლა ჰყავს. ეს არასდროს მაღელვებდა, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ამ მუსიკიდან ნაკლებია.
მუსიკისა და ინსტრუმენტის სიყვარული მიბიძგებს ვაკეთო ეს საქმე და თავდაუზოგავი შრომა ჩავდო მასში, თუნდაც არ დამიფასდეს ფინანსურად. ეს სიყვარული რომ არ განელდეს, საჭიროა ყოველდღიური სწრაფვა განვითარებისთვის. თუ მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე მეცადინეობა, მომენტალურად ვგრძნობ ფორმიდან ამოვარდნას, ან კრეატიულობის შემცირებას. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.
ჯაზმენის ცხოვრება თბილისში საკმაოდ საინტერესოა, სამწუხაროა რომ საქართველოს სხვა ქალაქზე ამას ვერ ვიტყოდი. თუ არ ვცდები, თბილისის გარდა არცერთ ქალაქში არ არის ჯაზის სკოლა. საბედნიეროდ, თბილისში უკვე ბევრი ადგილია, სადაც ჯაზი იკვრება და ამიტომ ფუფუნება გვაქვს ჯაზმენებს, რომ ყოველდღიურად ვუკრათ. ასევე მგონია, რომ მსმენელმაც იმატა თბილისში. ბევრ ახალ სახეს ვხედავ ჯაზ კლუბებში. ასევე, ბევრი ძალიან კარგი ჯაზ არტისტი გამოჩნდა თბილისში და ხშირად შეგვიძლია მოვისმინოთ საავტორო მუსიკა”, – ამბობს გიგი.
გიგი ცინცაძე – Jazz Club 1984
როგორც გითხარით, Jazz Club 1984-ის სტუმრებმა გიგი კლუბის გახსნისთანავე გაიცნეს, თუმცა ის ამბობს რომ მისი ურთიერთობა 1984-თან ბევრად უფრო ადრე დაიწყო – კლუბი მისმა უახლოესმა მეგობარმა და კოლეგამ, დანიელ ადიკაშვილმა შექმნა.
გიგი კლუბის პირველივე ლაივზე უკრავდა და ახლაც სისტემატურად მასპინძლობს 1984-ის სტუმრებს საკუთარ ბენდთან ერთად.
“ბევრი გამორჩეული კონცერტი მახსენდება წლების განმავლობაში. მათ შორის, ისეთი მომენტებიც, როდესაც 1984-ს ეწვივნენ ჯაზის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან Ari Hoenig და Matt Penman. მე მერგო პატივი დამეკრა ჯემი ამ მუსიკოსებთან და ეს არასდროს დამავიწყდება.
ამ კლუბის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ყოველ კონცერტზე ახალი ადამიანები მისმენენ და ეს აუცილებლია იმისთვის, რომ ჩემმა მუსიკამ უფრო მეტ მსმენელამდე მიაღწიოს. გარდა ამისა, 1984 მაძლევს ყოველდღიურ შესაძლებლობას, რომ გამოვხატო ჩემი თავი მუსიკალურად და ახალი მუსიკალური იდეები განვახორციელო”, – ამბობს გიგი.
ახლა სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე მუშაობს და მსმენელისთვის საავტორო მუსიკის წარსადგენად ემზადება. პარალელურად კი კიდევ უფრო საინტერესო საქმეს აკეთებს:
“ვმუშაობ მეორე ალბომის მასალაზეც, რომელიც მოიცავს ქართული ფოლკლორის, კერძოდ გურული სიმღერების, გიტარაზე გაჟღერებას. ამ სიმღერების ჩაწერა და ალბომად გამოცემა იგეგმება. ასევე, ვმუშაობ ამ სიმღერების ნოტებზე გადატანაზე და წიგნის გამოცემაზე”.
ამ ყველაფერთან ერთად, მისი უკეთ გაცნობა, Jazz Club 1984-ში შეგიძლიათ, სადაც ყოველ საღამოს იკრიბებიან ის ადამიანები, ვისაც ცოცხალი ჯაზ მუსიკის ენერგია იზიდავს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ SOLO-სთან და Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში, Jazz Club 1984-ში SOLO Mastercard World Elite ბარათით შეძენისას ისარგებლებთ 20%-იანი ქეშბექით, როგორც ღონისძიების ბილეთის შეძენისას, ასევე ბარში.