წინააღმდეგობის შვილები – ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა De Bouwput-ში
სამხატვრო აკადემიის სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით(art student movement) , 2024 წლის დასასრულს გამოცხადდა ღია მიღება (open call) აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ღია მიღების შედეგად შერჩეულ იქნა თექვსმეტი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, რომელთა ნამუშევრებმა შემდეგ მოიყარა თავი ამსტერდამის დამოუკიდებელ საგამოფენო სივრცე — De Bouwput-ში.
ეს გამოფენა იყო სოლიდარობის, ენთუზიაზმისა და თვითორგანიზებული ძალის მანიფესტაცია — ახალგაზრდების მიერ შექმნილი სივრცე, რომელიც გადაჭარბებულად არაფერს ითხოვდა და სწორედ ამაში იყო მისი ყველაზე დიდი ძალა: ხელოვნების კეთება მაშინ, როცა არაფერია გარანტირებული, მაგრამ სურვილი მეტია, ვიდრე ოდესმე. „წინააღმდეგობის შვილები“ გახდა მანიფესტი იმ მხატვრული ძალისა, რომელიც რეაგირებს დღევანდელ სოციალურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ რეალობაზე. ეს არ იყო რეტროსპექტული გამოხედვა, არამედ ხელოვნების ცოცხალი, პროცესული ფორმა, რომელიც არ ემორჩილება დუმილს.
არსებობს მომენტები, როდესაც ხელოვნების შექმნა დაუმორჩილებლობის ფორმას იღებს — არა მოვლენების დასრულების შემდეგ, არამედ პროცესის შუაგულში. წინააღმდეგობის შვილები აერთიანებს თექვსმეტ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს, რომელთა ნამუშევრები წარმოიშვა თავად პროტესტიდან, დაძაბულობიდან და ყოველდღიური ძალისხმევიდან, არ დაკარგონ სიფხიზლე იმ სამყაროში, რომელიც დუმილს მოითხოვს.
ეს გამოფენა შეიქმნა ზეწოლის, სოლიდარობისა და ნებისყოფისგან — სურვილისგან, ილაპარაკო მაშინ, როცა თავად ენაა საფრთხეში. იგი პასუხობს ავტორიტარულ კონტროლს, იძულებით დუმილსა და პოლიტიკური სიმართლის წაშლას — არა ხმაურით, არამედ ფორმით.
წინააღმდეგობა აქ ერთსახოვანი არ არის. ის ვლინდება ფერწერაში, ინსტალაციაში, ვიდეოში, ობიექტებში, კოსტიუმსა და ციფრულ მედიაში — თითოეული ნამუშევარი ატარებს საკუთარ რიტმს, საკუთარ განუყოფელ აუცილებლობას. მასალები განსხვავებულია, მაგრამ მიმართულება ერთი აქვთ: თავისუფლებისკენ, მეხსიერებისკენ, უკეთესის შესაძლებლობისკენ. ეს მრავალფეროვნება არ ნიშნავს დანაწევრებას — ის ვარსკვლავური თანწყობაა, სხვადასხვა ხმების ერთობლივი ჟღერადობა საერთო მიწაზე – სხვადასხვა ხელები. სხვადასხვა იარაღი. ერთი რწმენა.
წინააღმდეგობის შვილები მხოლოდ ახალგაზრდობაზე არ ლაპარაკობს. ის ყვება ამბავს მათზე, ვინც წინააღმდეგობითაა ჩამოყალიბებული — სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ — და მათზე, ვინც ატარებს პროტესტის მეხსიერებას და სწრაფვას იმ ადგილისკენ, სადაც თავისუფლება ბუნებრივი მოცემულობაა.
ეს ნამუშევრები დისტანციიდან არ აანალიზებენ ბრძოლას — ისინი თავად იმ ბრძოლის ნაწილი არიან, რომლისგანაც იშვნენ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი — open call ამსტერდამში გამოფენის ორგანიზებამდე — განხორციელდა სრულიად სტუდენტური ინიციატივით, დამოუკიდებლად და ყოველგვარი დაფინანსებისა თუ სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე.
ტექსტის ავტორი: ანა რეხვიაშვილი
გამოფენის კურატორები : ანა რეხვიაშვილი და თამა კვანტალიანი
მონაწილე არტისტები:
ანი მირიანაშვილი
ბაქარ გელაძე
ეკა ცქითიშვილი
ქეთევან პასიკაშვილი
მარიამ ცაავა
მათე ცქვიტინიძე
ნელიკო მამუჩაშვილი
ნინი ჯალიაშვილი
ნინო დვალი
ნინო რამიშვილი
ნინო ტოლომაშვილი
ნატალია ჭანუყვაძე
სოფო სიმონიშვილი
თამა კვანტალიანი
თათული ქიტიაშვილი
ვაჟა კავლელაშვილი