შოთა ბოსტანაშვილი და არქიტექტურის საიდუმლო ენა
ავტორი: ანი თენიეშვილი
„არქიტექტურა – ეს არის დუმილი, რომელსაც სმენა უნდა“. – შოთა ბოსტანაშვილი
ქართულ კულტურას ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პარადოქსული თვისება აქვს – გამორჩეული სახელებისა და მოვლენების დავიწყება. ეს დავიწყება შეიძლება იყოს ინერციული, შეიძლება – მიზანმიმართული, და ზოგჯერ, უბრალოდ, გადატვირთული ყოფის შედეგიც. ის განსაკუთრებით მძაფრდება მაშინ, როდესაც ქვეყანა არეულობისა და დაპირისპირებების მარწუხებში ექცევა – დრო, როდესაც საზოგადოებას იშვიათად აქვს ფუფუნება, ყურადღება ხელოვნებას დაუთმოს, რადგან პრიორიტეტები სხვაგვარად ნაწილდება.
მაგრამ სწორედ ჩვენ – იმ თაობამ, ვინც თითქოსდა მშვიდობის პირობებში გავიზარდეთ – უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა მივიწყებული სახელების გახსენებისა და მათთვის სათანადო ადგილის დაბრუნების. შოთა ბოსტანაშვილი სწორედ იმ ადამიანთაგანია, ვისი ხმაც ხელახლა უნდა ავაჟღეროთ – არქიტექტორი, მოაზროვნე, პოეტი და პედაგოგი, რომლის ფიქრი და ნამუშევარი დღესაც სივრცეს და აზრს აცოცხლებს.
შოთა ბოსტანაშვილი 1948 წელს თბილისში დაიბადა. ახალგაზრდა ასაკში გააცნობიერა, რომ მისთვის არქიტექტურა არა მხოლოდ პროფესია, არამედ უნივერსალური ენა იყო, რომელსაც შეეძლო სივრცის გადარჩენა ბანალურობისგან. მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და მალევე აღმოჩნდა იმ არქიტექტურულ კოლიზიაში, სადაც სოციალისტური ფუნქციონალიზმი ეჯიბრებოდა ახალ კულტურულ იდეალიზმს. შოთამ არცერთი მხარე არ აირჩია – მან შექმნა თავისი გზა.
„Poetics of Architecture“ – არქიტექტურის შიგნიდან გამოთქმა
გარდა პრაქტიკული მუშაობისა და ძიებებისა, შოთა ბოსტანაშვილი გამორჩეული იყო თეორიის ნაწილში. მას ჰქონდა მკაფიო ხედვა, ეს აისახა 1990 წელს ჩამოყალიბებულ კონცეფციაში – არქიტექტურის პოეტიკა. ეს არ იყო უბრალოდ თეორიული მექანიზმი, ეს იყო ერთგვარი მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ნაგებობა – არა მხოლოდ უბრალოდ ნაგებობა, არამედ პოეზიის საგანია.
ბოსტანაშვილის თეორიული ხედვები ეყრდნობა ისეთ გავლენიან ფიგურებს, როგორებიც არიან – ბახტინი, დელიოზი, გვატარი, მიხაილ ეპშტეინი და სხვა. სწორედ მათი თეორიების დახმარებით შექმნა მან სივრცის პოეტიკის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც არქიტექტურა განიხილება, როგორც სივრცის დისკურსი – ფიზიკური მოცემულობა, რომელიც, ამავდროულად, კულტურულ, ფსიქოლოგიურ და სემიოტიკურ მნიშვნელობასაც ატარებს.
მისთვის არქიტექტურა არის ტექსტი – თავისი პოეტიკით, გრამატიკითა და ისტორიით. ის სააზროვნო სივრცეში შემოიტანს ტერმინს – „საინტერესო“, როგორც არქიტექტურის საბოლოო ამოცანას. საინტერესო სივრცე, ბოსტანაშვილის თანახმად, იქმნება მაშინ, როდესაც ის სცდება სუფთა ფუნქციურობას და გარდაიქმნება ტაპოსად – მნიშვნელობით დატვირთულ ადგილად.
შესაბამისად, არქიტექტურა ბოსტანაშვილისთვის პოეტური, ნიშანთა მატარებელი დისკურსია, სადაც ყოველი შენობა და ქალაქი შეიძლება გაიაზროს, როგორც ტექსტი – ღია ინტერპრეტაციისთვის, მუდმივად გადასაკითხი და განმარტებითი.
შოთა ბოსტანაშვილს თანამედროვე არქიტექტურულ სივრცეში ხშირად აკერებენ პოსტმოდერნისტის იარლიყს, თუმცა სინამდვილეში მისი ხედვა სცდება და ხშირად ეწინააღმდეგება პოსტმოდერნიზმის არსებით მახასიათებლებს. ის არ არის პოსტმოდერნიზმის გამტარებელი, არამედ იყენებს მის საფუძვლებს უფრო ფართო და ღრმა თეორიული ჩარჩოს შესაქმნელად.
არქიტექტურა ეს არის ერთგვარი მეტაფორული ტექსტი. კედლები ნიშნავს ლტოლვას, კიბეები – აზრის მოძრაობას, ხოლო ჭერი – შეჩერებულ დროს. იგი ამტკიცებდა, რომ არქიტექტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, პოეტური.
თავად შოთა ბოსტანაშვილიც, როგორც მრავალპროფილური შემოქმედი, პოეზიის შექმნითაც იყო გართული. ინტერნეტსივრცეში მოიძებნება 2008 წლით დათარიღებული პოეტური წიგნის – გაცეცხლებული ლაპარაკი – პრეზენტაცია.
პოეზიისა და არქიტექტურის კვეთა მისი შემოქმედების საკვანძო ნიშანს წარმოადგენს, რომელიც უარყოფითი მიზეზის გამო მატერიალიზდება კიდეც პერფორმანსის საშუალებით.
შოთა ბოსტანაშვილის რამდენიმე არქიტექტურულ ნიმუშს შორის ერთ-ერთი გახლდათ სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე აშენებული „პოეზიის სასახლე“. ეს უნიკალური არქიტექტურის ნიმუში გახლდათ და სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის – არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი და პრემია „მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისთვის“. სამი თეთრი თაიგულის ფორმის (რომელიც გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ შთაგონებით გახლდათ შექმნილი) ნაგებობა თანამედროვე ქართულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წესრიგმა შეიწირა – შენობა-მემორიალი სრულიად დაინგრა. ეს სასახლე დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იდგა, საბოლოოდ კი ბიუროკრატიამ განაჩენი გამოუტანა.
შენობის განადგურების პარალელურად კი, მთელი სამი დღის განმავლობაში, შოთა ბოსტანაშვილი იდგა და დანგრევის პროცესის ფონზე პოეზიას კითხულობდა. ეს საკმაოდ ამაღელვებელი კადრები კარგად ასახავს თანამედროვე საქართველოს სახეს.
არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც ქმნიან შენობებს, და არსებობენ ისეთები, რომლებიც წერენ სივრცეში, ქმნიან ენას, რომელიც ადამიანმა უნდა წაიკითხოს, უნდა განიცადოს, შეიგრძნოს. ასეთი ნიმუშია „პოეზიის სასახლე“, ისევე, როგორც მისი სხვა პრაქტიკული ნიმუშები.
შოთა ბოსტანაშვილის პროექტების ძირითადი ნაწილი, მისი თეორიული სირთულისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, განუხორციელებელი დარჩა, ასეთი პროექტებია – ხევსურული სოფლები ხახმატი და ბისო, საცურაო აუზი, საერთაშორისო ტურისტული კომპლექსი – „მზიურის ველი“ – ბაკურიანში, კულტურის ცენტრი აფხაზეთში, გულრიფშში, ბავშვთა ქალაქი, მალთაყვის ტყე-პარკი და სხვა. თუმცა, მათ შორის არის დასრულებული პროექტებიც, რომლის არქიტექტურულ სიღრმეზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, ასეთია, მაგალითად, თბილისში მდებარე პურის ქარხანა – ინდუსტრიული არქიტექტურისა და ესთეტიკის ფრთხილი შერწყმა – სივრცე, სადაც რუტინულობა ხელოვნებად გარდაიქმნება.
ასევე მონაწილეობდა სკულპტურების შექმნაში, მათ შორის გამორჩეულია ქუთაისში 1976 წელს დადგმული – “დიდება შრომას” და განსაკუთრებით – მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილის მიერ 1975 წელს სენაკში დადგმული ძეგლი – „ხსოვნის კუბი“, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ფაქტობრივად, ერთადერთი ძეგლი გახლდათ, სადაც ომი არ იყო გამოსახული ჰეროიკულად, პირიქით, სადაც ჩანდა ომის სისასტიკე, საშინელება და უმწეობა, რაც მას მოაქვს. ეს სრულიად ანტისაბჭოთა ნამუშევარი არა მხოლოდ მისი შინაარსით, არამედ ფორმითაც გამორჩეულია. აღმართულია შუაში დამსხვრეული კუბი, სადაც შესვლისას ათვალიერებ ომის სისასტიკის ამსახველ ძეგლებს.
შოთა ბოსტანაშვილის ცხოვრებაში, არქიტექტურის პრაქტიკულ და თეორიულ განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა პედაგოგიური საქმიანობა. როგორც მის სტუდენტებთან პირადი საუბრებიდან გამიგია, შოთას ლექციები ხშირად 5-6 საათი მიმდინარეობდა – სრული ჩართულობითა და ემოციური დატვირთვით. ის სტუდენტებს არა პროექტებს, არამედ აზროვნებას ასწავლიდა. შოთა ბოსტანაშვილი 2013 წელს სწორედ ლექციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
მისი იდეები ცოცხლობენ კედლებს მიღმა – სივრცის მეხსიერებაში, არქიტექტორთა ცნობიერებაში. მას არ აუშენებია მაღალი კოშკები, მან ააშენა აზროვნების ჰორიზონტი, რომელზეც თაობები შედგებიან.