უეს ანდერსონის მომხიბვლელი სამყარო
ავტორი: საბა ოსანაძე
29 მაისს ქართულ კინოეკრანებზე გამოდის ანდერსონების პლეადის ღირსეული წარმომადგენლის, უეს ანდერსონის ფილმი „ფინიკიური სქემა“. მთავარ როლებში, როგორც ყოველთვის, ჰოლივუდის დიდი სახელებია – ბენისიო დელ ტორო, სკარლეტ იოჰანსონი, ბენედიქტ ქამბერბეჩი და სხვა მრავალი. ფილმი მოგვითხრობს ავიაციაში და შეიარაღებაში მომუშავე მდიდარი მეწარმის (ბენისიო დელ ტორო) და მისი შვილის (მია თრიპლტონი) რთული ცხოვრების ამბავს.
ჩვენ მოგვეცა მიზეზი, რომ ვისაუბროთ უეს ანდერსონის კინემატოგრაფზე და, ცხადია, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. სანამ ფილმი გამოვა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რითაა გამორჩეული ამ რეჟისორის კინო.
უეს ანდერსონი თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო რეჟისორია. მის კინოსამყაროს ერთი კადრის ნახვითაც ამოიცნობ. წვრილმანებამდე დამუშავებული ვიზუალური სტილი, ფილმიდან ფილმში განმეორებადი თემები და უნიკალური თხრობის მანერა ანდერსონის კინოს მარტივად ამოსაცნობს და ფართო აუდიტორიისთვის მომხიბვლელს ხდის. ანდერსონის შემოქმედება უნიკალურია იმითაც, რომ ის თამაშობს ხიდის როლს, რომელიც საავტორო კინოსა და მასობრივ კინოს აერთიანებს.
ანდერსონის ვიზუალური სტილი არის საჩუქარი პერფექციონისტებისთვის. სცენაში არაფერი არ დგას უაზროდ. ყველა საგანი თუ ადამიანი კადრში მოთავსებულია, რათა ემსახუროს ერთ დიდ არსებას, რომელიც უესის კინოსამყაროში ისეთივე როლს ასრულებს, როგორც ბერძნული ღვთაება, რომლის სადიდებლად ყოველწლიურად რიტუალებს მართავენ. ანდერსონთან ეს ღვთაება სიმეტრიაა. თავის მხრივ სიმეტრიის მხატვრული დანიშნულებაა კომპოზიციის ცენტრში მყოფი პერსონაჟის გამოყოფა. პერსონაჟები კადრში სულ ცენტრალურ ადგილს იკავებენ და მათ, როგორც ეს ხშირად ხდება, ჰოლივუდის კინოვარსკვლავები განასახიერებენ. კამერის გამოზომილი მოძრაობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს კომპოზიციების ოსტატურ აგებულებას.
ვიზუალური საშუალებების ასეთი მოწესრიგებულობა და ჰარმონია კონტრასტს ქმნის პერსონაჟების შინაგან ქაოსთან, რაც განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს მაყურებელში. ფერების არჩევანი ფილმების ლაიტმოტივს გამოხატავს – „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტში“ (2014) და „ამომავალი მთვარის სამეფოში“ (2012) გამოყენებული ღია ფერებით ნოსტალგიური და ზღაპრული ატმოსფერო იქმნება. ანდერსონის ვიზუალის მიმართ მაღალი ყურადღება სცდება სუფთა კინემატოგრაფიულ ჩარჩოებს და გადადის სივრცის დიზაინში, კოსტიუმებსა და ტიპოგრაფიაში. მისი ყოველი ფილმი ქმნის თვითმყოფად სამყაროს, რომელშიც ხშირად შემოდის ფანტასტიკური ელემენტები. ამ სამყაროში, როგორც უკვე ვთქვით, ყველა საგანს აქვს დანიშნულება. ეს სტილიზაცია აქცევს მის ფილმებს ერთდროულად ზედმიწევნით გამოზომილსა და სპონტანურს.
პედანტურად მორთული ზედაპირის უკან, ანდერსონის ფილმებში ადამიანის მოწყვლადობის კვლევა იმალება. მისი პერსონაჟები ხშირად ემოციურად შეუმდგარები, გაუცხოებულები არიან, რაიმე სახის დანაკარგს უმკლავდებიან ან პირადი წარუმატებლობა ტანჯავთ. ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ტენენბაუმების ოჯახი“ (2001) და „მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“ (2007) გამოკვლეულია ოჯახური პრობლემები და შერიგებისკენ ლტოლვა. თუნდაც მისი ნამუშევრები ფანტასტიკურ ჟანრში, როგორიცაა „შეუდარებელი მისტერ ფოქსი“ (2009) და „ძაღლების კუნძული“ (2018) – ამ ფილმებში მოთხრობილი ამბების მოტივი არის განდევნილობა, იდენტობის საკითხი და რაიმე ჯგუფის მიმართ კუთვნილების პრობლემა.
ანდერსონი სიკვდილს, სევდას და ღალატს ირონიის პრიზმიდან გვაჩვენებს. ეს ანტითეზა განსხვავებული ხასიათით წარმოგვიდგენს ტრაგიკულ თემებს, მაგრამ არ აუბრალოებს მათ. ტრაგიკულის კომიკურად და კომიკურის ტრაგიკულად ჩვენება ანდერსონის საავტორო ხერხია. ტრაგიკულის ირონიზება უხამსობაში არ გადადის, ის ოსტატურად იცავს ზღვარს, რომ ტრაგიკულ მოვლენაზე კეთილად გაგეცინოს და ცხოვრების მოუშორებელ ტკივილს ღიმილით შეხვდე.
მისი პერსონაჟები თითქოს ზედმეტად შეუმდგარები არიან, რათა მის მიერვე იდეალურად მოწყობილ სამყაროში თავიანთი ადგილი იპოვონ. თითქოს ავტორმა გაწირა თავისივე პერსონაჟები, რათა ისინი სულ გაუცხოებულები ყოფილიყვნენ. მათ უჭირთ სრულყოფილად გამოხატონ საკუთარი ვინაობა, ამიტომ პერსონაჟების ურთიერთობაში ბევრი უხერხულობაა. მსახიობები მანერულ და კარიკატურულ სახეებს ქმნიან, მაგრამ რეალურად ამით პერსონაჟები არ “ბრტყელდებიან”. საუბარია ისეთ კინოვარსკვლავებზე, როგორიცაა ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, ბენისიო დელ ტორო, რალფ ფაინსი, უილიამ დეფო, სკარლეტ იოჰანსონი, ტიმოტი შალამე და სხვები. ყველა მსახიობი წარმატებით იხდენს ანდერსონის სამყაროს წესებს და ვერცერთის ნამუშევარზე ვერ იტყვი, რომ ის საერთო დინებიდან ამოვარდნილია.
განსაკუთრებული ამბის თხრობა, თავების გამოყოფა და ინტერ-ტიტრები ყურების დროს განსხვავებულ აურას ქმნის, მაგრამ რეალურად მაყურებელი არ გრძნობს დისკომფორტს. მართალია, კინემატოგრაფის ეს ფორმა უცხოა, მაგრამ პირველივე წუთებიდან მაყურებელი უმეგობრდება ამ ფორმას და მისთვის ეს უკვე ნაცნობი და საყვარელი სამყაროა.
უეს ანდერსონი უნიკალური რეჟისორია არა მხოლოდ ვიზუალური სტილის გამო, არამედ მას უნიკალურობას სძენს ისიც, თუ რა ამბებს მოგვითხრობს ამ სტილის საშუალებით. ეს ამბებია ადამიანის მოწყვლადობა და გარე სამყაროსთან კავშირების ძებნა. მის ფილმებში შინაგანი სამყარო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფერადი და ხასხასა გარე სამყარო.
ემოციური გულწრფელობისა და კოპწია ვიზუალის სინთეზი არის უეს ანდერსონის კინოენა.