fbpx

კვარა – საერთო სიხარული


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თან დაჰყვება არგენტინელი კომენტატორის ემოციებით სავსე ხმა, ფოლკლენდის ომის გამოძახილით კი, ეს ხმა განსაკუთრებულ სახეს იღებს მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში არგენტინასა და ინგლისს შორის, ლეგენდარულ ესტადიო აცტეკაზე, სადაც მარადონას მითი საკუთარ თავს საბოლოო ვერსიით შეკრავს – დიდი დარღვევით გატანილ პირველ გოლს, ცნობილს ღმერთის ხელით, რამდენიმე წუთში მეოცე საუკუნის ყველაზე ლამაზ გოლს დაამატებს, კოსმოსურ ნახტომს, სადაც მთელ ინგლისის ატყუებს – სტივ ჰოჯის, პიტერ რიდს, ტერი ბუჩერს, ტერი ფუნუიკს, მარგარეტ ტეტჩერს… კომენტატორი კი გაყვირის, მადლობას უხდის ღმერთს, ფეხბურთის შექმნისთვის, დიეგო მარადონას გაჩენისთვის. მოცემული ალუზიით, თანაც უკვე მარადონას ათასჯერ შედარებული და ნეაპოლელთა პირით წოდებული კვარადონა, კარგად მოირგებს ოდას: მადლობა ღმერთო, ფეხბურთის შექმნისთვის, მადლობა კვარასთვის!

ამბავი ასეთია: ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი და საერთოდ ნახევარწლიანი პარიზული სეზონი ტრიუმფით დაასრულა – მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, დესერტად კი ლიგის ფინალში ისტორიაში პირველი ქართული გოლიც გაიტანა. კვარას ამბავი არ არის მხოლოდ ბანალური ამბავი გამარჯვებულზე – ეკლებით მოსილი გზა, თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა მიზნის ასრულებისკენ და სხვა. ეს უფრო დიდი ამბავია. ბანალურობისა და ენით მოუხელთებლობის ზევით მდგარი ამბავი.

ქართული საზოგადოება შიდა დაძაბულობისა და განხეთქილების ტენდენციას განიცდის, არასამართლიანმა პოლიტიკურმა კლიმატმა თავისი გაიტანა და ეს ილუზიად წარმოდგენილი პოლარიზაცია რეალური გახადა. ასეთ დროს საზოგადოების გაერთიანების ერთადერთ წერტილს სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი წარმოადგენს. ეს კი არ არის, ასე მარტივად გასატარებელი და თვალის ასაცილებელი ამბავი. 31 მაისის საღამო ასეთი იყო: ქუჩებში მანქანები დაძაბულად დაქროდნენ, მოსახლეობა სახლებისკენ და ბარებისკენ მიიწევდა, მეტროს ამოსასვლელში ყვავილების გამყიდველი ქალბატონები თუ უბრალო რიგითი გამვლელები ჩემპიონთა ლიგურ ღამეზე გალობდნენ. მუდმივ დაძაბულობაში მყოფ საზოგადოებას ფეხბურთი ნანატრ და მნიშვნელოვან სიხარულს აჩუქებსს, ჩვენებურების ბურთის გორვა იმედს და რწმენას მატებს. ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკაა.

კვარა რაღაც სხვა მნიშვნელოვანსაც მატებს ამ ყველაფერს – ახალ პარადიგმას.  ასეც ამბობენ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში შესაძლოა ბევრი უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილიყო – რა საჭიროა კამათი – მაგრამ კვარას გამოარჩევს ერთი ენით აღუწერელი უნარი, მის ფეხებს რომ თან დაჰყვება – წარმოუდგენლის რეალობად ქცევის უნარი. მოდი, გავიხსენოთ:

რა, რა გზით… ზოგი ჭირი მარგებელიაო პრინციპით, კვარა დაეხსნა რუსული კუბოკის ბრჭყალებს და თავი ევროპულ ფეხბურთში ნახა, იქამდე, მუხლები რომ არ დაჟანგებოდა, ზღვისპირა ბათუმში აგორავა ბურთი. ნეაპოლში მისულმა სეზონი ტრიუმფით დაიწყო და სამი ათწლეული უნახავი სკუდეტო ჩამოუტანა ცენტრისგან მივიწყებულ და დაკნინებულ სამხრეთ იტალიელებს. პარტენოპეელებს ასეთი რამ ბოლოს დიეგო მარადონას ფეხებით ენახათ. მარადონაც ხომ მაგ გაქანების ფეხბურთელი იყო, შეუძლებელს შესაძლებლად აქცევდა, თავისი ფეხების გარშემო მთელ ქვეყანას მოკრებდა ხოლმე.

არც აცია და არც აცხელა, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ჩვენებურები არ დასჯერდნენ და პლეიოფშიც გააგორეს ბურთი – პირველი მცდელობისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება მოაგროვეს და სამომავლო ჰორიზონტიც დასახეს – დიდი ჰორიზონტი ქართული ფეხბურთისა.

უკანასკნელი წარმოუდგენელი ამბავი კი აგერ, გაზაფხულის უკანასკნელ დღეს აღასრულა: ნახევარი სეზონის უკან მისულ პარიზში მისი ფეხი ლიგის ტრიუმფის იღბლად გამოდგა. ფეხი, რომელიც არც შეტევაში სირბილს იზარებს და არც დაცვაში მუშაობას თაკილობს. ესეც ისტორიული პირველობის ამბავია – ლიგის თასი პარიზში. იქამდე ფრანგებს შორის ეს მხოლოდ მარსელელებმა შეძლეს ბასილ ბოლის ერთადერთი გოლის დამსახურებით, 93-წლის კაპელოს მილანთან.

წარმოუდგენლის რეალობად გარდაქმნა ეს არ არის მეტაფიზიკური პრაქტიკა. ეს თავისი ბუნებით მატერიალისტურია და რწმენისა და შრომის განსაკუთრებულ სინთეზს წარმოადგენს, რომლისთვისაც მარცხი, როგორც მოვლენა დაუშვებელი ხდება. კოტე ყუბანეიშვილის გამონაკლის ვერლიბრებს შორის იძებნება ერთი ქართულ ფეხბურთზე. ლექსში დამოუკიდებელი საქართველოს შესანიშნავი მობურთავეები არიან ჩამოთვლილი, მათი საუკეთესო უნარებით, ლექსის მორალი კი იმაში მდგომარეობს, რომ მათ კარგად ითამაშეს, თუმცა წააგეს. მარცხის ესთეტიკა – ესაა ის, რაც დიდი ხანია დაჰყვება ქართულ ფეხბურთსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. თითქოს ისე დადგინდა, რომ უნდა დავმარცხდეთ. ეს მარცხიც ისე მოვიზომეთ და მოვიხდინეთ, რომ მნიშვნელოვანი ხდება დავმარცხდეთ არა უბრალოდ, არამედ განსაკუთრებულად, კარგ შემთხვევაში – დიდებულად. კვარაცხელიას მარდი ფეხები გამარჯვებისკენ სვლის სიმბოლოს წარმოადგენს, ყველაზე კარგი ილუსტრაცია კი, საკმაოდ მოსაწყენ ფინალში ვნახეთ, ტაბლოზე დრო, სადღაც მეოთხმოცე წუთისკენ მიიზლაზნებოდა, ინტერი იშვიათ კონტრშეტევაზე მიიწევდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გამანადგურებელი იყო და არც ენერგია უნდა ყოფილიყო წესითა და რიგით საკმარისი, ხვიჩა მთელი ძალითა და ენერგიით, თითქოს მატჩის საწყისი წუთები ყოფილიყო, მეტოქისკენ გაიქცა და ბურთი აართვა. ეს იყო მოტივაციის მომცემი სცენა – რწმენის, თავდადაებისა და შეუპოვრობის მაგალითი, რომლისთვისაც მარცხი ზედმეტი დანამატია.

ნეაპოლს მოვყევით და ერთი ორი სიტყვა უნდა ითქვას. ცუდისგან თავი შევიკავოთ, ყურებიც და თვალებიც დავხუჭოთ საფეხბურთო პროსტიტუციით დაკავებულ აურელიო დე ლაურენტისიზე, რომელმაც ხვიჩას თავისი წილი იტალიის ჩემპიონის მედალი არ არგუნა.

კვარა ამ ქალაქში უყვართ და მარადიულად ეყვარებათ კიდეც. გავიხსენოთ ჩემპიონი ნაპოლი, განსაკუთრებული და სტიქიური გუნდი, სეზონის ნახევარში რომ გადაწყვიტა იტალიის ჩემპიონობის ამბავი. ამ ნახევარ სეზონში, რა ფეხბურთსაც აჩაღებდა მომგები, არც არავინ ჰყავდა, არც ხვიჩას მოეძებნებოდა გამჩერებელი. გამანადგურებელ მანქანაში გრანდები, თანაც არა მხოლოდ იტალიური – უშანსოდ ეცემოდნენ.  „ღმერთების შვილებთან“ გატანილი ხვიჩას პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლი და მერსისაიდული ვოიაჟი, როგორც საფეხბურთო ურბანისტები იტყოდნენ: კარტოფილის ბადის საყიდლად გაგზავნილი ტრენტ ალექსანდრ არნოლდი – კარგი გასახსენებელია. ნეაპოლელების, საკუთრივ კი კვარას გაჩერება მაშინ მხოლოდ ორჯერ შეძლეს, ერთხელ ნერაძურიმ თავისი ბინძური, ანუ კლასიკური იტალიური მეთოდებით, მეორედ კი ვინმე დოდო გამოჩნდა არსაიდან, ფლორენციელთა მარჯვენა ფლანგელი. სხვა მხრივ, კვარა, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა თავს დაცვითი ფეხბურთით განთქმულ აპენინებზე.

სტიქიურობა ლიმიტირებულია – დიდხანს ვერ ძლებს. ნაპოლის ტალღამაც გადაიარა, ლუჩიანო სპალეტის ტაქტიკური ანალიზი მარტივად გასარჩევი გახდა, ანგისას, ლობოტკას და სხვა ფეხბურთელების ჯადოსნურ ელექსირსაც ვადა გაუვიდა.

ფრანგულ რაინდული ეპოსში მოიძებნება ნაწარმოები “როლანდის სიმღერები” – კვარას და ოსიმენის იტალიური ვოიაჟი მართლაც წააგავს რაინდულ ეპოსს, ამბავს როლანდისა და ოლივიეს მგზნებარე მეგობრობის შესახებ, ერთი იმპულსური, მეორე – ბრძენი, მომთმენი. გამარჯვებაც მალევე დაუდგათ ორივეს, მაგრამ მათი გზები გაიყარა, ერთის – კონსტანტინოპოლისკენ, მეორის – პარიზში.

პარიზში სხვა ამბავი ბობოქრობს, უფრო უკუღმა – აქ სტიქიურობა კალაპოტშია მოქცეული. ლუის ენრიკეს საფეხბურთო გონი ასე მოქმედებს, მან შეძლო და უნაგირი დაადგა ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავებს. განებივრებულ, მეტიჩარა თინეიჯერებს. მათზე საშიში და დაუმორჩილებელი ცოტა რამეა სამყაროში, ლურჯებში კი ასეთები უხვად იყვნენ, მბაპეც ხომ ამ ციკლის წარმომადგენელია. ერთია, რომ მას დიდი ხანია ბავშვობის ოცნების ახდენა და ბლანკოსის მაისურით ბურთის გორაობა სურს, თუმცა მეორე ამბავი ლუის ენრიკეა, დიდად თავი არ შეიწუხა მის შენარჩუნებაზე, მეტიც, უკმაყოფილოც კი იყო კილიანის დაცვითი უნარებით. შესანიშნავი ვიდეოც არსებობს, სადაც გასახდელში მაესტროს ახალგაზრდა ფრანგი ჰყავს დამარტოხელებული და მაიკლ ჯორდანის შესახებ ესაუბრება, ჯორდანის, რომელიც დაცვაში თამაშს არასდროს თაკილობდა. კვარას გადმობარგებით ლუის ენრიკემ მიიღო იდეალური სქემა. კვარა არც შეტევას აკლებს, არც ცენტრში მოძრაობას, სიღრმეში შესვლას, უხილავ ფიგურად გარდაქმნას, და რაც მთავარია, არც დაცვაში თამაშს. მეტიც, ლიგის რამდენიმე შეხვედრაში მისი საკვანძო როლი, სწორედ დაცვითი ფუნქციებით გამომზეურდა. კვარა ენრიკეს ხელში ყალიბდება, როგორც უნივერსალი, მრავალფუნქციური, სტილისტურად აღსანიშნი და ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.

პარიზში, სადაც წლების განმავლობაში ქაოსი მეფობდა – ვარსკვლავების კაპრიზი, გაწყვეტილი გეგმები, მწვრთნელების გაუჩინარება – ენრიკე სწორედ ის ენერგიული და გონებრივად მჭვრეტელი ცენტრია, საიდანაც გამოსჭვივის სტრატეგიული ჭკუა.

კვარას რწმენითა და შრომით მოპოვებული უნარი – წარმოუდგენლის რეალობად გარდაქმნისა და მარცხის ესთეტიკის განადგურებისა, ის უნარია, რომელმაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა ნახოს თავისი თავი. 

ეს ის უნარია, რომელიც საზოგადოებამ უნდა თარგმნოს თავის სასარგებლოდ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.