fbpx

ნეგატიური იდენტობა – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“


გააზიარე სტატია

 

ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“

თარგმნა ირაკლი ლომოურმა

 

ნეგატიური იდენტობა

(კრებულის პირველი ესე)

 

„რუსული სამყარო“ – თანამედროვე რუსეთის მთავარი იდეაა, ხოლო მისი გაფართოება – სახელმწიფოს მთავარი მიზანი. წინა გაბატონებული იდეებისგან განსხვავებით, ისეთებისგან, როგორიცაა „მართლმადიდებელი სამეფო“, „მესამე რომი“, „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა“, „კომუნიზმი“, „კლასობრივი ბრძოლა“, „პროლეტარული ინტერნაციონალიზმი“, „მსოფლიო რევოლუცია“,  „რეალური სოციალიზმი“ – „რუსული სამყარო“ ფერმკრთალ, არსებითი შინაარსის არმქონე იდეად წარმოგვიდგება. რუსეთი ახლა საერთოდაც აღარ იგივდება არანაირ ზოგად ცნებასთან – მხოლოდ საკუთარ თავთან, „რუსეთთან“, როგორც ასეთთან („ზეთი ზეთოვანი“ – «масло масляное»). (შემთხვევითი არაა, რომ ჩვენს რუბრიკას დავარქვით „რუსეთი, როგორც ასეთი“. – მთარგმნ. შენიშვნ.) ამიტომ, გაუგებარი რჩება, საკუთარი თავის გარდა, რისი გულისთვის უნდა ფართოვდებოდეს. 

ვლადისლავ სურკოვმა, რომელმაც რუსეთის პოლიტიკის ცენტრში „რუსული სამყარო“ დააყენა, მართლაც არაფრით დაასაბუთა ის, გარდა თავად „გაფართოების სურვილისა“: „რა არის რუსული სამყარო? ესაა იდეა, რომელიც ოდესღაც სახელმწიფო პოლიტიკის სტრუქტურაში შევიყვანე… შემდეგი ამოცანა იდგა: როგორ გვეთქვა იმპერიაზე, გაფართოების ჩვენს სურვილზე ისე, რომ, იმავდროულად, მსოფლიო თანამეგობრობის ყურთასმენა არ შეგველახა“. («Что есть Русский Мир? Эта идея, я её когда-то ввёл в структуру государственной политики… Была такая задача: как сказать об Империи, о нашем желании расширяться, но при этом не оскорбить слух мирового сообщества». «Сурков рассказал о своём понимании русского мира». Russia Today. 12 июня 2021). ვ. სურკოვის რომანის სახელწოდების, «Околоноля»-ს (2009, გამოქვეყნდა ფსევდონიმით: ნატან დუბოვიცკი – Натан Дубовицкий) გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსული სამყარო მის მიერ სწორედ ასე განისაზღვრება: როგორც მბრუნავი და გაფართოებადი ნული.

და მართლაც, რუსული სამყაროს გაფართოებას თუ შევხედავთ, მასში ვერანაირ  შინაარსობრივ – რელიგიურ-მსოფლმხედველობრივ ანდა სოციალ-ეკონომიურ – მოტივაციას ვერ აღმოვაჩენთ. ის ქვეყნები, რომელთა მეშვეობითაც ეს „სამყარო“ გაფართოებას ცდილობს: ჯერ საქართველო, მერე კი, განსაკუთრებით, უკრაინა, თუკი დავაკვირდებით, რუსეთისთვის, თავისთავად, რაიმე პრინციპულად უცხოს არ წარმოადგენს: სარწმუნოება – მართლმადიდებლურია, ცხოვრების წესი – კაპიტალისტური. ამ დაპირისპირების მიზეზი რომ განვსაზღვროთ, „რუსული სამყაროს“ რაიმე პოზიტიური თვისებებიდან კი არ უნდა ამოვიდეთ, არამედ სწორედ იქიდან, რასაც ის უარყოფს. და მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს სამყარო, თავისი არსით – ანტისამყაროა: ის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ნიშან-თვისებებით განისაზღვრება, რომლებიც თვითკმარი წინა იდეოლოგიების კრახის შემდეგ გახდა. რუსეთის თავისებურება XXI საუკუნეში – ესაა სუფთად ნეგატიური იდენტობის ფორმირება, “საწინააღმდეგოდან” გამომდინარე.

ისტორიის ყოველი შემდგომი ფაზა ყველა წინას ახალ საზრისს ანიჭებს. რუსეთის ახლანდელი ომი უკრაინასთან, ევროპასთან, დასავლეთთან სოციალურ-ეროვნული იდენტობის იმ უარყოფით ნიშან-თვისებებს წარმოაჩენს, რომლებიც წინათ ცვლადი სტრატეგიების ბურუსში იმალებოდა. „მოსკოვია“ თავს ხან მართლმადიდებლური სულიერების ბასტიონად აცხადებდა; ხანაც რუსეთის იმპერია ყველა სლავური ხალხის გაერთიანებას ცდილობდა, ევროპის სათავეში დადგომა სურდა; ხანაც საბჭოთა კავშირი ლამობდა მთელი კაცობრიობა ყველაზე მოწინავე სწავლების დროშის ქვეშ დაეყენებინა და კაპიტალიზმი პირისაგან მიწისა აღეგავა. ახლა სქემა გამარტივდა. რუსეთი – ურჯულოებისა და ბურჟუების, კათოლიციზმისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგი კი არაა, არამედ საზოგადოდ – წინააღმდეგი, როგორც ანტინივთიერება თავისი ფიზიკური ბუნებითაა საპირისპირო ნივთიერებისა. ანტინივთიერების ბირთვი, რომელიც მეცნიერთა მიერაა სინთეზირებული (მხოლოდ თეორიულად, თუ არ ვცდები. – მთარგმნ. შენიშვნ.), ანტიპროტონებისა და ანტინეიტრონებისგან შედგება, ხოლო ნივთიერებისა და ანტინივთიერების ურთიერთქმედებისას, ორივე ანიჰილირებას განიცდის, ნადგურდება. ამის მსგავსად რუსეთი საუკუნეების განმავლობაში თავის თავში ისტორიულ ანტინივთიერებას გამოიმუშავებდა, რომელიც ახლა გარემომცველ სამყაროსთან შეჯახებაში სტადიაშია და მას აფეთქების ჯაჭვურ რეაქციაში განადგურებას უქადის. ათასწლეულის განმავლობაში მომხდარი ამ ყველა მეტამორფოზის შედეგად “იდეალური შტორმის” სივრცე გაჩნდა, ცარიელი “ძაბრი” (воронка – ანუ “მორევი” ), რომელიც ზომით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ტოლია და რომელიც ცდილობს შეისრუტოს ყველაფერი, რაც მის გარშემოა. ის თავისი თავით კი არ განისაზღვრება, არამედ მხოლოდ იმით, რასაც უპირისპირდება. ანტიდრო, ანტიმომავალი, ანტიისტორია, ანტისამართალი, ანტისოციუმი, ანტითავისუფლება, ანტიყოფიერება…

2022 წელს რუსული სოციუმი მყისიერად ანტისოციუმად დაკრისტალდა, თუმცა ეს პროცესი ათასი წელი გრძელდებოდა. ეს სოციალური ანტინივთიერება თავის ფიზიკურ ეკვივალენტს ფლობს – ბირთვულ იარაღს. ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ ესა თუ ის ქვეყანა გაიჩენს ხოლმე (обзаводится) ბირთვულ იარაღს,  მაგრამ ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვულ იარაღი თავად იჩენს ქვეყანას (ядерное оружие обзаводится своей страной), რომელიც“ანტი”-ს ისეთ მდგომარეობამდე მომწიფდა, რომ მთელი სამყაროს (და ასევე, თავისი თავის) განადგურება შეუძლია.

 

42 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.