fbpx

„ALL THE LOVE AND NONE AT THE SAME TIME“ – დავით გიორგაძის ახალი წიგნი


გააზიარე სტატია


„ALL THE LOVE AND NONE AT THE SAME TIME“ – დავით გიორგაძის ახალი წიგნია, რომელსაც „They Said Books“-ის გამომცემლობა წარმოადგენს. წიგნი არტისტის ერთგვარი დღიურია. ათწლიანი კოლექცია, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ნამუშევრებს, მათ შორის – ფოტოებს, ფერწერას, კოლაჟებსა და ჩანაწერებს. წიგნი ინტიმურ ურთიერთობებსა და კავშირებს, იზოლაციასა და ერთობას, დროის მსვლელობასა და მასზე დაკვირვებებს ეხება. წიგნში არტისტის ნამუშევრებთან ერთად შესულია ინტერვიუც, ამერიკელი მწერლის, მაიკლ ბულოკის ავტორობით, ინგლისურ და ქართულ ენაზე.

დავითი 19 წლის ასაკში თბილისიდან ბერლინში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად ხელოვნების განხრით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ინსტიტუციური განათლება არ იყო მისთვის საინტერესო და მოდის ფოტოგრაფიაში გააგრძელა მუშაობა და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობს. ცხოვრობს ბერლინსა და ნიუ-იორკში. მისი ადრეული ინტერესები და შთაგონების წყარო იყო მოდა, ანატომია, ფილოსოფია და არტ-ჰაუსის ფილმები. დავითის ნამუშევრები დაკვირვებასა და პერსონაჟების შესწავლაზეა დაფუძნებული, ის იკვლევს მათ კულტურასა და მგრძნობელობას და ცდილობს ხმა და ხილვადობა შესძინოს მათ. მის კომერციულ კლიენტებს შორის არიან: Bottega Veneta, Burberry, Diesel, Gucci და ა. შ. მონაწილეობდა ისეთ გამოფენებში, როგორიცაა: “New Beginnings”, “Air Of Uncertainty”, “Unseen Heritage”, “Hotel Europa”, “One Thing Leads to Another”, “US And Them”. 

 წიგნის პრეზენტაციისა და ხელმოწერის ღონისძიება 7 ივნისს „They Said Books“-ის მაღაზიაში, ახვლედიანის 10 ნომერში, 17:00 საათიდან გაიმართება, ხოლო სოლო გამოფენა 8 ივნისს, ინგოროყვას 20 ნომერში, „They Said Books“-ის დროებით საგამოფენო სივრცეში, 18:00 საათიდან გაიხსნება. ექსპოზიცია დავით გიორგაძის შერჩეულ ნამუშევრებს მოიცავს. ამ ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO.

საქართველოში არსებული საგანგაშო პოლიტიკური კლიმატის გამო, თბილისი წიგნის პრეზენტაციისა და გამოფენის საწყის წერტილად შეირჩა. დავითის მიზანია, ყურადღება მიაპყროს მშობლიურ ქალაქს, სადაც ჰომოფობია მზარდია, ხოლო პრორუსული მთავრობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დუმილს აიძულებს. არტისტი იმედოვნებს, რომ მოტივაციას მისცემს და დაეხმარება საქართველოს ახალგაზრდა თაობას, რომელიც მცირე იმედით ვითარდება.  წიგნის პრეზენტაცია წელსვე პარიზსა და ნიუ-იორკში გაგრძელდება.

218 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.