fbpx

ფსევდომორფოზა და ანტიმორფოზა – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“


გააზიარე სტატია

ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“

თარგმნა: ირაკლი ლომოურმა

 

ფსევდომორფოზა და ანტიმორფოზა. მსოფლიო იატაკქვეშეთი

(ეპშტეინის კრებულის  მეორე ესე)

 

რუსეთი ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც დანარჩენი სამყაროს ანტითეზა, ვითომცდა, მტრებით გარშემორტყმული: „ერეტიკოსებით“, „ურჯულოებით“, „წარმართებით“ „ჟიდომასონებით“, „კაპიტალისტებით“, „ანტიკომუნისტებით“, „ანტისაბჭოელებით“, „რუსოფობებით“, – რაც მისი  გაუკუღმართების მოწმობაა. 

რუსული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი თავისებურება არსებობს, რაც, თითქოსდა, ერთმანეთს ეწინააღმდეგება: დასავლეთზე დამოკიდებულება და დასავლეთთან საკუთარი თავის დაპირისპირება. ოსვალდ შპენგლერმა ამას ფსევდომორფოზა შემთხვევით არ უწოდა: ერთი კულტურა, რომელიც ვერ განვითარდა თავისი თავიდან, სხვა კულტურის ფორმას იღებს. „ხალხს, რომელსაც კიდევ თაობების განმავლობაში ეწერა ისტორიის მიღმა ცხოვრება, თავს მოახვიეს ხელოვნური და არანამდვილი ისტორია… შემოიღეს მოგვიანო ხელოვნებანი და მეცნიერებანი, განათლება, სოციალური ეთიკა, მსოფლიო დედაქალაქის მატერიალიზმი…“ – წერდა გერმანელი მოაზროვნე ოსვალდ შპენგლერი პეტრეს დროინდელი რუსეთის ფსევდომორფოზაზე. 

თუმცა ყველა კულტურა, რომელიც გახდა „ფსევდო“, არ ხდება „ანტი“, ანუ ისეთი, რომელიც თავისი პირველადი მატრიცის მოსპობას ცდილობს. საამისოდ ფსევდომორფოზა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომელიც საკმარისად დიდ ტერიტორიასა და მოსახლეობას ფლობს, რათა გაუჩნდეს უნარი, დაუპირისპირდეს იმ ცივილიზაციას, რომლის ფორმაც მიიღო. არსებითად, პეტრე პირველის დროიდან რუსეთი იმისთვის ითვისებდა დასავლეთის  ტექნიკას, მრეწველობას, საგანმანათლებლო სისტემას, რომ საკუთრივ დასავლეთისთვის დაეპირისპირებინა. რუსეთი აღმოჩნდა არა მხოლოდ ფსევდომორფოზა, არამედ ანტიმორფოზაც, და რაც მეტს სესხულობს, მით მეტად ემტერება თავის ნასესხობათა წყაროს. „ყველაფერი, რაც გარშემო გაჩნდა, იმ დროიდან  ჭეშმარიტი რუსობის მიერ აღიქმებოდა, როგორც საწამლავი და სიყალბე. ევროპის წინააღმდეგ ნამდვილი აპოკალიპსური სიძულვილია მიმართული (ო. შპენგლერი).

ესაა მოშურნეობის და მეტოქეობის კულტურა, რომელიც თავის მოწოდებას იმაში პოულობს, რომ სხვა კულტურების პირველობა ეჭვქვეშ დააყენოს, განდევნოს ისინი სწორედ იმ მიღწევათა მეშვეობით, რომლებიც მათგან აითვისა.

სწორედ ესაა რუსეთის უზარმაზარი განსხვავება ჩინეთისგან, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება, როგორც განსაკუთრებული ცივილიზაცია, დასავლურზე ადრე რომ გაჩნდა და ცხოვრების შეცნობისა და გარდაქმნის საკუთარი გზები გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა დასავლეთისგან უამრავი რაღაც ისესხა, ის მაინც საკუთარ ცივილიზაციურ საფუძველზე ვითარდება. რუსეთმა, რა თქმა უნდა, არსებითად ხელი შეუწყო ჩინეთის ანტიდასავლური განწყობის გაძლიერებას, ის კომუნისტური რევოლუციისა და მარქსიზმ-მაოიზმის გზაზე დააყენა. მაგრამ ჩინეთის ისტორიული ბედისწერა გაცილებით მძლავრსა და ხანგრძლივმოქმედ მექანიზმებს ფლობს. ხოლო რუსეთს, დასავლეთის გარდა, სხვა საყრდენი, მისწრაფების სხვა წერტილი არ გააჩნია, რომელიც,  იმავდროულად, განზიდვის წერტილიცაა.

რუსეთი მუდმივად უჯანყდება მსოფლიო წესრიგს, თუმცა წესრიგის დამყარება საკუთარ თავშიც კი არ შეუძლია. დოსტოევსკის იატაკქვეშა ადამიანს საკუთარი „მეობის“ გამძაფრებული განცდა აქვს, მაგრამ, იმავდროულად, დიდი შემოქმედებითი ნიჭი არ გააჩნია და ამიტომ მსხვილი თუ წვრილმანი  სიბინძურეების კეთებაზე იხარჯება, რაც ყველაზე დიდ ტანჯვას თავად მას აყენებს. რუსეთი – “იატაკქვეშა” სახელმწიფოა, და შემთხვევითი არაა, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პოლიტიკური იატაკქვეშეთი, შემდეგ კი, უკვე XX საუკუნეში, რევოლუციური იატაკქვეშეთი ხელისუფლების მწვერვალებზე აღაზევა. მსოფლიო არენაზე რუსეთის მოქმედებაში გამოსჭვივის თავის თავში უკვე სავსებით დარწმუნებული იატაკქვეშა ადამიანის ქცევა, რომლის ახალ განსხეულებად XXI საუკუნეში სახელმწიფოს პირველი პირი მოგვევლინა.

ეს ქვეყანა ყველას იწვევს, აწვალებს, ამცირებს, მაგრამ, იმავდროულად, არ გააჩნია უნარი შექმნას საკუთარი ცივილიზაცია, რომლისკენ სხვა ხალხები საკუთარი ნებით წავიდოდნენ. რუსეთის ტრაგედია ისაა, რომ არასაკმარისად დამოუკიდებელი და შემოქმედებითია, რათა ააშენოს განსაკუთრებული ცივილიზაცია, რომელიც მეტოქეობას გაუწევდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დიდ ცივილიზაციებს. თანაც ის მეტისმეტად ვრცელია და ამაყია საიმისოდ, რომ სხვა ცივილიზაციების ნაწილი გახდეს, დამხმარეს როლს შეეგუოს. 

რასაკვირველია, ქვეყანას არ გააჩნია მოვალეობა შექმნას საკუთარი ცივილიზაცია. არც ავსტრალია, არც ინდონეზია, არც პაკისტანი, არც ბრაზილია ამგვარ მიზანს არ ისახავენ. არადა,ზუსტად ამას მუდმივად ცდილობს რუსეთი – ხან მესამე რომის, ჭეშმარიტი რწმენის უკანასკნელი ციტადელის სახით; ხან საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც მსოფლიოს ნათელი მომავლისკენ გზას უკვალავს; ხანაც ევრაზიის ცენტრისა და ევრაზიულობის მედროშის სახით, რომელიც “ატლანტიზმს” უპირისპირდება… ყველა ეს მცდელობა კრახს განიცდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლავაც მეორდება. 

ქვეყანა ტანჯავს თავი თავსაც და სხვებსაც – და ამაში მდგომარეობს მისი ეგზისტენცია, მისი მეთოდი შეახსენოს ყველას (და საკუთარ თავს), რომ ცოცხალია. ამ ტანჯვის გარეშე ის უკვე დიდი ხანია მკვდარ უდაბნოდ იქცეოდა, – და მხოლოდ ტანჯვა, რასაც სხვებსა და თავის თავს აყენებს, აცოცხლებს მას, ისევე როგორც მის შემქმნელებს – გოგოლით, დოსტოევსკითა და ტოლსტოით დაწყებული, პლატონოვითა და სოლჟენიცინით დამთავრებული. 

რუსული ეგზისტენცია – საკუთარი თავისა და სხვების საწინააღმდეგოდ, იყოს პირველი (თვით)უარყოფასა და (თვით)ნგრევაში. საშიში და მტანჯველი ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა მისი მოსახლეობა ორ არათანაბარ ნაწილად გაიყოს: ლოთებად, ქურდებად, ნაძირალებად – და წამებულებად და წმინდანებად.

 

172 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.