fbpx

თბილისის ბალეტის ფესტივალი 24 ივნისს გაიხსნება და 6 ივლისს საზეიმოდ დაიხურება


გააზიარე სტატია

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეექვსედ ტარდება.  შარშანდლის მსგავსად, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან და ორკესტრთან ერთად,  ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი. 

თბილისის ბალეტის ფესტივალი  24 ივნისს გაიხსნება და 6 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

24 ივნისს გაიმართება ფესტივალის გახსნა. პიოტრ ჩაიკოვსკის “გედების ტბა” (II მოქმედება) – ჰამბურგის ბალეტის წამყვანი სოლისტების – ალესანდრო ფროლას,  მადუკა სუგაის   – და  საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის მონაწილეობით. გარდა ამისა, მაყურებელი იხილავს ჯორჯ ბალანჩინის “სერენადას” და  იური პოსოხოვის „საგალობელს“.

26 ივნისს წარმოდგენილი იქნება  ადოლფ ადანის ბალეტი  “ჟიზელი” – ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტების – ოლგა სმირნოვას, იაკოპო ტისის და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის მონაწილეობით.

28 ივნისს მაყურებელი იხილავს კოპენჰაგენში დაფუძნებული საბალეტო დასის –  „Kammerballetten” – თანამედროვე ქორეოგრაფების კამერულ ბალეტებს. პროგრამაშია პოლ ლაითფუტის, ტობიას პრეტორიუსის, ემა პორტნერის, სოლ ლეონის, ჰანს ვან მანენის, სებასტიან კლობორგის, ამილკარ მორეტ გონსალესის დადგმები. დანიური დასის გარდა, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტები: გიორგი ფოცხიშვილი, სალომე ლევერაშვილი და ტიმოთი ვან პუკე.

1 და 2 ივლისს  გაიმართება ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო – აღდგენილი პროგრამის პრემიერა – იორმა ელოს „1st Flash”, მედი ვალერსკის „Petite Cérémonie” და ირჟი კილიანის „Sechs Tänze“ – საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის შესრულებით.

4 და 6 ივლისს წარმოდგენილი იქნება კლასიკური ბალეტი “ბაიადერა” – მოწვეული ბალეტის  ვარსკვლავების, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტების – გიორგი ფოცხიშვილის (4 ივლისს), სალომე ლევერაშვილის (6 ივლისს) და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასის  შესრულებით.

ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპექტაკლებს დირიჟორობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორები: მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე და მაესტრო ლევან ჯაგაევი.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორები:

იტალიის, ნიდერლანდების, დანიის და საფრანგეთის საელჩოები საქართველოში, ასევე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის სპონსორები:

TBC Wealth Management, ლექსუს საქართველო, ლოქსიტანი, სარაჯიშვილი, ზარაფხანა, შატო მუხრანი, თბილისი მარიოტი, British Petroleum, თურქეთის ავიახაზები.

საინფორმაციო მხარდაჭერა:

რადიო ფორტუნა, AT.ge.

 

აფიშებზე გამოყენებული ფოტოების ავტორი: ლევან ლეკო ჭყონია

დიზაინერი: ბესიკ დანელია

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.