ანტისოციუმი. კრებითობა და ქურდობითობა – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
თარგმნა ირაკლი ლომოურმა
ანტისოციუმი. კრებითობა და ქურდობითობა
(ეპშტეინის კრებულის მესამე ესე)
რუსეთში გაჩნდა და განმტკიცდა ანტისოციუმის სისტემა, რომელიც შენდება საფუძველზე, ცივილიზაციის განვითარებას პირდაპირ რომ ეწინააღმდეგება. ესაა სიცრუეში, ქურდობაში, ძალადობაში, ყველა კანიონის დარღვევაში შეთქმულება. ეს უბრალოდ უარყოფითი სელექცია კი არ არის, არამედ უარყოფითობაა თავად საზოგადოების საფუძვლებში.
ხელისუფლების პატრიოტული დეკლარაციები უკვე დიდი ხანია კორუფციის შენიღბვად აღიქმება. სამშობლოს ჩუმ-ჩუმად რაც მეტს ჰპარავ, საჯაროდ ერთგულებას მით მეტად ეფიცები. მაგრამ პატრიოტიზმსა და კორუფციას შორის კავშირი გაცილებით ღრმაა, და ის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჭეშმარიტია და არა ფარისევლური. არსებობს ასეთი ანეკდოტი: „მამი, შენ ხომ ქურდი ხარ“, – ეუბნება გენერალს მისი ქალიშვილი. ის კი პასუხობს: „შვილო, მე სამშობლო მიყვარს – ჩემთვის შეიძლება“.
პატრიოტიზმი კორუფციის ნიღაბი კი არა არის, არამედ მისი ჭეშმარიტი სახეა. ვინც არ იპარავს, ის ჩვენიანი არაა. ქურდობა რუსეთში – ლოიალურობის მაჩვენებელია, მზაობაა ამხანაგების ერთგულების გამო ნებისმიერი კანონი დაარღვიო. სხვა საზოგადოებაში შეიძლება პატიოსნად გამოიმუშაო ფული და იმავდროულად, არ კანკალებდე შიშისგან, რომ ხვალ ციხეში ჩაგსვამენ. მაგრამ მაშინ ეს კანონის მორჩილება გამოდის, არადა, სამშობლო კანონზე მაღლა დგას. არსებობს ასეთი, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაცნობიერებული რწმენა – მშობლიურქურდობითობა. ამაზე ამბობს მ. ხოდორკოვსკი: “ადამიანებს მშვენივრად ესმით, რომ ქრთამს თუ არ იღებ, პოტენციურად არალოიალური ხარ და ეცდებიან, მოგიშორონ. …დანაშაულებრივი დაჯგუფება გეუბნება: ფულს თუ არ იღებ, ჩვენიანი არ ხარ, ამიტომ ან აიღე, ან მოშორდი აქედან”.
„მაფიოზურობისა” და “კორუფციის” ცნებები ნორმალური საზოგადოების დანაშაულებრივ ანომალიებს აღწერს მაშინ, როცა ანტისაზოგადოებაში თავად ეს მოვლენებია ნორმა, დაუწერელი კანონი, “გაგების” საფუძველი, ანუ სწორი, სოციალურად მოწონებული ურთიერთქმედება. ასეთ, თითქოსდა ამოყირავებულ მორალს საკუთარი, სიღრმისეულად მისტიკური საფუძვლები აქვს. ისინი „სოციალიზმის“ და “კოლექტივიზმის” გაჩენამდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა – საზოგადოების თავისებური გუნება-განწყობის საფუძველზე, რასაც სლავიანოფილობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ა.ს. ხომიაკოვი (1804-1860) “კრებითობას“ უწოდებდა. ხომიაკოვი აკრიტიკებდა კათოლიციზმს, სადაც სულიერი ერთობის იდეა ეკლესიის ორგანიზაციაში ვატიკანის მეთაურობით და დოგმატებისა და სამართლებრივი დადგენილებების სისტემაშია განხორციელებული. იმავდროულად, ხომიაკოვი აკრიტიკებს დასავლური ქრისტინაობის მეორე განშტოებას, პროტესტანტიზმს, სადაც პიროვნება ღვთის წინაშე თავისუფლად წარდგება. კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური კრებითობა მოქმედებს არა როგორც ყველასთვის აუცილებელი კანონი და არა როგორც ღვთის პიროვნული რწმენა, არამედ როგორც ეკლესიის ყველა წევრის იდუმალი შედუღაბება მათთვის საერთო სულით: „… მისი არსი მდგომარეობს მისი ყველა წევრის თანხმობაში და სულისა და ცხოვრების ერთობაში…“
მართლმადიდებლური თემის მისტიკური ერთობა სულიერი თანამიკუთვნებულობის ერთგვარ გამოცდილებას ემყარება: ყოველი აღიქვამს ყველას – და ყველა ყოველს – როგორც ერთიანი ორგანიზმის უჯრედებს, რომლებიც თავისი ნაწილების სუფთა ინტუიციური ურთიერთგაგებით და თანამონაწილეობითაა შედუღაბებული.
ქურდობითობა – სწორედ ესაა ანტისაზოგადოების კრებითობა. (ეს ცნება თუ ტერმინი – Соворность – ეპშტეინის შექმნილია. შევეცადე გადმომექართულებინა. „ქურდობითობის“ გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე: თანაქურდობა, ქურდობერთობა, თანამომპარავობა. ბოლომდე არცერთი არ მომწონს – ყველა ხელოვნურად ჟღერს. თუ უკეთესს შემომთავაზებთ, მადლობელი დაგრჩებით. – მთარგმნ. შენიშნ.) კრებითობაში თუ წესი, კანონი, წმინდა წერილი, საეკლესიო ინსტიტუტები კი არ ბატონობს, არამედ რაღაც მოუხელთებელი ერთობა, საიდუმლოს შეკავშირება, – ანტისაზოგადოებაში ბატონობს დანაშაულში შეთქმულების სულისკვეთება, ერთობა უკანონობაში.
კრებითობა დეგრადაციას განიცდის და ქურდობითობაში გადადის სწორედ იმიტომ, რომ მას არ დაუყენეს წინაღობა არც კანონების სახით, რომელთაც იცავს საზოგადოება, და არც მისი წევრების ინდივიდუალური თავისუფლების სახით. რუსეთის ისტორიის ყველაზე უფრო დალხენილ და კანონმორჩილ პერიოდებში კრებითობის იდეალი ქურდობითობის პრაქტიკას ერწყმოდა, საზოგადოებრივი თანხმობის დაუწერელ საფუძვლად რჩებოდა. ამას უმაღლესი მმართველებიც კი აღიარებდნენ. 1855 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, ნიკოლოზ I-მა, რომელიც განრისხდა ინვალიდებისთვის განკუთვნილი თანხების მოპარვის გამო, თქვა, რომ მხოლოდ ერთ კაცს იცნობს, რომელიც არ იპარავს, და ეს კაცი – თვითონაა.
ანტისოციუმი – რთული რიტუალური სისტემაა, რომელშიც ადგილი აქვს არა მხოლოდ შიშსა და ტერორს, არამედ ასევე, სიცილსა და სარკაზმს. კანონები დგინდება, რომ მათი ცოტ-ცოტა დარღვევა, აბუჩად აგდება ყველას შეეძლოს, – მაგრამ, იმავდროულად, უნდა კანკალებდეს ხელისუფლების წინაშე, რომელიც კანონზე მაღლა დგას, და რომელიც არავის აბარებს ანგარიშებს, რომლის ნებაც შეუცნობელია. როგორც ჩანს, ანტისოციუმში საზოგადოებრივი სიღარიბე და სიმდიდრის არათანაბარი განაწილება ამგვარი გაორების ეფექტიანობას განაპირობებს. ოფიციალური კანონები მაქსიმალურად სიმკაცრით იქმნება – სწორედ იმიტომ, რომ შეუძლებელი იყოს მათი ბოლომდე შესრულება, რათა ყოველი ადამიანი მხოლოდ წყალობაზე იყოს დამოკიდებული და არა კანონზე.
ანტისოციუმი – თანადამნაშავე ადამიანების საზოგადოებაა, რომლებიც ჰპარავენ ერთმანეთს და თავის თავს და თანხმდებიან, ეს საიდუმლოდ შეინახონ. იქ ვერ იქნებიან საკუთარ თავში დარწმუნებული, მართალი, შეუბღალავი ადამიანები – ყველა დაღდასმულია, ყველაზე შეიძლება კომპრომატი შეაგროვო. თანაც, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა: დაკარგავ შიშს, დიდ მოქისტვაზე ჩავარდები – თავს გიკრავენ ციხეში. თუ გინდა იყო პატიოსანი და ამაყი, კანონს თვალი გაუსწორო – დაგლახავდები. ადამიანი იძულებულია ციხესა და მათხოვრის ხვედრს შორის ლავირებდეს ისე, რომ თანაც არცერთისგან დაზღვეული არ იყოს.
ახლა გასაგები ხდება, რომ საქმე მარქსიზმში, სოციალიზმსა თუ კომუნიზმში არაა, თუმცა თითქოსდა მათგან დაიწყო რუსეთის ანტისამყაროში ჩაჩეხა. ის, რომ ერთპარტიული სახელმწიფო სრულად იმორჩილებს საზოგადოებრივ ცხოვრებას, კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახდენს, გაბატონებულ იდეოლოგიას და ცენზურას აწესებს და მათგან უმცირესი გადახვევისთვისაც კი სჯის, – ეს უფრო სიღრმისეული ფენომენის მეორადი ნიშნებია: „ამოყირავებული საზოგადოების“, სოციუმის სტრუქტურული რევერსიის, რაც კანონების დაცვით კი არ ყალიბდება, არამედ კანონებისგან ურთიერთშეთანხმებული გადახვევით.
ბოლშევიკურმა რევოლუციამ ახალი, უძლიერესი იმპულსი მიანიჭა „ანტისოციუმს“, რომელმაც ამის შედეგად ოფიციალური, იდეური დასაბუთება შეიძინა. უკანონობა სახელწოდებით „რევოლუციური კანონიერება“, ამ საზოგადოების სისხლსა და ხორცში განივთდა. „მაგრამ თუ ის [დროება] გეტყვის: „იცრუე“, – იცრუე. მაგრამ თუ გეტყვის: „მოკალი“, – მოკალი“ (ე. ბაგრიცკი).
როდესაც საბჭოთა სისტემამ კრახი განიცადა, ანტისოციუმი გადარჩა და მისი სტრუქტურა, რომელიც სისტემურ უკანონობაზეა დაფუძნებული, იგივე დარჩა. ანტისოციუმს სავსებით შეუძლია კომუნიზმის, მარქსიზმის გარეშე იარსებოს, – მაგრამ არ შეუძლია ანტიკანონიერების გარეშე, რომელში მონაწილეობაც ამხანაგთა წრეს, „რევოლუციურ პარტიას“ ანდა „ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს“ ერთგულებას უდასტურებს. საზოგადოება შეიძლება წარმატებით ებრძოდეს კანონის დარღვევებს, მაგრამ ანტისაზოგადოებისთვის კანონს თავისთავად სწორედ ეს დარღვევები წარმოადგენს.
ამიტომ, რაც უნდა საშინელი იყოს „კორუფცია“ ანდა „მაფიოზობა“, ეს მხოლოდ და მხოლოდ ევფემიზმებია, რომლებიც საზოგადოების გაცილებით უფრო სიღრმისეულ საიდუმლოს ფარავენ – კრებითობა-ქურდობითობის საიდუმლოს.