fbpx

შეუჩერებელი მანქანა მერაბ დვალიშვილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

მერაბ დვალიშვილის საოცარი კარიერა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გრძელდება – სფერო არენაზე გამართულ ისტორიულ ღონისძიებაზე მიღებული კუთვნილი ქამრისა და მალევე  UFC311-ზე დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვთან ქამრის დაცვას, ნიუ ჯერსიში ამერიკელი სუპერვარსკვლავის, შონ ო’მალის ნინა ჩოუკით დამარცხება დაუმატა, და ბევრისთვის იქამდე არსებული კითხვის ნიშნები სრულად წაშალა. 

დვალიშვილი მიჯრით მოგებული ორთაბრძოლებით ორგანიზაციის ელიტას შეუერთდა, ისეთ სახელებს, როგორებიცაა: ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა, დემეტრიუს ჯონსონი, ჟორჟ სენ-პიერი, კამარუ უსმანი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და ისლამ მახაჩევი. Pound-For-Pound სიაში კი მეორე ადგილზე დაწინაურდა. ვინც ამბავში ვერ ერკვევით და, უბრალოდ, ქართველის გამარჯვება გახარებთ, გეტყვით, რომ ეს მებრძოლების რეიტინგია. 

ქართველობის ამბავში კიდევ იმას გეტყვით, UFC-ს შემდეგ ღონისძიებაზე, მიჯრით კი 317-ზე თუკი ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლს ოლივიერას დაამარცხებს, დიდია ვარაუდი რეიტინგში დაწინაურდეს. ქატო – იქა, ფქვილი – აქა – ამბავი იქნება, შერეულ საბრძოლო ხელოვნების ორი საუკეთესო მებრძოლი სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა, თუმცა თვალუწვდომელი ქვეყნის წარმომადგენელი გახდება.

სუპერმსუბუქი დივიზიონი საკმაოდ კონკურენტულია, უფრო სწორად, იყო, სანამ აქ მანქანა, სახელად მერაბ დვალიშვილი არ გამოჩნდებოდა, რომელმაც დივიზიონი მთლიანად გაწმინდა. მერაბის საბრძოლო მონაცემები იმდენად აღმატებულია, უკვე წრეზე დაიწყო სიარული, ერთმანეთის მიყოლებით გალახა სრული დომინაციით ისეთი მუშტის მომქნევები, როგორებიც არიან შონ ო’მალი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი, ჰენრი სეხუდო… სია დიდია, იმდენად დიდი, რომ აროგანტულობით განთქმულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ერთ დროს ორი წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელ სეხუდოსაც კი მოუწია თვითირონიის მექანიზმის ამუშავება, და ბრძოლის შემდგომ ო’მალი შემდეგი თვითით გამოიწვია: Anyways, I’m stilll looking for a tune up. Siblings fight all the time – let’s give Merab a Father’s Day present he will never forget.

UFC316-ზე ვიხილეთ ახალი, ბევრად უფრო განვითარებული მანქანა, რომელიც ისევ ძველებურად დომინირებს, თუმცა ამჯერად თავის უნარს ბევრად უფრო სრულყოფილად იყენებს. ამაში ლომის წვლილი მის შესანიშნავ გუნდს მიუძღვის. თუკი იქამდე მიჩვეულები ვიყავით, ე.წ. გაწურვას, ანუ ქულებით გამარჯვებას, ახლა ამბავი შეიცვალა: მანქანამ შეკრა მარყუჟი, შესაბამისად, როგორც ერთ პოპულარულ სიმღერაშია: ეს ახალი ერაა, ბეიბი.

სოციალურ ქსელებში ხშირად გადავაწყდებით მითს: თითქოს მერაბ დვალიშვილის საოცარი კარდიო-ენერგია, რომელიც რაუნდიდან რაუნდამდე არ იკლებს, პირიქით, უფრო და უფრო იზრდება – გენეტიკის დამსახურებაა. თითქოს ეს არის „ქართული სისხლი“, „კავკასიური ჟინი“, „წინაპართა კუნთების მემკვიდრეობა“. სინამდვილეში, დვალიშვილის ფენომენი ბევრად უფრო კომპლექსურია და მარტივი მითოლოგიით ვერ აიხსნება, რომელიც გენეტიკურ „განსაკუთრებულობას“ აბრალებს ყველაფერს. საქმე გვაქვს ემიგრანტთან – ადამიანთან, რომელმაც თავისი სხეული თავიდანვე გადააკეთა ბრძოლის ინსტრუმენტად, არა ბუნებრივი კომფორტისთვის, არამედ აუცილებლობისთვის – საკუთრივ, საარსებო აუცილებლობისთვის.

ახლა ამ გამომუშავებულ და უკვე უნიკალურად ქცეულ უნარს გზადაგზა ემატება დიდი საბრძოლო გამოცდილება, იხვეწება ტექნიკა და შეიძლება ითქვას, რომ მერაბ დვალიშვილისგან სულ უფრო ახალი მონსტრი იქმნება. 

მერაბ დვალიშვილი ქართველი ემიგრანტის არქეტიპია. ხშირად კაპიტალისტურ მითოლოგიაში, რომლის მიხედვითაც სამყარო ველურ ტერიტორიადაა განსაზღვრული, ჩნდება აზრები, რომ წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, ხოლო ვინც ამ მწვერვალზე ვერ აზიდავს ტვირთს – ლუზერია. ვისი იღბალიც არ ხარობს, არ გულისხმობს იმას, რომ შრომას აკლებს. მერაბ დვალიშვილის დარად, ქართველი ემიგრანტი ბევრს შრომობს. სწორედ ამიტომ, მათთვის დვალიშვილის წარმატება ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა დანარჩენისთვის, მათი სიხარულიც სხვანაირია. ბრიუსელის აეროპორტში, ფრენის მოლოდინში, ქალი ჯდება ჩემ გვერდით, გამოლაპარაკებას ცდილობს, ვსაუბრობთ.  ქალბატონი საფრანგეთშია გახიზნული, მოხუცს უვლის, ორი თვით სამშობლოში ბრუნდება. ენატრება შვილები და ვერ ხვდება, რატომ ითვლება ფრანგული ყველაზე ლამაზ ენად. მიყვება მერაბზე, ბრძოლის თითოეულ ასპექტს განიხილავს, თითქოს სპორტული ანალიტიკოსი იყოს, თუმცა ეს არ არის უბრალო მოყოლა. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვესაუბრები, თუმცა არასდროს მქონია ასეთი განსაკუთრებული დიალოგი, ეს საერთოდ სხვა საუბარი იყო, აქ სიტყვა და ქმედება – ქალბატონის გაბრწყინებული თვალები – განსაკუთრებულ კოდებს შეიცავდა – ემოციურს, ახლოს, ახლობელს…

თუკი დავაკვირდებით, MMA-ში უამრავი ემიგრანტი იყრის თავს. აქვს ამას თავისი მიზეზები. როგორც არ უნდა დავიმორცხვოთ, ვერ გავექცევით: MMA გლადიატორული ტრადიციის თანამედროვე ანარეკლია. შოუ, სისხლი, ჩხუბი – კაცობრიობას სანახაობა სჭირდება, იმ დროიდან მოყოლებული კი განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა – მხოლოდ არენა და ფორმა. თუ ადრე იმპერატორები და სენატორები ისხდნენ ტრიბუნებზე, დღეს იქ პრეზიდენტები და მილიარდერები სხედან. ეს ის სპორტია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება სამყაროს, სადაც ვცხოვრობთ – სიშიშვლე, სისასტიკე, უსამართლობა, და ამავდროულად, პატიოსანი ძალის გამჭვირვალობა. თუკი ადრე გლადიატორთა სიას რომის პროვინციებიდან მოზიდული მონები წარმოადგენდნენ, დღეს სუბალტერნი შეცვლილია, „თავისუფალ სამყაროში“ გლადიატორის როლს – ემიგრანტი იკავებს.

MMA-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მსოფლიოსთვის ტენდენციების განმსაზღვრელი ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის, კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი. გახსენებად ღირს, როდესაც ტრამპი ხელმეორედ აირჩიეს, არც აცია, არც აცხელა – ჯერ არც თეთრ სახლში რომ არ იყო შესული წესიერად, ადგა და მედისონ სკვერ გარდენს მივიდა, სადაც UFC309-ის ღონისძიება იყო ჩანიშნული – ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის ბრუტალური ჩხუბის ფონზე განხორციელდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის არაოფიციალური ინაუგურაცია.

პოლიტიკა თეატრია – ხანდახან კი ჩრდილოვანი თეატრი. და ეს ჩვენი MMA რაც არ უნდა მკაცრად და „სპორტულად“ გავყიდოთ, არსებითად, პირველ რიგში პერფორმაციული მოვლენაა. პოლიტიკაში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს: დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ სივრცეს, სადაც ახლად არჩეული ლიდერი პირველად მივა. ეს სივრცე მისი პოლიტიკის სიმბოლურ კონტურებს მოხაზავს. ჩვენი ამბავი რომ გავიხსენოთ: პრეზიდენტად არჩეული ზურაბიშვილი, პირველად ბათუმის დრამატულ თეატრს ეწვია. შევარდნაძე კი, პუტჩის დასრულების შემდეგ, მოსკოვს რომ დაეხსნა და თბილისს  ჩამოვიდა, პირველი ბაზარს ეწვია – ხალხს დაენახა, მერე კი რუსთაველის თეატრს მიაშურა თავი. სპექტაკლი იმ დღეს არ იყო, საერთოდ, იმ დროს არავის ესპექტაკლებოდა, მაგრამ რიტუალი მაინც აღსრულდა – მსახიობებმა სიმბოლურად ერთი ორი სცენა შეასრულეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ტრიუმვირატი კი, ერთი ლეგენდის თანახმად, საერთოდაც პირველი ფილარმონიის დარბაზს ეწვია, სადაც “კავეენი” მიმდინარეობდა.

ტრამპის შემთხვევაში პრეზიდენტად კურთხევის რიტუალი ოქტაგონზე შესრულდა, მისი უდიდებულესობა პრეზიდენტის სტატუსით პირველად გამოჩნდა იქ, სადაც კუნთი და სისხლია დღის წესრიგში. იმ წუთიდან MMA ოფიციალურად იქცა არა მხოლოდ სანახაობად, არამედ ძალაუფლების ერთ-ერთ საკრალურ არენად. 

ერთი აზრის მიხედვით, სამყარო თითზე ჩამოსათვლელი მითოლოგიების კრებულია, შესაბამისად, გლადიატორების ბრძოლებიც ინსპირაციას უძველესი ტომების სანახაობიდან იღებს, ორივე შემთხვევაში საერთო ერთია – ძღვენის მირთმევა ძალაუფლების ვერტიკალისთვის. 

UFC298-ზე ილია თოფურიას ტრიუმფამდე ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილი იდგა, მეტოქედ უკვე ნახსენები ჰენრი სეხუდო იყო. სწორედ აქ აღავლინა მერაბმა უძველესი რიტუალი. მანქანამ პირდაპირი მნიშვნელობით, ტომარასავით აიკიდა ყოფილი ჩემპიონი მხარზე და ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე  გაატარა – იქ, სადაც მარკ ცუკერბერგი იჯდა. ცივი, ელექტრონული თვალებით, როგორც შოუს კურატორი, მბრძანებელი ან იმპერატორის ტიპის ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ძალადობა ზრდის რეიტინგს. ეს იყო ძველი, არქაული ჟესტის თანამედროვე ვარიანტი.

იგივე განმეორდა ნიუ ჯერსიში მესამე რაუნდის საწყის წამებზე, დვალიშვილი შონ ო’მალს მხარზე იდებს და მიწაზე ახეთქებს. სად? პირდაპირ დონალდ ტრამპის თვალწინ. ეს ყველაფერი სცილდება უბრალოდ ბრძოლას – ეს უკვე იკონოგრაფიაა. ეს ყველაფერი სცილდება სპორტულ ჩარჩოსაც. ეს ჟესტები გარდაიქმნება რიტუალად – თანამედროვე გლადიატორული კულტის რიტუალად, სადაც დომინაცია შოუს ნაწილი კი არა, მისტიკური ფორმის მატარებელია. მერაბ დვალიშვილი ამ სცენაზე უკვე არა მხოლოდ გამარჯვებული მებრძოლია, არამედ ერთგვარი სიმბოლო – გაჭირვებიდან ამოსული მშრომელი ემიგრანტის, რომელიც ძალით, ნებისყოფითა და დაუღალავი შრომით იქცა ეპოქის ერთ-ერთ მთავარ პერფორმერად.

და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ აქ, თანამედროვე ძალაუფლების ოქტაგონზე, საქართველო შეიძლება კიდევ ერთხელ იქცეს თვალუწვდომელ ადგილად. პატარა ქვეყანა, მაგრამ უზარმაზარი ამბით – ერთი მანქანის ამბით.

როგორც ფილმ გლადიატორშია: “რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძმებო, ექოდ გახმიანდება მარადისობაში!” – ექოდ გახმიანდება მარადისობაში ის, რასაც მერაბ დვალიშვილი აკეთებს.

349 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.