fbpx

პროტესტის ამბავი – ერთი რაიონი. სამი ფილმი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მელანო კობახიძე 

 

ნაწილი I – რაიონი, რომელიც გაწირეს

2024 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ჯერ დღეების, შემდეგ კვირების, ბოლოს – თვეების განმავლობაში, წვიმასა და ქარში, ყოველგვარი პირობების გარეშე, პირამოკერილები ისხდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ზუსტად პარლამენტის წინ, და უშედეგოდ ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ მთავარ  პირებთან შეხვედრას, რათა მათი მრავალწლიანი პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილიყო.

ჭიათურა ის რაიონია, რომლის სოფლებიც მარგანეცის მოპოვების შედეგად ინგრევა და ქრება. სკოლები ვერ ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტი ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე ერთდროულად დგას. ბოლო პერიოდის განმავლობაში, შუქრუთი პროტესტის მთავარი კერაა. ესაა სოფელი, სადაც მეექვსე წელია, ადამიანები უმძიმეს საცხოვრებელ და შრომით პირობებს აპროტესტებენ.  

მშრომელების გულის გამგმირავი პროტესტით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წევრების არც ნერვი გატოკებულა და არც წარბი შეხრილა.

 

არასდროს დამავიწყდება, რა ვიგრძენი, როდესაც დავინახე, რომ მოშიმშილე კაცებს ქალებიც შეუერთდნენ; ბოლოს, ქალებთან ერთად უკვე მცირეწლოვანი ბავშვებიც იქ ათენებდნენ და აღამებდნენ.  ბავშვების თვალებში გაურკვევლობა და შიში ჩანდა.

შეიძლება, ეს იყო განცდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება; ვერ გახუნდება, ვერ გაფერმკრთალდება.

საბოლოოდ, როგორც აქამდე, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ხალხი ისევ გააცურა; ჯერ დაპირებებით აავსო და ბოლოს, როგორც ყოველთვის, უფსკრულის პირას დატოვა. მაშველის გარეშე. 

27 ოქტომბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხოლო ვინც ხმა ნამდვილად მისცა „ქართულ ოცნებას“, მათი დიდი ნაწილი იყო წარმოუდგენელი დაშინების მსხვერპლი; ნაწილს კი კვლავ უიმედოდ სჯეროდა…

ეს იყო პროპაგანდის გამარჯვება; სტოკჰოლმის სინდრომი; გაღატაკებული ადამიანების განადგურების წარმატებული მცდელობა.

ძალიან ხშირად მოქალაქეები ბრაზობდნენ ჭიათურელ მაღაროელებზე, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი ბრძოლის არასწორ გზებს მიმართავდნენ ხოლმე. მათ ხომ ამ დრომდე სჯეროდათ, რომ „ქართული ოცნება“ რამეს შეცვლიდა, როცა სინამდვილეში, პარტია მუნიციპალიტეტის დამღუპველი ბიზნესის გვერდით დგას. მიუხედავად ბევრი, სრულიად მართებული და დასაბუთებული წყენისა, ახლაც და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: თუ ჩვენ ვიაზრებთ, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით, უნდა ვიგრძნოთ ისიც, რომ ამ ადამიანების მიტოვება ერთი წამითაც არ შეიძლება. თანაც ახლა, როდესაც ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რეჟიმის ნდობა არ შეიძლება.

არც ის გამოგვრჩეს, რომ რეგიონის პროტესტი ძალიან დიდი ძალაა, რადგან ქვეყნის პატარა ქალაქებსა და სოფლებში მიდის ხმა, რომ მშრომელებს აპატიმრებენ, სახლებს უნგრევენ, შიმშილისთვის სწირავენ. მერწმუნეთ, ეს ყველაზე ძლიერ პროპაგანდასაც ტეხს. და აქვე არ დავივიწყოთ, რომ პროპაგანდას აწარმოებს მილიარდერი კაცი, რომელსაც რუსეთის უკიდურესად მძლავრი ჰიბრიდული ომი უმაგრებს ზურგს.

ახლა ჭიათურას ოთხი პოლიტპატიმარი ჰყავს. მაღაროელთა ნაწილი ისევ შიმშილობს. ახლა ჭიათურაში დაპატიმრებული მაღაროელების მცირეწლოვანი შვილები ვიდეომიმართვებს ავრცელებენ, რომლებშიც ვისმენთ, როგორი კეთილი მამები ჰყავთ და რომ მათი ადგილი ციხეში არაა. სტრესი, რომელიც ბავშვების თავს ტრიალებს, უსასტიკესი დანაშაულის ტოლფასია. დაპატიმრებული მაღაროელის მეუღლე ამბობს, რომ მის გოგონას ნევროპათოლოგის დახმარება დასჭირდა. ვინ დაუბრუნებს მათ ბავშვებს ბავშვობას? ვინ აგებს პასუხს მოქალაქეების დაპატიმრებული უფლებების გამო?  სადამდე უნდა გაიზარდოს უფსკრული სადამსჯელო მანქანად ქცეულ სახელმწიფოს, მასთან შეკრულ ძალადობრივ ბიზნესსა და მშიერ მოსახლეობას შორის? 

ეს ალბათ საბოლოო ბრძოლაა. ამ გზიდან უკან დახევა ჯოჯოხეთში დაბრუნების ტოლფასი იქნება. ეს გზა ბოლომდეა გასავლელი. გზის ბოლოს კი, სამყაროს სამართლიანობა მოითხოვს, რომ გამარჯვება გველოდებოდეს ყველას, მთელ ქვეყანას, ჭიათურელ მაღაროელებთან ერთად. 

დღემდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგობის ისტორია უამრავი ჩახშული პროტესტის ამბავს ინახავს. ეს რიცხვი, შეიძლება ითქვას, რომ გამაოგნებელიც კია.

რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი. ასეთივე ინტერესით ვადევნებდი თვალს ჭიათურის პროტესტს ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტში გაცილებით ადრე დაიწყო. 

2012 წელს ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში, უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც მაღაროს თანამშრომლები: როლანდ ნოზაძე და იუზა სამხარაძე დაიღუპნენ  – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საიტზე, სადაც 10 გვერდი ეთმობა 2012 წლიდან დღემდე ჭიათურაში სხვადასხვა წელს მომხდარ  ტრაგედიებს და მათ პარალელურად მიმდინარე პროტესტს.

2012 წლის შემდეგ, სხვადასხვა წლებში, საუბარი იყო იმის შესახებ, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის შახტებში დასაქმებულ მშრომელებს; საუბარი იყო უსაფრთხოების ზომებზე, ხელფასებზე, მანგანუმით მდიდარი ქალაქების ღარიბ მოსახლეობაზე. ისინი თავიანთი პირობების გაუმჯობესებას წლიდან წლამდე ითხოვდნენ. 

2018 და 2019 წლებში ჭიათურაში პროტესტი ისევ იკრებს ძალებს;

2020 წელს ჭიათურის მაღაროში კიდევ ერთი დასაქმებული იღუპება. 46 წლის მაღაროელი უსაფრთხო შრომის არარსებობას ეწირება. ესაა საქმე, რომლისთვისაც ადამიანები, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ჯანმრთელობას, ხშირად კი ერთადერთ სიცოცხლეს სწირავენ;

მომდევნო, 2021 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურა ყველაზე ხშირად ექცევა პროტესტის ავანგარდში. 2021 წლის 11 მაისს, პროტესტის 85-ე დღეს, შუქრუთის რამდენიმე მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა;

2022 წელს სოფელი ითხვისი ინგრევა. სახელმწიფო ისევ დუმს. რა თქმა უნდა, დუმს კომპანიაც, რომელიც დანგრეული რაიონის ხარჯზე მდიდრდება;

2023 წელს პროტესტი თბილისში, პარლამენტის წინ ინაცვლებს. მაშინდელ ბანერებზე ამოვიკითხავდით: „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“;

2024 წელსაც იგივე ხდება. მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ შუქრუთელები პარლამენტის შენობის წინ იდებენ ბინას, იწყებენ შიმშილს, იკერავენ პირს. მალე კაცებთან ერთად ქალებიც იწყებენ შიმშილობას. მათ გვერდით მცირეწლოვანი ბავშვები სხედან. 

რატომ ვერასდროს მიდიოდა პროტესტი ბოლომდე, ზოგადად, რა ტეხს პროტესტს და რა აქცევს წინააღმდეგობის ცეცხლს ნაცრად?  

პირველ ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რამდენად ძლიერ ძალასთან აქვთ საქმე ჭიათურის პროტესტის მონაწილეებს. „ჯორჯიან მანგანეზს“ იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური მონოპოლია აქვს შექმნილი – ის იმერეთში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ყველა მცირე სამომხმარებლო დაწესებულება (სასურსათო ჯიხური, აფთიაქი, ბანკი) მისი ფინანსური კაპიტალის ბრუნვაზეა დამოკიდებული, მას გააჩნია საკუთარი სადაზღვევო კომპანია და საავადმყოფო, ჰყავს საკუთარი კვებით მომარაგების კომპანია, ტრანსპორტირებისთვის საჭირო სატვირთო-გადამზიდავი მომსახურე კომპანიები და უამრავი ქვე-კონტრაქტორი კოოპერატივები, რომლებიც კომპანიას დამატებითი მანგანუმის ნედლეულით ამარაგებენ.

შესაბამისად, იმერეთის რეგიონის ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის ფინანსური ინტერესები, ჩაგვრის პრაქტიკები, არაფორმალური მმართველობა, კორუფციული გარიგებები იკვეთება“.  ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ სტატიაში. 

ესაა ჯაჭვი, რომელსაც კრავს კომპანიას გარიგებული ხელისუფლება და ხელისუფლებასთან შეკრული კომპანია.

ჯაჭვი, რომელსაც ეწირებიან ადამიანები, სოფლები, მთელი რაიონი.

და ისევ…

შეკითხვას, თუ რატომ ვერასდროს მიდიოდა ეს მრავალწლიანი ბრძოლა ბოლომდე, ვეცდები, პასუხი სამ სოციალურ ფილმზე მსჯელობით გავცე.

 

ნაწილი II – რას გვიყვებიან ფილმები?

2000 წელს ინგლისელმა კინორეჟისორმა სტივენ დალდრიმ ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზე სოციალური დრამა გადაიღო. 

 ,,ბილი ელიოტი“ / Billy Elliot არის ფილმი ბიჭზე, რომელიც სოციალური სიდუხჭირისა და პატარა ქალაქში ჩაბუდებული სტერეოტიპების მიუხედავად, საკუთარ გულისთქმას, მოწოდებასა და გულის კარნახს მიჰყვება. მაგრამ ამასთან ერთად, ესაა შესანიშნავი კინო იმის შესახებ, რა გზას გადის პროტესტი დაწყებიდან ბოლომდე, რატომ და რის გამო მიდიან პროტესტიდან ადამიანები, რატომ ეგუებიან იმავე პირობებს, რომელი პირობების გამოც ისინი პროტესტის მონაწილეები გახდნენ; რა ემართებათ გზად ადამიანებს, თუ მათ სახელმწიფო არ უმაგრებს ზურგს.

ბილის მამა და ძმა გაფიცული მაღაროელები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მათ  შემოაქვთ  ოჯახში ფული.  ბილი ჯერ მხოლოდ თერთმეტი წლისაა, მამას კრივზე დაჰყავს, რადგან უნდა, რომ მისი შვილი ძლიერი გამოვიდეს და არავინ დაჩაგროს. მაგრამ ბიჭის ნამდვილი მოწოდება ბალეტია. და ეს სიტყვა ისეთივე შეუფერებელია მაღაროელთა ქალაქში, სადაც სოციალური სიდუხჭირე ყველაფერს მოსდებია, როგორი შეუსაბამოც შეიძლება იყოს თვითმკვლელის ოჯახში თოკის ხსენება. 

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სწორედ იქიდან იწყება, როდესაც ბილის მამას აღარ ასვენებს ფიქრი, იქნებ მისი შვილი მართლაც გენიოსია და ფენომენალური ნიჭითაა დაჯილდოებული (და ეს მართლაც ასეა!), იქნებ მას ხელშეწყობა სჭირდება (და ეს მართლაც ასეა!), და თუ ეს ასეა, მაშინ მან უნდა მიატოვოს პროტესტის სხვა მონაწილეები, მათ შორის, საკუთარი უფროსი ვაჟი, და მეორე შვილის გადასარჩენად, ამ უპერსპექტივობიდან, სიბნელიდან, სტერეოტიპების სამყაროდან (რომლის მსხვერპლიც თავადაა), ბილი სხვა, ლაღ, ჰარმონიულ, მსუბუქ განზომილებაში გაიყვანოს. 

არჩევანი ასეთია:

  • დარჩენა და პროტესტის ბოლომდე მიყვანა, თუნდაც ამის გამო დროებით შიმშილობაც მოუხდეთ; და თუ პროტესტს ბოლომდე არ მიიყვანენ, ისევ ისეთი მტანჯველი ცხოვრება ელოდებათ, როგორიც აქამდე ჰქონდათ;
  • დათმობა და შახტაში ჩასვლა, ანუ ღალატი თანამებრძოლების, საკუთარი უფროსი შვილის, საკუთარი თავისა და პრინციპების, რომელსაც პატარა შვილის დღის სინათლეზე გაყვანა გადაწონის.

არის კი ეს არჩევანი?

„მამა, რას აკეთებ? მამა, არ ჩახვიდე მაღაროში. რისთვის მოვიკალით თავი, ამდენი უბედურება გადავიტანეთ, რისთვის აკეთებ ამას? მამა, შენ ამას არ იზამ. მამა, სახლში წავიდეთ“;

„აბა რისი იმედი უნდა გვქონდეს. რისი იმედი… ბიჭს მაინც მივცეთ შანსი! ჩვენი საქმე წასულია, შვილო“; 

არადა, მაღაროელთა ავტობუსში მყოფს სძულს საკუთარი თავი, რომ დანებდა. თვალს ვერ უსწორებს ყოფილ თანამებრძოლებს. 

ჩვენ ხშირად გვტკივა, როდესაც შუა ბრძოლიდან მიდიან ადამიანები, როდესაც პროტესტი შუა გზაზე წყდება, როდესაც ადამიანებს სისტემა სახლებში დამარცხებულებს აბრუნებს… ვბრაზდებით, ვჩხუბობთ ამის გამო… მაგრამ გვავიწყდება, რომ ყველაფრის უკან ადამიანების პირადი ისტორიები დგას, დგანან შვილები, რომელთა ნათელი მომავლისთვის მამები ისევ ბნელ შახტებს უბრუნდებიან. 

ისინი თავიანთ სინათლეს შვილების სინათლისთვის თმობენ.

ჩვენსავით, მათაც იციან, რომ სინამდვილეში, ეს დანებებაა, რომ შვილების სამუდამო, და არა დროებითი, ნათელი მომავლისთვის პროტესტის ბოლომდე მიყოლაა საჭირო, მაგრამ ვინ შეძლებს და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას მის ნაცვლად, ვის თავსაც ქარიშხალი ტრიალებს? 

ვუყურებდი და მახსენდებოდა ყველა ჩახშული პროტესტი, ყველა მინებებული ბრძოლა და ვფიქრობდი, როგორ ცდილობს სისტემა ადამიანების გატეხას, ჩაგვრას, სამართლიანი პროტესტისთვის საჭირო ძალების გამოცლას.

არ შემიძლია არ ვახსენო პატარა გოგონას ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი დაპატიმრებული მაღაროელის შვილია. ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან პატარა ბავშვი უდიდესი გულწრფელობით საუბრობს მამაზე, თუ როგორი კეთილია ის და რომ არასდროს არავის ზიანს არ მიაყენებდა.

ცხადშიც და ფილმშიც, ესაა სისტემის ყველაზე დიდი დანაშაული: გაწირული ოჯახები, გაწირული ბავშვები, გაწირული ახალი თაობა…

„ბილი ელიოტი“ კი, როგორც სოციალური დრამა, შესანიშნავი მაგალითია იმის გასააზრებლად, რომ მშრომელების დანახვა და მათი თანადგომა უშველის პროტესტს და გამარჯვებასაც მოიტანს.

მეორე ფილმი, რომელიც ჭიათურის პროტესტზე მახსენდება, კენ ლოუჩის დრამაა, სახელწოდებით ,,მე, დენიელ ბლეიკი“ / I, Daniel Blake; შესანიშნავი ფილმი სისტემისა და მოქალაქის დაპირისპირებაზე. 

2016 წელს გადაღებული დრამა გვიამბობს ხანში შესულ მშრომელ კაცზე, რომელმაც გულის შეტევის შემდეგ სამსახური დაკარგა. იმისათვის, რომ კუთვნილი სოციალური დახმარება მიიღოს, დენიელ ბლეიკს მთელი ფილმის განმავლობაში წარმოუდგენლად უსამართლო ბრძოლა უწევს ბიუროკრატიასთან. არადა, ის ითხოვს იმას, რაც, როგორც მოქალაქეს, სრულიად კანონიერად ეკუთვნის. 

,,ჩემი სახელია დენიელ ბლეიკი. მოვითხოვ, პატივისცემით მომექცეთ. მე დენიელ ბლეიკი ვარ, მოქალაქე, არც მეტი და არც ნაკლები“.

ეს ფილმი შეხსენებაა იმისა, რომ ერთი მოქალაქის თავს დატრიალებული უსამართლობა, სინამდვილეში, მთელი ქვეყნის თავს ხდება; ერთი გაწირული მოქალაქე სისტემის უსამართლობის ყველაზე ცხადი მაგალითია. 

2017 წელს ფილმი ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს (BAFTA) მფლობელი გახდა. რა თქმა უნდა, ასეთი ფილმი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო.

კენ ლოუჩისთვის ეს ფილმი ერთადერთი სოციალური დრამა არაა. რეჟისორი მშრომელების დიდი მხარდამჭერია. მისი ფილმები სწორედ ამ სოლიდარობისა და უწყვეტი მხარდაჭერის გამოვლინებაა. 

2023 წელს კანის ფესტივალზე კენ ლოუჩის ფილმი „ძველი მუხა“ / The Old Oak აჩვენეს. 

ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი მამამისის სიტყვებს იხსენებს და ამბობს:

„თუ მშრომელები იგრძნობენ ძალას, რომელიც მათ აქვთ და ექნებათ მისი გამოყენების გამბედაობა, ისინი შეცვლიან სამყაროს“. 

ამავე დროს, კენ ლოუჩი გვასწავლის ყველაზე მთავარს: გამარჯვება მხოლოდ თანადგომასა და სოლიდარობას მოაქვს. ეს უნდა შევძლოთ ჩვენ, ყველამ, და დავინახოთ ის, რაც დაინახეს ამ ფილმის გმირებმა: მათ საერთო მჩაგვრელი, საერთო მტერი ჰყავთ და გაერთიანება ერთადერთი ძალაა, რათა პროტესტის ცეცხლი ნაცრად არ იქცეს და იქ ჩვენი ოცნებები, სურვილები, მეტიც, მთელი ქვეყანა არ ჩაიფერფლოს. 

კულტურის ჟურნალისტი სალომე ჩიმაკაძე ძალიან საგულისხმო დეტალს უსვამს ხაზს, როდესაც ლოუჩის უკანასკნელ ფილმზე საუბრობს. ის აღნიშნავს: „განსხვავებულის, მაგრამ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანის შენიანად მიღება და თანადგომა, გამოცდილებებისა და კულტურების გაზიარება და სოლიდარული ბრძოლა საერთო მიზნისთვის – ესაა იმ იდეოლოგიის პრინციპი, რასაც კენ ლოუჩი მთელი ცხოვრება უჭერს მხარს. სოლიდარობა და არა ქველმოქმედება, რადგან ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როცა კოლექტიურად ვიბრძვით, და არა – ინდივიდუალურად. გამარჯვება და კეთილდღეობაც მაშინაა ყველაზე ნამდვილი და ხელშესახები, როცა ის საყოველთაოა“.

კანის კინოფესტივალზე, ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა აუდიტორიას ასე მიმართა: „ჩვენ გვინდოდა, გადაგვეღო ფილმი იმედზე, იმიტომ, რომ ვიცით ლტოლვილების ისტორია და ის ტკივილი, რომელიც მათ გადაიტანეს, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. როცა იმედი გვაქვს, რწმენაც გვაქვს. გვჯერა ჩვენი სიძლიერის და შეგვიძლია რაღაცების შეცვლა დავიწყოთ. შეგვიძლია აქაურობა უკეთეს ადგილად ვაქციოთ.

სხვანაირი სამყარო შესაძლებელია.

ასე რომ, გააგრძელეთ ბრძოლა. თუ თავდადებით ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ“.

მინდოდა, ფილმებით გამეცა პასუხი იმაზე, სად, როდის და რატომ ტყდება პროტესტი და მძლავრი წინააღმდეგობები, და სანაცვლოდ, როგორ შეგვიძლია პროტესტის ცეცხლის უფრო და უფრო აგიზგიზება.

თანადგომასა და მხარდაჭერას მოაქვს გამარჯვება. მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომას. ჩვენს გერბსაც ხომ ეს სიტყვები ამშვენებს:

ძალა ერთობაშია!

გამარჯვება ჭიათურას! გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.