fbpx

სიცარიელე. ტერიტორიული წყევლა – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“


გააზიარე სტატია

ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“

თარგმნა ირაკლი ლომოურმა

სიცარიელე. ტერიტორიული წყევლა

(ეპშტეინის კრებულის მეოთხე ესე)

 

სტუდენტები დროდადრო მეკითხებიან: „რატომაა რუსეთი ასეთი უბედური? და სხვა ქვეყნებს რატომ აუბედურებს?“ უბედურ ქვეყანაზე წარმოდგენა სტუდენტებს უყალიბდებათ კლასიკის შესწავლით: გოგოლის, დოსტოევსკის, ჩეხოვის… ზამიატინის, ბულგაკოვის, პლატონოვის, ზოშჩენკოს, სოლჟენიცინის, შალამოვის…

„რატომაა..?“ – ეს კითხვა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მეც მაწვალებდა. მახსოვს, 2006 წლის ზაფხულში, ვოლგის სათავეებში დეალექტოლოგიური ექსპედიციის შემადგენლობაში მყოფი, ტბა სელიგერის ნაპირას ვიდექი. ულამაზესი ადგილია, საოცარი ბუნებრივი წყალსაცავი, დაბურული ტყე რომ არტყია გარს, მაღლა ცაში ღრუბლები დასრიალებენ და წყლის ზედაპირზე ირეკლებიან, სიწყნარე  სიმშვიდე, სიმყუდროვე… ასე გგონია, რომ გარშემო უნდა იყოს დალხენილი ქალაქები, მხიარული ხალხით სავსე ნავმისადგომები, ზღაპრული კოშკები, სადაც მდიდარი, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. ასეთ, სიწყნარის მომგვრელ ბუნებაში შეუძლებელია, არ გაჩნდეს მშვიდობიანი, სიცოცხლისმოყვარე, მწარმოებლური ცივილიზაცია… არადა, ნაპირისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ნანგრევებად ქცეული ეკლესია იყო, რომელსაც გუმბათი გარღვეული ჰქონდა, ცა ჩამოჰყურებდა, იატაკს კი ძროხების ფუნა სქელ ფენად ფარავდა… მიმდებარე სოფლებში მხოლოდ რამდენიმე დედაბერს (სწორედ მათ დიალექტს ვიკვლევდით) და საბოლოოდ გალოთებულ უცოლშვილო მამაკაცს თუ ნახავდი. სკოლები დიდი ხანია დაიხურა და ერთადერთი ცოცხალი ადგილი მთელ ოლქში – ტაჯიკი მუშების დასახლება იყო, რომლებსაც უკვე მოესწროთ მეჩეთის აშენება.

სელიგერის მხარის ცენტრი, ოსტაშკოვო, პროვინციული რუსეთის საზომით, სავსებით ხეირიანი პატარა ქალაქი გახლდათ, მაგრამ რაოდენ მოსაწყენი, უსიცოცხლო, სიხარულისა და შთაგონების უმცირესი ნაპერწკლის გარეშე – და ეს ზღაპრული ტბის, ბუნების ნამდვილი მარგალიტის ნაპირას! სადგური, ცენტრალური ქუჩა, ნავმისადგომი – ყველაფერი ისე უხეშად იყო ნაგები, რომ იგრძნობოდა მშენებელთა განწყობა: ერთი სული ჰქონდათ, რაც შეიძლება მალე გაქცეულიყვნენ აქედან. გასაოცარი შეუსაბამობა იყო მგრძნობიარე, არისტოკრატულად მკაცრ, სულიერებით აღსავსე ბუნებასა და – უბადრუკ „კულტურულ“ გარემოს შორის. თითქოსდა ბუნება ითხოვს, რომ თავი დაანებონ, ხელი არ ახლონ, არ დააბინძურონ, უსიყვარულო მოთრეულები რაც შეიძლება სწრაფად დაიკარგონ.

“რატომ?“ პასუხად ზოგჯერ მკაცრ კლიმატს, ხანგრძლივ ზამთარს ასახელებენ, რაც ცივილიზაციის განვითარებას ხელს არ უწყობს. მაგრამ შედარება კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე და მაინც აყვავებულ ფინეთთან, და მთლიანად სკანდინავიასთან, ამგვარ ახსნას აბათილებს. იქ ხომ არაა არც შუარუსეთის ველები, არც სტეპები, არც შავმიწა, ნოყიერი ნიადაგი – არადა მათ ააშენეს მშვენიერი ცივილიზაცია, მშვიდობიანი, კრეატიული, ადამიანისადმი კეთილგანწყობილი – რომელიც დანარჩენ, კლიმატურად უფრო „რბილ“ ევროპას, კეთილდღეობის  თვალსაზრისით, უმეტესად წინ უსწრებს!

გეოგრაფიული ფაქტორის გარდა, კიდევ მორალურ-რელიგიურსაც ასახელებენ. რუსეთი – მრავალტანჯული ქვეყანაა, ასეთია მისი ზეციური წილხვედრი, ქრისტიანული დანიშნულება. „ჯვრის ტვირთით დამძიმებულმა ზეციურმა მეუფემ, მონის სახე რომ მიიღო, მშობლიურო მიწავ, კიდიდან კიდემდე მოგიარა, გაკურთხა და დაგლოცა“ (თ. ტიუტჩევი). მაგრამ ქვეყანა, რომელმაც მილიონობით საკუთარი თუ სხვისი მოქალაქე მოკლა, ევროპისა და აზიის თვალუწვდენელ სივრცეებზე გულაგი ააშენა, ძალზე სათუოა, ქრისტიანული სათნოების ნიმუშად გამოდგეს. თანაც კვლას რომ აგრძელებს… შეუხორცებელი ჭრილობებიდან სისხლი დღემდე ჟონავს. ჩრდილოეთ კორეაშიც, ავღანეთშიც, ამიერკავკასიაშიც, ხოლო მთავარი მსხვერპლი დღეს – უკრაინაა.

რა პასუხი შეიძლება გავცე სტუდენტებს, რომ მეტისმეტად ლირიკულად ან მისტიკურად არ გამომივიდეს? მე მგონი, რუსეთის უბედურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია – მისი სივრცის სიდიდე და, შესაბამისად, საკუთარი სიდიადის განცდა.  სლავიანოფილობის ფუძემდებელი ა.ს. ხომიაკოვი თავის საყვარელ რუსეთს შეაგონებდა, თავისი სივრცით არ ეამაყა  და მლიქვნელურ თვითშთაგონებას არ აჰყოლოდა:

„იამაყე! – მლიქვნელებმა გითხრეს,  მიწა ხარ შუბლდამშვენებული, უძლეველი ფოლადისა, რომელმაც ნახევარი მსოფლიო ხმლით დაიპყრო! <…> ულამაზესია შენი სტეპები, ცას სწვდებიან შენი მთები, შენი ტბები ზღვებივითაა…“ არ დაიჯერო, არ უსმინო, არ იამაყო!“ (რუსეთს, 1839)

სივრცე ქვეყანას შიგნიდან შთანთქავს და აცამტვერებს. „ისე ვცხოვრობთ, რომ ვერა ვგრძნობთ ფეხქვეშ ქვეყანას“.  – ასი წლის შემდეგ წერდა ო. მანდელშტამი. ამ ქვეყანაში მცხოვრებს უძნელდება ის საკუთრებად განიცადოს და მასზე პასუხისმგებლობა იკისროს. ის კანს კი არ ეკვრის, არამედ უზარმაზარი ბებერას მსგავსად იბერება. რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, ქვეყანა ყველაფერს გააქარწყლებს. ვიღაც ბაღს გააშენებს – საიდანღაც შემოვარდებიან უცხოები და ყველაფერს მოიტაცებენ, ანდა გააჩანაგებენ.

ეს ქვეყანა ყველასია და არავისი, მასში არაა ტიხრები პირადი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობისთვის, ადამიანთა – ურთიერთთანამშრომელთა და თანამზრახველთა – შედუღაბებული ერთობისათვის. ეს ქვეყანა არავისთვისაა საკუთარი, მათ შორის მათთვის, ვინც მას მართავს. ისინი რეგიონებს ყველაფერს ართმევენ, საპასუხოდ კი რეგიონებს არ სურთ შრომა დედაქალაქელი უფროსებისთვის, რომლებიც  თავის განძეულს სადღაც შორს, უცხო მიწაში ფლავენ. და ამიტომაც ჩვენთან ყველაფერი გაურკვევლობაშია გამოკიდებული: უფლებები არაა უზრუნველყოფილი და ვალდებულებები – შესრულებული, შეუძლებელია შეთანხმებები,  ურთიერთპასუხისმგებლობას რომ გულისხმობს.

ლაპარაკობენ რუსეთის რესურსულ წყევლაზე, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო საშინელი  – ტერიტორიული წყევლა. ტერიტორიის არც დათმობაა შესაძლებელი და არც მისი ათვისება – მხოლოდ უნდა იყინებოდეს და ცარიელდებოდეს, სასოწარკვეთის განცდას ყოველ სახლში, ყოველ გულში სულ უფრო ღრმად უშვებდეს.

ალექსანდრე სოლჟენიცინი ჯიუტად იმეორებდა, რომ რუსეთს სჭირდება ერობების, ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემა, და ამაში ის დიდი რეალისტი იყო. მაგრამ მას, იმავდროულად, მიაჩნდა, რომ ახალმა ფედერაციულმა „დერჟავამ“ უნდა გააერთიანოს ყველა სლავური რესპუბლიკა, პლუს ყაზახეთი, ანუ სჯეროდა საერთო სახელმწიფოებრივი სივრცის კეთილმყოფობისა და მოუწოდებდა მის გაფართოებას უკვე მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. „1991 წელს ხელიდან გაშვებულ იქნა – სულაც თუ არსებობდა ჯერ კიდევ? – ერთადერთი ჯანსაღი პერსპექტივა: რეალური ურთიერთმტკიცე ერთობა სამი სლავური რესპუბლიკისა ყაზახეთთან – ერთ ფედერაციულ სახელმწიფოში („კონფედერაცია“ – მოჩვენებითობაა…“ – წერდა სოლჟენიცინი თავის პუბლიცისტურ წიგნში „რუსეთი ნგრევისას“ («Россия в обвале» (1998).

თითქოსდა, როგორ ვერ უნდა მიმხვდარიყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ესოდენ უზარმაზარი სივრცე, რომელიც სახელმწიფოს ერთი ცენტრიდან იმართება – შეუთავსებელია? ძლიერი ერობები თვალუწვდენელ მიწაზე – ეს უტოპია რუსეთისთვის განუხორციელებელია. ისტორიამ გვიჩვენა, რომ 1864 წელს, ალექსანდრეს რეფორმების ტალღაზე შემოღებული ერობები, როგორც თვითმმართველობის ფორმა, ცენტრალური მთავრობისთვის სულ უფრო მეტად იქცეოდა ლეგალურ ოპოზიციად – და გაუქმებულ იქნა 1918 წელს, როგორც კი ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

ალექსანდრ კუშნერი 1969 წელს წერდა: „დიდი ბედნიერებაა, დაიბადო ასეთ უკიდეგანო ქვეყანაში, მართლაც გაქვს საამაყო, ფანჯარაში სივრცეს მიაშტერდები…“ ნიჭიერ პოეტს, რომელიც ამას საბჭოთა კავშირში აქვეყნებდა, ასეთ შეძახილის რიტორიკული პირობითობა მშვენივრად ესმოდა. სივრცის სიდიდე – საამაყოდ ყველაზე მოჩვენებითი და, ყველა თვალსაზრისით, უსაგნო საგანია. როგორ შეიძლება იამაყო არაფრით, ანუ ტერიტორიის სიცარიელით, რომელიც უკუპროპორციულია იმისა, რასაც თავის თავში მოიცავს? და თვით ხალხი, რომელიც სოციალური და ფიზიკური გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ამ „თავისი უკიდეგანო სამშობლოს“ უღელს ეზიდება, სადაც თავი პატრონად ვერაფრით უგრძნია. ეს უღელი ურდოს უღელზე უფრო საშინელია, თანაც სწორედ იმ ურდოსგან ერგო მემკვიდრეობით.

ლაღი სივრცე… – განუმეორებელი „სულში ჩამწვდომი“ რუსული სიტყვებია, რაც სხვა ენებზე  პრაქტიკულად არ ითარგმნება.  მაგრამ მათშიც ხომ არ გამოსჭვივის იგივე სიცარიელე, რომელიც ზოგჯერ ჩანს როგორც მიმზიდველი, თავისუფლების მომცემი? „რაღაც ისმის მშობლიური მეეტლის გრძელ სიმღერებში, ხან სილაღე ვაჟკაცური, ხანაც სევდა გულისა“ (ა. პუშკინი. “ზამთრის გზა”) „რატომ ისმის და ყურებში ჟღერს ეს სევდიანი სიმღერა მთელ შენ სიგრძე-სიგანეზე, ზღვიდან ზღვამდე რომ დაქრის? <…>  რას გვიქადის ეს უკიდეგანო სივრცე? <…>  განა აქ არ უნდა იყოს დევგმირი, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც მას შეუძლია მხრებში გაიშალოს და გაიაროს?“ (ნ. გოგოლი. “მკვდარი სულები”). 

 

გოგოლთან სევდა რამდენიმე სტრიქონის მერე გადადის დევგმირობაში, როგორ პუშკინთან სილაღე გადადის სევდაში. აი, ასე გადაიღვრება სიცარიელედან სიცარიელეში, სილაღიდან უდაბურებაში – რუსეთის მთელი ისტორიის განმავლობაში. 

უკიდეგანო სივრცის გაშტერება ვ. კლიუჩევსკის ასე აქვს გადმოცემული: „საცხოვრისი არ ჩანს ფართო სივრცეებში, არავითარი ხმა არ ისმის გარშემო  – და ამის მნახველს ეუფლება აღუშფოთველი სიმშვიდის საშინელი გრძნობა, მარადიული ძილისა და უდაბურების, მარტოობის განცდა, რომელიც უსაგნო, უხალისო ფიქრისკენ უბიძგებს, სადაც ერთი ცხადი, მკაფიო აზრიც კი არაა.“ თვით ამ სამყაროს უკიდეგანობა გულში შობს დამთრგუნველ სიცარიელეს და მასთან ერთად – საშინელი ძალის მქონე გაქანებას. და როდესაც მათი თანხვედრა ხდება: ვაჟკაცობა და სევდა – სიცარიელე, რომელიც გაფართოებას ცდილობს და სიცარიელე, რომელიც ვერაფრით ივსება, – გამოდის ის დევგმირული საქმეები, რომელთაგან სევდა არათუ არ ცხრება, არამედ გულში კიდევ უფრო ფართოდ ვრცელდება: „მძლავრი სევდით მოცული, თეთრ ცხენზე დავძრწი…“ (ა. ბლოკი). რაც უფრო ლაღია სრბოლა, მით უფრო ძლიერია სევდა მხედრის გულში; აქედანაა „ჩვენი გზა – უნაპირო სევდაში – შენს სევდაში, ო, რუსეთო!“ („კულიკოვოს ველზე“). ამ დიდი გასაქანის სილაღის ყოველი გმირობა ჩვეულებრივ იმაში მდგომარეობს, რომ გააფართოოს „შემბოჭავი“ საზღვრები – კი არ შეავსოს, არამედ თავად სიცარიელე გააბევროს, რომელსაც ვერავინ, და უპირველესად, თვით დევგმირები ვერ გადაურჩებიან.

აი, რატომაა ეს მიწა ასეთი უბედური – ის გაგლეჯილია თავისი სივრცის მიერ და შეპყრობილია სიცარიელის სულით, რომელიც ვერ იტანს ცხოვრების ვერანაირ მოწყობას ერთ გარკვეულ ადგილას. როგორც ჰეგელი იტყოდა, უსაზღვროების აბსტრაქტული იდეა ყოველგვარ სასიცოცხლო კონკრეტულობას სპობს. ლოთობა, ქურდობა, კორუფცია, სიზარმაცე, სიცრუე, ძალადობა – ეს მხოლოდ ზოგიერთი ფორმაა გავერანებისა და ცხოვრებისეული კონკრეტული შრომისგან გადახვევის: არ არსებობს მტკიცე წარმოდგენა საკუთრებაზე, რეალობაზე, სიმართლეზე, თავისუფლებაზე, ინდივიდუალობაზე, სამოქალაქო ვალზე, ადამიანურ ღირსებაზე. ეს ყველაფერი ითქვიფება დიადი სივრცის აბსტრაქციაში, რომელსაც ვერავინ აღიქვამს საკუთრად, რადგან ის ჰორიზონტივით ყოველი რეალური ადგილისგან უკან იხევს, ღალატობს მას, არაფრად აქცევს. დიადი და განუსაზღვრელი „იქ“ (იქ – დედაქალაქში, იქ – კრემლში, იქ – ზეცაში) იმარჯვებს „აქ“-ზე და გამუდმებით ითხოვს ახალ მსხვერპლს. ამ დიადი სივრცის აჩრდილს ადამიანები „სამშობლოს“ უწოდებენ და კვებავენ საკუთარი სისხლითა და ხორცით, თავისი შვილებით, ღირსებითა და თავისუფლებით.

ამიტომ არც ისე უცნაურია, რომ XXI საუკუნეში რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია მტკიცე, საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრები. როდესაც მან შეიერთა მთელი რიგი უკრაინული ტერიტორიები (2014 წელს ყირიმიდან დაწყებული), ის არათუ გაიზარდა ზომით, არამედ დაკარგა თავისი სივრცითი იდენტობა. თუკი სევასტოპოლი და დონეცკი რუსეთის შემადგენლობაში შედიან იმავე კონსტიტუციურ საფუძვლებზე, რომელზეც  მოსკოვი და პეტერბურგი, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მთელი ტერიტორია, მისი ორივე დედაქალაქის ჩათვლით, აღმოჩნდება ასეთივე იურიდიულად გაურკვეველ, ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში. რუსეთმა განაბნია თავისი თავი, „გლობუსზე გადათხაპნა“. ასეთია ანტისივრცის ბედი, რომელიც რაც მეტად იწელება, მით მეტად ხდება საკუთარი თავის საწინააღმდეგო რაღაც, კარგავს თვით ქვეყანას, როგორც საკუთარი არსებობის ფორმას. 

(სიცარიელისა და ტერიტორიული წყევლის თემა გრძელდება შემდეგ თავში: „სიცარიელეთმცოდნეობა, ანუ როგორ ვაკეთოთ არაფერი“, განყოფილებაში: „არყოფნის გზებით“.)

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.