fbpx

ZEG Storytelling Festival 2025 დასრულდა


გააზიარე სტატია

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ის ადგილია, სადაც შეუძლებელია ცნობისმოყვარეობა ვერ დაიკმაყოფილო. ფესტივალის პრინციპიც ესაა: ამბები არის ყველგან და ყველას აქვს მოსაყოლი საინტერესო ამბავი.

ZEG, უკვე მეხუთე წელია, ზაფხულის ერთი “ვიქენდის” საინტერესოდ გასატარებლად მასპინძლობს ადამიანებს თითქმის ყველა სფეროდან და შეიძლება ითქვას, არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ფესტივალზე სტუმარი იქნები თუ მომხსენებელი – ორივე მხარე თანაბრად სარგებლობს ZEG-ის “სიკეთეებით” – ყველას აქვს შესაძლებლობა შეხვდეს წამყვან სახეებს არა მხოლოდ საკუთარი ინტერესის სფეროდან, არამედ სხვა ინდუსტრიებიდანაც.

ZEG 2025

“წლევანდელი წელი გამოწვევა იყო ჩვენთვის. წელს ZEG რეკორდულად მასშტაბური იყო. ძალიან ბევრი მომხსენებელი გვყავდა, უფრო ინტენსიურად დატვირთული და მრავალფეროვანი იყო ZEG-ის სცენა. მეტი იყო შოუს ელემენტებიც, რაც ტექნიკურად მეტ დახვეწილობას მოითხოვდა. გვყავდა უფრო მეტი სტუმარი ვიდრე წინა წლებში და ეს, თავისთავად, უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს,” – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ვასაძე.

2025 წლის ZEG, 120-ზე მეტ საერთაშორისო მომხსენებელს მასპინძლობდა. სესიები 6 სცენაზე, 3 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ფარავდა გამორჩეულად საინტერესო თემებს. მაგალითად, ZEG-ის სტუმრებმა მოისმინეს სატირული ინსტრუქცია “როგორ გადავურჩეთ ტრამპს”.  თანამედროვე არქიტექტურის ვარსკვლავისგან, Alejandro Aravena-სგან კი მოისმინეს გაკვეთილი, რომელსაც არქიტექტურა ასწავლის საზოგადოებას.

“ჩვენი ფესტივალი, მომხსენებლების და თემების კუთხით, ძალიან მრავალფეროვანია და სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ZEG-ს განსაკუთრებულად საინტერესოს როგორც სტუმრებისთვის, ისე მომხსენებლებისთვის.” –  ქეთევან ებანოიძე, ZEG-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წელს ZEG-ის სცენა გაფართოვდა ეკონომიკით და არქიტექტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც და ეს სულაც არ იყო მხოლოდ გაფართოება-გაფართოებისთვის – ფესტივალის სტუმრები შეხვდენენ ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტ იოზეფ სტიგლიცს და მისგან მოისმინეს, როგორ გამოიყურება თავისუფლება, როდესაც მსოფლიო ცეცხლშია გახვეული.

თანამედროვე კონტექსტი, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ მასშტაბში, ყოველთვის იყო ZEG-ის ყურადღების არეალში. პრინციპში, შეუძლებელია გვერდი აუარო იმას, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება. 

“კონტექსტი, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშია, ძალიან მსუყედ იყო წარმოდგენილი ჩვენს სცენებზე. ვლაპარაკობდით საქართველოზეც, ამერიკაზეც, რუსეთზეც, უკრაინაზეც და იმაზე, თუ ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება ერთმანეთს. სწორედ ამით არის გამორჩეული ჩვენი ფესტივალი – ყოველთვის ვსაუბრობთ გლობალური ხედვით და ფართო ჭრილში ვაანალიზებთ მოვლენებს, ფაქტებს და იმას, რაც ირგვლივ ხდება,” – სოფო ვასაძე.

“წელს, ფესტივალზე ბევრი ქართველი მომხსენებელიც გვყავდა და ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ახალი იდეებისთვის. ვისაც უნდა, რომ შემოუერთდეს ZEG-ს არა მხოლოდ როგორც სტუმარი, არამედ მომხსენებლი, ამ წლის ნოემბრიდან უკვე შეუძლიათ მოგვწერონ, გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე და გაგვიზიარონ იდეები. ჩვენი კარი მათთვის ღიაა,” – ქეთი ებანოიძე.

ZEG-ისთვის 2025 წელი ამით არ დასრულებულა. წელს ფესტივალი სხვა მხრივაც გაფართოვდება. 

“ღონისძიების დასასრულს, 3 ახალი ამბავი დავაანონსეთ. პირველ რიგში ის, რომ მომავალ წელს ისევ გვექნება თბილისში ფესტივალი, რომელიც 19 ივნისს დაიწყება. ამასთან ერთად, წელს ექსპერიმენტების წელი გვაქვს და ვცდილობთ რომ ZEG ფესტივალი საზღვარგარეთ გავიტანოთ.

პირველი ასეთი ღონისძიება დაგეგმილი გვაქვს აგვისტოში, ამსტერდამში, სადაც ვთანამშრომლობთ De Balie-სთან, რომელიც გამორჩეული პლატფორმაა თავისი მრვალფეროვანი ფორმატით და ერთგვარი ცენტრია ევროპული ლიბერალური ინტელექტუალური ცხოვრების.

ასევე, ოქტომბერში ვგეგმავთ ფესტივალის ლონდონში ჩატარებასაც. ახლა კომუნიკაცია გვაქვს ლონდონის City University-სთან და ვმსჯელობთ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატსა და მომხსენებლებზე,” – ქეთი ებანოიძე.

საზღვარგარეთ ZEG ექსპერიმენტულ ფორმაში ჩატარდება – მომხსენებლები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მხოლოდ ერთი კონკრეტული თემის ირგვლივ ისაუბრებენ, რაც საკითხზე, გაცილებით უფრო ფართო სურათის აღქმის საშუალებას მისცემს ფესტივალის სტუმრებს. 

ამ ყველაფერს კი ქართული სუფრა მოჰყვება, რომელიც, თავისთავად, ამბის თხრობის ერთ-ერთი უნიკალური ფორმა და ZEG-ის განუყოფელი ნაწილია. 

რაც შეეხება ZEG 2026-ს – როგორც უკვე გითხარით მომავალ წელს ფესტივალი 19 ივნისს დაიწყება და სტუმრებს კიდევ უფრო ფართო და მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.








მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.