Factory Tbilisi-ში ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, კონცერტს გამართავენ
27 ივნისს Factory Tbilisi-ის სივრცეში ანიტა რაჭველიშვილი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით – მსმენელის წინაშე წარდგებიან. აუდიტორია კონცერტზე მოისმენს როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებებს, ასევე თანამედროვე მუსიკას.
ქართველ მეცო-სოპრანოს – ანიტა რაჭველიშვილს მაესტრო რაჭველთან მრავალწლიანი შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს. არტისტები საქართველოს სხვადასხვა სახელოვნებო სცენაზე არაერთხელ გამოსულან.
დაანონსებულ კონცერტთან დაკავშირებით AT.ge ანიტა რაჭველიშვილს ესაუბრა: „ნიკასთან ჩემი თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო და ეს პროფესიული გადაკვეთა უდიდეს მეგობრობაში გადაიზარდა. ნიკასთან მუშაობისა და ურთიერთობის თითოეული ასპექტი ჩემთვის ძვირფასი და უნიკალურია. ის გენიალური მუსიკოსია და ეს გამორჩეული ნიჭი მასთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და საინტერესოს ხდის“.
Factory Tbilisi-ში დაგეგმილი კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანია. შესრულდება საოპერო არიები როგორც ორიგინალი ვერსიით, ასევე ნიკოლოზ რაჭველის ინტერპრეტაციით. გარდა ამისა, არტისტებმა პროგრამისთვის შეარჩიეს ბროდვეის, ჯაზისა და შერეული სტილის მუსიკა, რომელიც მსმენელისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.
„ეს პროგრამა მე და ნიკას ორკესტრთან ერთად უკვე არაერთ სხვა კონცერტზე შეგვისრულებია. ამ საღამოსთვის ჩვენთვის ყველაზე საყვარელი მუსიკა შევარჩიეთ – მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნება ქართული მუსიკაც“, – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.
ანიტა რაჭველიშვილს კონცერტები მსოფლიოს მრავალ გავლენიან სახელოვნებო სივრცეში აქვს გამართული, თუმცა მეცო-სოპრანო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ქართველი აუდიტორიისთვის შესრულება განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლო გამოცდილებაა.
ანიტა რაჭველიშვილი:
„ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან აქ ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლოა. ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ აქ იგრძნობა. ძალიან განათლებული მსმენელი გვყავს და როცა უყვართ არტისტი, ამ სიყვარულის გამოხატვა ყველაზე გულანთებით შეუძლიათ. ძალიან მინდა, 27 ივნისის საღამო იყოს იმედის და ძალის მომცემი ჩვენი ხალხისთვის, რომელიც ახლა დიდი სირთულის წინაშეა. მუსიკამ უნდა აგვიმაღლოს ყველას განწყობა, რომ ბრძოლა განვაგრძოთ ჩვენი თავისუფლებისთვის!“
კონცერტის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.