fbpx

“Magic Tree” – ფერწერული სერია რწმენაზე, არჩევანსა და იმ ჯადოსნურობაზე, რომელსაც ადამიანი შინაგანად ატარებს


გააზიარე სტატია

ავტორი: მირანდა ვახტანგიშვილი

“ჯადოსნური ხე” არ არის უბრალოდ ხის გამოსახულება. ეს არის მცენარეულ ფორმაში გადატანილი იდეა რწმენაზე – იმ უხილავ და ძლიერ მუხტზე, რომელიც ადამიანს აძლევს ზღვარს მიღმა დანახვის უნარს, იმედს და შინაგან სიმტკიცეს. მაგრამ სანამ ამ რწმენამდე მივალთ, ავტორი გვახსენებს ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – არჩევანის ძალას.

“ჯადოსნური ხე” მოგვითხრობს იმ პირველ განზრახ ქმედებაზე, როცა ვირჩევთ,  გვჯეროდეს – ვირჩევთ, დავუშვათ ჯადოსნურობის არსებობა, დავუშვათ დაუნახავის მნიშვნელობა. რწმენა აქ არ არის მოცემულობა – ის ხდება აქტიური მდგომარეობა, საკუთარი სულის ნება.

“ამ ხეებს ფესვები მიწაში კი არა, არჩევანსა და რწმენაში აქვთ გადგმული. ისინი იზრდებიან იქ, სადაც ადამიანი გადაწყვეტს, დაიჯეროს”, – ამბობს ხელოვანი.

სერია ვიზუალურად გვიხატავს რწმენის ცვალებადობას – იმ გზას, რომელიც იწყება შიშით, მერე მიდის კავშირის, ეჭვის, ნათლისა და ბოლოს შინაგანი სიმშვიდის წერტილამდე. ნახატებში წიწვოვანი ხე ხდება მეტაფორა იმ უხილავი ძალისა, რომელსაც ადამიანის არჩევანი ბიძგს აძლევს.

თითოეული ჯადოსნური ხის თანმდევია უნიკალური მელოდია, რომელიც ხატვის დროს ჩაწერილი ხმებით არის შექმნილი. მელოდია და ფერთა პალიტრა  კი გვაძლევს შესაძლებლობას  აღვიქვათ ნამუშევრების ხასიათი – მერყევი და მტკიცე, მარტოსული და დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ცოცხალი, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს სიზმარსა და რეალურს შორის.

“Magic Tree” გზავნილია – დავუკვირდეთ არა მხოლოდ იმას, რისიც გვწამს, არამედ იმასაც, როგორ და როდის ავირჩიეთ, რომ გვწამდეს.

 

სერიის ხილვა შესაძლებელია  21 ივნისის ჩათვლით Art Conference Tbilisi-ში 

ასევე იხილეთ საიტი: WWW.MIRANDUKHTIA.COM

864 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.