fbpx

მთავარია – არ გავჩერდეთ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თორნიკე ნოზაძე

 

ცოცხლად პირველად  8 წლის წინ, 4 თებერვალს მოვუსმინე. თარიღი რომ ვუთხარი, გაეცინა, როგორ დაიმახსოვრეო, მკითხა. ძეფირელის „აიდას“ დადგმა ჰქონდათ თბილისის ოპერაში ჩამოტანილი. პრემიერის ბილეთებიც მქონდა და გენერალურ რეპეტიციაზეც შევიპარე მეგობართან ერთად. ამ ინტერვიუს ჩაწერისას ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ: ოპერის სამყაროზე, სექსიზმზე, ჯინსებზე, მაყურებელზე  და ისიც გავიხსენეთ, როგორ განსხვავდებოდა „აიდას“ რეპეტიციაზე „შეპარული“ მაყურებელი პრემიერაზე მისულისგან. 

საქართველოში დიდი ხანია არ უმღერია, თუ არ ჩავთვლით შარშან მისი პედაგოგის, მანანა ეგაძისადმი მიძღვნილ პატარა სალონურ კონცერტს. ფაქტობრივად, ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, დიდი აუდიტორიის წინაშე  ეს მისი პირველი გამოჩენაა. მანამდე, ძალიან დიდი ხანი კულტურის ყოფილ მინისტრს, რომლის სახელის ხსენებითაც ამ ტექსტს არ დავაბინძურებ, ბოიკოტს უცხადებდა – სანამ თანამდებობა გიკავიათ, ჩემი ფეხი არ იქნება ქართულ სცენაზეო. მინისტრი შეიცვალა, ბოიკოტიც ავტომატურად ამოიწურა, თუმცა სახელმწიფო სცენები მისთვის ამ დრომდე დაკეტილია – მას იქ არ ელიან. არ ელიან იმიტომ, რომ ყოველთვის ხმამაღლა (პირდაპირ და გადატანითად) ახმოვანებდა ყველას საწუხარს, იცავდა დაჩაგრულებს და შეულამაზებლად, პირდაპირ უპირისპირდებოდა სისტემას. ასეთია – ხმამაღალი.

ამ სფეროში საკუთარი აზრის ქონა ფუფუნებაა. ყველაზე მეტად თავისი კოლეგა მუსიკოსები ედარდება, რომლებიც აქ ცხოვრობენ და აქ მუშაობენ.  მათ საერთოდ არანაირ სივრცეს არ უტოვებენ აზრის გამოსახატად – ან თავად „იცენზურებენ“ თავს ან სხვები აჩუმებენ.  ვკითხე, შენი კოლეგების სიჩუმეზე უფრო მეტად ბრაზობ თუ გესმის მათი-მეთქი. თან ვბრაზობ და თან მათიც მესმისო, მიპასუხა. 

ა.რ.: მესმის მათი, რადგან ვიცი, ბევრს დაემუქრნენ გასაჩუმებლად, მაგრამ ვბრაზობ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წლების წინ დაიწყო და მაშინ მხოლოდ 2-3 ადამიანი ვიღებდით ხმას.

შეხვედრამდე მისი ძველი ინტერვიუები გადავიკითხე. ყველაზე ბოლო ზაქარი ვულფის ინტერვიუ იყო NEW YORK TIMES-ისთვის (Can One of Opera’s Greatest Singers Get Her Voice Back?)  სადაც ჯანმრთელობაზე, ფეხმძიმობაზე, კარიერულ პაუზასა და რეაბილიტაციაზეა საუბარი. ამ ინტერვიუზე ბრაზობს, არასწორი შეფასებებია გაკეთებული და ფაქტებიც დამახინჯებულადაა გადმოცემულიო. 

ა.რ.: მათ დაწერეს, რომ მე ხმა დავკარგე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მე დავკარგე ხმის კონტროლის უნარი.

ფეხმძიმობის შემდეგ ყველა ქალი გადის ფიზიკურ ცვლილებებს, მაგრამ ყველა ხომ ოპერას არ მღერის? ამ მხრივ ბევრი ცოდნაც არ არსებობს და არც კონკრეტული სპეციალისტი მოიძებნება, რომელმაც იცის, როგორ მართოს ასეთი შემთხვევები. თუმცა გამოხდა ხანი, ბევრი ექიმი მოიარა, ბევრი იშრომა, ივარჯიშა, რომ კონტროლი დაებრუნებინა. ხმა უფრო მოცულობითი და რთულად სამართავია, მაგრამ უკვე ფორმაშია და შემდეგი ორი წლის განრიგიც გაწერილი აქვს. ოპერის სამყაროში ასეა, 2-3-4 წლით ადრეა ყველაფერი გაწერილი და ამ რიტმიდან თუ ამოვარდი, ისევ ჩაჯდომა რთულია – დრო სჭირდება, რადგან როლები უკვე განაწილებულია. ფაქტობრივად, ბოლომდე დაუბრუნდა რეპერტუარს. რაღაცების შესრულებისგან ჯერ თავს იკავებს, ოღონდ სიფრთხილის გამო და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად არ შეუძლია 

ა.რ.: დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გამოვიარე. ვცდილობ, ცოტა ხანი ხელი არ მოვკიდო ისეთ როლებს, რომლებიც მაშინებდა და რომლებსაც ვასრულებდი იმ პერიოდში, როდესაც ფიზიკურად ყველაზე ცუდად ვიყავი.

ამასობაში ოპერის სამყარო ძალიან შეიცვალა. მაგალითად, ბოლო წლებია „მეტროპოლიტენ ოპერა“  წარმოდგენების პირდაპირ ტრანსლაციებს აკეთებს კინოთეატრებში. მიზანი აუდიტორიის გაფართოება და მეტი მსმენელის მოზიდვაა, თუმცა, როგორც ანიტა ამბობს, ამან თეატრის დარბაზი დააცარიელა. ყველაზე ტრადიციულ სპექტაკლებს top-tier ხელოვანები ნახევრად ცარიელ დარბაზში ასრულებენ. ოპერაში სიარულს ადრე რიტუალური ხასიათი ჰქონდა. სპეციალურად „მეტ“-ისთვის ჩადიოდნენ ხოლმე სხვადასხვა შტატებიდან და ქვეყნებიდან მელომანები. ახლა, ნიუიორკელებიც კი, ნაცვლად „მეტ“-ისა, იქვე, გვერდით კინოთეატრში შედიან და უყურებენ პირდაპირ ტრანსლაციას.

გარდა იმისა, რომ რიტუალური იყო ოპერაში წასვლა, ასე მისი „აქ და ახლა“ ხასიათიც იკარგება; იკარგება „აურაც“, როგორსაც ვალტერ ბენიამინი აღწერს ნაშრომში – „ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირების ეპოქაში“. ნაშრომში კინოსა და თეატრს უპირისპირებს ერთმანეთს, მასში კინოთეატრში ნაჩვენებ თეატრზე საუბარი არაა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ასე განვითარდებოდა კინო/თეატრი, თუმცა, ალბათ, ყველა ის აზრი, სამართლიანად შეგვიძლია გადმოვიტანოთ და გავავრცელოთ ამ პრაქტიკაზეც. შემსრულებელსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობა და ემოციები ხომ ნაცვალგებითია – კინოთეატრის ეკრანიდან კი ეს არ განიცდება. ასევე საუკეთესო გახმოვანებისა და ხმის ჩამწერი აპარატურითაც კი შეუძლებელია ბგერის ისე გადმოცემა, როგორც ის „აქ და ახლა“ აღიქმებოდა.  სპექტაკლების ტრანსლირება, მათი ჩაწერა და კინოთეატრებში ჩვენებაც ხომ ერთგვარი რეპროდუქციაა.

„ის კი, რაც ამის შედეგად უქმდება, აურის ცნებაში შეიძლება შევაჯამოთ და განვაცხადო: ტექნიკური რეპროდუცირების ეპოქაში სწორედ ხელოვნების ნაწარმოებს აღმოხდება სული. ამ სიმპტომატური პროცესის მნიშვნელობა ხელოვნების ფარგლებსაც სცილდება. განზოგადებით შეიძლება ითქვას, რომ რეპროდუქციის ტექნიკა რეპროდუქციას ტრადიციის სფეროს მოსწყვეტს. რეპროდუქციების გამრავლების შედეგად კი ეს ტექნიკა ხელოვნების ნაწარმოების განუმეორებელ არსებობას მასობრივით ანაცვლებს. ის რეპროდუქციას ანიჭებს უნარს, აღმქმელს მის კერძო სიტუაციაში მიუახლოვდეს, ამით კი რეპროდუცირების აქტუალიზაციას ახდენს. ორივე ამ პროცესს ტრადიციული სფეროს უძლიერეს შერყევამდე მივყავართ – რაც კაცობრიობის დღევანდელი კრიზისისა და მისი განახლების მხოლოდ მეორე მხარეა…“

 – ვალტერ ბენიამინი, ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირების ეპოქაში (დევი დუმბაძის თარგმანი)

ა.რ.: არა მგონია, რომ ეს იყოს ოპერის მომავალი. მაგალითად, ევროპაში თეატრებმა გაიაზრეს, რომ ეს მეტ ზიანს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს და ამიტომ მხოლოდ განსაკუთრებულ, საპრემიერო წარმოდგენებს აჩვენებენ ხოლმე ასე. ამის პარალელურად ბევრ თეატრს აქვს ახალგაზრდებისთვის სპეციალური ტარიფები და ჩვენებები. სხვანაირად არც შეიძლება – დაიცლება თეატრი. 

მომიყვა, რომ ოპერის მმართველები და კასტინგ-მენეჯერები ვარსკვლავების სისტემას ერჩიან – აღარ უნდათ ახალი ვარსკვლავები, ეს ძვირი ჯდება, ამიტომ ცდილობენ ისეთი სისტემა დანერგონ, სადაც ყველა გათანაბრებული იქნება  იმ მიზნით, რომ ახალი ვარსკვლავები აღარ გაჩნდნენო. ოპერა კი ვარსკვლავებისა და მათ გარშემო არსებული სკანდალების გარეშე წარმოუდგენელია – ყველას გირჩევთ ნახოთ ტომ ვოლფის დოკუმენტური ფილმი – „Maria by Callas“, სადაც სრული მასშტაბითა და მთელი დიდებულებითაა ოქროს ხანის დროინდელი ოპერის „შიდა სამზარეულო“ ნაჩვენები. 

თანამედროვე დადგმები მოსწონს, მაგრამ მხოლოდ ისეთები, სადაც ჩანს, რომ რეჟისორი ზედმიწევნით კარგად იცნობენ პარტიტურას, პატივს სცემეს ლიბრეტოს და უყვარს მუსიკა. წუხილით აღნიშნავს, რომ ბევრი ახალი დადგმა პირველი რამდენიმე ჩვენების მერე სამუდამოდ „საწყობდება“, ამის მიზეზი კი ისაა, რომ გაუთვლელად, სულელურად და მუსიკის უპატივცემულობით მუშაობდნენ მათზე. არადა ამ დადგმებზე მილიონები იხარჯება – საბოლოოდ კი ეს მუსიკოსებისა და მსახიობების ჯიბეს აზარალებს.

ბევრი ვისაუბრეთ. რაღაც-რაღაცის გახმაურება ჯერ არ შემიძლიაო და მეც მეტს ვერ გიყვებით. მალე დაუბრუნდება ძველ რიტმს და საქართველოსთან დაკავშირებითაც ბევრი გეგმა აქვს.

27 ივნისს „FACTORY TBILISI“-ში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტს გამართავს. ვინც დიდი ხანია უსმენს, ამ კონცერტის რეპერტუარი მათთვის უცნობი არ იქნება – ოპერა და ქროს-ოვერები:  ჯაზი, ბლუზი, ქართული სიმღერები. რეპერტუარი ისე შევარჩიეთ, რომ ხალხი გავახალისოთ და განწყობა ავუმაღლოთო. 

ა.რ.: ჩანაფიქრია, რომ ამ სივრცეში გაკეთდეს სახელოსნოები, სადაც ისწავლიან ახალგაზრდები, სადაც აღდგება მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლის ტრადიცია. უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდნენ პედაგოგები, რომლებიც გარკვეულ ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლიდნენ – მივედით იქამდე, რომ რაღაც ინსტრუმენტების შემსრულებლები საერთოდ გაქრნენ. ფაქტობრივად – ტრადიცია შეწყდა. ხშირად მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ კონცერტებისთვის მუსიკოსებს, რადგან რამდენიმე ინსტრუმენტის შემსრულებელი აქ ფიზიკურად არ მოიძებნება. დამფუძნებლის, სოფო ჭყონიას ჩანაფიქრია, რომ სასწავლებელში ასწავლოს არა მხოლოდ მუსიკა, არამედ ხელოვნების მართვა და ყველაფერი, რაც თეატრთანაა დაკავშირებული. ჯერ სრულად არაა ჩამოყალიბებული კონცეფცია, ისიც არ იციან, რა ერქმევა, თუმცა იდეა ასეთია, რომ „ლა სკალას“ აკადემიის მსგავსი სივრცე შეიქმნას, სადაც იმუშავებენ და ისწავლიან სცენის მუშაკებიც, კოსტიუმების მხატვრებიც და გამნათებლებიც.

აკადემიაში მისი პირადი წვლილი, გარდა მასტერკლასების ჩატარებისა, კოლეგებისა და პედაგოგების ჩამოყვანა იქნება. მოკლედ, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს.

ა.რ.: არცერთი ქვეყანა „არ აწარმოებს“ იმდენ წარმატებულ ხელოვანს, რამდენსაც ეს პატარა ქვეყანა. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ არ გვქონდეს ისეთი სივრცე, სადაც ეს ყველაფერი ერთად ისწავლება და ცოდნა გადაეცემა. ამ სივრცის, ამ კონცერტებისა და შეხვედრების იდეა ისაა, რომ არ გავჩერდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია სფეროსთვის, რომ რაღაც მაინც ხდებოდეს. არაფერი არ ხდება. ყველაფერი გაჩერებულია. ასეთი გზით თუ გავაგრძელებთ, ვერ მოგვეცემა ძალა. მთავარია – არ გავჩერდეთ“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.