ანტიდრო. რეტრო-დან არქეო-სკენ – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
თარგმნა ირაკლი ლომოურმა
ანტიდრო. რეტრო-დან არქეო-სკენ
(ეპშტეინის კრებულის მეხუთე ესე)
რეტრომანიის ცნება ცნობილი გახდა ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსის, საიმონ რეინოლდსის წიგნის – „რეტრომანია. პოპკულტურა საკუთარი წარსულის ტყვეობაში“ (Reynolds Simon. Retromania: Pop Culture’s Addiction to Its Own Past. L.: Faber and Faber Ltd, 2011.) გამოსვლის შემდეგ. რეინოლდსი ირონიით, სიმწრითა და ნოსტალგიით წერს იმაზე, რომ პოპკულტურის მომავალი – ეს მისი წარსულია: მუსიკალური ჯგუფების აღდგენა, კლასიკური ალბომების ხელახალი გამოშვება, რიმეიკები, მეშაპები… თანაც, წარსულის რესურსები უსაზღვრო არ გახლავს, და რა მოხდება, როდესაც ამოიწურება – ახლის შექმნას ხომ უკვე გადავეჩვიეთ?
რეტრომანიას, რომელიც XXI საუკუნის რუსეთში მკვიდრდება, ორი სახასიათო თვისება აქვს.
ჯერ ერთი, მასშტაბი. ეს არაა პოპმუსიკა ანდა პოპკულტურა, არამედ ქვეყნის ცხოვრების მთლიანი წესი და მისი ქცევა მსოფლიო არენაზე. ესაა ხელისუფლების რეტროიდეოლოგია, მასების რეტროფსიქოლოგია, მცდელობა ისტორიის ვექტორი წარსულში მიაბრუნონ, განამტკიცონ რეტროსაბჭოთა და რეტროიმპერიული მენტალობა და ტრადიციები. მეორეც, რეტროს ფარგლებიდან გასვლა.
რეინოლდსის მიერ აღწერილი რეტრომანია წარსულში მხოლოდ რამდენიმე ათეული წლითაა მიმართული, 1960-1980-იანი წლების სტილს აღადგენს. მსგავს რეტროს ადგილი ჰქონდა 1990-იანი წლების რუსეთში, რაც ხორციელდებოდა ისეთ პროექტებში, როგორიც იყო „ძველი სიმღერები მთავარის შესახებ (“Старые песни о главном”), სადაც გვიან საბჭოური ესტრადის აღორძინება ხდებოდა, და ნოსტალგიურ ფილმებში, როგორიც იყო „ბნელი წყლის თავზე“ (“Над темной водой”). მოგვიანებით, 2000-იანი წლების ბოლოდან მოდაში შემოვიდა წინათ მასხრად აგდებული ბრეჟნევისეული პოლიტიკური სტილი „უძრაობა“, მისი განწყობით „სტაბილურობაზე“, ანდა, როგორც მაშინ დასცინოდნენ, „სტაბილიზეცზე“. მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა სულ უფრო მკვეთრი ვარდნა წარსულში. „რეტროს“ ფარგლები უკვე ძალიან ვიწრო აღმოჩნდა არქაიკაში ისეთი ჩაძირვისთვის, რომელიც XXI საუკუნის რუსეთში ხდება.
ისევე, როგორც XX საუკუნეში, რუსეთი მთელ პლანეტას წინ მიუძღვის, უმაგალითო ნახტომს აკეთებს, – ოღონდ კომუნისტურ მომავალში კი არა, არამედ ფეოდალურ წარსულში. სწრაფად იკეტება ფანჯარა ევროპაში და აღორძინებას განიცდის პეტრემდელი მოსკოვეთის იდეალები. ისევ დაფასდა ივანე მრისხანე და „ოპრიჩნინა“. ეს უკვე რეტრო- კი არაა, არამედ არქეო-, არქეოკრატია, საბჭოთა ფუტუროკრატიის კონტრასტულ-სიმეტრიული. დაბრუნდა საბჭოთა დროების ჰიმნი – მუსიკა ა. ალექსანდროვისა, ტექსტი ს. მიხალკოვის. ნაცისტურ გერმანიაზე 1945 წელს გამარჯვება რუსეთის ისტორიის მთავარ შემაკავშირებელ ნიშანსვეტად გამოცხადდა. ნაციონალური თვითშეგნების ცენტრი სულ უფრო მეტად წარსულში ინაცვლებს. 2005 წელს დაფუძნდა „სახალხო ერთობის“ ახალი დღესასწაული, 1612 წელს მოსკოვში პოლონური გარნიზონის განადგურების აღსანიშნავად – „პოლონელ-ლიტველი დამპყრობლებისგან გათავისუფლების დღე“. 2008 წელს სამშობლოს მთავარ სახედ ფართომასშტაბიანი სატელევიზიო კონკურსის, „რუსეთის სახელი“ გახდა „წმინდა კეთილმორწმუნე მთავარი“ ალექსანდრე ნეველი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ოქროს ურდოს ბატონობას დაუქვემდებარა ნოვგოროდი, და თვალებს სთხრიდა მათ, ვინ ამ უღელს ეწინააღმდეგებოდა. ეს XIII საუკუნეში ხდებოდა. გამოდის, რომ შემდეგი რვა საუკუნის განმავლობაში ვერცერთმა დიდმა მეცნიერმა, მწერალმა, კომპოზიტორმა, მოაზროვნემ, სარდალმა ვერ გაიბრწყინა სამშობლოს კაბადონზე უფრო თვალშისაცემად, ვიდრე ამ მთავარმა, თათარ-მონღოლთა წინაშე ქედს რომ მდაბლად იხრიდა.
ჯერ კიდევ 2009 წელს ახალი, მაშინ “ლიბერალური“ პრეზიდენტი დ. მედვედევი გამოვიდა სტატია-მანიფესტით – “წინ, რუსეთო!”. მაგრამ საპრეზიდენტო “როქის” და პუტინის მესამე ვადით დაბრუნების შემდეგ, 2012 წელს, დროის სხვა ვექტორი აშკარა გახდა. ახალი ისტორიული პერიოდის, განსაკუთრებით, 2014 წელს ყირიმის დაპყრობის შემდეგ, დევიზი გახდა “რუსეთო, უკან!”. და საერთოდაც, „დროვ, უკან!“. ქვეყანაში ხდება მთელი მისი ისტორიის რეკონსტრუქცია, თანაც სხვადასხვა პერიოდების აღრევით. ხდება თვითმპყრობელობის, მართლმადიდებლობის, ხალხურობის, მეფისა და პატრიარქის ამბორისყოფის, “კაზაკებისა და სტუდენტების“ შეტაკებების და ა.შ. რეკონსტრუირება. რუსეთის „დერჟავულ“ ნოსტალგიაში ერთმანეთს ერწყმის კულიკოვოს ბრძოლა და ყაზანის აღება, პოლონელი დამპყრობლების განდევნა, შვედების დამარცხება პოლტავასთან, ნაპოლეონის არმიის განადგურება, გამარჯვება დიდ სამამულო ომში… 2010-ათიანი წლები – ესაა თავიდან ბოლომდე „ისევ,“ „შეგვიძლია გავიმეოროთ“, რაც ნებისმიერ რაღაცაზე შეიძლება იყოს მიმართული: ივანე მრისხანეზე და სტალინზე, ალექსანდრე II და ბრეჟნევზე, ორივე მეფე ნიკოლოზზე… თუ საბჭოთა კავშირი უტოპიის ქარგაზე შენდებოდა, პოსტსაბჭოთა რუსეთი თანდათანობით ეშვება უქრონიაში – უჟამო, დროის მიღმა მყოფ, დამუხრუჭებულ სამყროში.
ნიშანდობლივია, რომ ფროიდი სიკვდილის ინსტინქტს უკავშირებდა სიცოცხლის წინარე მდგომარეობებისკენ მიმართულ რეგრესს, სწრაფვას – გაემეორებინათ მოვლენები და განცდები, რაც დაკავშირებული იყო ტკივილსა და დაუკმაყოფილებლობასთან, რათა თავი დაეღწიათ სიცოცხლის დაძაბულობისგან, სიკვდილში ეპოვათ სიმშვიდე. ამ აზრით, განმეორება – სიმშვიდის დედაა. ფროიდი ამის შესახებ ასე წერს ნაშრომში – „კმაყოფილების პრინციპის მიღმა“ (1920) სადაც თანატოსი წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი ინსტინქტი, ეროსის საპირისპიროდ: „ახალი და საოცარი ფაქტი, რომელიც გვსურს აღვწეროთ ისაა, რომ „აკვიატებული გამეორება“ ხელახლა წარმოისახავს წარსულის ისეთ გახსენებებს, რომელთაგან სიამოვნების მიღების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, რაც წინათ განდევნილ სწრაფვათა დაკმაყოფილებასაც კი ვერ უზრუნველყოფს“.
ფსიქოანალიზის დეტალებში შეუსვლელად უნდა ვივარაუდოთ, რომ ლოზუნგი „შეგვიძლია გავიმეოროთ“, რომლის ნიშნის ქვეშაც ჩაიარა რუსეთის ომისწინანდელმა ათწლეულმა (2012-2022) – ესაა ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება სიკვდილის საზოგადოებრივი ინსტინქტისა. საერთოდაც, ეს პერიოდი, რომელიც წარსულში მიბრუნებით, სხვადასხვა ბრძოლათა, სამეფოთა და ლაშქრობათა „რეკონსტრუქციითაა“ შეპყრობილი, არა მხოლოდ ისტორიული დროის თანდათანობითი დამუხრუჭებითა და შეჩერებით, არამედ არყოფნის მზარდი ნოსტალგიითაც ხასიათდება.







