fbpx

დოქტორი სთრეინჯლავი, ან როგორ ვისწავლე, შევწყვიტო წუხილი და შევიყვარო ბომბი


გააზიარე სტატია

ალბათ ყველას სმენია მოარული მითები გლობალურ ომის პარტიაზე, დიფ სთეითსა თუ… ა.შ. არ ვიცი ამ მითების გასაქარწყლებლად იმაზე უკეთესი ფილმი არსებობს თუ არა, ვიდრე დოქტორი სთრეინჯლავია. კუბრიკის ეს არაჩვეულებრივი პოლიტიკური სატირა ჩემთვის განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთივე წინასწარმეტყველურია, როგორც მისი სხვა ფილმები, არამედ მასში იუმორის ისეთი შრეებია გახსნილი, ალბათ მხოლოდ კუბრიკი თუ მოახერხებდა ასე ოსტატურად. 

სტენლი კუბრიკის დოქტორი სთრეინჯლავი ან: როგორ ვისწავლე, შევწყვიტო წუხილი და შევიყვარო ბომბი, შესაძლოა ცივი ომის რელიკვიად მოგვეჩვენოს – უცნაური, სატირული სამყაროს პორტრეტი, სადაც ცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის მარადიული, გამაფრთხილებელი საყვირის ხმა: ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სამყაროს დასასრული არა გატეხილი სისტემებისგან, არამედ იმ გატეხილი ადამიანებისგან მოდიოდეს, რომლებიც  მსგავს სისტემებს აშენებენ. ეგო, შიში და ძალაუფლების სხვადასხვაგვარი გამოყენება…  სრულ სურათს ხსნის ფილმის მიმდინარეობისას.

იმ დროს, როდესაც ავტოკრატიები იზრდებიან, ბირთვული რიტორიკა უბრუნდება მთავარ სათაურებს და ომი ხდება ყოველდღიური ალგორითმის ნაწილი, გამომდინარე აქედან დოქტორი სტრეინჯლავი უკვე არა მხოლოდ სატირა, არამედ კომედიით გამოხატული მომავლის დოკუმენტალისტიკაა.

კუბრიკის შეშლილი გმირები – შეუპოვარი გენერლები, გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტები, ნაცისტი-მენეჯერი, რომელიც ამერიკული სტრატეგოსია – არ არის ირაციონალური გამოხატულება. რეალურად, ჩვენც ზუსტად ამ აბსურდულ წესრიგთან გვიწევს შეჯახება, საიდანაც მე პირადად, ერთადერთ გამოსავლად თვითრეფლექსიას ვხედავ. ომის ოთახში “ლოგიკას” გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არ აქვს, პირიქით, ლოგიკა დაფარულია ადამიანების სწრაფი გადაწყვეტილებებისა და ემოციების უკან. მამაკაცებით დაკომპლექტებული ომის ოთახი გავსებულია სხვადასხვა გამოსვლებით, დაფარული მუქარებით, მყიფე მამაკაცურობითა და საშინელი ბრაზით. მიღებული გადაწყვეტილებები არათუ არასწორი, არამედ “პროცედურულად სწორია”, რაც ზუსტადაც რომ საფრთხის მატარებელია. 

დღეს, როდესაც გლობალური ძალები უახლოვდებიან კონფრონტაციას – უკრაინიდან ღაზამდე, ტაივანიდან თეირანამდე – ფილმის  მთავარი შფოთვა კვლავ იჩენს თავს: ვის აქვს ღილაკი? და რაც მთავარია, ვინ არიან ისინი სინამდვილეში?

რასაც დოქტორი სტრეინჯლავი ამხელს, არის ის, რომ აპოკალიფსური ძალა ხშირად ვარდება ბავშვობის ჭრილობებითა და პოლიტიკური აკვიატებით დაავადებული ადამიანების ხელში. როგორც ჩანს, კუბრიკი ამბობს, რომ ნამდვილი მტერი არ არის მხოლოდ ბომბი – ეს არის ირაციონალურობა, რომელიც შემორჩენილია რაციონალურ სისტემებში.

ფილმი გვაცინებს, დიახ – მაგრამ ეს არის იმ სიცილის სახე, რომელსაც ლითონის გემო აქვს. მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური ენა ხშირად პაროდიას ჰგავს, დოქტორი სტრეინჯლავი არათუ აბსურდის გამოხატულებაა, არამედ აბსოლუტურად ზუსტია.

და რაც შეგვეხება ჩვენ…

აქ, საქართველოში – აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოქცეულ ქვეყანაში – ტრავმასა და ტრანსფორმაციას შორის მუდმივი ჭიდილი მიმდინარეობს – დოქტორი სტრეინჯლავი კი აქაურობას ზუსტად ასევე უხერხულად ეხმიანება. პოლიტიკურ დისკურსს აქაც უფრო მეტად შიში ამოძრავებს, ვიდრე წინდახედულობა, უფრო მორალური პანიკით, ვიდრე წინდახედულებითა და ლოგიკური გადაწყვეტილებებით. ჩვენი „ომის ოთახები“ ყოველთვის არ არის პირდაპირი, მაგრამ ისინი არსებობენ – სამინისტროებში, გამგეობის დარბაზებში, ტოქშოუებში – სადაც ემოციები ხშირად აჭარბებს გონიერებას.

ვის უჭირავს ჩვენი ღილაკი? რა ხდება, როცა პოპულიზმი თავდაცვის სტრატეგიად იქცევა? როდის უკარნახებს საგარეო პოლიტიკის კურსს უბრალო წყენები? ახლა ჩვენ რომ ყველას ერთად ჭკუა მოგვეკითხებოდეს, უნდა გადავხედოთ ამ ფილმს კიდევ ერთხელ და ვიკითხოთ, რატომ არის აბსურდი ასე ხშირად ძალაუფლების მამოძრავებელი ძალა.

საბოლოო ჯამში, დოქტორი სტრეინჯლავი არ არის მხოლოდ ცივი ომის სატირა. ეს ჩვენი სარკეა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.