fbpx

„ნაქარგი ხებერი“ – ირმა შარიქაძის საავტორო გამოფენა


გააზიარე სტატია

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ვიზუალური არტისტის, ირმა შარიქაძის გამოფენა “ნაქარგი ხებერი” (აჭარულ დიალექტზე ხებერი ამბავს ნიშნავს) აჭარული ნაქარგობის არქეტიპულ და ესთეტიკურ შრეებს მულტიმედიური ფორმატით წარადგენს.

ექსპოზიცია აჭარელ ქალთა შემოქმედებით მემკვიდრეობას ხელოვანის პერსონალური ხედვით წარმოაჩენს. ნაქარგობის კოლექცია პირველად განთავსდება მუზეუმის სივრცეში და მოიცავს აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებზე ხელით შესრულებულ ნაქარგ ორნამენტებს, უნიკალური მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეებით, ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და მისი მცველების სიმბოლიკით, რაც აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებთან კავშირშია.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ირმა შარიქაძის მიერ გადაღებული ფოტოდოკუმენტაცია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების შესახებ, აგრეთვე ფილმი “აჭარული მზითვის ფერი”, კერამიკული ობიექტები, ფოტო-ინსტალაცია  Flower Power და Irma De Flore-ის აჭარული ტრადიციული სამოსის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმები.

გამოფენის გახსნას ამაღლებული ხასიათი შესძინა Irma de Flore – ის პერფორმანსმა თანამედროვე ბალეტის წამყვანი სოლისტების ნინა გოგუა და ნათია ბუნტურის მონაწილეობით.

გამოფენის ფარგლებში პირველად აბრეშუმის მუზეუმში ჩატრადა ქარგვის საჯარო მასტერკლასი „მედიტაცია მუზეუმში“ მოწვეული აჭარელი ოსტატების და თავად არტისტის ჩართულობით და მოწვეული მკვლევარი მითოლოგის ხათუნა თავდგირიძის საჯარო ლექცია „აჭარის მითოლოგია და არქეტიპი“

28 ივნისს 16.00 საათზე მუზეუმში გელით გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე, სადაც გაიმართება შეხვედრა ხელოვან ირმა შარიქაძესთან სახელოვნებო ტურის ფორმატით. შეხვედრაზე განხილული იქნება გამოფენის კონცეფცია აჭარელი ქალების მემკვიდრეობა მითს და თანამედროვეობა შორის, ასევე  Irma de Flore – ის და აჭარელი ქალების კოლაბორაცია, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების თანამედროვე დიზაინ ნიშნებად გარდაქმნის პროცესი.

საგამოფენო პროექტი ხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გრძელვადიანი ინიციატივის „მუზეუმი და კოლექციონერი“ ფარგლებში. გამოფენა არის ნაწილი ირმა შარიქაძის საავტორო პროექტისა “აჭარული მზითვის ფერი.” პროექტის სამოზეუმო ადაპტაციაზე იმუშვა აბრეშუმის მუზეუმის პროექტების კურატორმა, მარიამ შერგელაშვილმა.

 

პროექტის სამუზეუმო ადაპტაციაზე იმუშავა აბრეშუმის მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორმა მარიამ შერგელაშვილმა.

18.05 – 28.06 2025

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

გ. ცაბაძის ქუჩა #6


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.