Superman-ის საეკრანო ისტორია
ავტორი: საბა ოსანაძე
10 ივლისს DC-ს კინოსამყარო ხელახლა იშვება. ჯეიმს განის უნიკალური გემოვნება და ხედვა შთამბეჭდავ გამოცდილებას გვპირდება. ის DC-ს კინოსამყაროს შექმნას უდგას სათავეში, ხოლო პირველშობილი ისევ და ისევ სუპერმენი იქნება, როგორც ეს იყო DC-ს წინა ავადსახსენებელ ფაზაში.
მას შემდეგ, რაც სუპერმენი პირველად გამოჩნდა Action Comics 1-ში, 1938 წელს, ის იმედის, სამართლიანობისა და ადამიანის სულის უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა. ათწლეულების შემდეგ პერსონაჟმა კომიქსების გვერდებიდან ეკრანზე გადაინაცვლა, კინემატოგრაფიული ადაპტაციების სერიაში, რომელთაგან თითოეული ასახავს იმ ეპოქას, რომელშიც შეიქმნა, და იმ კულტურულ ხედვებს, რომლებიც იმ ეპოქაში ბატონობდნენ.
ეკრანებზე სუპერმენის თავგადასავალი 1948 წელს იმავე სახელწოდების სერიალით დაიწყო. კლარკ კენტის როლში კირკ ელინი იყო. ამ სერიალმა ფაქტობრივად შექმნა სუპერგმირული კინოს ბაზა, საიდანაც მომავალში წარმოიშობა თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი ჟანრი. 15-სერიანმა საგამ კინოთეატრებში იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ ორი წლის შემდეგ სიქველიც გამოვიდა Atom Man vs. Superman. მაგრამ სიქველმა ვერ გაამართლა და სუპერმენის სახე კინოეკრანებიდან მრავალი წლით გაქრა.
სუპერმენის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, Superman: the Movie-ის (1978) რეჟისორი იყო რიჩარდ დონერი, ხოლო მთავარ როლს ქრისტოფერ რივი თამაშობდა. ეს ფილმი დღემდე რჩება სუპერგმირული კინოს ისტორიულ ნიშნულად. გულწრფელი ტონით, რევოლუციური სპეცეფექტებითა და რივის შესანიშნავი შესრულებით. ფილმის წარმატებამ სამი სიქველი შვა. Superman II (1980), ნაწილობრივ დონერის რეჟისორობით, კიდევ უფრო ღრმად წარმოაჩენს კლარკ კენტის ემოციურ ბრძოლას, მაშინ როცა Superman III (1983) რიჩარდ პრაიორის მონაწილეობით და საეჭვო ხარისხის კომედიით ბანალურობისკენ გადაიხარა. Superman IV: ბრძოლა მშვიდობისთვის“ (1987), რომელიც რივის ანტიბირთვული შეხედულებებით იყო შთაგონებული, კეთილი ზრახვების მიუხედავად, დაბალ ბიუჯეტსა და სუსტ შესრულებას შეეწირა.
ქრისტოფერ რივი 90-იანებში ავტოავარიაში მოჰყვა, კისერს ქვემოთ პარალიზებული, სიცოცხლის ბოლომდე ეტლით გადაადგილდებოდა. ის 2004 წელს გარდაიცვალა.
გრძელი პაუზის შემდეგ გამოვიდა Superman Returns (2006), რომელიც რივის ფილმების სულიერ გაგრძელებად მიიჩნევა. რეჟისორი ბრაიან სინგერი იყო, მთავარი როლი ბრენდონ რაუთმა შეასრულა. ფილმმა სცადა აღედგინა დონერის მაგია, ორიგინალთან პატივისცემით და სევდით. მიუხედავად შთამბეჭდავი ვიზუალისა და ემოციური სიღრმისა, ნელი ტემპი და მოქმედების ნაკლებობა აუდიტორიას ორ ნაწილად ყოფდა.
პერსონაჟი ხელახლა იქნა გააზრებული Man of Steel-ში (2013). რეჟისორი ზაკ სნაიდერი იყო, მთავარი როლი ჰენრი ქევილმა შეასრულა. ეს ვერსია სუპერმენს თანამედროვე სახეს აძლევს – ბნელ ტონალობაში, ინტენსიური მოქმედებითა და გმირის უფრო დრამატული შინაგანი ბრძოლით. ფილმის მასშტაბურმა ფინალმა დებატები გამოიწვია, თუმცა სწორედ ამან დაუდო საფუძველი DC-ს კინოსამყაროს. Batman v Superman: Dawn of Justice (2016) აგრძელებს ქევილის სუპერმენის ისტორიას, აქცენტით მის ღვთაებრიობაზე. ქევილის სუპერმენის ამბავი სრულდება ზაკ სნაიდერის Justice League-ში (2017), სადაც DC-მ სცადა მარველის “შურისმაძიებლების” წარმატების გამეორება, მაგრამ რეალურად იაფფასიანი პაროდია შექმნა.
ზაკ სნაიდერის სრული, უცენზურო ვერსია 2021-ში HBO Max-ზე გამოვიდა, ის კულტურულ მოვლენად იქცა. მართალია, ფანები ამ ვერსიით უფრო მოიხიბლნენ, მაგრამ ფრანშიზის ბედს ამან მაინც ვერ უშველა.
აღსანიშნავია, რომ სუპერმენი წარმატებით არსებობს ანიმაციაშიც. ფანებმა იციან, რომ DC-ის ანიმაციები ბევრად საინტერესოდ გამოდის, ვიდრე ფილმები (თუ არ ჩავთვლით ნოლანის ტრილოგიას, რომელიც არ არის DC-ს კინოსამყაროს ნაწილი). ანიმაციურმა სამყარომ შექმნა გამორჩეული ფილმები, როგორიცაა Superman: Annihilation (2007), All Star Superman (2011) და Death of Superman (2018), რომელთაც ბევრი საკულტო კომიქსის სიუჟეტი ემოციური სიღრმითა და გამართული თხრობით გადმოაქვს, რაც არ ჩამოუვარდება ლაივ-ექშენ ადაპტაციებს. ამ პროექტებმა სუპერმენის აქტუალობა როგორც ახალ თაობაში, ასევე ძველ გულშემატკივრებში შეინარჩუნა.
10 ივლისს კი ახალი ეპოქა იწყება ფილმით Superman (2025), რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯეიმს განია. მოგეხსენებათ, ჯეიმს განი DC-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდა და კინოსამყაროს ნულიდან ქმნის.
ახალი სუპერმენი დევიდ ქორენსვეტი იქნება. ის კინომოყვარულებს გვახსოვს ტაი უესტის ფილმიდან “პერლი”. ასევე, თამაშობდა სერიალში “ბანქოს სახლი”. დიდი პროდაქშენის მთავარ როლში ის ჯერ არ გვიხილავს.
სუპერმენის რებუთი მხოლოდ კიდევ ერთი ფილმი არაა – ეს კულტურული გადატვირთვაა, რომელიც ცდილობს გააერთიანოს მითური სიდიადე და ადამიანურობა.
ყველა ვერსიაში, იქნება ეს რივის კეთილშობილური იდეალიზმი თუ ქევილის ტანჯული გაუცხოება, სუპერმენი ჩვენს იმედებს, შიშებს და არამდგრად ღირებულებებს ასახავს. ის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ გლობალური სიმბოლოა ძალისა, რომელიც სიკეთითაა დაბალანსებული. საუკეთესო სუპერმენის ფილმები გვახსენებს, რომ სუპერგმირად ყოფნის მიზეზი არა ძალა, არამედ თანაგრძნობა, თავმდაბლობა და რწმენაა, რომ ცინიკურ სამყაროშიც კი შესაძლებელია სიკეთის კეთება.