ავთენტური მუსიკა ავთენტური ღვინის სამშობლოში – მე-9 ბლუზფესტივალი ლაგოდეხის „ბლუზ-სოფელში“
ავტორი: გია ხადური
თუ ბიბლიის მიხედვით პირველად იყო სიტყვა და მის პერიფრაზირებას თანამედროვე მუსიკის კონტექსტში გადავიტანთ, პირველად იყო ბლუზი. ცხადია, მხედველობაში მაქვს აკადემიურის მიღმა არსებული მუსიკალური ტერიტორია (თუმცა როგორც დირიჟორი და კომპოზიტორი ვატო კახიძე ირწმუნება, სტრავინსკიც კი იყენებდა ბლუზს საკუთარ შედევრებშიო). არ იქნებოდა ბლუზი, არ იქნებოდა ჯაზი, პოპმუსიკა, როკი, სოული, ფანკი და დისკო ხომ თავისთავად. მუსიკალური ასპექტის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბლუზის ბექგრაუნდი – პირადი დრამების თუ მოწყვლადობის ღიად, შეუნიღბავად ამოტივტივება, საკუთარ დემონებთან ჯახი და ფლირტიც კი. თავისი ფაუსტიც ჰყავს ბლუზს – რობერტ ჯონსონი, ეშმაკს რომ გაურიგდა დაკვრის ვირტუოზული უნარების სანაცვლოდ, დანაშაულს და სასჯელსაც კი გადასწვდა ბლუზის პირქუში ჰიპოსტასი (ციხის ბლუზიც კი არსებობს დასაბამიდან დღემდე). ბლუზამდე ასეთი არაფერი იყო მუსიკაში, სწორედ აქედან მოდის ალტერნატიული, რადიკალური როკერების თვითგვემა და კონტროვერსიები.
მაგრამ ბლუზი არ იყო მხოლოდ რეფლექსია მძიმე ყოფაზე თუ ცხოვრებისეულ სიპირქუშეზე, ბლუზი ჰედონისტურიცაა, ვნებიანი, ეროტიკული და რელიგიურ-სულიერ ექსტაზურიც კი, სწორედ ესაა გოსპელი – წმინდა აფრიკული მემკვიდრეობა, სადაც სულიერ და ხორციელ ვნებას შორის საზღვარი იშლება და ერთიანდება. ცხადია, ბლუზმა, როგორც მუსიკალურმა ჟანრმა, პირველყოფილი ფორმით დაკარგა აქტუალობა, მაგრამ მისი იდეოლოგია და იმპულსი დღემდე ცოცხალია თითქმის ყველა ჟანრსა და მიმართულებაში, იატაკქვეშეთსა თუ მეინსტრიმში. ბლუზი როგორც სასიმღერო, ასევე ინსტრუმენტული, მოქნილი იდიომია, ექვემდებარება ნებისმიერ ფორმალისტურ ინტერპრეტაციას, ამიტომაცაა, რომ ის დიდი ხანია გასცა აფროამერიკულ საზღვრებს და უკვე გლობალური ფენომენია.
კლასიკური ავთენტური ბლუზი არასდროს ყოფილა მუსიკალური ინდუსტრიის მძლავრი სეგმენტი, ბლუზი არასდროს ყოფილა მზა პროდუქტი, ბლუზი უნდა შედგეს, პირველ რიგში, ცოცხლად შესრულებისას და როცა ეს ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს ბლუზის ანაქრონიზმს თუ ძველმოდურობას. სწორედ ამის ხარჯზე ჰყავს დღემდე კლასიკურ ბლუზსაც კი აუდიტორია ყველა ქვეყანაში, ყველა ფენაში, ყველა თაობაში, სწორედ ეს ასულდგმულებს საფესტივალო ბლუზფესტივალებს დღესაც კი, და რაოდენ სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენთან, აგერ კახეთში, ლაგოდეხში, ნაკრძალთან ახლოს ზღაპრულ „ბლუზ ვილიჯში“ უკვე მე-9 წელია ტარდება ტრადიციული ბლუზფესტივალი, რომელმაც უკვე თამამად შეაბიჯა და დამკვიდრდა მსოფლიო ბლუზსაფესტივალო რუკაზე.
მოხდა ისე, რომ კახეთი კაი ხანია, თანდათანობით მთავარ საფესტივალო რეგიონად გადაიქცა ჩვენში – აკადემიური მუსიკის ფესტივალი წინანდალში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალი ლოპოტას ტბაზე და აგერ ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში. ის, რომ ავთენტური ღვინის უძველესი ადგილი გადაიქცა ავთენტური ბლუზფესტივალის იდეალურ ადგილად, ალბათ სრულიად ლოგიკურია, რელევანტურიც და ორგანულიც. ეს კი ვერანაირად ვერ მოხდებოდა ბლუზის რეალური დამფასებელი და მცოდნე სამამულო ენთუზიასტების გარეშე, რომელთათვისაც ბლუზი უფრო მეტია, ვიდრე ჟანრი თუ მუსიკალური ინდუსტრიის სეგმენტი.
აი, რას ამბობს ლაგოდეხის ბლუზფესტივალის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ვიქტორ კერვალიშვილი „ბილბორდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში – „ბლუზის ფესტივალის ჩატარების იდეა მოდის ჩვენი ბავშვობის წლებიდან, ეს ყოველთვის გვინდოდა და მივედით იმ ასაკამდე, როდესაც ამის გაკეთება შევძელით. უბრალოდ, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ჟანრს: როკს, როკ-ენ-როლს, ჯაზს… ამ დროს კი ბლუზი არის ყველა ამ ჟანრის საწყისი, დედამუსიკა. ბევრად უფრო ძნელად შესასრულებელი ჟანრია, თან აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობა უფრო თბილისშია, ან შავი ზღვის პირას – ბათუმში და ამის საპირწონედ აქეთ, მეორე მხარეს, უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მოვძებნეთ საუცხოო ადგილი – აკაციის ტყე, შევიძინეთ ეს ტერიტორია, დავდგით სცენა, დავიწყეთ ჩიკაგოდან ბლუზის ვარსკვლავების ჩამოყვანა და სერიოზული, ნამდვილი ბლუზის დაკვრა. ასე რომ, ეს ბავშვობის ოცნება სიბერის ჟამს, როგორც იქნა, ავიხდინეთ და ავიხდინეთ ერთ უბანში გაზრდილმა მეგობრებმა, რომლებსაც გვიყვარდა ბლუზი, მოგვწონდა ბლუზი და ვუკრავდით ბლუზს“. აი ასეა, როდესაც სწორი ხალხი საქმის სიყვარულით აკეთებს სწორ საქმეს, სადაც მერკანტილობას არა აქვს ადგილი, ასეთი წამოწყება განწირულია წარმატებისთვის, ამიტომაც გახდა ეს ფესტივალი წარმატებული და ამიტომაც განვითარდება ისე, როგორც საჭიროა, როგორც ბლუზი მოითხოვს.
წლევანდელ ფესტივალზე სცენა დაეთმობა 4 განსხვავებულ პროექტს, რომლებიც მთლიანობაში შექმნიან სურათს, თუ როგორია კლასიკური ბლუზი და მისი წახნაგები დღევანდელობაში.
5 ივლისი – The Kings of Blues + Kenny Blues Boss Wayne
The Kings of Blues – ბენდი, რომლის წევრები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ბლუზის ჭეშმარიტ მეფესთან, ბიბი კინგთან და სოულ-ფანკის მეფესთან, ჯეიმს ბრაუნთან. ბლუზი, სოული და ფანკი – მათთვის მხოლოდ მუსიკალურ-პროფესიული აქტივობა კი არ არის, არამედ იდენტობის ნაწილია, ის აუცილებელი ქიმიური ელემენტი, ურომლისოდაც ელემენტარულად ვეღარ იარსებებენ, ვერ გაიხარებენ. რაც შეეხება 80 წლის კენი უეინს, ის იმდენად გამოცდილია, იმდენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსთან უთანამშრომლია, რომ საიდუმლოება ბლუზში მისთვის უკვე აღარ არსებობს. კენი უენი კომპოზიტორია, ავტორი და შესანიშნავი ბლუზპიანისტი. აშკარაა ფეტს დომინოს გავლენა, ანუ ნიუორლეანური სტილი – წმინდა წყლის ჰედონისტური, საცეკვაო, დრაივიანი და მოქნილი ბლუზი ყოველგვარი თვითგვემის გარეშე. ნიუ ორლეანიდან სწორედ ასეთი ბლუზი შეიჭრა რით ენ ბლუზში, რომელმაც შემდგომში შექმნა როკ-ენ-როლის ერთ-ერთი ვექტორი (ამერიკელი მკვლევრები სულ 5 ასეთ ვექტორს გამოყოფენ). ლაივში ეს 80 წლის კაცი და The Kings of Blues როგორ გახურდებიან, ძალიან საინტერესოა. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მათი წარმოდგენა ეს იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც მე მიყვარს, მოსვინგავე, გახსნილი საცეკვაო და ზომიერად ეროტიკულიც კი. სხვათა შორის, კენი „ბლუზ ბოსი“ ძალიან კარგი მელოდისტიცაა და ეს უკვე ნებისმიერი არაბლუზისმიერი მსმენელისთვის მომხიბლავი იქნება. საინტერესოა, რომ მისი ბოლო ალბომი Go Just Do It უფრო ინტენსიური და ხისტი ბლუზ-სოულია, ფანკის ელემენტებით, ასე რომ, რა მოხდება 5 ივლისს, გაურკვეველია.
Claudette King, Luca Giordano – მომღერალი კლოდეტ კინგი, დიდი ბიბი კინგის ქალიშვილი, 12 ივლისს გამოვა სცენაზე იტალიელ ბლუზ გიტარისტ ლუკა ჯიორდანოსთან ერთად. კლოდეტ კინგი, მე ვიტყოდი, უფრო ბლუზ პოპ მიმართულებით მუშაობს. მისი ვოკალის რესურსები უზრუნველყოფს ე.წ. ღრმა ბლუზის შესრულებასაც, თუმცა მისი მიზანი ალბათ უფრო კლასიკური ბლუზის მოსახერხებლად მიტანაა მსმენელის ყურამდე. მისი 2019 წლის ალბომი – Face 2 Face – ნეოსოულ – არ ენ ბი ტერიტორიაზეც კი იჭრება. ალბომი აქტუალურად არის ჩაწერილი და არანჟირებული, მრავალფეროვანიცაა როგორც მუსიკალურად, ასევე ნარატიულად. საინტერესოა, როგორ რეპერტუარს შემოგვთავაზებს კლოდეტი ლაგოდეხის სცენაზე 12 ივლისს, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან სცენაზე დადგება ლუკა ჯიორდანო, სონგრათერი და გიტარისტი, რომელიც უფრო ბლუზის ევროპული სკოლის წარმომადგენელია. ლუკას გიტარას სპეციფიკური ბგერა აქვს, მისი დაკვრის ტექნიკა უფრო ფრაგმენტულია, არა განვრცობილი. მის სიმღერებს მყარი მელოდიური ბაზისი გააჩნია და ვოკალური მანერაც ზომიერი, გაწონასწორებული აქვს. ლუკას ბენდის მუსიკოსებიც შესანიშნავად ართმევენ თავს ინსტრუმენტულ ინტერპრეტაციებს. ლუკას სხვადასხვა ბლუზ მომღერლებთან კოლაბორაციების მდიდარი გამოცდილებაც აქვს და საინტერესოა, როგორი იქნება მისი ურთიერთქმედება კლოდეტ კინგთან, ანდაც როგორი იქნება რეპერტუარი.
Shanna Waterstone უფრო ჯაზისმიერი მომღერალი და ავტორია, მისი ბენდიც ასეთია – სოულ-ბლუზი მსუბუქი ფანკით. მისი კრედო ნათელია, იგი ცდილობს აფროამერიკული ჟანრული ტრიუმვირატი – კლასიკური ბლუზი, ჯაზი და სოული დააბალანსოს. მისი ხმის დიაპაზონი, ტემბრი და მანერა ამას იოლად უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება, როცა დაბალ რეგისტრში მღერის. ბლუზ ბალადებიც ალბათ ამიტომ გამოსდის განსაკუთრებით ეფექტურად. შანა ვატერსტონი ნამყოფია ლაგოდეხში და ბლუზფესტივალის რეზიდენტიც არის უკვე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი განმეორდება, ყოველ შემთხვევაში – აქცენტების გადატანა აშკარად ეხერხება. სხვათა შორის მას კარგად გამოსდის წმინდა რიტმ ენ ბლუზური სიმღერების შესრულება. ასე რომ, წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შოუს შემოგვთავაზებენ შანა ვატერსონი და მისი ბენდი 19 ივლისს. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ შანა უმთავრესად საკუთარი ავტორობით დაწერილ სიმღერებს ასრულებს, რაც ბლუზ სამყაროში იშვიათობაა ქალებისთვის.
Sir Waldo Weathers – ეს კაცი სანამ სოლო პროექტებს მიჰყოფდა ხელს, მანამდე მუშაობდა ჯეიმს ბრაუნდთან, მასეო პარკერთან, ბუთსი კოლინზთან და როკ ენ როლის პიონერ ლიტლ რიჩარდთანაც კი. ვალდო წმინდა ფანკ-მუსიკოსია, საქსოფონისტი და, როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგი ვოკალისტი, შოუმენიც და დიდი ორკესტრის ხელმძღვანელიც კი. მისი აკუსტიკური წახნაგებია სოული, ფანკი, რით ენ ბლუზი და შიგადაშიგ გოსპელი. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ იგი რამდენიმე პროექტის ავტორია, ამ ბოლო ხანებში მისი საკონცერტო საგასტროლო მოღვაწეობა უკვე აერთიანებს ამ ვექტორებს, რის შედეგადაც ვიღებთ მონუმენტურ შოუებს, სახელწოდებით – Sir Waldo Weathers and Friends. ამ შოუებში ყველაფერია, მთელი პალიტრა აფროამერიკული მუსიკალურ-კულტურული მონაპოვრისა, ნამდვილი აკუსტიკური ზეიმი, უზადო ოსტატობა, ენერგია, გრუვი, სვინგი, ჰედონიზმი და ექსცენტრიკა. ვფიქრობ, ფესტივალის დრამატურგიის კონტექსტში იდეალური იქნება Sir Waldo Weathers-ის და მისი კოლექტივის დასკვნითი შოუ, რომელიც, სავარაუდოდ, ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოვა – ლაგოდეხის 2025 წლის ბლუზფესტივალიც ეფექტურად შეიკვრება და ლოგიკურად დასრულდება. ვფიქრობ, ნამდვილად ღირს ლაგოდეხის სამოთხისებრ „ბლუზ ვილიჯში“ 4 კრუიზის გაკეთება – არა მარტო შესანიშნავი მუსიკის მოსასმენად და გასართობად, არამედ ნაღდი პოზიტივის მისაღებად, ისეთის, რომლის დეფიციტია დღეს ყველგან. არსებობს ასეთი საკამათო მოსაზრება ფილმ crossroad-დან – „ბლუზი ეს არის, როცა კარგ ადამიანს სტკივა, წუხს“ – საკამათოა, იმიტომ რომ ბლუზი ნამდვილად არ არის ზედმეტი ისეთი კარგი ადამიანებისთვისაც, ვინც ბედნიერია და ხარობს. „ცუდი ადამიანისთვისაც“ არ არის ზედმეტი, გაკეთილშობილების შანსი ეძლევათ, რადგან ბლუზს ხომ ნამდვილი პოზიტივი მოაქვს, ავთენტური, გაუყალბებელი პოზიტივი.