fbpx

ანტიმორალი. ბობოკი და პანფობია – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“


გააზიარე სტატია

კადრი დოსტოესკის მოთხრობის – “ბობოკის” – მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან. დაიდგა კალუგის საოლქო დრამატულ თეატრში 2022 წლის 12 მაისს

ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“

თარგმნა ირაკლი ლომოურმა

ანტიმორალი. ბობოკი და პანფობია

(ეპშტეინის კრებულის მეექვსე ესე)


დოსტოევსკის ცნობილ მოთხრობაში – „ბობოკი“ (1873) შეზარხოშებული, ნამთვრალევი გმირი სასაფლაოზე დაბორიალობს და მკვდრების ლაპარაკი ესმის. ცნობიერება მათ ნელ-ნელა ეკარგებათ, რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში, რაც  იმისთვის ეძლევათ, რომ საკუთარი ცხოვრება გააცნობიერონ და მოინანიონ. არადა, ეს მათთვის მორალის ყველა შეზღუდვისგან გათავისუფლების ბედნიერი წამია:

„დალახვროს ეშმაკმა, რაღაცას ხომ ნიშნავს საფლავი! ჩვენ ყველანი ხმამაღლა მოვყვებით ჩვენს ისტორიებს და უკვე აღარაფრის შეგვრცხვება… იქ, ზემოთ, ყველაფერი დამპალი თოკებით იყო შეკრული. ძირს თოკები, ეს ორი თვე ყველაზე ურცხვ სიმართლეში ვიცხოვროთ! გავიხსნათ და გავშიშვლდეთ! – გავშიშვლდეთ, გავშიშვლდეთ! – მთელი ხმით აყვირდნენ“.

სასაფლაოზე თავზე მძიმე ყროლი ვრცელდება – არა მხოლოდ ხორციელი: ლპობის პროცესი თვით სულებსაც შეეხო. და აი, „მკვდრების დღესასწაულზე“ გაისმის უცნაური, აზრობრივად ბუნდოვანი სიტყვა „ბობოკი“: „თითქოს ხმები კი არა, არამედ ვიღაც, ვინც იქვეა: „ბობოკი, ბობოკი, ბობოკი!“ რაის ბობოკი?“ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა მთელი მოთხრობის განმავლობაში უცნობი რჩება, არადა თვით მოთხრობას ასე ჰქვია – „ბობოკი“. ეს სიტყვაც კი არაა, არამედ ბუტბუტი, შორისდებული – მომაკვდავი, მაგრამ ჯერაც მბჟუტავი სულის ხმა. „არის, მაგალითად, ერთი ასეთი, რომელიც თითქმის სრულად გაიხრწნა, მაგრამ ექვსიოდე კვირაში ერთხელ კიდევ ამოიბუტბუტებს ხოლმე ერთ სიტყვას, რასაკვირველია, უაზროს, იმ რაღაც ბობოკზე: „ბობოკი, ბობოკი…“

აი, სწორედ ეს სიტყვა „ბობოკი“ ამჟამინდელი ეპოქის კიდევ ერთ ზუსტი განსაზღვრება შეიძლება გახდეს და სოციალ-პოლიტიკური ტერმინოლოგიის ხარვეზი შეავსოს. მთელი ის პუბლიცისტიკა, გეოპოლიტიკა, კანონშემოქმედება, რაც ჩვენს ქვეყანას თავს ატყდება, ენთუზიაზმის შემოტევას რომ იწვევს – ეს, თავისი არსით, იგივე „ბობოკია“. მომაკვდავი ისტორიული ორგანიზმის უკანასკნელი ამოსუნთქვის ბუშტი, რომელიც სკდება.

„ბობოკი“ – 2010-2020  წლების სტილია, როგორ დეკადანსი – XIX საუკუნის ბოლოს, ანდა ავანგარდი – 1910-1920 წლებისა. ესაა სიტყვა-მოწოდება, საბოლოო ურცხვობის, მებრძოლი ანტიმორალის ხმა, როდესაც უკვე ყველაფერი ნებადართულია, რადგან სიკვდილი ყველაფერს გააუქმებს. ამ იდუმალი სიტყვის ფონეტიკასა და სემანტიკაზე ნამდვილი ტრაქტატი შეიძლება დაიწეროს. „ბ“(«б»)-ს განმეორებულ შეწყვილებას ღია ხმოვნებთან, „ა“(«а»)-სთან და „ო“(«о»)-სთან – მუქარის, ძალადობის, სიკვდილის, სიცარიელის მნიშვნელობა აქვს. გაგახსენდება ბოროტი „ბაბაი“, რომლითაც სლავურ ფოლკლორში გაუგონარ ბავშვებს აშინებენ და ზმნა «бабахать» – გრუხუნი, სროლა, დარტყმა, მოკვლა. მანდელშტამს აქვს ასევე განუსაზღვრელობითი, მაგრამ გამომსახველობითი ზმნა: „ვიღაც უსტვენს, ვიღაც კნავის, ვიღაც კრუსუნებს, / მხოლოდ ის ბახბახებს (ან – ბაყბაყებს) და ხელს ჰკრავს („ისე ვცხოვრობთ, ფეხქვეშ ქვეყანას ვერ ვგრძნობთ…“). ბროდსკის აქვს იდუმალებით მოცული ლექსი „ბობოს დასაფლაევება“, რომელიც თავად ავტორმა შემდეგნაირად განმარტა:  „ბობო – ეს აბსოლუტური არარაა“ (* Венцлова Т. О последних трех месяцах Бродского в Советском Союзе // НЛО. 2011. № 112. С. 262).

დოსტოევსკი ამაყობდა იმით, რომ  რუსულ ენაში შემოიტანა ზმნა «стушеваться», ანუ გახდე ნაკლებად შესამჩნევი. მაგრამ „ბობოკი“ – დღეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი სიტყვაა: ესაა ხმამაღალი გაქრობის ნიშანი, სიკვდილისწინა მჟღერი ამოსუნთქვა. დღეს რაც ომთან, საზოგადოდ, „ამჟამინდელ ჭირ-ვარამთან“ სოლიდარობის ნიშნად იწარმოება  – სწორედ ის ბობოკია. ბობოკ-პროპაგანდა, ბობოკ-პუბლიცისტიკა, ბობოკ-ლიტერატურა, ბობოკ-მეტაფიზიკა… ბობოკს მრავალი პროფესიული სამოსელი და მანერები აქვს.  ბობოკ-პოლიტიკოსს სურს მეზობელ ხალხს წაართვას მისი კუთვნილი მიწა, როგორც, ვითომცდა, „ოკუპირებულია“.  ბობოკ-პროფესორი კიდევ უფრო პირდაპირ  გამოდის, ფორმულას „გამოჰკვეთს“:  „ვხოცოთ, ვხოცოთ და ვხოცოთ“ («Убивать, убивать и убивать». В России собирают подписи за увольнение профессора МГУ, призвавшего убивать украинцев // Unian.net, 15.06.2014.). ბობოკ-პროპაგანდისტი იძლევა დაპირებას, რომ მთელ მსოფლიოს რადიოაქტიური ფერფლით აავსებს და მსოფლიოს გადამწვარ უდაბნოდ გადააქცევს.

„ბობოკი“ ასევე ნიშნავს ყოვლისმომცველი სიძულვილის, „მსოფლბოღმის“, „პანფობიის“  (panphobia; ბერძნ. pan, ყველაფერი + phobos, შიში, ძრწოლა) მდგომარეობას. პანფობია და მიზანთროპია („ადამიანთმოძულეობა“) ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. მიზანთროპი ასოციალურია, საზოგადოებას გაურბის, ადამიანებზე მაღალი წარმოდგენა არ გააჩნია, მათ შორის, საკუთარ თავზეც; ესაა უკეთური, მაგრამ პასიური, სამყაროსადმი ტანჯვისმიერი დამოკიდებულება, მისი მანკიერებების და სისუსტეების გაცნობიერება. პანფობია კი – ესაა სამყაროსადმი ემოციურად აგრესიული დამოკიდებულება, ბოროტი სიხარული მისი უბედურებებისა თუ განსაცდელების გამო, სურვილი – დაამციროს, დასაჯოს. დოსტოევსკის იატაკქვეშა ადამიანი, რომელიც მთელ სამყაროს უსურვებს, დასამარდეს, ოღონდაც კი მას ჩაის სმა შეეძლოს – ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია.

პანფობია ომისა და ძალადობის პროპაგანდაში გეოპოლიტიკური ექსპანსიის საშუალებად გამოიხატება. „…ქვეყანა ყოველი მხრიდან  მტრებითაა გარშემორტყმული“ – ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის მიტაცების შემდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა (და ექსპრეზიდენტმა), დ. მედვედევმა. მსოფლიოს ისტორიაში  მიუწვდომელი რეკორდია: რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ მოახერხა მტრულ გარემოცვაში აღმოჩენა – ამგვარია მთელი მსოფლიოს მიმართ ტოტალური სიძულვილის პროექცია. ევრაზიული ახალგაზრდული კავშირის წესდებაში, რომელსაც ა. დუგინი ხელმძღვანელობს, გამოცხადებულია მისი მიზანი – მთელ კაცობრიობაზე გაბატონება: „… ჩვენ ინტელექტუალური ტიპის ტოტალიტარული პარტია ვართ, რომელიც ორიენტირებულია პლანეტარული ძალაუფლების ესქატოლოგიურ მიტაცებაზე. ეშმაკურ და სასტიკ მიტაცებაზე… რადგან ჩვენ, დედამიწის ბატონები, დედამიწის ბატონების შვილები და შვილიშვილები ვართ. ჩვენ გვემორჩილებოდნენ ხალხები და ქვეყნები, ჩვენი მარჯვენა ნახევარ სამყაროს სწვდებოდა. ჩვენი ფეხი თელავდა დედამიწის ყველა კონტინენტის მთებსა და ველებს. ჩვენ ყველაფერს უკან დავიბრუნებთ“ (Владимир Абаринов. Корявый путь идеолога «Новороссии» // InfoResist, 26.09.2014.).

 

პანფობია უფრო საშიშია, ვიდრე ფაშიზმი ან კომუნიზმი, და XX საუკუნის ტოტალიტარიზმის ტრადიციულ იდეოლოგიურ ფორმებს ისევე შეეფარდება, როგორც, დაახლოებით, ბირთვული იარაღი – ჩვეულებრივს, რადგან გამოხატავს ტოტალურ სიძულვილს – სხვა კლასების, ერების თუ რასების მიმართ კი არა, არამედ მსოფლიოს მიმართ, როგორც ასეთის. ესაა სურვილი მსოფლიოზე აბსოლუტური ჰეგემონია მოიპოვონ და მცდელობა, საკუთარი ნება თავს მოახვიონ – ანდა მთლიანად გაანადგურონ. საბჭოთა კომუნიზმი, კლასობრივი ბრძოლისა და „ხალხის მტრების“ მიმართ სიძულვილის იდეებით, მხოლოდ პროლოგი იყო იმ პანფობიისა, რომელმაც XXI საუკუნეში რესენტიმენტისა და რევანშიზმის საფუძველზე იწყო ზრდა.

გზა, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში გაიარა, შეიძლება ასე დახასიათდეს: სოვოკიდან – ბობოკამდე. განსხვავება კოლოსალურია. სოვოკი  თავხედი და უტიფარი, მაგრამ თანაც მიამიტი, მოშტერო არსება იყო. ყურები კვლავაც გამოტენილი ჰქონდა კეთილი შეგონებებითა და ერთობის, ძმობის და დიადი მომავლის დაპირებებით. გარკვეული ისტორიული, ფილოსოფიური, მორალური აბსტრაქციები მის ქვეცნობიერში ირეკლებოდა და  სასიცოცხლო ინტერესებისთვის ცხარე ბრძოლის დროსაც კი კეთილგანწყობისა და მოშვებულობის მცირეოდენ ელფერს სძენდა. ის არ იყო მზად, ასე ულაპარაკოდ “აეხია”  უცხოებისთვის და „ჩაეშვა” (“გადაეგდო”) თავისიანები. ის უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იყო და 2014 წლამდე ჯერ კიდევ მიაჩნდა, რომ ცხოვრებას მეორე საწყისი შეიძლება ჰქონდეს.

ბობოკს ეს ილუზიები და ისტორიული პერსპექტივა არ გააჩნია. მას მხოლოდ ერთი უფლება დარჩა, რის შესახებაც რომანში “ეშმაკნი“ პიოტრ ვერხოვენსკი ეუბნება სტავროგინს: „ჩვენი მოძღვრება, სინამდვილეში, ღირსების უარყოფაა, უღირსობის აშკარა უფლებით კი რუსი კაცი ყველაზე იოლად შეიძლება მიიმხრო“. სტავროგინი პასუხობს: „უღირსობის უფლება – მაშ, ყველა ჩვენთან მოირბენს, იქ კაციშვილი აღარ დარჩება.“ და ბობოკი ამ უფლებას თავდავიწყებით იყენებს. საზარელი მკვლელობები და გაუპატიურებანი, წამება და მაროდიორობა, ქალებისა და ბავშვების აბუჩად აგდება, უსახელო მასობრივი სამარხები ბუჩაში, იზიუმში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, რუსმა ოკუპანტებმა რომ მიიტაცეს. ბრძოლის ველზე სამარცხვინო დამარცხებების შემდეგ რუსეთი მილიონობით მშვიდობიან  მცხოვრებზე სადამსჯელო სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს, სითბოს, წყლისა და ელექტრობის გარეშე ტოვებს – სკოლებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, საბავშვო ბაღებს, მუზეუმებს აფეთქებს…

სოვოკს მიამიტურად მიაჩნდა, რომ სამყარო ვალდებულია დედასავით უყვარდეს, მზრუნველობდეს, მის უტიფრობასაც კი აღტაცებით იღებდეს, როგორც ბიჭური სიმკვირცხლისა და უშუალობის გამოვლინებას. ბობოკი – იმედგაცრუებული სოვოკია, რომელმაც საკუთარი ობლობა უეცრად გააცნობიერა. სამყარო არასოდეს არგუნებს მას იმ სიყვარულს, რომელიც ეკუთვნის. ბობოკი – აგრესიულ-დეპრესიული სოვოკია, რომელიც სამყაროსგან კარგს აღარაფერს ელის. და ამიტომაც მზადაა ყოვლისმომცველი დამანგრეველი დარტყმა პირველმა განახორციელოს – და, საფლავში იხრწნება რა, „ბობოკალიფსით“ იმუქრება…* (*ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. განყოფილებაში „ახალი აპოკალიპტიკა“.)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.