fbpx

ჩააქრეთ დიდი შუქი – მარიამ ოდიშელიძისა და მარიამ ზარდიაშვილის გამოფენა რაუმში


გააზიარე სტატია

მარიამ ოდიშელიძისა და მარიამ ზარდიაშვილის გამოფენა სინათლის ხელახლა მოაზრების მცდელობაა. მათი ერთობლივი ნამუშევრები იკვლევს ფერს, ტექსტურას და მგრძნობელობას: სინათლის არსებობის სხვადასხვა ფორმებს.

ნამუშევბრები მიგვინიშნებენ იმაზე, რომ როცა ჩახჩახა შუქი ჩაქრება და ოთახს ბურუსი მოიცავს, ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავებს ჩავაცქერდეთ. ყური მივუგდოთ ჩრდილებს, მიმქრალ მოგონებებზე რომ გვეჩურჩულებიან.

თვალი გავაყოლოთ პატარა ნათებას, ვიპოვოთ მალული სხივები და სინათლის წყაროს მოვფინოთ სინათლე. ოთახში სადაც ძველი, მივიწყებული საგნები ახალი მნიშვნელობით გამოაშუქებენ და იქნებ სადღაც, მიმქრალ ანარეკლში საკუთარი თავიც დავინახოთ.

მარიამ ოდიშელიძე – ფერმწერი, რომლის შემოქმედებაც მოიცავს როგორც ზეთსა და ტილოში, ასევე ტექსტილსა და სხვა მედიუმებში შესრულებულ ნამუშევრებს. მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვანი ტექნიკითა და თემატური ასპექტების სიუხვით.

მარიამ ზარდიაშვილი, მოქანდაკე და არქიტექტორი, ერთმანეთთან აკავშირებს სტრუქტურულ მონოლითებსა და განათებას. ის წარმოგვიდგენს სინათლის ინსტალაციების სადებიუტო კოლექციას, დეპრესიასთან პირადი ბრძოლით შთაგონებულ ნამუშევრებს, რომლის შუქჩრდილები მისი შინაგანი სამყაროს ნათელ და ბნელ მხარეებს ასახავს.

ეს ნამუშევრები არა მხოლოდ სივრცეს ანათებს, არამედ ჩრდილების თეატრად მოგვითხრობს იმ გონების შესახებ, რომელიც ხელახლა სწავლობს გაბრწყინებას. თითოეული დავიწყებული საგნიდან ღონემიხდილი სიხარული გამოკრთის. აქ სადენებში ცნობიერების ნაკადებია. აქ სინათლე არ აბრმავებს, არამედ ახალ მნიშვნელობებს გვიმჟღავნებს. აქ ჩახჩახა შუქები ქრება და ჩვენ ვხედავთ რა ანათებს სიჩუმეში. ვხედავთ სინათლეს, რომელიც  ჩვენივე თავს გამოაშუქებს.

გამოფენა გრძელდება 20 ივლისამდე.

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 18


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.