ინვერსიები – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
თარგმნა ირაკლი ლომოურმა
ინვერსიები
რუსეთის თანამედროვე ისტორიის თვალყურის დევნებისას მასში მუდმივად აღმოვაჩენთ ერთ მდგრად სტრუქტურას – შენაცვლებას, ინვერსიას.
ომის პირველივე თვეს, ბუჩას შემდეგ, გაირკვა, რომ სამხედროები დამნაშავეებივით იქცევიან: კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ძალადობენ, ძარცვავენ, მაროდიორობენ. რამდენიმე თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ დამნაშავეები – მკვლელები, მოძალადეები, მძარცველები – ციხეებიდან გამოჰყავთ, რეკრუტირებას უწევენ, ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიასა და რეგულარულ არმიაში რთავენ, აძლევენ იარაღს, მწკრივში აყენებენ კონტრაქტზე ხელმომწერთა და მობილიზებულთა გვერდით. სამხედროების გადაქცევა დამნაშავეებად, ხოლო დამნაშავეებისა – სამხედროებად, სწორედ ესაა ინვერსია, რომლის ლოგიკას რუსეთის უახლესი ისტორია მიჰყვება.
ასეა საქმე ტერიტორიების მხრივაც. 2022 წლის 3 სექტემბერს რუსეთს შეუერთეს უკრაინის ოთხი რეგიონი: დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე. ისინი რუსეთის ნაწილად მიიჩნიეს – მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ რუსეთი ამ რეგიონებზე დამოკიდებული გახდა. როდესაც ისინი სამხედრო მდგომარეობაზე გადაიყვანეს, მათ მიმდებარე რვა რუსულ რეგიონში ნახევრად სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა („რეაგირების საშუალო დონე“); სამხრეთისა და ცენტრალური ფედერალური ოლქები (მოსკოვის ჩათვლით) გაძლიერებული მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს; ხოლო დანარჩენი ქვეყანა – „საბაზისო მზადყოფნაში“. და ბოლოს, „კურსკის ანომალია“ – 2024 წლის აგვისტოს ინვერსია, როდესაც სამხედრო მოქმედებები, პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. არაა გამორიცხული, რომ თავის დროზე, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისას, იძულებულნი გახდებიან, ანგარიში გაუწიონ „მიწაზე არსებულ რეალობას“, როგორც უყვარს ხოლმე გამეორება რუსულ პროპაგანდას, და კურსკის ოლქის ნაწილი გადაცვალონ უკრაინის ოლქების იმ ნაწილებზე, რაც რუსეთმა მიიტაცა.
ინვერსია მხოლოდ სივრცეში კი არ ხდება, არამედ – დროშიც. როდესაც ცდილობენ მომავალი მსოფლიო წესრიგი შეცვალონ და გლობალური გეოპოლიტიკური ჰეგემონია დაამყარონ, რუსეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ეფლობა წარსულში, თავის განვითარების ეტაპებს პირუკუ გადის. ზურგს აქცევს ევროპას, ხურავს ფანჯარას, რომელიც პეტრემ ევროპაში გაჭრა, უბრუნდება ავტარკიის, იზოლაციის ეპოქას, მოსკოვეთის დროებას. ამის შემდეგ კი ილანდება პერსპექტივა, კვლავ „ურდოს“, დიადი აღმოსავლურის იმპერიის ულუსად იქცეს, ანდა სულაც ორი იმპერიისა – ჩინურისა და ისლამურის.
შეიძლება დავასახელოთ მთელი რიგი მსგავსი ინვერსიებისა, როდესაც სურვილი, ყველას აჯობო და გახდე „ზე“, საპირისპირო შედეგებს იწვევდა. ასე მაგალითად, 2014 წელს რუსეთმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა, ნომერი პირველი გახდა. მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა დოპინგთან დაკავშირებული თაღლითობა და „შარდოსანთა“ გმირობები ამხილეს, ქვეყანა მოიკვეთეს: არათუ სატურნირო ცხრილების ძირში მოექცა, არამედ, არსებითად, მსოფლიო სპორტიდან გარიცხეს. (ეპშტეინის მიერ შექმნილი სიტყვა «моченосцы», ალუზიაა ცნებისა «меченосцы», ანუ „მახვილოსანთა“ ორდენის – орден „меченосцев“ – სახელწოდების ირონიული გადათამაშებაა. იგულისხმება სკანდალურად გახმაურებული ფაქტი, როდესაც რუსებმა თავისი სპორტსმენების შარდის ანალიზები ფარულად შეცვალეს, რათა დოპინგის კვალი დაეფარათ. – მთარგმნ. შენიშვნ.)
ჩვენ თვალწინ ხდება სხვა ინვერსიაც: ქვეყანამ, რომელმაც 2000-იან წლებში თავი „ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ“ გამოაცხადა და რესურსები სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად აქცია, სწრაფად კარგავს პოზიციებს ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარზე. ყოველი მცდელობა, გაიქაჩოს „ზესახელმწიფოდ“, უბრუნდება იმით, რომ „განუვითარებლობაში“ იჩეხება.
რუსეთს უკვე უწოდებენ „გარიყულ სახელმწიფოს“ და ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ვენესუელის გვერდით აყენებენ… მაგრამ ყველა ეს სახელმწიფო, თანამედროვე რუსეთის ფედერაციასთან შედარებით – “დედიკოს ბიჭები” არიან. ისინი არ ბომბავენ მეზობელ ქვეყნებს, არ ანადგურებენ ქალაქებსა და სოფლებს, არ ხოცავენ ქალებსა და ბავშვებს და სხვის მიწაზე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს არ სჩადიან… ასე რომ, რუსეთის ფედერაცია ახალი საერთაშორისო სტატუსის დადგენას იმსახურებს, რომელიც მას ერთადერთს უნდა მიენიჭოს – ის ხომ თავისი უნიკალურობით ამაყობს. რუსეთი იყო ზესახელმწიფო, ახლა კი ანტისახელმწიფო გახდა.
შემთხვევითია თუ არა ეს ინვერსიები? თუკი რაღაც არსი, ვთქვათ, „რუსული სამყარო“, მკვეთრად აფართოებს საკუთარ საზღვრებს (სპეციფიკას) და ამის გამო აბუნდოვანებს და ცდილობს აირჩიოს სხვა არსი, თვითონვე შთაინთქმება მის მიერ, შეუერთდება მას. იშლება ზღვარი საკუთარსა და სხვისას შორის, კანონსა და დანაშაულს შორის, დაშვებულსა და დაუშვებელს შორის… და მაშინ აღარაა გასაკვირი, რომ პირწავარდნილი დამნაშავეები შეჰყავთ ყველაზე დისციპლინირებული ორგანიზაციის, არმიის რიგებში; ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას თავის კანონებს ახვევენ თავს; და ნახტომი მსოფლიო ჰეგემონიისკენ ისტორიული კიბის ძირში ჩაჩეხით სრულდება.
ინვერსიების რიგს უნდა დავუმატოთ „ბრძოლა უკრაინულ ნაციზმთან“, რომელსაც აცხადებს რუსეთი მაშინ, როდესაც მისი საკუთარი პოლიტიკური რეჟიმი სულ მეტად მიელტვის „ფაშიზმს“. (იხ. ქვემოთ განყოფილება „შიზოფრენიული ფაშიზმი“ და ჩემი სტატია: Mikhail Epstein. Schizophrenic fascism: on Russia’s war in Ukraine // Studies in East European Thought. Springer, July 2022.) საერთოდაც, უახლესი რუსული იდეოლოგიები – ამოყირავებული ცნებებია. როდესაც პუტინი „ვალდაის სიტყვაში“ (2022 წლის 27 ოქტომბერს) ქადაგებს „ყოველი საზოგადოებისა და ხალხის იდენტობის მიმართ მზრუნველ დამოკიდებულებას“, „ნებისმიერი ხალხის შესაძლებლობას… აირჩიოს საკუთარი გზა, საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური სისტემა“ და ბრალს სდებს დასავლეთს, რომ იქ „ნებისმიერი ალტერნატიული თვალთახედვა ძირგამომთხრელ პროპაგანდად და დემოკრატიის საფრთხედ ცხადდება“ (Комсомольская правда, 27.10.2022.), – ის, უბრალოდ, დასავლეთზე თავისი (რეპრესიული) პოლიტიკის სარკისებურ პროექციას ახდენს, ხოლო დასავლეთის (დემოკრატიულ) პოლიტიკას – საკუთარ თავზე ირგებს.
მრავალ ინვერსიას საფუძვლად უდევს ტოლობა „უყვარდეს = კლავდეს“.
2014 წელს, გაქანებული „რუსული გაზაფხულის“ დროს, მისი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი სერგეი კურგინიანი მოსკოვის ტრიბუნიდან ყვირილით მიმართავდა უკრაინელებს: „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ! ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!“ ეს კანიბალიზმს გაგახსენებს. კანიბალს ადამიანები ხომ შმაგი, ყოვლისმომცველი სიყვარულით უყვარს, ძვლებიანად შეხრამუნებამდე. შესაძლოა, სწორედ ესაა ინვერსიის ფსიქოანალიტიკური საფუძველი, რომელიც ჩვილის ფსიქოლოგიაშია ჩაბუდებული: გიყვარდეს – ნიშნავს გადაყლაპო. ყველაფერი, რაც ჩვილს მოსწონს, ანდა მის ყურადღებას იპყრობს, პირში მიაქვს, და მშობლების ამოცანაა – გადაარჩინონ და რეალობის განცდა ჩაუნერგონ. თუკი ასეთი ინფანტილიზმი დიდხანს ყოვნდება, ის კანიბალიზმში გადადის. ეს მუდმივად ჩანს რუსების სოციალურ გამოკითხვებში უკრაინელთა შესახებ: „ისინი ხომ ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ისინი გვიყვარს“. თანაც წყენის ინტონაციითაც კი: რატომ არ ესმით თავისი ბედნიერება, რატომ არ უნდათ ჩვენს კუჭში აღმოჩნდნენ? დასავლეთი დიდხანს ცდილობდა რუსეთი „მამაშვილურად“ შეეგონებინა, ჩაენერგა რეალობის, საზღვრების შეგრძნება, და მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მიხვდა, რომ საქმე ჩვილთან კი არ აქვს, არამედ – კანიბალთან.
რაც შეეხება „ორი ხალხის ძმობას“, აქაც ინვერსიამ იმუშავა. პირველი და ყველაზე საშინელი მკვლელობა – „ძმურია“: კაენი კლავს აბელს. ამიტომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ კაენის ცოდვის მოუშორებელი დაღი ადევს.
თუმცა ინვერსიის უფრო სიღრმისეული დონეც არსებობს: მხოლოდ ძმისმკვლელობა კი არა, არამედ თვითმკვლელობა. უკრაინაზე ბოლოდროინდელ რუსულ სარაკეტო დარტყმებს შორის თავისი სიმბოლიზმით გამაოგნებელია კიევის უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის კათედრის დანგრევა (2022 წლის 10 ოქტომბერი). რუსეთი თავად ურტყამს რუსულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიასა და კულტურას, რუსეთზე წარმოდგენას მთელ მსოფლიოში – ყველაფერ კეთილსა და შემოქმედებითს, რაც მის წარსულში იყო და რასაც ახლა სპობს თვითგანადგურების შემოტევისას. ანადგურებს თავის სულიერ სამშობლოს, კიევის რუსეთს, თავისი ენისა და რწმენის საწყისს… ეს უბრალოდ შეცდომა ან დანაშაული კი არ არის, არამედ, სწორედაც, თვითმკვლელობაა – ალბათ, ყველაზე გრანდიოზული თვითმკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში. თუ მკვლელებს მონანიება შეუძლიათ და მათთვის ლოცვა დაშვებულია, თვითმკვლელს ეკლესიურად არ კრძალავენ და მისი სულისთვის არ ლოცულობენ. ხოლო რა ელის ქვეყანა-თვითმკვლელს, ამის წარმოდგენაც კი ურთულესია…






