ხუთი წიგნი საზაფხულოდ
ავტორი: მათე წიკლაური
საზაფხულო არდადეგები ყველაზე კარგი პერიოდია იმ წიგნების საკითხავად, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ვუტრიალებდით და სტრესული გარემოსა და დროის უქონლობის გამო ვერ ჩავუსხედით გულიანად. ამ განსაკუთრებულად ლიტერატურული პერიოდისთვის გთავაზობთ ხუთ წიგნს, რომლებიც თქვენს დასვენების დღეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
- სიზმრების სასახლე – ისმაილ კადარე
ჩვენთვის უკვე ძალიან კარგად ცნობილი ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე მარკ-ალემის ისტორიას გვიყვება. მთავარი პერსონაჟი მუშაობას იწყებს ყველაზე ძლიერ და დაძაბულ დაწესებულებაში. აქ მომუშავეებს სიზმრების შეგროვება, გადარჩევა და ინტერპრეტაცია ევალებათ. მიზანია ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმრის, „თავსიზმრის“ შერჩევა, რათა იმპერიისა და ტირანის ბედისწერა განსაზღვრონ. მარკ-ალემს ყველაფერი გამოსდის, თუმცა კარიერულ კიბეზე ამაღლების პარალელურად შიში უჩნდება, რადგან ხედავს, თუ როგორ ანგრევს ჯოჯოხეთური ბიუროკრატია. ამ პროცესებში გარკვევა და მარკ-ალემის თავგადასავლისათვის ადევნება ყველანაირი ჟანრის მოყვარული მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. ისმაელ კადარეს შედევრი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, თარგმანი კი პაატა ჯავახიშვილს ეკუთვნის.
- ისმაილ კადარე – დიქტატორის ზარი
მორიგი საჩუქარი ქართველ მკითხველს სულაკაურის გამომცემლობისაგან. პაატა ჯავახიშვილის შესანიშნავი თარგმანი ისმაილ კადარეს განსხვავებული პერსპექტივიდან გვაცნობს. 1934 წელს სტალინსა და პასტერნაკს შორის ხანმოკლე სატელეფონო საუბარი შედგა. ალბანელმა მწერალმა ამ მოვლენაზე დაყრდნობით შექმნა რომანი, რომელიც ძალადობრივ გარემოში ხელოვანისა და ტირანის რთულ ურთიერთობაზე გვაფიქრებს. კადარე არ აღადგენს საუბარს, მხოლოდ მის ინტერპრეტაციებს შემოგვთავაზებს და საბჭოთა კავშირის მარადიულ შიშებსა და ტირანიულ შინაარსზე მოგვიყვება.
- ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
ქართველი მკითხველი ბერნჰარდ შლინკს რომანებით: „წამკითხველი“ და „ოლგა“, შესანიშნავად იცნობს. გამომცემლობა „ინტელექტი“ კი მწერლის მესამე რომანს შეგვახვედრებს. გერმანელმა ავტორმა წიგნი 2021 წელს დაწერა. რომანი ორად გაყოფილი ბერლინის საზღვრებში დაბადებულ სიყვარულს ეხება. ნაწარმოებში შემოდის საიდუმლოს ცნება, – ეს კი ტექსტს ერთიორად დამაინტრიგებელს ხდის. სასიყვარულო ისტორიის მიღმა ნაწარმოებში ჩვენ თვალწინ იშლება ორად გახლეჩილი გერმანიის ტკივილი. შლინკმა რომანში მთავარი გმირის შვილიშვილი შემოიყვანა და ამით ტექსტს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შესძინა. მაია ფანჯიკიძის თარგმანი ამ შესანიშნავი რომანისა უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დარჩეს.
- იასუნარი კავაბატა – ძველი დედაქალაქი
შესანიშნავი იაპონელი ავტორი, იასუნარი კავაბატა, კვლავ ჩვენ წინაშეა. ის პირველი იაპონელ მწერალია, რომელსაც ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა. „ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე პოეტურ რომანად მიიჩნევა. მუსიკალურად გადმოცემული ტრადიციებისა და ჰარმონიის შეზავება თანამედროვე იაპონიაში ძალიან მტკივნეული პროცესი იყო და, ამდენად, ეს სირთულე რომანშიც კარგად გამოჩნდა. კიოტოში ახალგაზრდა ქალი, ჩიეკო, ბავშვობაში ტაძართან მიატოვეს, შემდეგ ის გამვლელმა იპოვა და იშვილა. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა მის გარშემო, მაგრამ უეცრად მთავარი გმირი ტყუპისცალს ხვდება და წარსულისკენ კიდევ ერთხელ აბრუნებს. თათია მემარნიშვილის თარგმანი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა და ქართველ მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენა იაპონური ლიტერატურის ბრწყინვალება.
- დევიდ ფოსტერ უოლესი – მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან
გამომცემლობა „პოლინომიალი“ ქართველ მკითხველს კიდევ ერთ საინტერესო წიგნს სთავაზობს. კრებულში ყველანაირი ლიტერატურული საზღვარი განგრეულია. ავტორისეული ამაზრზენი პორტრეტები ხშირად ცხოვრებისეულია. მწერალი ამ აღსარებითი ხასიათის დეტალებს თავისებური იუმორით აჯერებს, რაც ტექსტებს კიდევ სხვაგვარ ხიბლს სძენს. ამდენად, ხშირად ჩვენს ცხოვრებაში განცდილთან, ნაცნობ ადამიანებთან და გამოცდილებებთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ამ ყოველივესთან მიგვიყვანს ფოსტერ უოლესის წიგნი, რომელიც ლაშა გველესიანის შესანიშნავი თარგმანის წყალობითაა ქართულად ხელმისაწვდომი.







