fbpx

ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები – როგორი იყო?


გააზიარე სტატია

ფოტო: Marvel Studios

 

ავტორი: საბა ოსანაძე 

 

მარველის კინოსტუდია ფანტასტიკური ოთხეულით გვთავაზობს მარველის კომიქსების პირველი ოჯახის გულწრფელ რიმეიქს. 2019 წლიდან, როცა 21th Century Fox-ი დისნეის შვილობილი კომპანია გახდა, ფანტასტიკური ოჯახი მარველის კინოსტუდიის კოზირია, რომელიც აქამდე არც ერთხელ არ გამოუყენებია. პრინციპში, ახლა ყველაზე კარგი დროა საკულტო გმირების ეკრანზე ხელახლა გასაცოცხლებლად. კინოსამყაროს სჭირდება ახალი სუნთქვა და, რაც მთავარია, სჭირდება ახალი გუნდი – ყველა მშვენივრად ვხვდებით, რომ წარმატების მიუხედავად თანდერბოლთსები მარველის სავიზიტო ბარათი ვერ იქნება, თუნდაც ჩაშიფრული სათაურით – „ახალი შურისმაძიებლები“. 

ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯების რეჟისორი მეტ შაკმანია, რომელმაც გადაიღო სერიალი ვანდავიჟენი – ალბათ, ლოკისთან ერთად ფანების საყვარელი სერიალი. მულტივერსებისა და CGI-ს ატრაქციონის მაგივრად, ფილმი კონცენტრირდება რიდ რიჩარდსის (პედრო პასკალი) ოჯახის იმიჯის შექმნაზე. ვიზუალური სტილი რეტრო-ფუტურისტულია, ვისაც აქვს ნანახი ანიმაციური სერიალი ფანტასტიკურ ოთხეულზე, მისთვის ეს სტილი ნაცნობი იქნება.

ამბავი ვითარდება 1960-იანებში, ფანტასტიკური ოთხეული უკვე მეოთხე წელია, რაც ფანტასტიკური ოთხეულია (ტავტოლოგიისთვის მომიტევეთ). როგორც ხდება თანამედროვე კინოკომიქსებში, აქაც ძალიან ცოტა დრო ეთმობა გმირების სუპერძალების მიღების ამბავს. რიდ რიჩარდსის, მისი ცოლის – სიუ შტორმის (ვანესა კირბი), ცოლიძმის – ჯონი შტორმის (ჯოზეფ ქუინი) და მეგობრის – ბენ გრიმის (ებონ მოს-ბაკრაკი) ოჯახად ჩამოყალიბებისა და კოსმოსური ექსპედიციის ამბავი ქრონიკის სტილშია მოყოლილი. 

ფილმში მათი ერთ-ერთი კანონიკური მტერი, გალაქტუსი, თავისი შეგირდის, სილვერ სერფერის (ვერცხლისფერი ადამიანი, რომელიც კოსმოსურ სივრცეში სერფინგის დაფით სრიალებს) დახმარებით დედამიწის შეჭმას აპირებს. გალაქტუსი, ვინც არ იცით, არის უზარმაზარი კოსმოსური არსება და რომ გააგრძელოს არსებობა, ამისთვის პლანეტებს სანსლავს. ფანტასტიკური ოჯახი მიაგნებს გალაქტუსს მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გალაქტუსი ძალიან რთულ არჩევანს შესთავაზებს მათ. რიდ რიჩარდსისა და მისი ოჯახის წევრების არჩევანზეა დამოკიდებული დედამიწის ბედი. 

ჩახლართული, მრავალგანზომილებიანი და მრავალპერსონაჟიანი ამბის მაგივრად, მარტივი სიუჟეტის შექმნით ფილმი, სინამდვილეში, ხეირობს. მართლაც, სწორხაზოვანი და ცხადი პრობლემითა და მისი გადაჭრის სარისკო გზით ეკრანებზე ცოცხლდება ტრადიციული კომიქსების საგმირო ისტორია, რომელიც მარველის ანიმაციებზე გაზრდილ თაობას ასე ძალიან გვიყვარს. ფილმის ბოლოს მაყურებელმა იცის, თუ რას წარმოადგენს ფანტასტიკური ოჯახი – და ეს არის მთავარი. 

ფანტასტიკური ოთხეულის ეს ვერსია არ არის შთამბეჭდავი ვიზუალური მომენტებითა და ბატალური სცენებით გაჯერებული, მაგრამ აქ არის ძლიერი ემოციური დილემა. აქცენტი კეთდება სუპერგმირებსა და უბრალო ხალხს შორის დამოკიდებულებაზე. საშუალო ხარისხის CGI-მ მარველის  ბევრი ფილმი გააფუჭა. ამ შემთხვევაში საინტერესო ვიზუალური სტილით შექმნილი ატმოსფერო ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ხოლო ფილმის ვიზუალური მარგალიტი არის ბენ გრიმი, იგივე The Thing. 

ქასთი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს, ვერ ვიტყვით, რომ მთავარი პერსონაჟების ხასიათი საკმარის დონეზე გაიშალა, მაგრამ განკუთვნილ საეკრანო დროსა და დიალოგებში ოთხივემ მოახერხა მაყურებელს კარგად დამახსოვრებოდა. 

საბოლოო ჯამში, ფილმმა მარველის დაკარგულ და მულტივერსებში ჩაკარგულ კინოსამყაროს ახალი სუნთქვა გაუხსნა. ფანტასტიკურ ოთხეულში არის ოჯახური სითბო – ის, რაც მარველს მუდმივად აკლდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.