fbpx

„ანტიღირებულება. კულტურული დეფოლტი“, „რუსისტიკა და არაფრისმცოდნეობა“ – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“


გააზიარე სტატია

ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“

 

თარგმნა ირაკლი ლომოურმა

 

ანტიღირებულება. კულტურული დეფოლტი

 

ნიშანთა ნებისმიერ სისტემას (ფულის, ენის, ლიტერატურის, მთლიანად კულტურის) აქვს თვისება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „უზრუნველყოფა“, იმის ანალოგიით, ოქრო რომ ახდენს ვალუტის უზრუნველყოფას. ბანკნოტზე ნებისმიერი ციფრი შეიძლება ეწეროს, თუნდაც ტრილიონი, მაგრამ მისი ფასი ნულის ტოლი იქნება, თუკი ის ყალბია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყირიმის დაპყრობისა და საერთაშორისო მსოფლწესრიგის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის შემდეგ, რუსული კულტურა საგრძნობლად შემსუბუქდა. ყველაფერი, რაც რუსეთშია შექმნილი, რაც იქიდან მომდინარეობს, რასაც მისი ტვიფარი აზის – მკვეთრად გაიაფდა. მხოლოდ თანამედროვე კულტურა კი არა, არამედ ყველაფერი, რაც კი შექმნილა მისი ისტორიული წარსულის განმავლობაში – ძველი წარმართობიდან, ვარიაგების მოწვევიდან, რუსეთის ნათლისღებიდან დაწყებული… რატომ? წარსულში ხომ არაფერი შეცვლილა?

ხის ჯიში ნაყოფით შეიცნობა. „ეკრძალენით ცრუწინაისწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვენენ მგელ მტაცებელ. თავიანთი ნაყოფითა მათთაგან იცნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ხელ-ეწიფების ხესა კეთილს ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. ყოველმან ხემან, რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.“ (მათე 7:15-20). დოსტოევსკი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი, მენდელეევი – დიდი სახელებია. მაგრამ რა ფასი აქვს მათ მიღწევებს, თუკი ასეთი მწარე ნაყოფი გამოიღეს იმ ხალხში, რომლის ნიადაგზეც აღმოცენდნენ? აქ მხატვრულსა და მეცნიერულ მიღწევებზე კი არაა ლაპარაკი, არამედ, უფრო მეტად, ერთიან ცივილიზაციაზე. თუკი მას მოაქვს ისეთი ნაყოფი, როგორიცაა მტაცებლური და მძარცველური “სპეცოპერაცია”, “ძმური” ქვეყნის ნგრევა, დღის წესრიგში დგება კითხვა თავად ამ ხის ხარისხის შესახებ. ეს “კულტურის გაუქმება” კი არა, არამედ  ჯიშის დადგენაა მოწეული მოსავლის მიხედვით.

წარსული ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მოცემულობა არაა. თუკი ეს ხალხი, რომლის სახელით ქმნიდნენ პუშკინი და ტოლსტოი, მხარს უჭერს ყაჩაღურ ხროვას, მას რომ ძარცვავს და დაღუპვისკენ მიაქანებს, თანაც, იმავდროულად, მთელ კაცობრიობას დაღუპვით ემუქრება, მაშინ ამ ხალხის ფასეულობა და მორალი ისტორიის სამჯავროზე მკვეთრად ეცემა. მისი წილი კაცობრიობის სულიერ ცხოვრებაში იმისდა მიხედვით იცვლება, წინაპართა მემკვიდრეობას შთამომავლები ამრავლებენ  თუ ფლანგავენ. და, აი, აღმოჩნდა, რომ რუსეთი, ძირითადად „რაშისტებითა“ და „ზეტისტებით“ დასახლებული, მსოფლიო თანამეგობრობის თვალში მაინცდამაინც აღარ იმსახურებს ინტერესსა და პატივისცემას. დიახ, ოდესღაც იქ ცხოვრობდნენ დიდი ადამიანები, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მათი პირით ხალხი სულაც არ ლაპარაკობდა, მათ ზურგს უკან არავითარი სიღრმისეული სიბრძნე, გამოცდილება, ისტორიული სუბსტანცია არ დგას.

პლუტარქე მოგვითხრობს ეპიზოდს, როდესაც ბერძნულ პოლიტიკურ ფორუმზე დიდი და პატარა სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ყველაზე მჭევრმეტყველური სიტყვა ერთ-ერთი პატარა პოლისის წარმომადგენელმა  წარმოთქვა. თავისი შთაგონებული სიტყვა რომ დაასრულა, გაოცდა, რადგან მის ნათქვამს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. მას აუხსნეს: „მეგობარო, შენს სიტყვას სახელმწიფო აკლიაო“. 

აი, ასევეა ყველაფერი, რაც რუსეთიდან მომდინარეობს, მის ლიტერატურას, ხელოვნებას, მეცნიერებას ახლა აკლია სახელმწიფო, ხალხი, რომელიც საკუთარი სიბრძნით, გამოცდილებით, მოქმედებით უზრუნველყოფდა იმას, რისკენაც დიდი ადამიანები მოუწოდებდნენ. ქვეყანა სულიერ დეფოლტს განიცდის. ბანკნოტებზე უზარმაზარი თანხებია აღნიშნული – „კაცობრიობის ბედი“, „ძმობა და სამართლიანობა“, „ზეციური იდეალები“ – მაგრამ მათი უზრუნველყოფა არ ხდება. ოქროს მარაგი დაილია.

გავიხსენოთ გერმანია, შევხედოთ ანსელმ კიფერის ცნობილ ტილოებს, სადაც ჭარბობს შავი და ნაცრისფერი ტონალობა (მზესუმზირებშიც კი), მრავალი სურათი კი სულაც მთლიანად ტყვიის საღებავითაა შესრულებული. დღეს რუსეთისთვის უფრო აქტუალური მხატვარი არ არსებობს, ვიდრე ეს გერმანელი, თავისი ქვეყნის ისტორიით რომაა ტრავმირებული (დაიბადა 1945 წელს). მის ერთ-ერთ ტილოზე –  „მსოფლიო სიბრძნისკენ მიმავალი გზები. გერმანის ბრძოლა“ (1976) – დახატულია კანტის, ფიხტეს, გოეთეს, შილერის, კლაისტის, ვაგნერის პორტრეტები გერმანის, იგივე არმინიუსის*  (*არმინიუსი (ლათ. Arminius; დ. დაახლ. ძვ. წ. 17 – გ. დაახლ. ახ. წ. 21) – ძველი გერმანული ხერუსკების ტომის მეთაური, რომელმაც ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში ბრძოლისას რომაული ლეგიონები დაამარცხა. მან დასაბამი მისცა გერმანული ნაციონალური მითის ჩამოყალიბებას. წარმოადგენს სიმბოლურ ფიგურას.  – მთარგმნ. შენიშვნ.) ბრძოლის ფონზე, რომლის ჰეროიზებაც ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში. დასახელებული დიდი ადამიანები, ასევე პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულნი არიან „ზეხალხის“ ტრაგედიასთან, როდესაც ამ „ზეხალხმა“ საკუთარ თავს უფლება მისცა „სისხლი სინდისიერად“ დაეღვარა.

დადგა დრო, განვსაჯოთ ყველა რუსული ტრადიცია, მათ შორის – კლასიკაც. კომუნიზმის კრახის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ „ლუსტრაციაზე“ (ლათინურიდან «lux», სინათლე), მაგრამ ის ვერა და ვერ განხორციელდა. საჭიროა შინაგანი, სულიერი ლუსტრაცია, რომელიც შეიძლება შეეხოს ბევრ ისეთ რაღაცას, რაც გვიყვარს, მათ შორის, პუშკინის, გოგოლის, დოსტოესკის, ტიუტჩევის, ბლოკის, მაიაკოვსკის შემოქმედებაში: მათ „სკვითურ“, გულზვიად, საომარი ჟინით აღსავსე მოტივებში, მათ სიძულვილში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური თავისუფლებების მიმართ, მათ განწყობაში, შემოქმედებითი თავისუფლება დაუქვემდებარონ „სახალხო“, „კრებით“ იდეალებს* (*იხ. თავი „პუშკინის მითი საიდუმლო თავისუფლებაზე“, განყოფილებაში „კლასიკა-კასანდრა“). თომას მანმა „დოქტორ ფაუსტუსში“ (1946) გაშიფრა სიღრმისეული, მეტაფიზიკური საწყისები იმ დემონური შთაგონებისა, ნაცისტური გერმანია რომ მოიცვა. და, აი, რუსეთიც 2014 წლიდან ისეთ ისტორიულ უფსკრულში ვარდება, რომ თავის მეტაფიზიკურ ფსკერს ეხეთქება. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, თითქოს კლასიკა უნდა გავაუქმოთ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ საკუთარ თავში ვიპოვოთ ბაროტების ის ფესვები, რაც ქვეყნის კულტურულ ნიადაგში ღვივდებოდა. პუშკინის, გოგოლის, დოსტოევსკის ძაგება კი არ უნდა დავიწყოთ მათი იმპერიალისტური ინსტინქტების გამო, არამედ დავძლიოთ მორჩილების ინერცია კლასიკოსების, როგორც „ცხოვრების დიადი მასწავლებლების“, წინაშე. კულტურასთან მიმართებაში დისტანცირებაა საჭირო: ის კი არ უნდა გავაუქმოთ, არამედ – მის მიმართ ჩვენი შეგირდული, მორჩილი, მლიქვნელური დამოკიდებულება.

რუსეთს ისეთი „ურყევი საფუძვლების“ შეჯანჯღარებაც კი  სჭირდება, რომლებიც გამოხატულია ცნებებით „ხალხი“, „მიწა“, „სამშობლო“, „ძალა“, „ერთობა“. თითქოსდა, რა არის ცუდი ამ ცნებებში? მაგრამ, მოდი, ამ ფრაზაში რუსეთის ადგილას გერმანია დავაყენოთ – და მივხვდებით, რატომაა თანამედროვე გერმანელისთვის შეუძლებელი თავის თავზე ამ კატეგორიებით იფიქროს ქვეყანაში, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ნაციზმისგან იკურნება. მიხვდებით, რატომაა სიტყვა „პატრიოტიზმი“ გერმანული ენიდან თითქმის განდევნილი. არადა, ჩვენი ტოტალიტარული წარსული გაცილებით ღრმაა, მისგან განწმენდის მცდელობები კი ზედაპირული იყო და საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ფენას შეეხო. ტოტალიტარული სიგიჟის 12 წელი ეყო გერმანიას, რომ გონზე მოსულიყო, ხოლო რუსეთი, 70 წელზე მეტი ხნის კომუნიზმის ისტორიით, უკვე მეორეჯერ ებმება იმავე ხაფანგში, რომელსაც 30 წლის წინათ თითქოსდა უვნებლად დააღწია თავი, ლამისაა უსისხლოდ.

შეიძლება იმის წარმოდგენაც, რომ რუსეთმა გაწყვიტა კავშირი საკუთარ წარსულთან და მას დიად მკვდარ კულტურად აღიქვამენ, როგორც ატლანტიდას, რომელიც „ოქროსა და ვერცხლის“ – ანუ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ფსკერზე დაეშვა. ამგვარ რუსეთს შეისწავლიან და დააფასებენ როგორც ანტიკურ მემკვიდრეობას, რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო  „ჩრდილოეთ ევრაზიის“ მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს იმავე ადგილებში, სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ პუშკინი, ლევ ტოლსტოი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი, მენდელეევი.

 

რუსისტიკა და არაფრისმცოდნეობა

ჩნდება კითხვა: ვის სჭირდება ფილოსოფია ანდა პოეზია იმ ერის ენაზე, რომელიც გაგიჟდა, ძალადობისა და ნგრევის ინსტინქტითაა შეპყრობილი? რამდენად შესაძლებელია, კულტურა ჯოჯოხეთურ სიღრმეებში იბადებოდეს? თუ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ღმერთს შევევედროთ: „ღრმით-ამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო“? (ფსალმ. 129:1)

უფსკრულში ყოფნის გამოცდილება განსაკუთრებით ჭკუის სასწავლებელია გარემომცველი სამყაროსთვის, რომელიც მასში მხოლოდ გარედან იყურება, ჩვენ კი შიგნიდან გარეთ ვიხედებით. ყველა ჩვენგანის ამოცანამ, ვინც რუსულად ვაზროვნებთ და ვწერთ, ახალი სიღრმე შეიძინა. წინათ გარშემო ვუვლიდით საზოგადოების მოცახცახე, მერყევ მდგომარეობას – გინდ უძრაობის წლებში, გინდ პოსტსაბჭოთა პერიოდში. ზოგი რამ ჩვენში განგაშის გრძნობას ბადებდა, სხვა რამ კი  იმედს გვისახავდა. ადამიანები მორჩილ-დათრგუნულები იყვნენ, თუმცა მაღალი იდეალები ჰქონდათ. ანდა ცინიკოსები იყვნენ, სამაგიეროდ ბევრს შრომობდნენ და კაპიტალიზმს აშენებდნენ, ანუ, თავისებურად, პროგრესს ემსახურებოდნენ. იქ რუხის ბევრი ელფერი შეინიშნებოდა, ხან უფრო ნათელი, ხან უფრო მუქი, და ამ მქრქალი ტონების შემყურე ფილოსოფოსის აზრით თუ მხატვრის ფუნჯით როგორღაც ძალა ელეოდა. 

მაგრამ ახლა ჩვენ წინ ისეთი უფსკრული გადაიხსნა და იქიდან წყვდიადის სუნთქვამ ისე დაუბერა, რომ ფიქრი ამ სრულად განხორციელებულ „ანტი“-ს, არყოფნის  სიღრმისკენ მიისწრაფვის. ამჟამად ყველა რუსისტი უნებურად არაფრისმცოდნეცაა, არარას სპეციალისტი. ვიცით, რომ ვიმყოფებით სადღაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მოსაწყენ ვაკეზე, რომელიც ზანტად იწელება დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ღირებულებათა შორის, როგორც შერეული, ჰიბრიდული რეჟიმი. არა, ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე, საიდანაც გვიტევს არარა და არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, საიდან ემუქრება კაცობრიობას დაღუპვა, ვერავინ ელპარაკება ამ უფსკრულს მის მშობლიურ ენაზე. მსოფლიოს „ჯერ ვერდასავლური“, ნახევრად ჩამორჩენილი პერიფერიიდან, მოკრძალებულ იმედებს რომ გვისახავდა, რუსეთი და რუსისტიკა სამყაროს ცენტრში დგება, უფრო ზუსტად, იმ უფსკრულის კიდეზე, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს საზღვრებზე გადის. რუსისტიკის მოწოდება ამჟამად უმთავრესია მსოფლიოში, თუნდაც მხოლოდ იმ კატასტროფის გამოისობით, რომელიც მსოფლიოს თავის მრისხანე სიგნალებს ჩვენთვის გასაგებ ენაზე უგზავნის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.