fbpx

Still They Paint – ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია
Window Project-ი ყოველწლიურად უთმობს საკუთარ სივრცეს ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანებსა და კურატორებს, რათა ხელი შეუწყოს მათი ხილვადობის გაზრდას თანამედროვე კულტურულ გარემოში. ამჯერად, გალერეა მასპინძლობს გამოფენას Still They Paint , რომელიც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს: გვანცა აგირბას, ლუკა ჩაჩხიანს, ანასტასია კვანტალიანს, ლიზა კვანტალიანს, მარი ლაურისა და ელენე მელიქიძეს აერთიანებს, ნინკა სხიერელის კურატორობით.
„იმ კულტურულ გარემოში, სადაც ხელოვნების მნიშვნელობა ხშირად გაიგივებულია მის მონეტარულ ღირებულებასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები წარმოადგენენ გამიზნულ და მშვიდ წინააღმდეგობას არსებულ მოცემულობასთან მიმართებაში. თითოეული ნახატი – თითოეული ჟესტი – ფესვგადგმულია კონკრეტულ დროსა და სივრცეში და ამავდროულად სცდება მათ ფარგლებს, შინაგანი საჭიროებიდან გამომდინარე: რათა გააჟღერონ, გადაიაზრონ, გარდაქმნან და განაგრძონ შექმნის პროცესი, გაურკვევლობის ჟამსაც კი.
რაინერ მარია რილკე წერდა: „მოხედე მოთმინებით ყველაფერს, რაც ჯერაც გულში არ ამოხსნილია, და სცადე თავად შეიყვარო კითხვები.“ გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები სწორედ ამ ხედვას იზიარებენ. მათი სახელოვნებო პრაქტიკა არ ეფუძნება განსაზღვრულ პასუხებს, არამედ გამოხატავს ნებას გახსნილობისთვის – ხელოვანები მზად არიან იცხოვრონ გაურკვევლობაში და დაუშვან, რომ პასუხგაუცემელმა კითხვებმა განაპირობონ მათი შემოქმედება.
Still They Paint თავს უყრის ამ ძიებებს და ქმნის სივრცეს, სადაც შვიდი განსხვავებული ხმა იკვეთება და ერთმანეთს ეხმაურება – ეს არის ქორო, რომელიც არ ექვემდებარება დავიწყებას, არამედ წარმოადგენს მტკიცებულებას ურყევი და ხშირად წინააღმდეგობრივი თავდადებისა – განაგრძონ შექმნა აღიარების მიუხედავად. ეს ერთობა ადასტურებს ხელოვნების უწყვეტ და მარადიულ შესაძლებლობას ისაუბროს მაშინაც კი, როცა ყველაფერი სხვა ჩუმდება.”- ნინკა სხიერელი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.