fbpx

Blue Marlin – საბავშვო ტანსაცმლის ახალი ბრენდი თბილისში


გააზიარე სტატია

 

საბავშვო ბრენდი “ბლუ მარლინ”  2025 წელს შეიქმნა თბილისში. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი მერი ბიჭაშვილი მანამდე სხვადასხვა ქართულ ბრენდში მუშაობდა და ამჟამადაც ერთ-ერთი ბრენდის დირექტორია. ბლუ მარლინი იყენებს მხოლოდ ეკო-მეგობრულ მასალებს, თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე ფრანგული მოდის სახლთან და მათ ნარჩენ ქსოვილებს აძლევს ახალ სიცოცხლეს. დიზაინერი იყენებს ეკო-ტყავს, კოტონს, შალს და აბრეშუმის ქსოვილებს.

ბრენდის პრეზენტაცია და პირველი კაფსულ-კოლექციის ჩვენება საბავშვო დეკოდენის მაღაზია ჰობო-ჰობიში შედგა, სადაც ბავშვებმა ბრენდი არა  შეძენის მოსაწყენ პროცესთან, არამედ გართობასთან და მათი შემოქმედებითი მხარის წარმოჩენასთან დააკავშირეს.

ბრენდის შთაგონება 60-იანი წლების ბრიტანული და ფრანგული მოდაა –  ბრიტანული “მოდ” სუბკულტურა, ექსპრესიული და მეამბოხე ახალგაზრდული მოძრაობები, კონტრასტული ქსოვილების შეხამება, მინიმალისტური, ფუტურისტული და აბსტრაქტული გეომეტრიული ფორმები. სწორედ აქედან გამომდინარეობს გადაღებების სტილისტიკაც – დიდი სათვალეებით, აჩეჩილი თმებითა და ზოგჯერ ფეხშიშველადაც კი. დიზაინერის თქმით, მუშაობის პროცესში ყველა ის ფორმა ცოცხლდება, რაზეც 90-იანი წლების ბავშვს იმ დროის საქართველოში შეიძლებოდა ეოცნება. დისნეის სამყაროს, ფერადი გერმანული კატალოგებისა და ამერიკული სერიალების პარალელურად, იმ დროში ქართველი ბავშვებისთვის რეალობა სხვა ფერებში ჩანდა, თუმცა ეს აცდენა იწვევდა მუდმივი ოცნებისა და ფიქრის პროცესს იმ სამყაროზე, რისი ნაწილიც გვინდოდა ვყოფილიყავით.

“ბრენდის შექმნის დღიდან იდეის რეალიზაციასთან ერთად ჩემთვის პრიორიტეტია ხარისხი, რაც ჩემი გუნდის დახმარებით, ვფიქრობ, შევძელი. ასევე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, რაც რთული მისაღწევია მაღალი ხარისხის ტანსაცმლის წარმოების პარალელურად. ბევრი მეკითხება, რატომ ბავშვების ხაზი და ერთ-ერთი მიზეზი მრავალთაგან არის ის სილაღე, რასაც მუშაობის პროცესი აღძრავს ჩემს გონებაში. არის ბევრი რისკი, რაც დიდების სამოსზე მუშაობას ახლავს თან, განსაკუთრებით – ამ უკიდურესად კონკურენტულ დროში. აქ ეს რისკები თავგადასავლებად ყალიბდება იმ პატარებისთვის, ვისთვისაც ეს ნივთებია შექმნილი. უდარდელობა მოაქვს იმ ბავშვთან კომუნიკაციას, რომელიც ყველა ჩვენგანშია და მისი სურვილების დაკმაყოფილება არასდროსაა გვიანი.“ – მერი ბიჭაშვილი, ბრენდის დამფუძნებელი.

ბლუ მარლინის ბოლო სიახლე იტალიური კოტონის ვარსკვლავებიანი კოსმოსური კაფსული, ზოლიანი საცურაო კოსტიუმები და საცურაო ქუდია. ბრენდი იანვარში წარმოდგენილი იქნება  საერთაშორისო გამოფენებზე პარიზსა და ფლორენციაში. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ვებსაიტზე, მაღაზია ველისა და თბილისის რედისონის Shop-ებში. ნივთები გათვლილია 3-იდან 12 წლამდე ბავშვებისთვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.