Young Voices Through Art – ჯგუფური გამოფენა ბოლონიაში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2025 წლის 25 ივლისს ბოლონიაში, სივრცე DumBO-ში, გაიმართა გამოფენა Young Voices Through Art, შექმნილი Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო მოხალისეების მიერ ორგანიზაცია YouNet-თან თანამშრომლობით.
გამოფენა ხელოვნების ენით აჟღერებდა ახალგაზრდა ადამიანების შინაგან ხმებს — ბრძოლას, იდენტობას, მეხსიერებას. ერთ-ერთი მთავარი თემატიკა იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენები: როგორ იბრძვიან ახალგაზრდა თაობა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.
სანდრო შავერდაშვილმა, რომელიც გამოფენის კურატორია, ფოტო პროექტიც წარადგინა, რომელიც ემიგრანტი ქართველი ქალების თავგანწირვასა და სიძლიერეს ასახავდა. ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი კადრი გოგონას გვიჩვენებს, რომელიც ქართულ დროშას ეხუტება — მონატრების, სიყვარულისა და სიმამაცის სიმბოლოდ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნენე გოგრიჭიანის ვიდეოინსტალაცია, რომელიც აერთიანებს რეალურ საპროტესტო კადრებსა და ემოციურ ვიზუალურ ნარატივს. ის არის დაკავშირებული “Sinatle movement “ -თან (პროექტი რომელიც გარდაქმნის ურბანულ პეიზაჟებს ცვლილებების ტილოებად), სადაც სინათლე პროტესტის იარაღად იქცევა, ხოლო ვიზუალური ენა – პოლიტიკურ განცხადებად. ინსტალაცია მოძრაობის წევრს, დავით ჯანიაშვილს ეძღვნება.
ხმის არტისტი: ზვიად სარია – Balaclava
გამოფენის ორგანიზატორები: მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ერთმანეთის ხმა ხელოვნების გზით გააჟღერეს.
მონაწილეები: სანდრო შავერდაშვილი, ირინე ევგენიძე, ნენე გოგრიჭიანი, ელენე ცუხიშვილი, Silan, Berke, Anna, Meghara, Yana, Cassandre.







